http://worldsport.ge/Read.aspx?news=15505&lang=1როგორ ჟღერს? - საქართველო–ინგლისი 4:0საქართველოს ფუტსალის ნაკრები მაკედონიაში შეუჩერებელია. ზაალ ჩიტალაძის გაწვრთნილებმა ესტონეთის 8:0-ით განადგურებას, ინგლისის “ნახევრად განადგურებაც” მიაყოლეს – 4:0.
ეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევრო-2012-ის შესარჩევი ტურნირის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ხდება. ოთხგუნდა ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, რომლის მატჩები 24-27 თებერვალს გაიმართება.
პირველ ჯგუფურ ეტაპზე სულ 24 გუნდი თამაშობს, 6 ჯგუფია და ექვსივეს გამარჯვებულები შეუერთდებიან იმ 18 ნაკრებს, რომლებიც პირდაპირ მე-2 ეტაპიდან ჩაერთვებიან. ასე შეიკრიბება 24 ნაკრები, საიდანაც 11 გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე – იქ მათ მასპინძელი ხორვატია დახვდებათ.
მე-2 ეტაპზეც 24 გუნდი 6 ჯგუფად დაიყოფა და გამარჯვებულებთან ერთად, 5 საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაიბევებს ხორვატიის საგზურს.
ახლა უშუალოდ ინგლისთან მატჩზე (ისე, როგორ საამაყოდ ჟღერს, საქართველო-ინგლისი 4:0...), რომელშიც ქართველებს ანგარიშის გარდა, სათამაშო უპირატესობაც აშკარა ჰქონდათ. თავისი წილი გოლი გაიტანეს დავით ბობოხიძემ და არჩილ სებისკვერაძემ, რომლებმაც ესტონეთთან ჰეთ-თრიქი მიითვალეს.
დარჩა ბოლო და გადაწყვეტი მატჩი. საქართველო მასპინძელ მაკედონიას ხვდება და ფრეც ხელს აძლევს. ისე კი, განვლილი 2 ტურიდან გამომდინარე, ზაალ ჩიტალაძის გუნდი აშკარად უკეთ გამოიყურება...
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფუტსალში. I ჯგუფური ეტაპი. C ჯგუფი. სკოპიე (მაკედონია). II ტური.
საქართველო-ინგლისი 4:0 (1:0)
საქართველო: ალექსანდრე ჯამბურია (მეკარე), ლევან კობაიძე, დიმიტრი მაყაშვილი, დავით ბობოხიძე (კაპიტანი), არჩილ სებისკვერაძე; დავით კეტაშვილი (მეკარე), შოთა ჭანუყვაძე, მურთაზ კაკაბაძე, რევაზ დევდარიანი, ზურაბ შერმადინი, კახა მაისაია, დავით ლუკავა.
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე.
გოლები: 1:0 ბობოხიძე (15), სებისკვერაძე (30), შერმადინი (32), კობაიძე (35).
ჯგუფის მეორე მატჩში მაკედონიამ 6:2 მოუგო ესტონეთს.
1 საქართველო 2 2 0 0 12-0 6
2 მაკედონია 2 2 0 0 9-3 6
3 ინგლისი 2 0 0 2 1-7 0
4 ესტონეთი 2 0 0 2 2-14 0
24 თებერვალს ბოლო, III ტურის მატჩებია:
20:00 - ესტონეთი-ინგლისი
22:30 - მაკედონია-საქართველო.