ეს რთული, მაგრამ საინტერესო გზაა
ლევან ჯანეზაშვილი
სეზონის წინ ორი ზუგდიდური გუნდი გაერთიანდა და უმაღლეს ლიგაში ?მგლების? ნაცვლად უკვე ?ბაიად? წოდებული კლუბი ასპარეზობს. წინა სეზონთან შედარებით, ზუგდიდელებს მთავარ ლიგაში სულ სხვა შემადგენლობა ჰყავთ, ?მგლების? წევრთაგან გაერთიანებულ გუნდში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა. სამაგიეროდ, ?მგლებიდან? მოყოლებული, უცვლელი მთავარი მწვრთნელია ბესიკ შეროზია, რომელსაც პერსპექტიული ახალგაზრდებისგან მებრძოლი კოლექტივის ჩამოყალიბების დიდი გამოცდილება აქვს. ახალ სეზონში მას ანალოგიური ამოცანა აქვს. ?ბაიას? სტარტი არცთუ დამაჯერებელი გამოუვიდა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე უკეთეს ფორმაში შევა და სატურნირო ცხრილში პოზიციებს განიმტკიცებს. შეროზიას მოლოდინიც სწორედ ამგვარია.
- ალბათ, თქვენთვის მოულოდნელი არაა, რომ საწყის ტურებში ქულათა სოლიდურ მარაგს ვერ მოუყარეთ თავი.
- რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია. ჩვენს ფეხბურთელებს გამოცდილება აკლიათ და მხოლოდ ახლა ეჩვევიან უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს. მაგრამ სანერვიულო არაფერია, ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ჩვენი შრომის ნაყოფს აუცილებლად მოვიმკით. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი აქვთ. მალე პროგრესს გულშემატკივარი აუცილებლად დაინახავს და ?ბაია? უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საინტერესო გუნდი იქნება.
- ?ბაიას? პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ მომავალზე ფიქრით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაჭირდება...
- დიახ, ამას კარგად ვაცნობიერებთ. მართალია, ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, მაგრამ თუ შედეგი დროულად არ ვაჩვენეთ, უმაღლეს ლიგაში მართლაც ვერ დავრჩებით და ჩვენი გეგმების განხორციელება შეფერხდება. ჩემი ვარაუდით, ცხრილში პოზიციების გაუმჯობესებას მოკლე ხანში დავიწყებთ. ?ბაია? მალე გახდება ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა, ხოლო ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, როგორიც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული, მართლაც წლები დასჭირდება.
- მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული ოთხი მატჩიდან გუნდმა რომელში ითამაშა ყველაზე უკეთ?
- სეზონის ჯერჯერობით საუკეთესო თამაში ლანჩხუთის ?გურიასთან? ჩავატარეთ საქართველოს თასზე. 3:1 მოვიგეთ და ყველა ფეხბურთელმა ჩემი დავალებები ნორმალურად შეასრულა. პირველ ტურში ?ოლიმპთან? მინიმალურად დავმარცხდით, მაგრამ თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა. მარცხის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ?სპარტაკთან? შეხვედრით. გასულ ტურში სტუმრად ?სამტრედიასთან? 0:1 წავაგეთ. არადა, იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო და ანგარიში გაგვეხსნა, გამარჯვებას ხელიდან არ გავუშვებდით. დღეისათვის ჩვენს აქტივში მხოლოდ ?ლოკომოტივთან? მოგებაა, მაგრამ მონაგარს მალე გავზრდით.
- გუნდის შემადგენლობის გაძლიერება იგეგმება თუ პირველ წრეს არსებული კონტინგენტით ჩაატარებთ?
- სურვილი გვაქვს და ვნახოთ, რა გამოვა. თუმცა არც არსებული კადრებით ვარ უკმაყოფილო. განსაკუთრებით ისაა მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდების გვერდით ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, როგორიც ვალტერ გუჩუაა. ასეთი მაგალითის მიმცემი ყველა ჭაბუკს სჭირდება. გამოცდილი მოთამაშეების დამატება არ გვაწყენდა.
- ლეგიონერების მომზადების დონით კმაყოფილი ხართ?
- ჩისამბა ლუნგუმ იოლად შეძლო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და ?ბაიასთვის? უკვე მნიშვნელოვანი ძალაა. კარგი ფეხბურთელია დენის შუჩკინიც, რომელსაც ალბათ, მალე მიეცემა სასტარტოში მოხვედრის შანსი. დუბლების თამაშებს სისტემატურად ვაკვირდები და ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც იქ თავს გამოიჩენს, უმალ აღმოჩნდება მთავარ გუნდში.
- რევაზ ჯიქიამ თავდასხმა საგრძნობლად გააძლიერა?
- მოხარული ვარ, რომ მისი დამატება შევძელით. იგი კარგი მონაცემების ფორვარდია. დარწმუნებული ვარ, მალე შევა ფორმაში და დიდ სამსახურს გაგვიწევს. ?გურიასთან? მან დუბლი შეასრულა და ეჭვი არ მეპარება, რომ მალე ეროვნულ ჩემპიონატშიც დაიწყებს გატანას.
- ალბათ, შემდგომშიც შემტევ ფეხბურთს მიანიჭებთ უპირატესობას.
- ჩემი გუნდები ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ბუნებრივია, ?ბაიას? სათამაშო სქემა ვითარებიდან გამომდინარე შეიცვლება ხოლმე. ბევრს ეგონა, რომ ?სამტრედიასთან? დაცვაში ჩავჯდებოდით, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მაყურებელმა ძალიან სანახაობრივი ფეხბურთი იხილა, რაც ჩვენი დამსახურებაცაა ? სამი მცველით ვითამაშეთ.
- კლუბის ფინანსური მდგომარეობა თუ იძლევა ხანგრძლივი გეგმების განხორციელების საშუალებას?
- ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღება არ გვაკლია. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ვიშრომოთ და ჩვენს მიზნებს ხორცი შევასხათ.
- როგორც ჩანს, ეს საქმე თქვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა.
- დიახ, ასეა. ჩემს ადგილზე, ალბათ, ბევრი მწვრთნელი ვერ ითავებდა ამდენი გამოუცდელი ფეხბურთელით შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას, მაგრამ მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. დიდი შედეგები უცებ არ მოდის, მაგრამ მე მზად ვარ, ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაშში ხელი შევუწყო, ?ბაია? უმაღლეს ლიგაშიც დავტოვო და შემდგომში გაცილებით დიდ მიზნებს შევეჭიდო. ეს რთული, მაგრამ საინტერესო გზაა.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/203/203-5.htm