გიორგი გოგავა საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს
საზღვარგარეთ ბევრი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში მოღვაწე, კატალონიის "კან გიბერტის" 18 წლის თავდამსხმელი გიორგი გოგავაა. "პირWელი" მას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- გიორგი, რამდენი წელია, ესპანეთში ხარ და როგორ დაიწყო შენი კარიერა?
- ესპანეთში 2007 წლის თებერვალს ჩავედი. ზუსტად ოთხი წელია, აქ ვარ. პირველი დღიდანვე "კან გიბერტის" შემადგენლობაში ვარ. პირველი თვის განმავლობაში სინჯები მქონდა, მოვეწონე და პირდაპირ კლუბის პირველ ახალგაზრდულ გუნდში ჩამსვეს. თავიდან მწვრთნელები ბევრ სათამაშო დროს არ მაძლევდნენ და ტაიმის ბოლოს შეცვლაზე გავყავდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე გატანილი გოლის შემდეგ ძირითადში თავდამსხმელის ადგილიც მანდეს.
- რა შედეგები აჩვენე ამ 4 წლის განმავლობაში "კან გიბერტში"?
- თავიდანვე გოლების გატანა დავიწყე. პირველ სეზონში 30 შეხვედრა ჩავატარე და 19 გოლის გატანა შევძელი. მეორე სეზონში 30 თამაშში 27-ჯერ გავიტანე. გასულ სეზონში კი მეტოქის კარის აღება 24-ჯერ მოვახერხე. ამ სეზონში მთავარ გუნდში ამიყვანეს და 3 თამაშში 2 გოლის გატანა შევძელი.
- თბილისში თუ თამაშობდი სადმე?
- თბილისში "ამერის" აზალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ იქ დიდხანს გაჩერება არ მომიწია.
- ესპანეთის სხვა გუნდებისგან თუ გქონია შემოთავაზება?
- თავიდანვე იყო ერთი-ორი შემოთავაზება, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თან - ახალი ჩასული, ენაც არ ვიცოდი, ამიტომ აქ დარჩენა ვარჩიე, მაგრამ ამ ზაფხულს უფრო მაღალი დივიზიონის კლუბში გადასვლას ვაპირებ.
- საქართველოს ნაკრებისგან თუ არის შენდამი დაინტერესება?
- ეგ ჩემთვის მტკივნეული თემაა და აუხდენელი ოცნება. მინდა, ერთ დღეს საქართველოს ფორმა ჩავიცვა და ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა. დაინტერესებაც არ ყოფილა. ალბათ, არც იციან, აქ რომ ვარ. იმედია, როდესმე დავაინტერესებ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ გასული წლის ზაფხულში კამერუნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგური თამაში გვქონდა და კამერუნელმა მწვრთნელმა მათი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში შემომთავაზა. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები ყურადღებას მომაქცევენ და სტადიონზე ჩვენი ნაკრების ფორმით გავალ.
მერაბ სიბაშვილი
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

გსმენიათ რამე ამ ბიჭზე?