გაგრაში მომავალს ენდობიან
მერაბ მამულაშვილი
დღეს მკითხველს ?გაგრას? ორ ?ნედლ? და პერსპექტიულ ფეხბურთელთან ინტერვიუს ვთავაზობთ: 17 წლის თორნიკე ოქრიაშვილი და 16 ცოტნე ხარაბაძე უკვე გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან, რაც თავისთავად აღსანიშნავი ფაქტია. ოქრიაშვილი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ შენიშნა და დაუფიქრებლად მიიწვია, ხარაბაძე კი 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და გუნდის ელიტრაუნდში მოხვედრაში თავისი წილი დაიდო.
თორნიკე ოქრიაშვილი: დროზე მინდა საქართველოდან წასვლა...
თორნიკე ოქრიაშვილი ?გაგრას? ძირითად შემადგენლობაში ისე მყარად დამკვიდრდა, თითქოს გამოცდილი ფეხბურთელი იყო. 17 წლის ფეხბურთელს გუნდში უმნიშვნელოვანესი პოზიცია, საყრდენი ნახევარმცველობა ჩააბარეს. მისმა სითამამემ და უშიშრობამ უცებ მიიქცია ყურადღება. ჯერაც სასკოლო ასაკის ბიჭი უმაღლესი ლიგის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა - უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია.
- თორნიკე, როგორც ვიცი, საფეხბურთო აკადემია ?ოლიმპიდან? ?გაგრაში? მოხვედრამდე, რეგიონალლიგაც არ გითამაშია.
- არ მითამაშია, უმაღლესამდე ?გაგრას? დუბლების ძირითადშიც ვერ ვხვდებოდი. თუმცა, თავიდანვე უმაღლესის გუნდში ვვარჯიშობდი და შევეჩვიე. მანამდე თერთმეტი წელი ?ოლიმპში? დავდიოდი. გასულ წელს ჭაბუკთა ლიგის ფინალი 2:1 მოვიგეთ, მე ორი ბურთი გავიტანე და როგორც აღმოჩნდა, ამ შეხვედრას ?გაგრადან? თემურ ჩხაიძე, გოდერძი ჩიხრაძე და ლერი გაბისკირია ესწრებოდნენ. გადასვლა ამის შემდეგ შემომთავაზეს და უმაღლესში პირველი შეხვედრა 16 წლისამ წინა სეზონში ვითამაშე. ბავშვებიდან დიდებში გადასვლა რთულია, მაგრამ ჩემი თავის მჯერა, ნაკლის გამოსწორებაზე ვმუშაობ და განსაკუთრებულ სირთულესაც ვერ ვხედავდი.
- სითამამე კარგია და ეს გეტყობა, მაგრამ ჯერ ჯანი აშკარად გაკლია.
- მყავს მწვრთნელი, რომელთანაც ჯანის მოსამატებლად ყოველდღე ვემზადები - პარალელურად, ჩვეულებრივ გუნდთანაც ვვარჯიშობ.
- ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევამდე, ფაქტობრივად, გულშემატკივრები არ გიცნობდნენ...
- გაბელია ?გაგრას? შეხვედრებს დაესწრო და როგორც მერე თქვა, მოვეწონე. ვარჯიშებზე შემადგენლობის ხალხთან რომ დამაყენა, მივხვდი, ძირითადისთვის მამზადებდა. საქართველოში თამაში შედარებით ადვილია, მაგრამ ევროპაში მოსახვედრად სერიოზული შრომა მჭირდება. მაგალითად, შვეიცარიელები აღნაგობით ბევრად გვჯობდნენ, მათთან შედარებით, მოედანზე პატარა ბავშვებივით ვიყავით. თუმცა, ჩვენც ბევრი შეგვიძლია. მაგალითად, შეკრებაზე ?ილიჩევეცს? 3:0 მოვუგეთ - უკრაინელები კი არავისზე ნაკლებ ათლეტურები არ არიან.
- ევროპელები პირობებითა და მომზადებით ორი-სამი წლით გვისწრებენ და როდესაც დიდი ფეხბურთის თამაში გინდა, როგორ უნდა დაეწიო?
- მთავარი პირობებია, რომელიც ევროპაში არავის უკვირს, ვიტამინები არ აკლიათ და ამიტომაც იზრდებიან. თუმცა, ყოველდღიური ვარჯიშით და საკუთარ თავზე მუშაობით მათი დონის მიღწევა მაინც შეიძლება. ვარჯიშზე მოვალეობის მოსახდელად არ უნდა გადიოდე, ეს შენ გჭირდება და არა მწვრთნელს. მე გუნდი და მამაჩემი ყველანაირად ხელს მიწყობენ და იმედია, ორ-სამ წელიწადში ევროპაში წავალ.
- მოსამზადებელ ეტაპზე ?გაგრა? ყოველთვის კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემპიონატი დაიწყო და ჯერ ქულაც ვერ აიღეთ - რა ხდება თქვენს თავს?
- სიმართლე გითხრათ, ამის მიზეზი თავადაც ვერ გვიპოვია. თურქეთში მართლა ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, უკრაინელებთან თავი არ შეგვირცხვენია, მაგრამ ჩამოვედით და თამაშები წავაგეთ. ალბათ, მთავარი მიზეზი მაინც ჩვენი გამოუცდელობაა. გამოცდილ გუნდებთან მათ თამაშს ვყვებით და შეცდომებს ამის გამო ვუშვებთ.
- რა არის შენი ოცნება, სად, რომელ ქვეყანასა და გუნდში თამაში?
- მთავარია, საქართველოდან დროზე წავიდე, რომელიმე ძლიერ გუნდში მოვხვდე და დიდი ფეხბურთი ვითამაშო.
- შენი პოზიციის მოთამაშეებიდან ვინ მოგწონს?
- ვინ და ინიესტა. საყრდენ ნახევარმცველს ბურთის განაწილება და შეტევის დროული წამოწყება ევალება, რაც ინიესტას ძალიან კარგად გამოსდის.
- ქართველი საყრდენების დიდი ნაკლი დაცვითი ფუნქციების სუსტი შესრულებაა.
- ალბათ, ეს ცუდი ფიზიკური მომზადების შედეგიცაა. რაც უფრო მომზადებულია ფეხბურთელი, მით უფრო დიდ სამუშაოს ასრულებს და თუ მოუმზადებელია, ვერც დაცვაში ივარგებს და ვერც ნახევარდაცვაში. ბევრს მე იმიტომაც ვვარჯიშობ, რომ საყრდენის ფუნქცია კარგად ავითვისო და დიდი ფეხბურთი ვითამაშო.
როგორ მოხვდა 16 წლის ბიჭი უმაღლეს ლიგაში?
16 წლის ცოტნე ხარაბაძე, ლოკომოტიველ ლაშა კვარაცხელიასთან ერთად, უმაღლესი ლიგის ყველაზე პატარა ფეხბურთელია. მან ?გაგრას? ძირითადში ზედიზედ ორი შეხვედრა ჩაატარა - ხარაბაძეს კლუბის თავკაცები დიდ იმედებს უკავშირებენ. მარჯვენა მცველი საქართველოს 17-წლამდელთა იმ ნაკრების წევრი გახლავთ, რომელიც მარტში ჩეხეთში ელიტრაუნდში ითამაშებს. ვფიქრობთ, გიორგი დევდარიანის ნაკრების წევრის გაცნობა მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
- ცოტნე, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ ბავშვმა შეაბიჯე დიდ ფეხბურთში...
- 15 წლამდე ქუთაისის საფეხბურთო სკოლა ?იმედში? დათო ჩხაბერიძესთან და თენგო ხელაძესთან ვვარჯიშობდი, როდესაც ქუთაისის ?ტორპედოში? მიმიწვიეს. იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ მითხრა, ?ტორპედო? დაინტერესდა და უნდა მიხვიდეო. ეს ჩემთვის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო.
- პირველი შეხვედრა ვისთან ჩაატარე?
- ?სამტრედიასთან? და 0:1 წავაგეთ, იმ თამაშს რა დამავიწყებს. შეხვედრამდე ძალიან ვნერვიულობდი. თუმცა, მოედანზე გავედი თუ არა, ეს გრძნობა გამიქრა. ?ტორპედოს? ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი მომცეს და მათი მადლიერი ვარ. ქუთაისში კი ?გაგრას? სელექციონერი ტრისტან მანაგაძე მაკვირდებოდა. როდესაც ჩათვალა, უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ მზად ვიყავი, ?გაგრაში? გამიწია რეკომენდაცია.
- უმაღლესი ლიგაში ბევრად გამოცდილ ფეხბურთელებთან თამაში გიწევს. 16 წლის ბიჭისთვის ეს ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული იქნება...
- თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ დიდებში თამაშს მივეჩვიე. სკოლაში ერთი-ორი წლით უფროსებში მაყენებდნენ. ყოფილა შემთხვევა, სკოლაში 12 წლის ბავშვი სამი წლით უფროსების ნაკრებში დამაყენეს. ასე რომ, უფროსებში გამოსვლას შეჩვეული ვარ. მეორე ფაქტორიცაა - ?გაგრადან? იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობ, რომ ადაპტაცია გამიადვილდა.
- გიორგი დევდარიანმა როდის შეგნიშნა?
- როგორც ვიცი, გელა შეყილაძის ნაკრებში ყოფნისას. ორი წლის შეყილაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა და სინჯებს ატარებდა. მაშინ 14 წლის ვიყავი და მაინც ამიყვანა. გიორგი დევდარიანი კი წინა 17-წლამდელების კანდიდატებში კარგად ერკვეოდა და მიმიწვია. საერთოდ, დევდარიანი სერიოზულ შერჩევას ახერხებს და არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ მხოლოდ ?საბურთალოს? ფეხბურთელები აჰყავსო. მე ნაღდად არ ვარ ამ გუნდის წევრი და ამიყვანა, ისევე როგორც კიდევ ბევრი სხვა. ვინც ვარგა, ყველას იწვევს. ყველა შეკრებაზე ახალ-ახალი ხალხი მოჰყავს და სამართლიანი მწვრთნელია. ამას ფეხბურთელები ყველაზე უკეთ ვხედავთ. დევდარიანმა გუნდში საბრძოლო სულისკვეთება დაამკვიდრა და ეს ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
- ჩეხეთის ელიტრაუნდში პირველ ადგილზე გასვლის იმედი თუ გაქვს?
- რა თქმა უნდა, ჩეხეთში გამარჯვებისთვის მივდივართ.
- სერიოზული მეტოქეები გვყავს და ასე თავდაჯერებული რატომ ხარ?
- იმიტომ, რომ ნაკრები გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს. დარწმუნებული ვარ, არ შევრცხვებით.
- ახლა ნაკრებთან ერთად ვარჯიშობ თუ ?გაგრაში??
- ნაკრებმა კლუბში ვარჯიშის უფლება მომცა.
- სენსაციური აღმოჩნდა ბელგიის 17-წლამდელთა დამარცხება - როგორ, რანაირად, ბელგია ხომ სან-მარინო არ იყო?
- სხვათა შორის, ბელგიელების უფრო შესუსტებულ შემადგენლობას ვერ მოვუგეთ (1:1). მეორე შეხვედრაში ყველა ლიდერი დაიმატეს და 5:1 გავიმარჯვეთ. ეს არ იყო შემთხვევითი მოგება, ბელგიელები ყველანაიარდ დავჩაგრეთ. ჯერ ერთი, კარგი გუნდი ვართ, დევდარიანმა გუნდი შეკრა და გამარჯვების იმედი გაგვიჩნდა. მეორე ისაა, კარგ პირობებში ვვარჯიშობდით და კოხტა სტადიონზე ვითამაშეთ. ასეთი მინდვრები ჩვენთვის უცხო იყო, ვიცოდით, აუცილებლად უნდა მოგვეგო და მოედანზე სათანადო განწყობით გავედით.
- შენი აზრით, ?გაგრაში? გაზრდა შესაძლებელია?
- რატომაც არა? გუნდში სწორი მიდგომა და კარგი სავარჯიშო პირობებია.
- მაშ ბოლო ადგილზე რატომ ხართ?
- იმიტომ, რომ გამოუცდელი ფეხბურთელების გუნდია. კლუბის პოლიტიკა ნაკრებისთვის ფეხბურთელების გაზრდაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სწორედ ?გაგრაა?. გამოუცდელობის გამო ბევრი ქულა დავკარგეთ. ასე მოხდა ბოლო ტურში ?ოლიმპთანაც?. არადა, კარგად დავიწყეთ და ბევრი მომენტიც შევქმენით.
- შენი ამპლუის ფეხბურთელებიდან საუკეთესოდ ვინ მიგაჩნია?
- ძალიან მომწონს დანი ალვეში. საერთოდ კი, რონალდინიო - როდესაც ფორმის პიკში იყო, მასეთი ფეხბურთელი მსოფლიოში არ ყოფილა. მესი ძალიან მაგარია, სასარგებლოა, სტაბილურია, მაგრამ რონალდინიოსნაირი მაინც არ არის. ბრაზილიელი სულ სხვა სილამაზის ფეხბურთს აჩვენებდა, გუნდზე თამაშობდა და არა საკუთარ თავზე, ჩემთვის კი ფეხბურთში მთავარი სილამაზე და გუნდისთვის თამაშია.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/044/044-14.htm