ლიდერებში უძრაობაა
ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელთა გათამაშების მორიგ ტურში, ცენტრალური მატჩი თბილისში გაიმართა. ისანში მდებარე “მერანზე” “გაგრა” გორის “დილას” მასპინძლობდა. შეხვედრამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გაგრელთა პრესსამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას თქმით, სტუმარ გუნდს გორიდან 500-მდე გულშემატკივარი ჩამოჰყვა. ასე რომ, ის რაც საქართველოში უმაღლესი ლიგის შეხვედრებში ძალიან იშვიათად ხდება, პირველი ლიგის პრინციპულ დაპირისპირებაში დაფიქსირდა - გუნდებმა სავსე ტრიბუნების თვალწინ ითამაშეს.
საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. მატჩის 62-ე წუთზე, შეცვლაზე ცოტა ხნით ადრე შესულმა მიხეილ კობერიძემ “გაგრა” დააწინაურა. მასპინძლებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მიიღეს, რასაც შარიქაძის სახიფათო დარტყმა და ცარიელი კარიდან გორელი მცველის მიერ ბურთის გამოტანა მოჰყვა. სწორედ ამ მოგერიებულს დაამატა კობერიძემ - 1:0.
“დილამ” მატჩის ბოლოსკენ შეტევებს მოუხშირა და წარმატებასაც მიაღწია. 83-ე წუთზე, სტუმრებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა როგორც გაგრელები ირწმუნებიან, ამ ეპიზოდამდე გორელმა ვლადიმერ ჯოჯუამ ხელით ითამაშა, რაც არბიტრმა კვარაცხელიამ თამაშის წესის დარღვევად არ ჩათვალა. “გაგრას” საჯარიმოში “სტანდარტიდან” ჩაწოდებულს, რომან გოგინაშვილმა თავი დაუხვედრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 1:1.
ტურის სხვა მატჩებიდან აღნიშვნის ღირსია მარტვილში, ადგილობრივი გუნდის მიერ საჩხერეს “ჩიხურას” დამარცხება - 2:0. ამ მოგებით, “მერანმა” უახლოეს მდევართან ქულათა სხვაობა 4-მდე გაზარდა. ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი ბათუმის “დინამო” ამ ტურში ისვენებდა.
საინტერესო ბრძოლები მიმდინარეობს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლადაც. II წრეში გამართულ არცერთ შეხვედრაში არ წაუგია ხარაგაულის “ჩხერიმელას”, რომელსაც ახალი წლიდან წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 44 წლის მამუკა ხუნდაძე (ეროვნული ჩემპიონატის 221 მატჩში 100 გოლი) უდგას სათავეში. ზემოიმერლებმა ზედიზედ მე-2 შეხვედრა მოიგეს (ამჯერად წყალტუბოში 3:0) და გასავარდნ ზონას ცოტათი მოშორდნენ. ბათუმში პრინციპულ ორთაბრძოლაში იმარჯვა “ლოკომოტივმა”. თბილისელებმა “ადელს” 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და მეტოქეს საკმაოდ გაუუარესეს სატურნირო მდგომარეობა.
კვლავ გადაიდო ტყიბულში გასამართი ასპარეზობა. იქ აღარ თოვს, მაგრამ ბოლოდროინდელმა ნალექიანობამ ადგილობრივი სტადიონი ოფიციალური მატჩის ჩატარებისთვის დროებით გამოუსადეგარი გახადა. ამიტომაცაა ცხრილში “მეშახტეს” ყველაზე ნაკლები მატჩი (17) აქვს მითითებული. მორიგი ტური 18 მარტს გაიმართება.
”გაგრა” - “დილა” (გორი) 1:1 (0:0)
14 მარტი, თბილისი. “მერანი”. 1200 მაყურებელი.
”გაგრა”: სეფიაშვილი, ტყეშელაშვილი, ხუციძე, ნაკონეჩნი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, შარიქაძე, კალანდაძე, ზვიად ჩხეტიანი, ორდინსკი (კობერიძე, 59), ციცხვაია (ოვონიკოკო, 46), გაბედავა.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
“დილა”: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, დავით ბაქრაძე, შათირიშვილი, ჭითანავა (ილია ლომიძე, 82), ჯოჯუა, ტარიელაშვილი (ალექსანდრე კვარაცხელია, 77), რაჟამაშვილი, გოგინაშვილი, ნემსაძე (ცნობილაძე, 59), ახალკაცი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე.
გაფრთხილებები: ნაკონეჩნი (13), ბაქრაძე (28), შარიქაძე (65), ჭითანავა (72).
გოლები: 1:0 კობერიძე (62), 1:1 გოგინაშვილი (83).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი).
http://worldsport.ge/Read.aspx?news=17710&lang=1-------
ყოჩაღ გორელ ქომაგებს

მაგარი დაძაბული ბრძოლაა უმაღლესში გადმოსავლელად
პისკოვეცი რა კაცია