ისევ ქვილითაია - “ლოკომოტივი” წაგებებს გადაეჩვიაგნებავთ “ლოკომოტივის” დამარცხება? კეთილი ინებეთ და მეტი სიზუსტე, მეტი კონცენტრაცია გამოიჩინეთ. ვაკელთა გუნდი ის აღარაა, პანტა-პუნტით რომ აგებდა. გელა სანაიას გაწვრთნილებმა ზესტაფონიდან წამოიღეს ქულა და ახლა ზუგდიდში 0:0, აბა, რატომ უნდა ყოფილიყო გასაკვირი?
მართალია, “ბაიას” უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ თბილისელებს ჰყავთ მაქსიმე ქვილითაია - მეკარე, რომელმაც ლამის პირადად მოუპოვა რამდენიმე ქულა თავის გუნდს. ისე, “ლოკომოტივს” რომ მოეგო, ბოლო ადგილს ასცდებოდა და “ბაია” აღმოჩნდებოდა ფსკერზე, მაგრამ სტუმრები ფრითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ.
მატჩის შემდეგ:
გელა სანაია (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან ცუდი მინდორი იყო, სადაც ფეხბურთის თამაში შეუძლებელი ჩანდა. ვიბრძოლეთ და პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ - ქულა ავიღეთ. იმედია, უმაღლეს ლიგაში დავრჩებით. ისე, მატჩის ბოლო წუთებზე აშკარა პენალტი არ დაგვიდეს და ეს მარტო ჩემი აზრი არაა. ასე მგონია, ჩვენს კართან რომ მომხდარიყო მსგავსი ეპიზოდი, მსაჯი პენალტს დანიშნავდა. ცალკე მინდა ვთქვა მაქსიმე ქვილითაიაზე - კვლავ ძალიან მაგრად ითამაშა და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით რეკომენდაცია გავუწიო ამ მეკარეს, იგი ეროვნულ ნაკრებში თამაშს ნამდვილად იმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, სამ მეკარეს შორის უნდა იყოს”.
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “ფრით უკმაყოფილო ვარ. უპირატესობა გვქონდა, ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ვერმოგებას უიღბლობას უფრო დავაბრალებდი. თავის მართლებასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მინდორიც არ ვარგოდა”.
17 თებერვალი. ზუგდიდი. “გულია თუთბერიძე”
“ბაია” (ზუგდიდი) - “ლოკომოტივი” (თბილისი) 0:0
ბაია: სომხიშვილი, კვეკვესკირი, კვესეიშვილი, ყველაშვილი, სევასტი თოდუა, ვართაგავა, როინ ონიანი, აკობია, ლუნგუ, გუგუჩია (66, ეხვაია), ბაკარანძე (70, ფიფია).
ლოკომოტივი: ქვილითაია, გუშარაშვილი, სარალიძე, ხატიაშვილი, ლევან ჩაგელიშვილი, ჭელიძე (90, დავით ჩაგელიშვილი), წულაძე (67, ბორის მახარაძე), ქებაძე, დიაკვნიშვილი, ბონდო გოცირიძე (75, კაჭახიძე), მეტრეველი.
გაფრთხილება: გუშარაშვილი (43), წულაძე (63), ხატიაშვილი (86).
მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი).
http://worldsport.ge/Read.aspx?news=3335