თოდუა, ფიფია, გელენიძე... გაძლიერება გრძელდება
ლევან ჯანეზაშვილი
სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებულმა ?ბაიამ? კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა შორისაც სევასტი თოდუა, გოგი ფიფია და რომეო გელენიძე უნდა გამოვყოთ.
შეგახსენებთ, თოდუამ სეზონის პირველი ნახევარი რუსთავის ?ოლიმპში? გაატარა და საკმაოდ მაღალ დონეზეც ითამაშა. იგი ?ოლიმპიდან? თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. უდავოა, რომ ეს გამოცდილი მცველი ზუგდიდელებს საგრძნობლად გააძლიერებს. ფიფია არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ბოლო დროს კი ნაკლებად შესამჩნევი გახლდათ. თუ ფორმაში შევიდა, ?ბაიას? თავდასხმის ხაზს იგი დიდ სამსახურს გაუწევს. ფორვარდი გელენიძე კი ახლახან გამოიძახეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში და გუნდის შეკრებაზე იმდენად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა უკვე გადაწყვიტა მისი წაყვანა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში სათამაშოდ. გელენიძისთვის ?ბაია? პირველი გუნდი იქნება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, აქამდე იგი მოსკოვში თამაშობდა. გელენიძე ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევა და მისი თამაშის ხილვა ნამდვილად საინტერესოა.
ამ სამეულის გარდა, ?ბაიას? შემადგენლობაში კიდევ ორი ახალი მოთამაშე ვარჯიშობს - ახალგაზრდა მცველი თორნიკე ბიბილაშვილი და ნახევარმცველი თემურ ფურთუხია, რომლებიც გულშემატკივრებს თბილისის ?ლოკომოტივიდან? და ასევე დედაქალაქური ?მერანიდან? უნდა ახსოვდეთ. მათ ზუგდიდში დარჩენის კარგი შანსი აქვთ. სავარაუდოდ, ?ბაიაში? არ დაიტოვებენ გასიჯვაზე მყოფ კოტდივუარელ მატიას.
?ბაიას? მეტოქე სპარინგმატჩში ლანჩხუთის ?გურია? იყო. შეხვედრა ზუგდიდში ჩატარდა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. გოლები ფიფიას, წურწუმიას, ლომიასა და ბაკარანძის ანგარიშზეა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოძახებული ექვსი ფეხბურთელის (თორნიკე ზარქუა, ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია, მაკარ აქუბარდია, ირაკლი ეხვაია, ჩისამბა ლუნგუ) გარეშე დარჩენილმა ?ბაიამ? ეს მატჩი ორი შემადგენლობით ჩაატარა. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ: სომხიშვილი - კვეკვესკირი, ყველაშვილი, კვესიეშვილი, ს. თოდუა - შ. ლომია, ვართაგავა, რ. ონიანი, წურწუმია - ბაკარანძე, ჭკადუა.
შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, აფაქიძე, კ. შონია, ბებუა, ნ. შონია, ბიბილაშვილი, გ. ქირია, ფურთუხია, გელენიძე, ფიფია, მატია.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ?ბაია? დღეს ჩაატარებს. სოსო ჭედიასა და ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ზუგდიდში ხობის ?კოლხეთს? უმასპინძლებს.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/025/025-13.htm