საპრეზიდენტო ტრამპლინი
ლევან ჯანეზაშვილი
ზუგდიდის ?ბაიას? ძალიან პატარა ისტორია აქვს, უმაღლეს ლიგაში კი პირველ სეზონს ატარებს. როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდი ამ სეზონში მხოლოდ უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, რაც ახალგაზრდული შემადგენლობიდან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი.
როგორც გახსოვთ, უმაღლეს ლიგაში შარშან ზუგდიდის ?მგლები? ასპარეზობდა და თანაც, ?ბაიაზე? წარმატებულად. მიზეზთა გამო, ეს ორი კლუბი გაერთიანდა და საქართველოს ჩემპიონატში ?ბაიას? სახელით თამაშობს. ?მგლების? წინა სეზონის შემადგენლობიდან კი ზუგდიდელთა ღირსებას სულ რამდენიმე ფეხბურთელიღა იცავს, რომელთა შორისაც გამოცდილები, ვალტერ გუჩუა და როინ ონიანი უნდა გამოვყოთ. თუმცა მათზე ქვემოთ ცალკე ვისაუბრებთ...
ფავორიტების რთული დაბრკოლება
დღეისათვის ?ბაიას? სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა, გუნდი სახიფათო ზონაშია, მაგრამ ბუნებრივია, მთავარი ბრძოლები წინაა და მეორე ეტაპზეღა გამოჩნდება, ვინაა უმაღლეს ლიგაში დარჩენის ღირსი. პირველ ეტაპზე კი პირველ ნახევარში ზუგდიდელებმა მხოლოდ სამი გამარჯვება იზეიმეს. არადა, ?ბაია? არც იმ მატჩებში გამოიყურებოდა ურიგოდ, სადაც უქულოდ დარჩა.
პარადოქსია, მაგრამ ზუგდიდელები უფრო დიდ წინააღმდეგობას იმ გუნდებს უწევდნენ, რომლებიც ჩემპიონობაზე აცხადებენ პრეტენზიას. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ზუგდიდელები ფავორიტებთან დაპირისპირებისთვის განსაკუთრებული შემართებით ემზადებოდნენ და გამორჩეულ ქართულ კლუბებს იმიტომ ადგებოდათ დიდი ჯაფა. ხშირ შემთხვევებში, ?ბაია? წაგებულ თამაშებშიც არ ტოვებდა ცუდ შთაბეჭდილებას. თუნდაც ?დინამოსთან? თბილისში ჩატარებული მატჩი რად ღირს.
მართალია, მოწინავე ოთხეულის გუნდებთან (?ოლიმპი?, ?ზესტაფონი?, ?ვიტ ჯორჯია?, ?დინამო?) ჩატარებულ რვა შეხვედრაში ?ბაიამ? ერთი ქულის აღებაც ვერ შეძლო, მაგრამ აქედან ექვს მატჩში მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ზუგდიდელ გულშემატკივრებს ცუდ ხასიათზე მხოლოდ ?დინამოსთან? საშინაო მარცხი თუ დააყენებთ. იმ დღეს ბაიას ფეხბურთელები აშკარად ცუდ ფეხზე ადგნენ. არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფი თბილისელებისგან ექვსი უპასუხო ბურთის გაშვება ზუგდიდელებისთვის ცხადია, დიდი სიმწარე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, იქაური ქომაგები სამაგალითოდ მოიქცნენ და დინამოელები მოედნიდან ტაშით გააცილეს. მათი ეს საქციელი მით უფრო იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ზუგდიდის სტადიონზე ინცინდენტები არცთუ იშვიათია. გასახსენებლად ?ბაია?-?გაგრაც? კმარა, სადაც ყველაზე მეტი მატჩის არბიტრ ალექსანდრე კრიჭაშვილს მოხვდა...
ახლა გადავხედოთ, როგორი შედეგი აქვს ?ბაიას? უშუალო კონკურენტებთან შეხვედრებში. საშუალო - ?სიონთან? გამარჯვება და ?ლოკომოტივთან? მოპოვებული ოთხი ქულა ზუგდიდელებს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, ?გაგრასთან? ორ მატჩში მიღწეული ერთი ფრე კი ვერაა მისაღები შედეგი.
ბაიადან ფედერაციამდე
უკვე ზედმეტია იმის შეხსენება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა საფეხბურთო სამყაროში ?ბაიას? მეშვეობით შევიდა. კლუბის ბაზა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა (თუ საუკეთესო არა), რაც ბუნებრივია, ?ბაიას? აქ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, სიჭინავას დამსახურებაა. ფართო საზოგადოებისთვის უცნობი სიჭინავა, სფფ-ის შეფი მეტწილად სწორედ ზუგდიდური საფეხბურთო მეურნეობის განვითარების წყალობით გახდა.
სიჭინავას დღეს ?ბაიასთან? ოფიციალური კავშირი აღარ აქვს, სამაგიეროდ, მან კლუბს ის საფუძველი დაუტოვა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ?ბაია? ერთწლიანი გუნდი არაა და ამჟამინდელზე გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია.
შეროზიამ ფოთში გადაინაცვლა
უმაღლეს ლიგაში ზუგდიდის ?მგლებს? ორი სეზონი აქვს გატარებული, ?ბაიას? კი, ჯერჯერობით, წელიწადნახევარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზუგდიდურ გუნდებს შეუცვლელად ხელმძღვანელობდა ბესიკ შეროზია. ამ სეზონის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე კი შევიტყვეთ, რომ მან ?ბაია? დატოვა და კარიერას ფოთის ?კოლხეთში? გააგრძელებს. ოფიციალური ვერსიით, შეროზიამ ეს ნაბიჯი საკუთარი სურვილით გადადგა, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გვეჩვენება, რადგან მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში იგი აცხადებდა, რომ ?ბაიასთან? ერთად ხანგრძლივი გეგმები აქვს და დარწმუნებული იყო, გუნდი შედეგებს მალე გააუმჯობესებდა.
?ბაიას? ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებიათ. სავარაუდოდ, ეროვნულ ნაკრებში მომუშავე სოსო ჭედია ზუგდიდურ კლუბში კონსულტანტისა და, ფაქტობრივად, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს.
ვეტერანები და გამოცდილები
?ბაია? უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ კლუბის მესვეურებს კარგად ესმით ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილებისა და საფეხბურთო ცოდნის მისაღებად გვერდში ?მომწიფებულ? ასაკში მყოფი და მრავლისმნახველი ფეხბურთელები სჭირდებათ.
ასეთებად, უპირველეს ყოვლისა, ვალტერ გუჩუა და როინ ონიანი უნდა დავასახელოთ, რომლებიც შესაბამისად, ნახევარდაცვასა და დაცვაში მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. ორივე მათგანი 34 წლისაა. გუჩუამ შესაშური ნებისყოფა გამოავლინა და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა, ონიანმა კი წამყვან ქართულ კლუბებში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, კარიერა სწორედ ?ბაიაში? დაასრულოს.
ლევან ვართაგავასა (30 წლის) და რევაზ ჯიქიას (29 წლის) ჯერ ვეტერანებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ სხვა გამოუცდელი თანაგუნდელების ფონზე ისინიც გამოირჩევიან. ?ბაიამ? 18 მატჩში 15-იოდე გოლი გაიტანა და აქედან 4 ჯიქიას ანგარიშზეა.
ამომავალი ვარსკვლავი
საკუთარი ვუნდერკინდი ზუგდიდელებსაც ჰყავთ. ბუნებრივია, ლაპარაკი ნიკა ძალამიძეზეა, რომელმაც ?ბაია? უკვე დატოვა და კარიერას სავარაუდოდ, მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. ბოლო პერიოდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოგვიჩნდა, დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი რომ აქვთ და ღმერთმა ქნას, ძალამიძესაც და სხვებსაც ამაში ხელი არაფერმა შეუშალოთ. ტრავმის გამო, ნიკამ ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გამოტოვა, ხოლო როცა მოედანზე იყო, თითქმის ყოველთვის გამოირჩეოდა.
ახალგაზრდული ნაკრების მნიშვნელოვან მატჩებში მან სწორედ ამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. სამაგიეროდ, ნაკრების ღირსება სტაბილურად დაიცვა კიდევ ერთმა ზუგდიდელმა ნიკა კვეკვესკირმა.
მეკარეები
ეს ერთადერთი რგოლია, სადაც ?ბაიას? გამოცდილი ფეხბურთელი არ ჰყავს. შეროზია გამუდმებით ლაპარაკობდა მაღალი დონის მეკარის დამატებაზე და ალბათ, მისი შემცვლელიც ამ აზრზე იქნება. ვინძლო 17 წლის მაქაცარიასა და 19 წლის ზარქუას კარგი მომავალი ჰქონდეთ, რასაც ხშირ შემთხვევებში ამტკიცებდნენ კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდისთვის უკეთესია, კარს უფრო გამოცდილი გოლკიპერი თუ დაიცავს.
მცველები
?ბაიას? დაცვის ხაზი შედარებით გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რამაც გუნდს რვა მატჩში მისცა კარის მშრალად შენახვის საშუალება. ?დინამოსთან? განცდილი 0:6 გამონაკლისია, თორემ სხვა თამაშებში ზუგდიდელებს ორ ბურთზე მეტი არ გაუშვიათ.
ნახევარმცველები
?ბაია? ხუთკაციანი ნახევარდაცვით თამაშობს. ნიკა ძალამიძე და ზამბიელი ჩისამბა ლუნგუ უკან დახეული თავდამსხმელის ფუნქციებს ასრულებდნენ, მაგრამ ?შავი სამუშაოს? შესრულებასაც არ თაკილობდნენ. ძალამიძეზე უკვე ვისაუბრეთ, ლუნგუ კი მართალია, არაა ოლიმპელი აკინოს დონის ფეხბურთელი, მაგრამ ნამდვილად არის ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი. ?ლელოს? ერთ-ერთ ნომერში მისი სომხური თავგადასავლის შესახებ გიამბეთ. მეზობელ ქვეყანაში ჩისამა არც ერთმა კლუბმა არ აიყვანა, რასაც სხვათა შორის, დღეს მწარედ ნანობენ.
თავდამსხმელები
ალბათ, უპრიანი იქნებოდა, ამ ქვეთავის სათაურად ?თავდამსხმელი? გამოგვეყენებინა, რადგან ?ბაია? ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს. რევაზ ჯიქიასთვის მიმდინარე სეზონი საკმაოდ ნაყოფიერია. მართალია, ნახევარ სეზონში 4 გოლი თავდამსხმელისთვის სამაგალითო შედეგი არაა, მაგრამ ?ბაიას? მძიმე თამაშის ფონზე, ეს მაინც აღსანიშნავი მაჩვენებელია. თანაც, იგი გუნდს მაშინ შეუერთდა, როცა სეზონი უკვე გახურებული იყო, წლის ბოლოს კი ჯიქიამ სამი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ზუგდიდელებს გატანა უჭირდათ, გამონაკლისი მხოლოდ ?სპარტაკის? 4:1 განადგურებაა. იმ მატჩში რეზომ დუბლი შეასრულა. საერთოდაც, ეს ?ბაიას? საუკეთესო თამაში იყო უმაღლეს ლიგაში.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/303/303-5.htm