ძველი მიზანი უკეთესი პერსპექტივით
ლევან ჯანეზაშვილი
გაგრას ყველა მატჩი
პირველ ეტაპზე
I ტური დინამო-გაგრა 2:0
II ტური გაგრა-ვიტ ჯორჯია 4:0
III ტური ზესტაფონი-გაგრა 1:0
IV ტური გაგრა-ოლიმპი 0:1
V ტური ბაია-გაგრა 2:2
VI ტური გაგრა-ლოკომოტივი 2:0
VII ტური სამტრედია-გაგრა 4:3
VIII ტური სპარტაკი- გაგრა 3:1
IX ტური გაგრა-სიონი 1:1
X ტური გაგრა-დინამო 0:0
XI ტური ვიტ ჯორჯია- გაგრა 5:1
XII ტური გაგრა-ზესტაფონი 0:1
XIII ტური ოლიმპი-გაგრა 5:0
XIV ტური გაგრა-ბაია 1:0
XV ტური ლოკომოტივი-გაგრა 1:0
XVI ტური გაგრა-სამტრედია 1:1
XVII ტური გაგრა-სპარტაკი 1:2
XVIII ტური სიონი-გაგრა 1:1
მეკარეები: რევაზ თევდორაძე - 14, ლადო ნადირაშვილი - 5;
მცველები: თორნიკე შალიკაშვილი - 15, ლაშა თოთაძე - 14 (1 გოლი), ჯემალ გაბუნია - 13 (1 გოლი), დავით გიგაური - 13, აკაკი კუპრეიშვილი - 10, ვალტერ ხორგუაშვილი - 6, გიორგი ელბაქიძე - 4, ნემო შელია - 2;
ნახევარმცველები: მიხეილ კობერიძე - 15 (2 გოლი), ლევან შარიქაძე - 13, თემურ რაქვიაშვილი - 11, პავლე ხორგუაშვილი - 10, გურამ გოგიჩაიშვილი - 9 (1 გოლი), თორნიკე ოქრიაშვილი - 8, გიორგი ტყეშელაშვილი - 8, გიორგი ჭაავა - 8, სერგეი ბერბატი - 4, გიორგი ბაგალიშვილი - 2, ირაკლი შალიკაშვილი - 2, გიორგი ცაავა - 1, მოიზესი - 1;
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა - 18 (9 გოლი), ილია პავლიაშვილი - 16 (3 გოლი), ოვონიკოკო აბაიომი სეუნი - 14 (1 გოლი), თორნიკე თუხარელი - 9, შალვა კვანტალიანი - 1, მიხეილ ჯიშკარიანი - 1.
მწვრთნელი: კახა კარანაძე (მე-17 ტურამდე ვიქტორ კაშჩეი)
თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ სეზონში ?გაგრას? ერთადერთი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა. ასე რომ, ამ ახალგაზრდული გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა ზუსტად ისეთია, როგორსაც სეზონის წინ ველოდით. უფრო საინტერესო ისაა, როგორ ვითარდება კლუბი, რომლის ისტორიაც სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის, უმაღლეს ლიგაში კი მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს.
ქულათა მოკრძალებული მარაგისა და რამდენიმე აშკარად ჩაგდებული მატჩის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ?გაგრას? გარკვეული პროგრესი აქვს. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გუნდმა შთამბეჭდავი თამაშებიც შემოგვთავაზა და პოტენციალიც დაგვანახა. კლუბის საკადრო პოლიტიკა უცვლელია, წინსვლა კი, ალბათ, უფრო იმიტომ იგრძნობა, რომ ?გაგრას? ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილება ნელ-ნელა ემატებათ, ბევრ მათგანს კი აშკარა პროგრესიც ეტყობა.
უდავოა, რომ ?გაგრას? უძლიერესთა შორის დასარჩენად დიდი ბრძოლა ელის, რომელშიც უშანსოდ სულაც არ გამოიყურება.
კონსულტანტი სამშობლოში დაბრუნდა
ვიქტორ კაჩშეი ?გაგრაში? გასული სეზონის მიწურულს გამოჩნდა და კონსულტანტის თანამდებობა ჩაიბარა. თუმცა ეს პირობითი პოსტი უფრო იყო, რადგან რეალურად, მთავარი მწვრთნელი სწორედ უკრაინელი სპეციალისტი გახლდათ. კაშჩეი გუნდის საწვრთნელ პროცესსაც თავად წარმართავდა და ფეხბურთელებს თამაშის დროსაც იგი აძლევდა მითითებებს. ასე გაგრძელდა მიმდინარე სეზონის თითქმის მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში, სანამ ?გაგრას? ხელმძღვანელობამ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა არ გადაწყვიტა. ამის შემდეგ უკვე ?ნამდვილ? მთავარ მწვრთნელად იქცა კახა კარანაძე, რომელიც მართალია, აქამდეც ამ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ?დე ფაქტო? კაშჩეის ასისტენტი იყო.
ვნახოთ, რას გადაწყვეტენ კლუბის მესვეურები და ვინ იქნება ?გაგრას? თავკაცი სეზონის მეორე ნახევარში. როცა ხელმძღვანელობა მწვრთნელით კმაყოფილია, ბუნებრივია, მას შუა სეზონში არ ემშვიდობება. როგორც ჩანს, ?გაგრას? მეპატრონეებისთვის გუნდის განვითარების კაჩშეის დროინდელი ტემპი დამაკმაყოფილებელი არ იყო.
ჩემპიონი ნოკაუტში
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სენსაციური მატჩი მეორე ტურში ჩატარდა, როცა ?გაგრამ? საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ?ვიტ ჯორჯიას? ყველა კომპონენტში აჯობა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მართალია, მეორე ტური იყო, მაგრამ ეს ჩემპიონატში პირველი მატჩი გახლდათ ვეტერინართათვის, რომლებმაც პირველი ტური ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის გამო გამოტოვეს. ?მარიბორთან? მარცხით გუნებაწამხდარ ჯორჯიელებს წინ არანაკლებ უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ.
4:0 ?გაგრას? სასარგებლოდ ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, მაგრამ გაგრელთა სამწუხაროდ და ჯორჯიელთა სასიხარულოდ, ამის შემდეგ ასე კარგად აღარ უთამაშია ?გაგრას? და ასეთი ცუდი ამბავი აღარ შემთხვევია ?ვიტ ჯორჯიას?...
?ვიტ ჯორჯიას? განადგურებასთან ერთად, აღსანიშნავია ?დინამოსთან? მიღწეული ფრე და უშუალო კონკურენტ ?ბაიასთან? ორ მატჩში მოპოვებული ოთხი ქულა. ?გაგრამ? კარგად ითამაშა პირველი ეტაპის ბოლო ტურშიც, ბოლნისში ?სიონთან?, სადაც უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, გოლი საეჭვო თერთმეტმეტრიანით მიიღო და ფრეს დასჯერდა.
კარგთან ერთად, ცუდი მატჩებიც უნდა ვახსენოთ. ?ვიტ ჯორჯიამ? მეორე წრეში სრულფასოვანი რევანში აიღო და ?გაგრას? 5:1 სძლია, კაშჩეის გუნდი ?ოლიმპთან? 0:5 განადგურდა, ყველაზე მწარედ კი გაგრელებს, ალბათ, ?ლოკომოტივთან? განცდილი მარცხი აგონდებათ. რკინიგზელებისთვის ხომ ეს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერჯერობით, ერთადერთი გამარჯვებაა.
ორი ფიგურა
?ვიტ ჯორჯიას? განადგურებაში ლომის წილი გიორგი გაბედავამ დაიდო, რომელმაც იმ შეხვედრაში პოკერი შეასრულა. ?გაგრას? ფორვარდი თავისი გუნდის მსგავსად, უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს ატარებს და თვალსაჩინო პროგრესი აქვს. მართალია, გიორგის არასტაბილურობაც ახასიათებს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ჩვეული მოვლენაა. სამაგიეროდ, როცა თამაში მისდის, მეტოქის მცველებისთვის მისი შეჩერება ურთულესი საქმეა. გაბედავას თანამედროვე ფორვარდისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს - სწრაფია, ტექნიკური, ჯანიანი, სწორად აზროვნებს, ურტყამს ყველა პოზიციიდან, რაც განსაკუთრებული დეფიციტია ქართველ მოთამაშეებში. ერთი სიტყვით, თუ საკუთარ თავზე მუშაობა გააგრძელა, დიდი მომავალი ექნება.
უმაღლესი ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის ელვისებური სისწრაფით შეიჭრა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ?გაგრას? ძირითად შემადგენლობაში პირველი ეტაპის მიწურულსღა დამკვიდრდა და უმალ იქცა თავისი გუნდის ნახევარდაცვის ლიდერად. სწრაფმა და ტექნიკურმა შუახაზელმა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებაც მიიქცია და გაბედავასთან ერთად, იქაც რიგიანი შთაბეჭდილება დატოვა. წინა სეზონში ასეთი გამოკვეთილი ლიდერები ?გაგრას? არ ჰყოლია და თუნდაც მხოლოდ ოქრიაშვილი-გაბედავას ეფექტური დუეტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ?გაგრა? ამჟამად უფრო საინტერესო გუნდია.
მეკარეები
?გაგრას? ახალგაზრდა მეკარეები კი ჰყავს, მაგრამ ორივე მათგანს უმაღლეს ლიგაში თამაშის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. გოლკიპერის პოზიციაზე გუნდს ყველაფერი რიგზე აქვს, რამდენიმე გამონაკლის შემთხვევას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, რევაზ თევდორაძემაც და ლადო ნადირაშვილმაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს. სეზონი ძირითადი მეკარის სტატუსით თევდორაძემ დაიწყო, ?ვიტ ჯორჯიასთან? 1:5-ის შემდეგ კარში ნადირაშვილი ჩააყენეს, მაგრამ ეს უკანასკნელი პირველი ეტაპის მიწურულს დაშავდა და ბოლო მატჩებში ?გაგრას? კარი კვლავ თევდორაძემ დაიცვა. მეკარის ცალკეული გმირობის მაგალითია თევდორაძის მიერ მოგერიებული პენალტი ?დინამოსთან?, რამაც ?გაგრას? ქულა მოუტანა.
მცველები
18 მატჩში გაშვებული 30 გოლი რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო შედეგია, მაგრამ ამის გამო ჯოხს მხოლოდ დაცვის ხაზზე ვერ გადავტეხთ. რატომღაც, მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში ვერაფრით ჩამოყალიბდა უკანა ხაზის სტაბილური ოთხეული, როტაცია კი დაცვას, დაგვეთანხმებით, ნაკლებად უხდება. ბოლო ტურებში თითქოს ამ რგოლში ?გაგრას? პროგრესი შეეტყო, ხუთ ტურში მიღებული ამდენივე ბურთი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდისთვის ნორმალური შედეგია.
ნახევარმცველები
პირველი ეტაპის განმავლობაში ?გაგრას? ღირსება 29 ფეხბურთელმა დაიცვა და აქედან ყველაზე მეტი ნახევარმცველი იყო. კაშჩეი და კარანაძე ოპტიმალურ შუა ხაზს გამალებით ეძებდნენ და ბოლო ტურებში ?გაგრას? ნახევარდაცვამ მეტ-ნაკლებად სტაბილური სახე მიიღო. ოქრიაშვილის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. მის გარდა, მიხეილ კობერიძის გამორჩევა შეიძლება, რომელიც ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდა და თავის გუნდს ბოლო ტურებში ორი გოლით შეეწია. ბოლო ხუთი მატჩი ტრავმის გამო გაუცდა ლევან შარიქაძეს, რომელიც იქამდე ?გაგრას? ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო. გუნდის შუა ხაზში ორი ლეგიონერიც ვიხილეთ, ოღონდ ეპიზოდურად. უკრაინელმა სერგეი ბერბატმა საქართველო ადრეულ შემოდგომაზევე დატოვა და ჩვენი ინფორმაციით, ამავე გზას გაუდგება ბრაზილიელი მოიზესიც, რომელმაც პირველი ეტაპის მიწურულს ?გაგრას? შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა და თავი ბევრით ვერაფრით გამოიჩინა.
თავდამსხმელები
?გაგრას? მთავარი დამრტყმელი ძალა, რაღა თქმა უნდა, გაბედავაა. იგი გუნდის ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელია, რომელსაც სიღრმიდან ილია პავლიაშვილი ეხმარება. პერსონალურად აღნიშვნას ეს ახალგაზრდა ფეხბურთელიც იმსახურებს. პავლიაშვილი წინა სეზონში ?ბორჯომის? რიგებში გამოირჩეოდა და ?გაგრამ? მისი დამატებით სწორი ნაბიჯი გადადგა. იგი ტიპური უკანა თავდამსხმელია, რომელიც საფეხბურთო აზროვნებითაც გამოირჩევა, საგოლე მომენტის შექმნა ეხერხება და საჭიროების შემთხვევაში, შეტევის დაგვირგვინებაც რიგიანად გამოსდის. მონდომებული ბიჭია ნიგერიელი ოვონიკოკო, რომელიც ?გაგრას? ყველაზე წარმატებული ლეგიონერია და პავლიაშვილის მსგავსად, სიღრმიდან უტევს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/301/301-10.htm