ქომეთიანი: ლუნგუ დაუკითხავად წავიდა
"ლელოს" გუშინდელ ნომერში გაცნობეთ, რომ ზუგდიდის "ბაიას" ზამბიელმა ნახევარმცველმა ჩისამბა ლუნგუმ კარიერა შესაძლოა, რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ ეკატერინბურგის "ურალში" გააგრძელოს. ამ თემაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება "ბაიადან" ვცადეთ და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, ლუნგუ რუსეთში დაუკითხავად გაემგზავრა.
"მას "ბაიასთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ამიტომაც ეკატერინბურგში გაუფრთხილებლად წასვლა მისი მხრიდან საკმაოდ მოულოდნელი და არაეთიკური საქციელია. როგორც ვიცი, იგი "ურალში" სინჯებზეა და ამ გუნდის მწვრთნელებმა მისი დატოვება რომ გადაწყვიტოს, "ურალს" მაინც "ბაიასთან" მოუწევს მოლაპარაკებების გამართვა. რამდენიმე დღეში გაირკვევა, ლუნგუ "ბაიას" დაუბრუნდება თუ კარიერას რუსეთში გააგრძელებს", - განაცხადა ქომეთიანმა.
თუ ჩისამბა ლუნგუ "ურალში" დაიტოვეს, იგი ზაფხულის სატრანსრერო პერიოდში "ბაიადან" წასული ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იქნება. ზუგდიდიდან "ზესტაფონს" მიაშურა თავდამსხმელმა გოგი ფიფიამ, "ბაიადან" ამ ორის გარდა, ჯერჯერობით, არავინ წასულა.
ზუგდიდური გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას 15-16 ივნისისთვის შეუდგება და მის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ უფრო ვრცლად საუბარი სწორედ ამ დროისთვის შეგვეძლება. "ბაია" შეკრებას საკუთარ ბაზაზე გაივლის. კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს. როგორც დღეისათვისაა ცნობილი, მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და "ბაიას" სათავეში ელგუჯა ქომეთიანი რჩება.
http://www.opentext.org.ge/index.php?m=18&art=13585