11/18/2008 23:19:16
კუპერმა გამარჯვება დაგეგმა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას გეგმავს.
ამის შესახებ, ქართველთა თავკაცმა, ბუქარესტში, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ამხანაგური შეხვედრაა და ისეთი ფეხბურთელების გამოცდის საშუალება მაქვს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან. მაგალითად, მომავალი მატჩისთვის გუნდში კალაძე და სხვა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ გამოვიძახე. თუმცა, ეს ჩვენ გეგმებს არ ცვლის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა”- განაცხადა კუპერმა.
კითხვას, რამდენად გაუიოლებს ქართველებს თამაშს, რუმინელების რიგებში კრისტიან კივუსა და ადრიან მუტუს არყოფნა, “ჯვაროსანთა” არგენტინელმა დამრიგებელმა ასეთი პასუხი გასცა: “რუმინეთი ის გუნდი არ არის, რომლის თამაში მხოლოდ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თუმცა, კივუ და მუტუ უდავოდ მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ასევე, კარგი ფეხბურთელია ჩიპრიან მარიკა, რომელიც გერმანიის პირველი ბუნდესლიგის “შტუგარტში” გამოდის”.
ესპანეთის “ვალენსიაში” მუშაობის პერიოდში, კუპერის ხელმძღვანელობით ორი რუმინელი ფეხბურთელი – ადრიან ილიე და შჩერბანი თამაშობდნენ. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ამხანაგურ მატჩამდე, არგენტინელი რუმინეთის ნაკრებზე აზრს ამ მოთამაშეებს ხომ არ დაეკითხა:
“მათთან კონტაქტი ნამდვილად არ მქონია. რუმინეთის ნაკრებზე ისედაც ბევრ ინფორმაციას ვფლობ და სხვასთან კონსულტაცია არ მჭირდება. ორივე ფეხბურთელთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ამჟამად არცერთთან არ მაქვს ურთიერთობა. ილიეს მეტსახელად “კობრას” ვეძახდით, რადგან ძალიან ტექნიკური იყო და 5-6 მეტრის რადიუსში რამდენიმე მეტოქისთვის გვერდის ავლა შეეძლო” – განაცხადა კუპერმა.
რუმინული მასმედიის წარმომადგენლები კუპერს დაეკითხნენ, იცნობს თუ არა იგი ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე -“სტიაუასა” და “კლუჟის” არგენტინელ ლეგიონერებს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების დამრიგებლისთვის არცერთი მათგანი ნაცნობი არ ყოფილა და მას მხოლოდ “კლუჟის” არგენტინელი პერალტას თამაში უნახავს, როდესაც ეს მოთამაშე 15 წლის იყო.
მატჩამდე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბუქარესტში “დინამოს” სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მხოლოდ “ბლექბერნის” მცველს, ზურაბ ხიზანიშვილს არ მიუღია, რომელსაც მაღალი სიცხე ჰქონდა. მომავალ თამაშში მისი მოედანზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების წევრებმა, რუმინეთში მოღვაწე ქართველი წმინდანის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერი მოინახულეს.
რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 19 ნოემბერს, ბუქარესტში, “დინამოს” არენაზე, თბილისის დროით 22.30 საათზე დაიწყება. შეხვედრას ბერძენი არბიტრი კიროს ვასარასი მოემსახურება. რუმინეთიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.
აქამდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩებში ხუთჯერ შეხვედრიან:
ამხანაგური მატჩი. 1996 წ.
რუმინეთი 5:0 საქართველო
24 აპრილი. ბუქარესტი. "სტიაუა". 25.000 მაყურებელი
საქართველო: დევაძე, რევიშვილი, ცხადაძე (კაპ) (77.სეფაშვილი ), ჩიხრაძე, კუდინოვი, გოგიჩაიშვილი (67. იონანიძე), ნემსაძე (46. გუჩუა), ჯამარაული (46. ცქიტიშვილი ), ქეცბაია, ქინქლაძე, შ.არველაძე (46. გოგრიჭიანი)
მწვრთნელი: ა.ჩივაძე
გოლები: 1:0 მოლდოვანი (26), 2:0 მოლდოვანი (29), 3:0 მოლდოვანი (37), 4:0 ლეკეტუში (50), 5:0 გილკა (88)
მსაჯი: ა.ზაქარიადისი (საბერძნეთი)
ამხანაგური მატჩი. კვიპროსის ტურნირი. 2000წ.
რუმინეთი 1:1 საქართველო (პენ 4:2)
4 თებერვალი, 2000. ლარნაკა, "ზენონი”, 1.500 მაყურებელი
საქართველო: გვარამაძე, შეყილაძე, ხიზანიშვილი, ნემსაძე (კაპ), მენთეშაშვილი, (46. ჯანაშია ), ჩიხრაძე, სიჭინავა, ქეცბაია, ჯამარაული, ყაველაშვილი (90. ძოძუაშვილი ), ა.არველაძე (67. ქემოკლიძე )
მწვრთნელები: დ.ყიფიანი და რ.ძოძუაშვილი
გოლები: 0:1 ქეცბაია (41), 1:1 ჰილოდანი (81)
პენალტები გაიტანეს: ქეცბაია, შეყილაძე. ვერ გაიტანეს: ნემსაძე, ჯანაშია
გაფრთხილება: ნემსაძე, ყაველაშვილი, ჯანაშია, ქემოკლიძე, შეყილაძე
მსაჯი: კ.კაპიტანისი (კვიპროსი)
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
საქართველო 0:2 რუმინეთი
28 მარტი. 2001. თბილისი. ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, 27.000 მაყურებელი
საქართველო: გვარამაძე, სილაგაძე (72. იაშვილი), კობიაშვილი, რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ნემსაძე (კაპ), ყაველაშვილი (52. ზ.ჯანაშია), ქეცბაია (60. ქემოკლიძე ), ქინქლაძე, შ.არველაძე
მწვრთნელები: დ.ყიფიანი და რ.ძოძუაშვილი
გოლები: 0:1 მუნტეანუ (69), 0:2 კონტრა (81)
გაფრთხილება:ქემოკლიძე
მსაჯი: რ.პედერსენი (ნორვეგია)
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.
რუმინეთი 1:1 საქართველო
6 ოქტომბერი, 2001. ბუქარესტი, "სტიაუა”, 20.000 მაყურებელი
საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, რეხვიაშვილი, საჯაია, ცქიტიშვილი, კალაძე, ჯამარაული (კაპ), იაშვილი (81.ალექსიძე), ქინქლაძე (62.ქეცბაია ), ყაველაშვილი (75. ბურდული)
მწვრთნელი: ა.ჩივაძე
გოლები: 0:1 ა.იაშვილი (54), 1:1 გ.პოპესკუ (88)
გაფრთხილება: ლ.კობიაშვილი, ლ.ცქიტიშვილი
მსაჯი: ლ.მიხელი (სლოვაკეთი)
ამხანაგური მატჩი.კვიპროსის ტურნირი. 2004 წ.
რუმინეთი 3:0 საქართველო
18 თებერვალი. ლარნაკა, "ზენონი”, 1.500 მაყურებელი
საქართველო: გვარამაძე, დარასელია, ქემოკლიძე, წერეთელი, ამისულაშვილი, გოგობერიშვილი (67.კორღალიძე ), ნემსაძე (კაპ) (83. გაბიდაური), ქინქლაძე (46. შაშიაშვილი), კვირკველია (85.მელქაძე), ახალაია (27. სირაძე , ს.იაშვილი (85.მაღრაძე) მწვრთნელი: გ.ტყებუჩავა
გოლები: 1:0 მუტუ (30), 2:0 მუტუ (70), 3:0 ჩერნატი (87)
მე-10 წუთზე ვ.დარასელიამ ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: სირაძე, კვირკველია
მსაჯი: რ.ლაიუკსი (ლატვია)
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14661