აბაიომი ოვონიკოკო: გოლის გატანაც შემეძლო გაგრას შემადგენლობაში ზუგდიდის მგლების წინააღმდეგ შეხვედრაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ნიგერიელმა ფეხბურთელმა აბაიომი ოვონიკოკომ.
ნიგერიელი ფეხბურთელი ოვონიკოკო აბაიომი სეუნი, საქართველოში იანვარში კი ჩამოვიდა, მაგრამ მისი გუნდის განაცხადში შეყვანა მხოლოდ 17 მარტს მოხერხდა.
__ იომი, რას იტყვით თქვენს სადებიუტო მატჩზე?
_ მგონი ურიგო არ იყო, მაგრამ უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა.
__ გოლის გატანაც შეგეძლოთ...
_ დიახ, მომენტი მქონდა და ალბათ უნდა გამეტანა კიდევაც...
__ გაიხსენებთ ამ ეპიზიდს?
_ დიდი სიამოვნებით. დავინახე, რომ ჩემი თანაგუნდელი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეც უკვე მეკარის წინ ვიდექი, ბურთი მომივიდა, კარში უნდა გადამეგზავნა და ამ დროს, უკნიდან საშინლად ჩამარტყეს ფეხი და წამაქციეს.
მსაჯს გავხედე და ვიფიქრე, ახლა პენალტი რომ არ დაინიშნოს, რა მეშველება-მეთქი, მაგრამ უკვე მსაჯს პენალტი დაენიშნა. ფეხი მეტკინა, მაგრამ ტკივილმა მალე გამიარა. ტყეშელაშვილმა პენალტი გაიტანა და ძალიან გამიხარდა.
__ თქვენ რომ გოლი გაგეტანათ, მგონი ურიგო არ იქნებოდა...
_ ნამდვილად და როცა ფეხი მოვიქნიე დასარტყმელად, ვიფიქრე რომ უკვე გოლი გავიტანე და გაგრაში ჩემი ნაცნობებისკენ გაქცევა და მილოცვა მსურდა, მაგრამ ვინ გაცალა...
_ პენალტის დარტყმა თავად არ გსურდათ?
_ შემეძლო, მაგრამ სადებიუტო შეხვედრაში პენალტს არ დავარტყამდი. რაც არ უნდა იყოს, ვნერვიულობდი და სჯობდა იმას დაერტყა, ვინც უფრო თავდაჯერებული იყო.
__ თურმე მწვრთნელს ვარჯიშზე პენალტების დარტყმაში უვარჯიშებიხართ...
_ დიახ, ასე იყო.
__ მეორე გოლზე რას იტყვით?
_ ესეც დამუშავებული კომბინაცია იყო და ვიცი, რომ მომავალში ჩვენ კიდევ ბევრ მეტოქეს გავაოცებთ. კუთხური მოვაპოვებინე ჩემს გუნდს და მერე უკვე კაპიტანმა თავით გაიტანა. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც მწვრთნელმა გვიკარნახა.
__ რას იტყვით ახალ მწვრთნელზე?
_ მე ვვარჯიშობდი ბატონი ვოვა ხაჩიძის ხელმძღვანელობით და ძალიან მინდოდა მისი მწვრთნელობის დროს მეთამაშა. სულ მამხნევებდა, გვერდში მედგა და ამ დროს, მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს. მეწყინა, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება ასეთი რამ.
შემდეგ ვიქტორ კაშჩეი გამაცნეს. მოვიდა და მკითხა, სად შეგიძლია თამაშიო. მეც ავუხსენი და მენდო. ამისთვის მადლობელი ვარ. მგონი არც მე დამიღალატებია გუნდი.
__ მატჩის პირველ ნახევარში საკმაოდ აქტიური იყავით, რასაც ვერ იტყვით მეორე ნახევარზე. რატომ?
_ მე აქტიური ვიყავი, მაგრამ ბურთი საკმაოდ იშვიათად მომდიოდა. განსხვავება მხოლოდ ეს იყო, სხვა არაფერი.
__ რას იტყვით გაგრას შესახებ?
_ მომწონს აქ თამაში.
__ როგორი გუნდია?
_ ახალგაზრდები ვართ და ნიჭიერები... (იცინის).
__ გუნდი გასავარდნ ზონაში რომ არის, იცით?
_ ვიცი, მაგრამ დამიჯერეთ, გაგრა არ გავარდება. ჩვენ გავძლიერდით და ახლა შვიდი თამაში დაგვრჩა. აქედან ოთხს აუცილებლად მოვიგებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა ჩვენს მეტოქეს ვაჯობებთ.
__ გუნდში როგორი სიტუაციაა?
_ მეგობრული.
__ ვისთან ხართ ყველაზე ახლოს?
_ ჯერ მხოლოდ კლუბის წარმომადგენლებთან, რომელიც გვერდში მიდგანან, მეხმარებიან. ხოლო გუნდში. ყველასთან ახლოს ვარ. ძალიან კარგი ბიჭები არიან. საერთოდ არ მიგრძვნია სიმარტოვე. თუმცა, ინგლისური ენა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა იცის.
აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო კლუბის პრეზიდენტი ბატონი ბესო ჩიხრაძე, ვიცე პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე და პრეს ატაშე მიხეილ აფხაზავა. გვერდში დამიდგნენ და ყველა პრობლემა გადამავიწყეს. ძალზედ ვნერვიულობდი ჩემი სატრანსფერო ფურცელი რომ არ ჩამოდიოდა. მინდოდა გუნდს დავხმარებოდი და უთამაშებლობის გამო ვნერვიულობდი, მაგრამ ისინი სულ მამხნევებდნენ და მადლობა მინდა ვუთხრა არა მარტო მათ, არამედ ყველას რომ ჩემს გვერდში დგანან. დამიჯერეთ, მე მაქსიმუმს გავიღებ ამ გუნდისთვის.
__ ჩემპიონატის თამაშებს უყურებდით?
_ სანამ არ ვთამაშობდი, ვესწრებოდი. გუნდის წარმომადგენლებს სულ დავყავდი.
__ როგორი დონეა?
_ ნორმალური, მაგრამ მინდვრები რომ უფრო კარგ მდგომარეობაში იყოს, უფრო კარგი იქნებოდა.
__ რომელი გუნდი მოგწონთ?
_ ასე ვერ ვიტყვი. ვიცი, რომ ლიდერები დინამო და ვიტ ჯორჯია არიან. ჩემს გუნდს დინამოსთან ნამდვილად არ უნდა წაეგო, მაგრამ ერთი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. ვიტ ჯორჯიასთან კი მაგრად ითამაშეს. მგლებთანაც შეგვეძლო მოგება, მაგრამ არა უშავს ახალციხის გუნდი ხუთი ქულით გვისწრებს და ეს ფეხბურთში არაფერს ნიშნავს.
__ გაგრაში დიდხანს აპირებთ დარჩენას?
_ ვნახოთ. ჯერ უნდა ვითამაშო, თავი მოვაწონო გულშემატკივრებს, გუნდის ხელმძღვანელებს და თუ წამივიდა თამაში, ვიცი რომ არც უცხოეთში წასვლა გამიჭირდება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დავით გიგაური: გაგრა უმაღლესში დარჩება კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრაში ზურაბ ხიზანიშვილმა, გიორგი შაშიაშვილმა და უჩა ლობჟანიძემ ყვითელი ბარათები მიიღეს, რის გამოც მონტენეგროს ნაკრებთან შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ და ნაკრების თავკაცმა ამ შეხვედრისთვის ნაკრებში ოთხი ახალი ფეხბურთელი გამოიძახა. სამი ახალგაზრდული ნაკრებიდან, ერთი კი საფეხბურთო კლუბ გაგრიდან, ცენტრალური მცველი დაცით გიგაური.
ბოლო შეხვედრებში, თბილისის დინამოსთან, ზესტაფონთან და მგლებთან გიგაურმა მართლაც ჩინებულად ითამაშა, რაც ექტორ რაულ კუპერს და მის თანაშემწეებს არ გამოპარვიათ და გიგაური ნაკრებში გამოიძახეს.
__ დათო, ნაკრებში ხართ გამოძახებული...
_ დიახ, გავიგე. უკვე დამირეკეს და მითხრეს, რომ კუპერმა ნაკრებში მიხმო. ძალიან გახარებული ვარ. მიმაჩნია, რომ გაგრაში ჩემმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ნაკრებში გამომიძახეს.
__ თამაშის იმედი გაქვთ?
_ რატომაც, არა?
__ როგორ ფიქრობთ, რომელ პოზიციაზე შეიძლება გენდოთ კუპერი?
_ ცენტრალური მცველის ადგილას.
__ კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის თამაში ნახეთ?
_ ვნახე და ძლიერ დამწყდა გული ამ მარცხის გამო. კვიპროსის ნაკრები რაღაც დუნედ თამაშობდა, მომენტი პირველ გოლამდე საერთოდ არ ჰქონია. ჩვენი მცველები კარგად თამაშობდნენ და შემდეგ ერთმა შეცდომამ განაპირობა თამაშის წაგება. როცა არაფრისგან გაუშვებ გოლს, როცა მეტოქე ვერ გჯობნის და მაინც აგებ, ეს მეტად გულისდამწყვეტია ფეხბურთელისთვის.
__ მონტენეგროს ნაკრებზე რას იტყვით?
_ ამ გუნდის შესახებ ნამდვილად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ის ვიცი, რომ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანაა და მათთან თამაში ადვილი არ იქნება. ტექნიკურები არიან და ფეხბურთის თამაშიც კარგად იციან. აგერ, თბილისის დინამოში თამაშობს ილია სპასოევიჩი, რომელიც მონტენეგროდან არის და ხომ მოგწონთ მისი თამაში? ნაკრებში არაა გამოძახებული, ე.ი. მასზე უკეთესები არიან. ვუჩინიჩს ყველა კარგად ვიცნობთ, რომას წამყვანი თავდამსხმელია. ამდენად, შეხვედრა საკმაოდ რთული იქნება.
__ თქვენს სათამაშო ფორმაზე რას იტყვით?
_ მგონი ურიგო ფორმაში არ უნდა ვიყო.
__ შეკრება ხომ ანთალიაში გაიარეთ...
_ დიახ, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები.
__ დათო, გაგრას სამწვრთნელო შტაბში ახალი სახე მოვიდა ვიქტორ კაშჩეის სახით. რას იტყვით მის შესახებ?
_ ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელია. მასთან საერთო ენა მალე გამოვნახეთ. ფეხბურთი კარგად ესმის, სწორ შენიშვნებს და მითითებებს გვაძლევს.
__ გაგრას მომავალი შეხვედრა სად აქვს?
_ ბორჯომში ბორჯომის წინააღმდეგ.
__ ფიქრობთ, რომ მოიგებთ?
_ სხვა გზა ნამდვილად არ გვაქვს. ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შემდეგ სიონთან გვიწევს საშიანო თამაში და არც იმ შეხვედრის მოუგებლობა შეიძლება. ახლა მესხეთთან ქულათა სხვაობა ხუთი ქულაა და თითქოს ბევრით არიან წინ, მაგრამ საკმარისია ორი თამაში მოვიგოთ, რომ მერე უკვე წინ წავალთ.
__ კვალში სპარტაკიც გიდგათ...
_ ჩემი აზრით, მთავარი ბრძოლა მაინც ცხინვალის სპარტაკთან გვექნება. მესხეთი როგორც გავიგეთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ახლა მხოლოდ ბავშვები შეჰყავს მინდორზე. მათთან შინ გვიწევს თამაში. ყველა საშინაო თამაშს თუ მოვიგებთ, მაშინ გაგრა უმაღლეს ლიგში აუცილებლად დარჩება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლაშა ნოზაძე: მადლობა გაგრას ხელმძღვანელობას ლაძა ნოზაძეს ქართველი გულშემატკივრები თბილისის ვიტ ჯორჯიასა და თბილისის დინამოში თამაშით იცნობს. ეს ფეხბურთელი ამ გუნდების კაპიტანიც იყო და შემდეგ, კარიერის გაგრძელება უცხოეთში მოისურვა.
ლაშა სათამაშოდ ყაზახეთში, კერძოდ, ყარაგანდის შახტიორში წავიდა და იქ საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო. შახტიორის მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იყო და ქართველებიც მრავლად იყვნენ, მაგრამ ბოლოს ლაშა ნოზაძე შემორჩა და ახლა ისიც დაბრუნდა საქართველოში.
ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო გაგრაში მისი გამოჩენა, თუმცა ალბათ, ასეთ დებიუტს ბევრი არც კი მოელოდა, პირველივე შეხვედრაში გოლი შეაგდო და თავის გუნდს მეტად მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
__ ლაშა, გატანილი გოლით გახარებული იქნებით...
_ რა თქმა უნდა.
__ ჩინებული დებიუტია...
_ ასეთ დებიუტს ბევრი ფეხბურთელი ნატრობს.
__ როგორ მოხდა თქვენი დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატში?
_ კონტრაქტი დამიმთავრდა შახტიორში და შემდეგ უკვე პრობლემებიც დაიწყო.
__ ფინანსური?
_ დიახ.
__ რამდენი თვის ხელფასი არ გქონდათ აღებული?
_ ახლაც არ მაქვს აღებული, სამი თვის ხელფასი არ მოუციათ. ახლა უკვე ყაზახეთის ფეხბრთის ფედერაციაში უნდა შევიტანო ეს საკითხი განსახილველად.
ჩემი მენეჯერი რაღაც ვარიანტს მპირდებოდა და რომ ვფიქრობდი, რომ უეჭველი წავიდოდი, არ გამოვიდა და მერე ისევ საქრთველოში დაბრუნება გადავწყვიტე.
__ ხომ არ დაგვიანდა?
_ ცოტა დაგვიანდა, მაგრამ მთავარია, რომ მომავალ შეხვედრებში ვითამაშებ.
__ გაგრაში ვინმეს იცნობდით?
_ დიახ. ვიტ ჯორჯიაში თამაშის დროს, ბატონი ვოვა ხაჩიძე ჩემი მწვრთნელი იყო და მას დავუკავშირდი. მითხრა, პრობლემა არ იქნება, მოდი და კლუბის პრეზიდენტს დაველაპარაკებითო.
შემდეგ კლუბის პრეზიდენტს, ბატონ ბესო ჩიხრაძესაც ვესაუბრე და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, გაწეული ნდობისთვის და ჩემი თამაშით მათ იმედებს ნამდვილად გავამართლებ.
__ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გუნდი მოინდომებდა თქვენთან თანამშრომლობას...
_ ყველას უნდა, რომ მომავალი სეზონისთვის დაგიტოვოს. არ მინდა ახალ სეზონამდე უთამაშებელი ვყოფილიყავი და ამიტომაც, მივმართე ბატონ ვოვა ხაჩიძეს. შედეგად, დღეს უკვე გაგრას ფეხბურთელი ვარ.
__ რას იტყვით გუნდის მწვრთნელ ვიქტორ კაშჩეიზე?
_ ფაქტია, რომ საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია. წინა დღეს მან პენალტების დარტყმებში გვავარჯიშა. ფაქტია, პირველი გოლი ჩვენ სწორედ პენალტით გავიტანეთ.
გარდა ამისა, წინა დღის ვარჯიშზე სტანდარტული მდგომარეობების შესრულებაში გვავარჯიშა და მინდა გითხრათ, რომ ამ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. მე გოლი სწორედ ისე გავიტანე, როგორც ვვარჯიშობდით. მწვრთნელის დამსახურება იყო ეს ყველაფერი. შორეული კუთხე უნდა დამეკეტა. დავკეტე და გოლიც გავიტანე.
__ კარიერაში თავით ბევრი გოლი გაქვთ გატანილი?
_ მიუხედავად იმის, რომ ძალიან მაღალი არ ვარ და თავით გამორჩეულად არ ვთამაშობ, გოლები გამიტანია და აგერ, სადებიუტო გოლიც თავით შევაგდე.
__ მას შემდეგ რაც ნიკა მგელაძე ვიტ ჯორჯიაში წავიდა, კაპიტანი მეკარე რევაზ თევდორაძე იყო. მგლებთან კი გუნდი თქვენ გაიყვანეთ, თუმცა ეს შეხვედრა თევდორაძეს არ უთამაშია. ერთ თამაშში იყავით კაპიტანი?
_ ჩემი მიზანი კაპიტნობა ნამდვილად არ ყოფილა. თამაშის წინა დარიგებაზე გამოაცხადდა, რომ კაპიტანი მე ვიქნებოდ. ეს დიდი პატივია.
__ იყავით ვიტ ჯორჯიასა და თბილისის დინამოში. მაშინ მაღალი დონე გვქონდა. რას ელოდებოდით და რა დაგხვდათ საქართველოში?
_ ერთი თამაშით დასკვნების გამოტანა რთული იქნება, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ იმაზე უარესი ნამდვილად არაა, ვიდრე აქამდე იყო. რაც ვნახე, დაბალი დონე არ უნდა იყოს.
__ მაგრამ პირობები?
_ ძალიან კარგი იქნება, თუ მინდვრებს გააკეთებენ. ეს პრობლემა ჩემს დროს იყო, ახლაც დგას და ძალიან მინდა, რომ მომავალში ეს პრობლემა მოგვარდეს. ფეხბურთის თამაში მინდვრით იწყება და ეს საკითხი თუ მოგვარდება, მერე უკვე ნამდვილად კარგი ფეხბურთი გვექნება.
__ გაგრა მოგწონთ?
_ პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
__ მაგრამ გასავარდნ ზონაშია...
_ არის, მაგრამ გადარჩენის იმედი ნამდვილად არის.
__ მესხეთს ხუთი ქულით ჩამორჩებით...
_ სახარბიელო მდგომარეობა არაა, მაგრამ კარგად უნდა ვითამაშოთ, შედეგიანად და ეს უმალვე აისახება შედეგზე. შვიდი ტურია დარჩენილი და დამიჯერეთ, ნამდვილად შეიძლება მდგომარეობიდან გამოსვლა. ხუთი ქულა ბევრი ნამდვილად არაა.
http://www.fcgagra.ge/