ზუგდიდი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
დავით ცაბაძე
მაისში კიდევ ერთხელ ითქვა და ივნისში ყველაფერი გადაწყდა, ზუგდიდში ორი გუნდი - ?მგლები? და ?ბაია? გაერთიანდა. გუნდში, რომელსაც ბესიკ შეროზია ხელმძღვანელობს, უკვე რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის რამდენიმე უცხოელც. უკვე გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდურ გუნდში ითამაშებენ: ჩისამბა ლუნგუ, ჯეკ დენიელი, დენის შუჩკინი, რევაზ ჯიქია და ირაკლი ხუციძე. ზუგდიდში კიდევ სამი აფრიკელი ფეხბურთელი გადის ტესტირებას და ამდენივეს ამ დღეებში ელიან...
ფეხბურთელების გარდა, კლუბის ხელმძღვანელობა უცხოეთში ეძებს პარტნიორებს და საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაც გეგმაში აქვთ... ერთი სიტყვით, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ზუგდიდელთა კლუბის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას გავესაუბრეთ.
- დიახ, ამ ორი კლუბის გაერთიანების პროცესი დასრულებულია. ?ბაია? არსებობას გააგრძელებს, მაგრამ მხოლოდ, როგორც საფეხბურთო სკოლა. შპს ?მგლები? კი ჩვენი გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში. ამასთან, ?ბაია? მუდმივად გაუზრდის და მიაწოდებს ფეხბურთელებს ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდს. ასე ვთქვათ, მცირე საფეხბურთო კონვეიერი იქნება.
- ზუგდიდის გაერთიანებული გუნდის სახელწოდებად რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება თუ მიიღეთ?
- ახალ სეზონს ?ბაიას? სახელით დავიწყებთ, მაგრამ გვინდა სეზონის მეორე ნახევრიდან, გუნდს ძველი სახელი დავუბრუნოთ და კვლავ ?ოდიშის? სახელით გამოვიდეთ. იმედი მაქვს ფეხბურთის ფედერაციასა და პროფლიგაში სახელწოდების შეცვლაზე პრობლემა არ გვექნება.
- სეზონი რომ ?ოდიშის? სახელით დაგეწყოთ?
- ამ სახელწოდების კლუბს ახლა სხვა მეპატრონე ჰყავს და სახელთან დაკავშირებით მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვიმედოვნებ, ამ საკითხს მიმდინარე წლის ბოლომდე მოვაგვარებთ.
- ზუგდიდის ორი გუნდის გაერთიანებისას ითქვა, ეს ახალი გუნდი ამიციური იქნებაო. მართლაც დიდი პოტენციალი გაქვთ, ბაზა, სტადიონი, კადრები, მწვრთნელები...
- მართალი გითხრათ, ჯერჯერობით, ჩვენი გუნდი მთლად ისეთი ძალა არაა, როგორც ამბობენ. თუმცა ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ასე რომ, ამ მიზნისკენ ეტაპობრივად ვივლით. ?მგლებში? მომუშავე მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და სხვა პერსონალს დიდი გამოცდილება აქვს და ეს ძალზე წაგვადგება.
- გუნდის დაკომპლექტება დასრულდა, თუ კიდევ დაიმატებთ ახალ მოთამაშეებს?
- ნიგერიიდან სამ ფეხბურთელს ველით. ამ ტრიოდან ერთ-ერთი, 19-წლამელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია. აქამდე ტესტირებაზე 6 ახალი ფეხბურთელი გვყავდა უცხოეთიდან. მათგან სამის, ზამბიელ ნახევარმცველ ჩისამბა ლუნგუს, რუს შუახაზელ დენის შუჩკინისა და კამერუნელ ფორვარდ ინამა უკუდა ჯეკ დენიელის დატოვების საკითხი გადაწყვეტილია. სექსტეტიდან დარჩენილ სამ მოთამაშეს კიდევ დავაკვირდებით და ვნახოთ. ერთი სიტყვით, სეზონს დავიწყებთ, სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდე ღიაა და ალბათ კიდევ დავიმატებთ ფეხბურთელებს.
- ამ ეტაპისთვის რამდენად გაკმაყოფილებთ ის კონტინგენტი, რომელიც თქვენს გუნდშია?
- პრინციპში ცუდი კონტინგენტი ნამდვილად არ გვყავს. ჩვენ უმთავრესად, ?ბაიას? აღზრდილ ჭაბუკ ფეხბურთელებზე გავაკეთეთ აქცენტი, რადგან მათში დიდ ტალანტს ვხედავთ. გარდა ამისა, დაგვემატება მეკარე მანუჩარ ივარდავა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის. ივარდავას დიდი იმედი გვაქვს და ამ სატრანსფერო პერიოდისას მეკარის დამატებაზე ამიტომაც აღარ ვიზრუნეთ. ასევე დაგვემატება ეხვაია, მან ახლახან გაიკეთა ოპერაცია. ?ბაიას? აღზრდილი ჭაბუკი ფეხბურთელი კანკია კი უკრაინის ერთ-ერთ გუნდშია ტესტირებაზე და ჯერ მისი საკითხი გადაწყვეტილი არაა... და კიდევ ერთი, გამოცდილი ფორვარდი გია თოდუაც გამოგვაკლდა, ის რუსთავის ?ოლიმპში? გააგრძელებს კარიერას.
- სიტყვამ მოიტანა და გავიგეთ, რომ ზამთარში ჭაბუკთა ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ძალამიძეც გამოგაკლდებათ. ასეა?
- დიახ, ძალამიძემ მოსკოვის ?სპარტაკში? გაიარა ტესტირება. მოსკოვში ის მოეწონათ და მისი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ნიკა ძალამიძე ზამთარში 18 წლის გახდება და მას 6 იანვარს მოსკოვში ელიან. ასე რომ, ნიკა იანვარში ?სპარტაკთან? კონტრაქტს გააფორმებს... გარდა ამისა, ?სპარტაკთან? მალე სხვა ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ...
- რას გულისხმობთ?
- ?სპარტაკთან? უკვე მიღწეულია შეთანხმება. მცირედი შესწორებაღა დარჩა და ამ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ საქართველოში ექსკლუზიური უფლება გვექნება, მოსკოვის ?სპარტაკს? საქართველოში ფეხბურთელები მოვუმზადოთ და მივაწოდოთ.
- ფაქტობრივად თქვენი გუნდი ?სპარტაკის? ფარმკლუბი იქნება?
- მთლად ასე არაა, მაგრამ ცხადია პარტნიორები გავხდებით და მოსკოველებს ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივაწვდით. ჩვენი პარტნიორობა უმთავრესად ბავშვთა ფეხბურთით შემოიფარგლება. ჭაბუკთა გუნდს მოსკოვში ჩავიყვანთ და საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზებთ. გარდა ამისა, ?სპარტაკის? ჭაბუკთა გუნდს მოვიწვევთ და ზუგდიდში გავმართავთ საერთაშორისო ტურნირს.
- საამისოდ ზუგდიდში მართლა გაქვთ პირობები. როდისთვის გეგმავთ საერთაშორისო ტურნირს?
- წელს გვინდა საქართველოს მასშტაბით ჩავატაროთ ?ბაიას? თასის გათამაშება. გაისად კი ვაპირებთ ეს ტურნირი საერთაშორისო გავხადოთ და რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჭაბუკთა გუნდები მოვიწვიოთ.
- თქვენი გუნდი ამ სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებს?
- როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენ უმთავრესად ჭაბუკ ფეხბურთელებზე გავაკეთეთ აქცენტი. გამოცდილი ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს და ამ სეზონში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ. მომავლში კი ვნახოთ...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/178/178-2.htm