“გაგრას” უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენასა და პირველ ლიგაში მუშაობას არ ნანობს.
- საქართველოში რამ ჩაგიყვანათ?
- საქართველოში შარშან კლუბის პრეზიდენტის ბესო ჩიხრაძის მიწვევით ჩავედი, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ჩემი ამოცანა იყო გადამერჩინა გუნდი, რომელსაც ნახევარი წლის განმავლობაში თამაში მოგებული არ ჰქონდა. სიტუაცია, პირდაპირ რომ გითხრათ შესაშური არ იყო – ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ცხრა მატჩი რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე წრეში ურიგოდ არ გვითამაშია, ეს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ლიგაში მუშაობა ჩემთვის სასირცხვილო არ ყოფილა, უპირველყოვლისა, პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემის გამო და ამას არც ვნანობ. ახლა პირველ ლიგაში ვლიდერობთ და თასის ფინალში ვართ გასული.
- უცხო ქვეყანაში რამდენად კომფორტულად მუშაობთ?
- ჩემთვის მთავარია, რომ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთგაგება იყოს. სხვაგვარად საქმე არ გამოვა. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტები, ამ შემთხვევაში უკრაინაზე ვსაუბრობ, თავად განსაზღვრავდნენ მატჩზე გუნდის შემადგენლობას, წყვეტდნენ რომელი ფეხბურთელი უნდა შეეძინათ და გუნდიდან ვინ უნდა გაეშვათ, საწვრთნელ პროცესში ერეოდნენ. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელი თავისი გუნდის ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტი როგორ გახდება?
- ე.ი. უკრაინული ჩემპიონატი არ გიზიდავთ?
- რა თქმა უნდა, სამშობლოში მუშაობა მსურს. თუმცა, ვერაფრის დიდებით ვერ მოვითმინე, როდესაც ჩემს უშუალო სამწვრთნელო საქმიანობაში ვიღაც ერეოდა და საკუთარ დილეტანტურ აზრებს თავს მახვევდა. სამწუხაროდ, უკრაინული კლუბების არცთუ ყველა ხელმძღვანელი სამწვრთნელო შტაბთან კორექტულად და საქმიანად ურთიერთობს. ალბათ, მხოლოდ კიევის “დინამოს”, დონეცკის “შახტარის”, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” და ხარკოვის “მეტალისტის” პრეზიდენტები არიან გამონაკლისნი. საერთოდ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
- საქართველოს პირველი ლიგის სპეციფიკა რაში მდგომარეობს?
- ჩემი აზრით, საქართველოში პირველ ლიგაში უფრო რთულია თამაში ვიდრე უმაღლესში. გუნდების უმრავლესობა დასავლეთ საქართველოდანაა, სადაც ძალიან შეურიგებელი ხალხი ცხოვრობს – ნამდვილი მებრძოლები არიან.
- უკრაინელებთან უფრო ადვილია?
- ვერ გეტყვით...”კრივბასში” იაქსამანიცკი და კოტოვიც მყოფნიდა. აი ეს იყო კომპანია! ქართველები უბრალოდ უფრო ემოციურები და ტემპერამენტიანი არიან.
- დისციპლინის მხრივ პრობლემები გაქვთ?
- არა. ქართველებს უფროსისა და სტუმრის მიმართ პატივისცემა სისხლში აქვთ. თუმცა, ეს მთავარი არაა. თუ ხედავენ მწვრთნელს სარგებლობა მოაქვს, რის შედეგად, ისინი პროფესიონალურად იზრდებიან, ეს ბიჭები არასოდეს გიღალატებენ. მაგალითად, თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივა, ამაში დამნაშავე უშუალოდ მწვრთნელია.
- “გაგრას” სათამაშო სქემაში უპირველესყოვლისა რა შეცვალეთ?
- სამი ცენტრალური მცველით თამაში დავიწყეთ. ჩვენ ლიგაში ერთადერთი გუნდი ვართ, ვინც ასეთი სქემით თამაშობს. სხვა კლუბები ოთხი მცველით თამაშობენ, რომლებიც ერთ ხაზზე არიან განლაგებული. კლუბის პრეზიდენტს თავდაპირველად ჩემი გადაწყვეტილება არ ესმოდა, მაგრამ შედეგმა ყველაფერი საკუთარ ადგილზე დააყენა –პირველ ადგილზე ვიმყოფებით, ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ და ყველაზე ნაკლები გავუშვით.
- გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი როგორია?
- ძირითადად აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვაკეთებთ. გულწრფელად გითხრათ, ძალიან პერსპექტიული ბიჭები გვყავს. გარდა ამისა, გუნდში ლეგიონერებიც არიან –უკრაინელები ნაკონეჩნი და ორდინსკი, ასევე, 18 წლის ნიგერიელი ოვონიკოკო. ის ჩვენი საუკეთესო ბომბარდირია. საუცხოო აღნაგობა და “გიჟური” ტექნიკა აქვს. ვფიქრობ, რომ მას კარგ ევროპულ კლუბში მოხვედრის შანსი აქვს. სხვათაშორის, თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც “ილიჩევეცში” იჯარით თამაშობს, ჩვენი აღზრდილია. როგორც ვიცი, “შახტარს” მისი სატრანსფერო უფლებები ბოლომდე არ გამოუსყიდია. თუ ეს ბიჭი დაგვიბრუნდება, ძალიან გაგვაძლიერებს. თუმცა, მსგავსი ვარიანტი ალბათ, გამორიცხულია.
- როდესაც საქართველოს თასის ფინალისკენ მიმავალ გზაზე უმაღლესი ლიგის გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხეთ, თქვენს შესახებ ბევრი კარგი რამ ითქვა?
- პრესისგან მხოლოდ საქებარ სიტყვებს ვისმენ, რაც ბუნებრივია, სასიამოვნოა. სხვათაშორის, მე
“მკვლელ-მწვრთნელს” მეძახიან.
მიმაგრებული სურათი