http://worldsport.ge/Read.aspx?news=21263&lang=1“გაგრას” უკრაინელმა ნახევარმცველმა ნიკოლაი ორდინსკიმ, რომელიც შვებულებას მშობლიურ ნიკოპოლში ატარებს, football.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა და ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით მუშაობა მომავალშიც სურს.
- როგორ მოხდა, რომ შენ და ორდინსკი კიევის ოლქის ჩემპიონატიდან საქართველოში გადახვედით?
- იმ პერიოდში ანატოლი პისკოვეცი კიევის ოლქის ერთ-ერთ გუნდში მუშაობდა და ეტყობა, მისი გუნდის წინააღმდეგ თამაშის დროს მოვეწონე. ყოველ შემთხვევაში, დამირეკა და მითხრა, რომ ამბიციურ ქართულ კლუბში სამუშაოდ მიდიოდა და მეც მიმიწვია. ცხადია, ჩემთვის საინტერესო იყო ცნობილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მუშაობა და ძალების ახალ გარემოში მოსინჯვა. ამიტომ, გადავწყვიტე გამერისკა. ჩემთან ერთად “გაგრაში” კიდევ რამდენიმე უკრაინელი გადავიდა, მაგრამ მათ საქმე არ აეწყოთ და მხოლოდ მე დავრჩი. ნახევარი წლის შემდეგ კი, ვოლოდია ორდინსკი შემოგვიერთდა, რომელიც მწვრთნელს ასევე კიევის ოლქის ჩემპიონატში მოწონებია.
- უცხო ქვეყანაში როგორ მიგიღეს?
- ძალიან თბილად. საერთოდ, ქართველები თავისი სიკეთით და სტუმართმოყვარეობით განთქმული ხალხია, ხოლო უკრაინელებთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვთ. გულღიად არა მხოლოდ ფეხბურთელები და კლუბის პერსონალი გვხვდება, არამედ უბრალო ადამიანებიც.
- ერთია თქვენი სლავური გარეგნობა, ხოლო სულ სხვაა - ორდინსკი. ალბათ, ის საქართველოში თავისიანად ითვლება?
- ვოლოდიას სახასიათო ცხვირისა და გარეგნობის გამო, სახლშიც კი მეკითხებიან: “ფოტოზე შენს გვერდით ეს ქართველი ვინ არის?”
- ფლანგზე თამაშობთ?
- არა, ნახევარდაცვის ცენტრში, ხოლო ორდინსკი - გამთამაშებლად.
- გაგრა აფხაზეთის საკურორტო ქალაქია, მაგრამ თქვენი გუნდის დისლოცირების ადგილი თბილისია...
- ჩვენი კლუბის პრეზიდენტი წარმოშობით აფხაზეთიდანაა და როგორც პატრიოტმა გუნდისთვის ქალაქის სახელის დარქმევა გადაწყვიტა. თუმცა, ჩვენ საქართველოს დედაქალაქში ვცხოვრობთ და ვვარჯიშობთ. გაგრაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან იქ არ ვარ ნამყოფი, ხოლო თბილისი შთამბეჭდავია. ლამაზი ქალაქია, მუდმივად ვითარდება, ბავშვებისთვის ბევრს აკეთებენ – საფეხბურთო, საჩოგბურთო მოედნებს...
- ევროთასების მატჩზე, რომელსაც “კარპატი” საქართველოში ატარებდა, სტადიონზე შუქი ჩაქრა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემებია?
- ხანდახან შუქი თბილისშიც ქრება. თუმცა, მატჩების დროს მსგავსი რამ არ მახსოვს.
- თბილისში სხვა გუნდებიცაა და “გაგრა” გულშემატკივრების მოსაზიდად როგორ იბრძვის?
- პირველყოვლისა თამაშით. გულშემატკივრების სიმპათიებს თანდათან მოვიპოვებთ – სეზონის ბოლოს ჩვენს მყუდრო სტადიონზე ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე დასაწყისში. არა მხოლოდ გულშემატკივრები – “გაგრას” თამაშებზე სპეციალისტები, მენეჯერები, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დადის ხოლმე.
- გყავთ გუნდში ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ქეცბაია დააკვირდებოდა?
- რა თქმა უნდა. ბოლო პერიოდში “გაგრას” მოთამაშეები შესამჩნევად პროგრესირებენ და სამი მათგანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. ჩვენი ნიგერიელი ლეგიონერი აბაიომი ოვონიკოკო კი, ნატურალიზაციის პროცესს გადის, რათა საქართველოს სახელით თამაშის უფლება ჰქონდეს. სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ ბელგიაში მის სავარაუდო გადასვლაზე.
- ეს ბიჭი ქართულად უკვე საუბრობს?
- რა თქმა უნდა. უკეთ, ვიდრე რუსულად. უკვე სამი წელია, საქართველოშია და იქაურობას შეეგუა. ერთად ბევრ დროს ვატარებთ – ის ქართულსა და ინგლისურს მასწავლის, ხოლო მე კონსულტაციას რუსულსა და უკრაინულში ვუწევ.
- ჩვენთან არის დამკვიდრებული აზრი - ქართული ფეხბურთი ტექნიკური და ტემპიანია...
- ის ტექნიკაზეა აგებული. მე ქართულად თამაში არ შემიძლია, მით უმეტეს, მწვრთნელიც უკრაინელი გვყავს.
- საქართველოს პირველი ლიგა უმაღლესისგან დიდად განსხვავდება?
- შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგა უკრაინის პირველი ლიგის დონეზეა. თუმცა, უკრაინაში პირობები გაცილებით უკეთესია. ჩვენს გუნდში ნორმალური ინფრასტრუქტურაა, ხოლო მრავალ სხვა კლუბს მსგავსი პირობები არ აქვს.
- იქაური გუნდებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?
- თბილისის “დინამო”, რომელსაც საქართველოს თასის მეოთხედფინალში შევხვდით. შინ 1:2 წავაგეთ, ხოლო ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე იგივე ანგარიშით გავიმარჯვეთ. პენალტების სერიაში კი, უფრო ძლიერები ჩვენ აღმოვჩნდით.
- რამდენად დიდი წვლილი შეიტანეს “გაგრას” ტრიუმფში უკრაინელმა ფეხბურთელებმა?
- არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო და ვთქვა, რომ გუნდში უკრაინელები “ქმნიდნენ ამინდს”. საერთო წარმატებაში წვლილი კლუბის თითოეულმა წევრმა შეიტანა – ფეხბურთელებით დაწყებული, “გაგრას” ფუნქციონერებით დამთავრებული.
- უკრაინელები “გაგრას” მომავალშიც დაეხმარებიან?
- ზაფხულში კლუბთან კონტრაქტები დაგვიმთავრდა და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით თამაშის სურვილი მაქვს. უკვე ამდენი გავაკეთეთ და კიდევ ბევრის გაკეთება გვმართებს.
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN