ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის წინ, როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ძიუდოში საქართველოს ქალთა ნაკრები გორში გადიოდა მზადებას. ჩვენს ძიუდოისტებს მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე დღეა თურქეთის ნაკრებიც შეუერთდა, აქვე არიან ლიტველებიც და ერთობლივ წვრთნას გადიან გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ძიუდოისტთან, მძიმეწონოსან ირინა ლეონიძესთან.
� ირინა ძიუდოს დაუფლების მსურველი გოგონა ბევრი არაა საქართველოში...
� სამწუხაროდ, ჩვენში დღემდე ითვლება, რომ ძიუდოში ვარჯიში მიზანშეწონილი არ არის ქალისთვის. ეს მოსაზრება მეც ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მიყვარს ძიუდო...
� რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ?
� სამი წელიწადი. მანამდე მშვილდოსანი ვიყავი. ერთხელაც, მშობლიურ ბათუმში ძიუდოისტთა გუნდი ჩამოვიდა შეკრებაზე. მაშინ პირველად მნახეს ნაკრების მესვეურებმა და ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მირჩიეს მშვილდი გადამედო გვერდზე და კიმონო ჩამეცვა. თავდაპირველად თითქოს გამიჭირდა, თუმცა მერე შევეჩვიე ტატამს. ორჯერ მივიღე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა და ორჯერვე ჩემპიონი გავხდი.
� შენი ყველაზე დიდი წარმატება საერთაშორისო არენაზე რა არის?
� სტამბულის ტურნირზე ორჯერ გავხდი მესამე პრიზიორი. ვნახოთ, იქნებ მომავალში საერთაშორისო სარბიელზე მეტიც შევძლო.
� იმედია, ევროპის და მსოფლიოს პირველობებსაც გულისხმობ. ჩვენი ქალთა ნაკრები ჯერ ვერ აღწევს იქ წარმატებებს. როგორ ფიქრობ, შორსაა ის დრო, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებეზეც შეძლებთ მედლების მოპოვებას?
� ნაკრებში ერთობ პერსპექტიული სპორტსმენები ირიცხებიან. შეჯიბრებიდან შეჯიბრებაზე წინ მივიწევთ, იმედი მაქვს, მალე მივალთ იქამდე, როდესაც მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩაგვთვლიან. წინსვლა, ცხადია, მნიშვნელოვანწილად მწვრთნელების დამსახურებაა. დაახლოებით ერთი წელიწადია ჩვენს გუნდს სათავეში ძლიერი სპეციალისტი გია თენაძე ჩაუდგა. ის შესანიშნავი პიროვნებაა და მთელი ნაკრები, შეიძლება ითქვას, შეყვარებული ვართ ამ ადამიანზე.
� საქართველოს ნაკრებში შენს წონაში უკონკურენტო ხარ?
� მართალია, ორჯერ გავხდი ჩემპიონი, მაგრამ იოლი გამარჯვება არც ერთხელ მოსულა. ჩემს წონაშიც არიან ძლიერები, მაგალითად, მარიამ ჩადუნელი. მძიმე წონა პრესტიჟულია და კონკურენციაც მძაფრია. ლიდერობისათვის სხვა წონით კატეგორიებშიც სერიოზული კონკურენციაა ნაკრებში.
� მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატების იმედი გაქვს?
� შევეცდები, რაც შეიძლება უკეთ ვიასპარეზო თბილისში. კონტინენტის პირველობისათვის მოსამზადებელი შეკრებები, ვფიქრობ, ნაყოფიერი გამოდგა. ბოლო ეტაპზე ჩვენთან ერთად თურქები და ლიტველებიც ემზადებოდნენ. განსხვავებული ტექნიკურ-ტაქტიკური არსენალის ძიუდოისტებთან პაექრობა უდავოდ სასიკეთოდ წაგვადგება. ვეცდებით ყველაფერი, რაც საწვრთნელ პროცესში შევისწავლეთ და დავხვეწეთ, ევროპის ჩემპიონატზე შედეგში ავსახოთ.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/091/091-27.htm