იბერიას გზა ელიტისკენ
ლევან ჯანეზაშვილი
დიდი ხანია, ?დიდ? ფეხბურთში თუნდაც მცირე საერთაშორისო წარმატებისთვის აღარ მიგვიღწევია, სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში ევროპულ არენაზე დადებით შედეგს სისტემატურად აჩვენებენ ჩვენი ფუტზალელები. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი საქართველოს ჩემპიონის, თბილისის ?იბერიას? მიღწევაა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპის ფუტზალის თასის პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და ელიტრაუნდისთვის ემზადება.
?ლელო? ?იბერიას? ასპარეზობას სისტემატურად აშუქებს, ამიტომ მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ, რომ თბილისელებმა წარმატებას სომხურ ?ერებუნთან?, ჰოლანდიურ ?მარლენესა? და რუმინულ ?დევასთან? ჭიდილში მიაღწიეს. ჯგუფიდან ჩვენ და ჰოლანდიელები გავედით.
დღეს ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ელიტრაუნდის წილისყრაა. პირველი კალათიდან ?იბერიას? შესაძლოა, შეხვდნენ ?ინტერვიუ მადრიდი? (ესპანეთი, მოქმედი ჩემპიონი), ?ვიზ-სინარა ეკატერინბურგი? (რუსეთი), ?მურსია (ესპანეთი) და ?ქაირათი? (ყაზახეთი).
დანარჩენი სავარაუდო მეტოქეების ჩამონათვალი კი ასეთია: ?ლუპარენსე? (იტალია), ?ჩრუდიმი? (ჩეხეთი), ?შარლერუა? (ბელგია), ?ბენფიკა? (პორტუგალია), ?არაზი? (აზერბაიჯანი), ?მარლენე? (ჰოლანდია), ?ლვოვი? (უკრაინა), ?ნიკარს რიგა? (ლატვია), ?ათინა? (საბერძნეთი), ?პუნტარი? (სლოვენია), ?პოტპიჩანი? (ხორვატია).
ელიტრაუნდი 14-22 ნოემბერს გაიმართება, ფინალურ რაუნდში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ. ოთხი გამარჯვებული ჩემპიონს მომავალი წლის აპრილში, ეკატერინბურგში გამოავლენს.
ელიტრაუნდამდე მცირე დროა დარჩენილი, ამიტომაც უცხოური შეკრების ორგანიზება ვეღარ ხერხდება. ?იბერია? თბილისში, სკა-ს დარბაზში ემზადება. დაგეგმილია საკონტროლო მატჩების ჩატარებაც. ?იბერიას? წევრები მეტოქეს ბაქოდან ელიან, საიდანაც ან ?ნეფთჩი? გვეწვევა, ანაც ?ეკოლი?. ამათ შორის ვინც ჩამოვა, ჩვენები მას ამხანაგურად ორჯერ შეხვდებიან.
?იბერიას? ბირთვს ბრაზილიელი ფეხბურთელები შეადგენენ, რომლებმაც პირველი ჯგუფური ბარიერის დაძლევაში დიდი წვლილი შეიტანეს. თუმცა მათ მხარი ქართველებმაც აუბეს, ?იბერიას? შემადგენლობაში ხომ ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც გიორგი ალთუნაშვილი და ალექსანდრე ძაბირაძე არიან. გუნდს დავით სოლოღაშვილი და ვახტანგ წერეთელი წვრთნიან. ეს უკანასკნელი მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებს.
გუნდის სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: ბომი, სალომაო, დუდა, რონი, ლეანდრო, რუდოლფო, ჟოანი (ყველა ბრაზილია), შაიტანოვი (უკრაინა), ჯამბურია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, წერეთელი.
ელიტრაუნდამდე ?იბერია?, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ევროპის ფუტზალის თასის რეგლამენტით, განაცხადში ახალი ფეხბურთელების შეყვანა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე მანამდე ამ ტურნირის მონაწილე სხვა გუნდის ღირსებას არ იცავდა. მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ ბრაზილიელ მოთამაშესთან და სავარაუდოდ, ისინი ?იბერიასთან? კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.
ბრაზილიელი ლეგიონერების წარმატებულმა თამაშმა მათი ნატურალიზაციის იდეა გააჩინა. უდავოა, რომ ისინი საქართველოს ნაკრებსაც საგრძნობლად გააძლიერებენ. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და უახლოეს მომავალში მას ცალკე შევეხებით.
?იბერია? ექვსი წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ რეგულარულად ხდება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი. ევროთასებზეც სისტემატურად გამოდის და თუ აქამდე ცოტა აკლდებოდა პირველი ეტაპის გადალახვამდე, წლეულს კლუბის ხელმძღვანელობის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო და ელიტრაუნდში გავაღწიეთ. კლუბის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი და კომპანია ?სამგორი? ქართული საზომებით საკმაოდ დიდ სახსრებს ხარჯავს შემადგენლობის გასაძლიერებლად და კლუბის წევრებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად. ელიტრაუნდში გასვლა იმანაც განაპირობა, რომ ?იბერიას? არც შეკრებები მოჰკლებია და არც საკონტროლო მატჩები. თბილისური კლუბი რამდენიმეჯერ იყო ბაქოში, სადაც ადგილობრივებთან რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ?იბერიამ? ასევე იასპარეზა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც პირველობა არავის დაანება.
მოკლედ, დღეს ?იბერიას? ახალი მეტოქეების ვინაობას შევიტყობთ და ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსებზე ამის შემდეგ ვიმსჯელოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული კლუბი ამ ბარიერის გადასალახადაც იბრძოლებს და როგორც იბერიელები აცხადებენ, თავს არავისთან შეირცხვენენ.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/242/242-9.htm