ლევან მჭედლიძე: “ექვსთვიან “დასვენებას” გადავურჩი”
2/20/2009 10:43:35
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის სერია A-ში მოასპარეზე “პალერმოს” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე, რომელსაც ორი კვირის წინ, სიცილიელთა ვარჯიშზე მარცხენა მუხლის მყესი დაეჭიმა, სრული დატვირთვით ვარჯიშს ათ დღეში განაახლებს.
“ფეხი უკვე ნორმალურ მდგომარეობაში მაქვს. თუკი, აქამდე მყესის გასამაგრებლად, დღეში ორი საათი მხოლოდ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი, ოთხშაბათიდან სირბილს შევუდექი და ბურთიც ავკენწლე. თუმცა, ექიმების რჩევით, სირბილის დროს მკვეთრ მოძრაობებს ვერიდები. ისეთი ტრავმაა, თუ ბოლომდე არ მოვირჩინე, შესაძლოა, კიდევ გამიმეორდეს. ამიტომ, კიდევ 10 დღე მჭირდება, რათა “პალერმოსთან” ერთად მთელი დატვირთვით ვარჯიში შევძლო”,- განუცხადა “მსოფლიო სპორტს” მჭედლიძემ, როდესაც მას იტალიაში დავუკავშირდით.
- ტრავმა რომ მიიღეთ, თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ დასვენება დიდი ხნით მოგიწევდათ...
- იმ მომენტში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ლამის ბალახი შევჭამე. სიმწრისგან ისე დავიყვირე, ჩემს ირგვლივ მყოფ ფეხბურთელებს შეეშინდათ კიდეც. ერთი დღე-ღამე არ მეძინა, ვიდრე ექიმები ზუსტ დიაგნოზს დაადგენდნენ. ტრავმის მიღებისას, მუხლი შიგნით შემიტრიალდა და ორი ვარიანტი იყო - ან იოგები უნდა მქონოდა გაწყვეტილი, ან მყესი დაჭიმული. საბედნიეროდ, იოგების დაზიანებას და 6-თვიან “დასვენებას” გადავრჩი.
- გუნდის მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი, მომხდარს როგორ მოეკიდა?
- ნამდვილად არ ველოდი, თუ ბალარდინი ასე შეწუხდებოდა. გარდა იმისა, რომ მწვრთნელი პირადად მესაუბრა, “ნაპოლისთან” მატჩის წინ, პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ მჭედლიძის არყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკლისიაო. არადა, ვიდრე ტრავმას მივიღებდი, ბალარდინიმ “ჯენოასთან” მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად დამაყენა, ორ დღეში კი, ფეხი ვიტკინე…
- ხშირი ტრავმიანობა რით არის გამოწვეული? ფიზიკურად არ ხართ სათანადოდ მომზადებული, ტრავმებისკენ გაქვთ მიდრეკილება, თუ უბრალოდ, იღბალი არ გწყალობთ?
- ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ფეხბურთელი ერთხელ მძიმედ დაშავდება და შემდეგ, ტრავმები უმეორდება. 15 წლის ასაკში, მარცხენა მუხლზე ოპერაცია ორჯერ გავიკეთე და ახლაც იგივე მუხლი დავიზიანე. როგორც ჩანს, სიმაღლეში უცბად რომ გავიზარდე და შესაბამისად, წონაც მომემატა (89 კგ-ს ვიწონი), მუხლმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო და ორჯერ ოპერაციის გადატანა ამიტომ დამჭირდა. მით უმეტეს, “ემპოლიში” პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და იგივე დატვირთვას ვიღებდი, როგორსაც ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსი ფეხბურთელები. გამომდინარე იქიდან, რომ თან ცაცია ვარ და ბურთს უფრო ხშირად მარცხენა ფეხს ვურტყამდი, ამიტომ, მუხლი უფრო მეტვირთებოდა. თუმცა, ადრინდელთან შედარებით, ამჟამად, ფეხი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში მაქვს.
- მუხლის დაზიანების გამო, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს დუბლინში, ირლანდიელების წინააღმდეგ ვერ დაეხმარეთ. თუმცა, განვლილ მატჩს აუცილებლად ნახავდით და მასზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- პირადად, საქართველოს ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ. “პალერმოში”, თანაგუნდელებმა, რომელთაც ირლანდია-საქართველოს მატჩს უყურეს, მეორე დღეს მითხრეს - თუ ადრე ქართველ გულშემატკივარს პრეტენზია ფეხბურთელებთან ჰქონდათ, ახლა, ალბათ, მსაჯთან ექნებათო. მართლაც, იმ ფინელმა არბიტრმა საშინელი რამ ჩაიდინა. 1:1-ის გახდომის შემდეგ კი, მარტო ტრიბუნების მხრიდან იმხელა ზეწოლა იყო, რომ ასეთ დროს, ირლანდიასთან სტუმრად თამაში ბრაზილიასაც გაუჭირდებოდა. ჩვენი ბიჭების ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, მომდევნო ორ შეხვედრაში - კვიპროსსა და ჩერნოგორიასთან წარმატებას მივაღწევთ.
ლაშა თაბაგარი
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18368