სანაკრებო იმედი არ დამიკარგავს
ლევან ჯანეზაშვილი
ჯერ არავინ იცის, კონკრეტულად რომელ მოთამაშეებს დაეყრდნობა თემურ ქეცბაია, მაგრამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ იმის მოლოდინი გაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ქართულ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ამის მიუხედავად, ?ვიტ ჯორჯიას? წამყვანი ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში მისი ადგილიც მოიძებნება. სანაკრებოსტან ერთად, მას საკლუბო თემაზეც ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდს?
- ექტორ კუპერი საქართველოში ახალი ჩამოსული იყო, შანსი რომ მომცა და როგორც ჩანს, მისი იმედები გავამართლე. ნაკრების შემადგენლობაში არაერთი მატჩი ჩავატარე. ჩემი თამაში გულშემატკივრებმა უნდა შეაფასონ, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნაკრებისთვის თავი არასოდეს დამიზოგავს და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი?
- შესარჩევი ციკლის გამარჯვების გარეშე დასრულება საქართველოს ნაკრების პოტენციალს შეესაბამება?
- მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, ჯგუფში ბოლო ადგილს ვერ ავცდით. კუპერი დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით მუშაობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი რამ არ გამოუვიდა. ალბათ, იყო შეცდომებიც და უიღბლობაც...
- ახალი ფორმაციის ნაკრებში საკუთარ ადგილს ხედავ?
- ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. თემურ ქეცბაია მაღალი დონის მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, გუნდში ყველა ფეხბურთელს დამსახურებულად მიიწვევს. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის მეც ვიქნები. ნაკრებში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა და თავდაუზოგავად ვიშრომებ იმისთვის, რომ იქ მომავალშიც მიმიწვიონ.
- ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებენ?
- ასე ხელაღებით ამის თქმა არ შეიძლება. ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატი არცთუ მაღალი დონისაა, მაგრამ აქაც თამაშობენ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. თუმცა კი კარგ უცხოურ ლიგაში თამაში რაღა თქმა უნდა, სასურველია.
- კვირას ?ვიტ ჯორჯია? ზესტაფონში ჩადის, სადაც ცოტა ხნის წინ თასის მატჩში განადგურდა...
- სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დავმარცხდით და ნახევარფინალში გასვლის შანსი საგრძნობლად შეგვიმცირდა. ჩვენთვის ჩემპიონატიც და თასიც მნიშვნელოვანი ტურნირებია, მაგრამ ჩემპიონატის პრინციპულ შეხვედრას მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ქულების დაკარგვა ?ვიტ ჯორჯიასაც? გაუფუჭებს საქმეს და ?ზესტაფონსაც?. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ზესტაფონში გულშემატკივარი ძალიან კარგ სანახაობას იხილავს.
- ?ზესტაფონთან? წინა მატჩში დისკვალიფიკაციის გამო არ გითამაშია. მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ესეც ხომ არ იყო?
- არა, საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს. ?ვიტ ჯორჯიას? გრძელი სათადარიგო სკამი აქვს და ნებისმიერი ფეხბურთელის სრულფასოვნად შეცვლაა შესაძლებელი. ახლაც დაგვაკლდება ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი ? მცველები, ლაშა ჯაფარიძე და გიგა ბეჭვაია, მაგრამ მათი ღირსეული შეცვლაც აუცილებლად მოხერხდება.
- ?ზესტაფონმა? წინა მატჩში რის ხარჯზე გაჯობათ?
- ხდება ხოლმე, რომ გუნდს თამაში თავიდანვე არ წაუვა. ასე დაემართა ?ვიტ ჯორჯიას? ზესტაფონში. ასეთი შეცდომები აღარ განმეორდება და შესაბამისად, მსგავსი ანგარიში აღარ დაფიქსირდება.
- ალბათ, მწვრთნელებთან ერთად იმ მატჩის ვიდეოჩანაწერი გულდასმით გააანალიზეთ...
- რა თქმა უნდა. ყველა ხარვეზს გამოვასწორებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ?ზესტაფონს?, როგორც ძლიერ მეტოქეს, დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. კარგად ვიცით, რომ ?ზესტაფონზე? დაბალი კლასის გუნდი არ გვყავს და გამარჯვებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და დიდ სიმპათიებს გამოვხატავ ჩვენი მომავალი მეტოქისა მისი მწვრთნელის მიმართ.
- სეზონი ახალი დაწყებული იყო, ?ვიტ ჯორჯიას? მწვრთნელი რომ შეეცვალა...
- ნესტორ მუმლაძემ ?ვიტ ჯორჯიასთვის? ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მან ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაშიც უდიდესი როლი ითამაშა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და საწყენი იყო, ასეთმა კარგმა მწვრთნელმა და პიროვნებამ გუნდიდან წასვლა რომ გადაწყვიტა, მაგრამ საქმეს მისმა შემცვლელმაც კარგად გაართვა თავი. მერაბ კოჭლაშვილსაც შესანიშნავად ვუგებთ, გუნდის სტილი დიდად არ შეცვლილა და ამიტომაც ეს ცვლილება იოლად გადავიტანეთ.
- ?ვიტ ჯორჯიას? დღევანდელი სათამაშო ფორმა დამაკმაყოფილებელია?
- კი, თამაშის ხარისხს ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ. კვლავინდებურად მზად ვართ მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად. ჩვენი მიზანი კი ჩემპიონობის შენარჩუნება და თასის მოპოვებაა.
- ჩემპიონატის ფავორიტებად ვინ მიგაჩნიათ?
- უპირველეს ყოვლისა, ?ვიტ ჯორჯია?. ჩვენს გარდა, ძალიან კარგად გამოიყურებიან ?ოლიმპი? და ?ზესტაფონი?. იმის მიუხედავად, რომ ?დინამოს? გარკვეული პრობლემები აქვს, მისი ჩამოწერა არამც და არამც არ შეიძლება. მისი შეუფასებლობა ყველას ძვირად დაუჯდება. მართალია, ?დინამომ? ამ სეზონში უკვე ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ აჯობა პრინციპულ მატჩებში ?ოლიმპსა? და ?ზესტაფონს?. ?ვიტ ჯორჯიასა? და ?დინამოს? ბოლო დაპირისპირებაც ტრადიციულად, უკომპრომისოდ წარიმართა და ასევე ტრადიციულად, ფრედ დასრულდა.
- ალბათ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ფეხბურთელების მსგავსად, შენც გაქვს კარიერის უცხოეთში გაგრძელების სურვილი.
- პირველ რიგში, იმას გავუსვამ ხაზს, რომ ?ვიტ ჯორჯიაში? თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ნამდვილად არ მინდა ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ჩვენზე უკეთეს ფეხბურთს არ თამაშობენ. ხოლო თუ ძლიერი უცხოური კლუბი მიმიწვევს, დიდი სიამოვნებით ვცდი იქ დამკვიდრებას. ?ვიტ ჯორჯიასთან? კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და თუ იმ დროისთვის ხელსაყრელი შეთავაზება მივიღე, რასაკვირველია, უარს არ ვიტყვი.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/275/275-6.htm