ბრძოლისუნარიან გუნდს ვაყალიბებთ
ლევან ჯანეზაშვილი
ზუგდიდის ?ბაია? ერთ-ერთია იმ გუნდთა შორის, სადაც ეროვნული ჩემპიონატის პირველ და მეორ ეტაპებს საკმაო ცვლილებები მოხდა. დეკემბერშივე გაირკვა, რომ ?ბაიას? მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია კარიერას პირველლიგელ ფოთის ?კოლხეთში? გააგრძელებდა. შეროზიას თანამდებობა მისმა ყოფილმა ასისტენტმა ელგუჯა ქომეთიანმა დაიკავა, მაგრამ ნათელია, რომ ?ბაიას? რეალური თავკაცი სოსო ჭედია იქნება, რომელიც კლუბმა კონსულტანტის სტატუსით მიიწვია. სწორედ მას გავესაუბრეთ ?ბაიას? მზადებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ზუგდიდელთა კონსულტანტი მომავალს დიდი ოპტიმიზმით უყურებს.
- როდის იწყებს გუნდი შეკრებას?
- საახაწლო არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა, ფეხბურთელები 5 იანვრისთვის დავიბარეთ. ხუთი დღის განმავლობაში ზუგიდში, ?ბაიას? ბაზაზე ვივარჯიშებთ, 10 იანვრიდან ბაზას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვუთმობთ, ჩვენ კი ურეკში გადავინაცვლებთ, სადაც ორ კვირას დავყოფთ. საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოგვივა. ბუნებრივია, დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც. მომავალ მეტოქეებთან თამაშების ჩატარების თარიღებზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ამხანაგური მატჩების უმეტესობას ურეკში ჩავატარებთ.
- რომელიმე მეტოქის ვინაობა ხომ არ გარკვეულა?
- დიახ, უკვე გადაწყვეტილია, რომ 18 იანვარს ურეკში ბოლნისის ?სიონს? ვეთამაშებით.
- როგორც ვიცით, საკადრო ცვლილებებიც მრავლად გაქვთ.
- ?ბაია? დატოვა ვალტერ გუჩუამ, რომელიც ფოთის ?კოლხეთში? გადავიდა. მან გუნდს დიდი სამსახური გაუწია, ამ ეტაპზე კი გადაწყვიტა, რომ მისთვის გუნდის გამოცვლა სჯობს. ჯერჯერობით, მხოლოდ გუჩუას წასვლაა გადაწყვეტილი. რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩვენთან ითამაშებენ თბილისის ?დინამოს? ყოფილი მეკარე გიორგი სომხიშვილი, ?სამტრედიას? ყოფილი მცველი გიორგი კვესეიშვილი და კიდევ ერთი მცველი ამირან ყველაშვილი, რომელმაც ბოლო წლები ?ვიტ ჯორჯიაში? გაატარა. მათ გარდა, ?ბაიაში? ითამაშებს თავდამსხმელი ზაზა სახოკია, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის ასევე კარგადაა ნაცნობი. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში იგი სომხეთში ასპარეზობდა. დამეთანხმებით, ჩვენი ყველა ახალწვეული მაღალი დონის ფეხბურთელია და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
- გუჩუას გარდა კიდევ რომელიმე გამოცდილ ფეხბურთელთან ხომ არ აპირებთ დამშვიდობებას?
- სავარაუდოდ, არა. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან რჩებიან როინ ონიანი და ლევან ვართაგავა, რომლებსაც ჩემპიონატის პირველი ეტაპის მსგავსად, მომავალშიც გუნდის ლიდერებად მოვიაზრებთ. გუნდის დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, შეკრებაზე ბევრი რამ გამოჩნდება. მეც გარკვეული დრო მჭირდება ვითარებაში გასარკვევად და ამის შემდეგ შევეცდები, სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. გვაქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დავიმატოთ ძლიერი მოთამაშეები და სავარაუდო ახალწვეულებს ყურადღებით დავაკვირდები. 10 იანვრისთვის კიდევ უფრო მეტი რამ იქნება გარკვეული და გუნდის სიახლეებს სიამოვნებით გაგაცნობთ.
- როგორც ჩანს, სეზონის მეორე ნახევარში ?ბაიას? ნაკლებად ახალგაზრდული გუნდი ეყოლება...
- პირველ წრეში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებზე უარის თქმას ვაპირებთ. ზუგდიდს არაერთი ნიჭიერი მოზარდი ჰყავს და მათ ნიჭს აუცილებლად მივცემთ გასაქანს. დასაკარგი ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს და მათ ეტაპობრივად მიეცემათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მართალია, ?ბაიას? ძირითად გუნდში ჭაბუკთა რიცხვი შემცირდება, მაგრამ მათ სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ დავტოვებთ. ზოგი მათგანი ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებს, ზოგი კი ან დუბლებში ითამაშებს, ანაც სხვა გუნდებში გავანათხოვრებთ.
- უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- საკმაოდ ბრძოლისუნარიან გუნდს ვაყალიბებთ და უძლიერესთა შორის დასარჩენად დიდი შემართებით ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, იმ დონის გუნდი გვეყოლება, რომელსაც არც მხოლოდ უმაღლესში დარჩენა, არამედ მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც შეეძლება.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/003/003-7.htm