ბესო ჩიხრაძე: “ვიღებ იმას, რასაც ბედი გვარგუნებს”
“ახლა რომ დავიწყო, ნეტავ, ეს გუნდი არა და მეორე შეგვხვედროდა-მეთქი, აზრი აღარ აქვს. საერთოდ, ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ჩვეულებრივ ვიღებ იმას, რასაც ბედი გვარგუნებს. “ანორთოსისი” მშვენიერი ვარიანტია და ვეცდებით, ღირსეულად გამოვიდეთ ევროპის ლიგაზე”, – ეს “გაგრას” მეპატრონე ბესო ჩიხრაძის კომენტარია, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ნიონში დაუკავშირდა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
მაშ ასე, “გაგრა”-“ანორთოსისი” ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე. ასე დაწყვილდნენ, თუმცა ჩიხრაძემ გვაცნობა, რომ “ანორთოსისთან” შეთანხმება მიღწეულია და პირველი შეხვედრა ლარნაკაში გაიმართება. საქმე ისაა, რომ “გაგრა” ზესტაფონში ჩაატარებს მატჩებს და რადგან იმერულ კლუბს იმ დღეებში შინ მოლდოვურ “დაჩიასთან” მოუწევს თამაში, ამიტომაც საჭირო გახდა გადანაცვლება.
გაძლიერდება თუ არა “გაგრას” შემადგენლობა კვიპროსელებთან შეხვედრამდე?
“პირველ მატჩამდე დიდი დრო არაა, ამიტომაც, ნაუცბადევად შემადგენლობის შეცვლა სასარგებლო არც იქნება. ისე კი, რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით”, – გვითხრა ჩიხრაძემ.
“გაგრას” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ აფხაზავა: “ვფიქრობ, “ანორთოსისი” კარგი ვარიანტია. შეიძლებოდა, ოდნავ ძლიერი შეგვხვედროდა, ან ოდნავ სუსტი, თუმცა ძალიან დიდი განსხვავება მაინც არ იქნებოდა. “ანორთოსისი” ორი-სამი წლის წინ უფრო ძლიერი იყო, როცა კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავდა თემურ ქეცბაიას სახით. და კიდევ, უნიკალური შემთხვევა მოხდა – ორი იძულებით გადაადგილებული კლუბი შეხვდება ერთმანეთს ევროტურნირებზე”.
ერთიც, “გაგრას” მეკარე შეემატა. კლუბმა საჩხერის “ჩიხურასთან” შეთანხმებას მიაღწია და ახალგაზრდა გოლკიპერ გიორგი ბეგაშვილს სამშაბათს გაუფორმებს კონტრაქტს.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=21739&lang=1გაგრაააააააააააა