“იბერია-2003”-ს ელიტ-რაუნდში ბრაზილიელი მწვრთნელი დაარიგებს
19.11.2009 02:35
მომავალი ტურნირის აფიშა დღეს, იტალიის ჩრდილოეთის რეგიონ ვენეტოს ქალაქ კონელიანოში სტარტს აიღებს უეფა-ს ფუტზალის თასის ელიტ-რაუნდის გათამაშება A ჯგუფში, სადაც მასპინძელი “ლუპარენსეს” გარდა, საქართველოს ჩემპიონი “იბერია-2003”, ესპანური “მურსია” და ბელგიური “აქსიონ-21” ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა გუნდმა ასპარეზობა ძირითადი რაუნდიდან დაიწყო, სადაც მომდევნო რაუნდის საგზური დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა. “იბერია” 2003-მა სომხურ “ერებუნისთანა” (5:0) და ჰოლანდიურ “მარლენესთან” (2:0) გამარჯვება იზეიმა, რუმინულ “დევასთან” კი დამარცხდა (3:5) და მე-6 ჯგუფიდან მე-2 ადგილით გააღწია.
გასული ტურნირისგან განსხვავებით, ელიტარულ რაუნდში საქართველოს ჩემპიონს ჭიდილი ევროპულ გრანდებთან მოუწევს.
ჯგუფის ფავორიტად ესპანური “მურსია” ითვლება, რომელსაც ევროთასის ფინალურ რაუნდში ორჯერ უთამაშია, თუმცა, მართალი არც მასპინძელი “ლუპარენსესა” და უეფა-ს თასის 2004-05 წლების გათამაშების გამარჯვებულის – ბელგიური “აქსიონ-21”-ის ჩამოწერა იქნება.
ელიტ-რაუნდის A ჯგუფის წევრთა წარდგენა უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ითავა და კონელიანოს მინი-ტურნირის მონაწილე ოთხეული მოკლედ დაახასიათა.
უეფა-ს ფუტზალის თასი. ელიტ-რაუნდი. 19-22 ნოემბერი
A ჯგუფი. კონელიანო (იტალია)
“ლუპარენსე” (იტალია), “მურსია” (ესპანეთი), “აქსიონ-21” (ბელგია), “იბერია-2003” (საქართველო).
19 ნოემბერი
21:30 “მურსია” – “იბერია-2003”
23:30 “ლუპარენსე” – “აქსიონ-21”
20 ნოემბერი
21:30 “აქსიონ-21” – “მურსია”
23:30 “ლუპარენსე” – “იბერია-2003”
22 ნოემბერი
21:30 “იბერია-2003” – “აქსიონ-21”
23:30 “მურსია” – “ლუპარენსე”
დრო თბილისისაა
“ლუპარენსე” (იტალია)
იტალიის ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებული “ლუპარენსე” საშინაო კედლების მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება, რათა აპენინის ნახევარკუნძულიდან ფინალურ ეტაპზე გასული პირველი გუნდი გახდეს.
სერია A1-ის მიმდინარე სეზონსა და უეფა-ს თასის გათამაშებაში, ფედერიკო ვიდალ მონტალდოს შეგირდებს არცერთი მატჩი არ წაუგიათ. აღსანიშნავია, რომ ევროთასებზე, იტალიელებმა ორ მატჩში 10:0 იმარჯვეს, უნგრულ “ბერეტოუიფოლუსთან” შეხვედრაში კი ჟაირო მანოელმა 8 გოლის გატანა შეძლო.
“იტალიურ გუნდთაგან ფინალურ რაუნდში არცერთს უთამაშია, ასე რომ, ჩვენ უნიკალური შანსი გვეძლევა. “მურსია” მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ითვლება და მის მოთამაშეებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, თუმცა, თუკი პირველობა გვსურს, ასეთი დონის მეტოქეებს უნდა ვაჯობოთ”, - განაცხადა მონტალდომ.
ძირითადი რაუნდი (პირველი ადგილი პირველ ჯგუფში): “ტორნადო” (10:0), “ტაიმი” (3:3), “ბერეტოუიფოლუ” (10:0).
საკვანძო მოთამაშეები: ჟაირო მანოელი, ანდერსონ პელეგრინი, უმბერტო ონორიო.
“მურსია” (ესპანეთი)
უეფა-ს თასის 2006-07 წლების გათამაშების ნახევარფინალში, “მურსიამ” გადამწყვეტი ბურთი ბოლო წამებზე გაუშვა და შინაურ კედლებში გადამწყვეტი მატჩის მიღმა დარჩა. მომდევნო სეზონში ესპანელებმა ფინალში მაინც გააღწიეს, თუმცა, ამჯერად პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ესპანეთის ჩემპიონი დანებებას არ აპირებს და სანუკვარ ჯილდოს მესამედაც შეუტევს.
შიდა პირველობაზე “მურსია” ლიდერ “ინტერვიუს” ორი ქულით ჩამორჩება. გასულ უქმეებზე დუდას შეგირდები უმთავრეს მეტოქეს 3:0-ს უგებდნენ, თუმცა, დასკვნით 11 წუთში სამი გოლი მიიღეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
“ვერ გეყვით, რომ უეფა-ს თასის მოგება ცხოვრების უმთავრეს მიზნად გვაქვს დასახული, თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობა ამ ტურნირს დიდ ყურადღებას აქცევს. ფეხბურთელებს ოთხი დღის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ამდენად, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო”, - აღნიშნა “მურსიას” დამრიგებელმა.
ძირითად რაუნდში არ უთამაშია.
საკვანძო მოთამაშეები: კიკე, ალვარო, ვინისიუსი.
“აქსიონ-21” (ბელგია)
უეფა-ს თასის 2004-05 წლების გათამაშების გამარჯვებულმა და ორგზის ფინალისტმა “აქსიონ-21”-მა შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა, თუმცა, ბელგიელები რომ იოლად არაფერს დათმობენ, ფაქტია.
“იმედი მაქვს, მომავალი ტურნირი საინტერესო იქნება, ბიჭები კი დიდ გამოცდილებას მიიღებენ. მიმდინარე სეზონში გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ამდენად, ჩვენი მიზანი გამოცდილების მიღება და ღირსეულად თამაში იქნება”, - განაცხადა “აქსიონ-21”-ის მთავარმა მწვრთნელმა პედრუ კარვალიუმ.
ძირითადი რაუნდი (პირველი ადგილი მე-3 ჯგუფში): “ატინა-90” (4:2), “გოლდენი” (3:0), “სკევდე (10:1)”.
საკვანძო მოთამაშეები: სებასტიანო კანარისი, ლილიუ, ლუსიო როზა, ვალენტინ დიუჟაკერი.
“იბერია-2003” (საქართველო)
საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი და უეფა-ს თასის ყველა ცხრავე გათამაშების მონაწილე “იბერია-2003” ელიტ-რაუნდში პირველად მოხვდა. იტალიაში გამგზავრების წინ, გუნდმა საკონტროლო მატჩში აზერბაიჯანული “ეკოლე” 4:3 დაამარცხა, იბერიელთა მოთამაშე პრეზიდენტის ვახტანგ წერეთელის ნაცვლად კი, მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი ადრიანო სალომაო დაინიშნა.
“ჩვენ პროგრამა-მინიმუმი უკვე შევასრულეთ”, - აღნიშნა “იბერია-2003”-ის წევრმა ალექსანდრე ძაბირაძემ. “ელიტ-რაინდში ძლიერი მეტოქეები შეგვხვდნენ და მომდევნო რაუნდში გასვლა ძალიან რთული იქნება, თუმცა, ვიბრძოლებთ და იქნებ, მიზანსაც მივაღწიოთ”.
საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ალექსანდრე ძაბირაძე, ჟოანი (ბრაზილია), ადრიანო სალომაო (ბრაზილია), გიორგი ალთუნაშვილი, დუდა (ბრაზილია), რონი (ბრაზილია), ვახტანგ წერეთელი, რუდოლფო და კოსტა (ბრაზილია), ალექსანდრე ჯამბურია, ლეანდრო (ბრაზილია), ოლეგ შაიტანოვი (უკრაინა), ევერსონ რამოს ბომი (ბრაზილია).
ძირითადი რაუნდი (მეორე ადგილი მე-6 ჯგუფში): “ერებუნი” (5:0), “მარლენე” (2:0), “დევა” (3:5).
საკვანძო მოთამაშეები: ევერსონ რამოს ბომი, გიორგი ალთუნაშვილი, დუდა.
B ჯგუფი. ლისაბონი (პორტუგალია)
“ბენფიკა” (პორტუგალია), “ვიზ-სინარა” (რუსეთი), “მარლენე” (ჰოლანდია), “პოტპიჩან-98” (ხორვატია)
C ჯგუფი. პარდუბიცე (ჩეხეთი)
“ჰრუდიმი” (ჩეხეთი), “ინტერვიუ” (ესპანეთი), “ტაიმი” (უკრაინა), “პუნტარი” (სლოვენია)
D ჯგუფი. ბაქო (აზერბაიჯანი)
“არაზი” (აზერბაიჯანი), “ქაირათი” (ყაზახეთი), “ნიკარსი” (ლატვია), “ატინა-90” (საბერძნეთი).
ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ რაუნდში გავლენ, რომელიც 2010 წლის 22-25 აპრილს შედგება.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=260
მიმაგრებული სურათი