ბრაზილიელთა ექსპანსია რუსთავში
გია ტუხაშვილი
უკვე თვეზე მეტია, ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე აქტუალური თემა ბრაზილიელი მოთამაშეების რუსთავის ?ოლიმპში? ჩარიცხვა გახლავთ. არ დავმალავთ: ბევრს არც სჯეროდა, რომ ბრაზილიის ერთ-ერთი პოპულარული კლუბის - ?ატლეტიკო პარანაენსეს? ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი საქართველოში ისურვებდა კარიერის გაგრძელებას. თანაც, ადრეც აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ: ეს ხუთეული სადმე... იქაური ?პლაჟიდან? კი არა, ?ნაღდი? ბრაზილიური კლუბიდან უნდა ჩამოსულიყო. და აი, უკვე მეათე დღეა ხუთივე ბრაზილიელი ფეხბურთელი რუსთავული კლუბის სრულფასოვანი წევრია. ეგ კი არა, სამმა მათგანმა ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩიც ჩაატარა - ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვარშავის ?ლეგიასთან?; ბრაზილიელ ფეხბურთელთა და საერთოდ, რუსთაველი გუნდის ქომაგთა სამწუხაროდ, ?ოლიმპმა? ეს შეხვედრა წააგო. თუმცა, უნდა ვაღიარო - ალბათ ძალიან ცოტას თუ სჯეროდა, რომ ?ოლიმპი? შეძლებდა და პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და პოპულარულ კლუბს დაამარცხებდა (თან - სტუმრად). ისე, ნურც ამ შეხვედრის საბოლოო შედეგმა (3:0) უნდა მოგვატყუოს - თვითმხილველთა თქმით, ჩვენი გუნდი ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა. ეგ კი არა, ?ოლიმპის? ბრაზილიელ ახალწვეულ აკინოს პენალტი რომ გაეტანა (ანგარიში იმ მომენტისათვის 1:0 იყო), მართლაც არავინ იცის, დარჩენილ დროში მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
...?ოლიმპი? ახლა ?ლეგიასთან? განმეორებითი მატჩისათვის ემზადება; ამ გუნდების პირველ შეხვედრაზე, ბრაზილიელთა ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და გუნდში ამ ბოლო დროს მომხდარ საკადრო ცვლილებებზე, - ამ და სხვა საკითხებზე რუსთავული კლუბის მთავარ მწვრთნელს ვარლამ კილასონიას გუშინ შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ?ლეგიასთან? მატჩამდე რომ ვისაუბრეთ, ბრძანეთ, რომ წყვილში ფავორიტად პოლონურ კლუბს მიიჩნევდით.
- სხვათა შორის, ვარშავაში, მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზეც ანალოგიური კითხვა დამისვეს თქვენმა პოლონელმა კოლეგებმა. იქაც იგივე გავიმეორე, თუმცა დავამატე, რომ როგორც მწვრთნელს, სასურველი შედეგის მიღწევა მსურდა და უარს არც ფრეზე ვიტყოდი. ამას კი ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ქართულ გამოცემაში ჩემი სიტყვები არასწორად იყო ნათარგმნი. აბა, მითხარით - რომელი თავმოყვარე მწვრთნელი იტყვის მატჩის წინ, რომ მეტოქე ბევრად ძლიერია და მარცხსაც წინასწარ შეგუებული ვართო?!
- პოლონეთში ჩასულებს როგორი პირობები დაგხვდათ?
- მასპინძლებმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე დაგვახვედრეს - ვცხოვრობდით ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ?მარიოტში?. საწვრთნელი პროცესიც გეგმის მიხედვით წარიმართა. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და ჩვენი კლუბის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს კონსტანტინე ქავთარაძეს - ჩვენი დელეგაციის იქ ყოფნისას გვერდიდან არ მოგვშორებია.
- ახლა, უშუალოდ, მატჩზეც ვთქვათ. ზედმეტი რისკი ხომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში სამი ბრაზილიელის დაყენება? ბოლოს და ბოლოს, ახალწვეულებს ?ოლიმპთან? ერთად, თუ არ ვცდებით, მხოლოდ ორ თუ სამი ვარჯიში ჰქონდათ ჩატარებული.
- რისკი როგორ არ იყო - თამაშამდე სამი ვარჯიში მოასწრეს; სწორედ ვარჯიშებზე დაკვირვების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფრაგა, აკინო და ჟონატასი ძირითადში გამემწესებინა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რისკი თუ უამრავი მითქმა-მოთქმა საპირისპირო სიტუაციასაც შეიძლება მოჰყოლოდა. ანუ, იმ მოტივით, რომ ბრაზილიელები გუნდთან შეუთამაშებლები იყვნენ, არც ერთი ძირითადში რომ არ მეთამაშებინა. ამის მერე ხომ იტყოდნენ: თუ არ ათამაშებდნენ, მაშინ რაღას ჩამოჰყავდათო?
- მეოთხე ბრაზილიელმა, ჟოზე ჩოკომ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა...
- სხვებზე უარესად გამოიყურებოდა - შესაძლოა, თავდაპირველად ადაპტაციის პროცესი გაუჭირდა; არადა, ამ ხუთეულიდან ყველაზე იმედისმომცემად სწორედ მას ახასიათებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ნელ-ნელა ?გაიხსნას? კიდეც.
- ძალიან გვაინტერესებს დანარჩენი სამი ბრაზილიელის ასპარეზობის თქვენეული შეფასება.
- ალექს ფრაგამ დაცვის ცენტრში ითამაშა ნოდარ მაჭავარიანთან ერთად. ფრაგას ასპარეზობით უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ - ტანმაღალმა მცველმა თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო, ბურთიც ჩინებულად ?ამოჰქონდა?, არც გამძლეობა დაეწუნება; მოკლედ, ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია.
- ?ლეგიასთან? მატჩს ვინც უყურა, ყველა აღფრთოვანებული დარჩა ანდერსონ აკინოს თამაშით.
- სასიამოვნოა, როცა სხვაც ამ აზრის არის - აკინო ჩვენი ორი ?საყრდენის? წინ დავაყენე და დავალება ჩინებულად შეასრულა. 90 წუთის განმავლობაში ჩვენი გუნდის თამაში ?მიჰყავდა?, ბურთს ისე ფლობდა, რომ მასპინძლები ვერაფერს ახერხებდნენ; რამდენჯერმე კი დიდებული პასებიც ჩამოურიგა პარტნიორებს. აი, პენალტიც რომ გაეტანა, მატჩის გმირი იქნებოდა. თუმცა, უამისოდაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უდავოდ საუკეთესო იყო არა მარტო ჩვენს გუნდში, არამედ, საერთოდ, შეხვედრაში!
- ჟონატასი გამოკვეთილი ფორვარდია; მის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- ერთი შეხედვით, თითქოსდა, ზანტი ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, რაც თავდამსხმელს სჭირდება, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს: სისწრაფეში ცდილობს ყველაფრის გაკეთებას, დრიბლინგიც კარგი აქვს. მუდამ თავისუფალ ზონებს ეძებს; პენალტიც მის წინააღმდეგ წესების დარღვევას მოჰყვა - აკინოს პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ეს უკანასკნელიც იძულებული იყო, ჟონატასი წაექცია. სხვათა შორის, შეხვედრის არბიტრმა პოლონელთა მეკარეს ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი აკმარა; არადა, დარწმუნებული ვარ - მსგავსი სიტუაცია ჩვენს საჯარიმოში რომ მომხდარიყო, მეკარეს უეჭველად გაგვიძევებდა.
- პენალტამდე ანგარიში უკვე მასპინძლებს მიჰყავდათ...
- სხვათა შორის, ველოდით, რომ მეტოქე პირველი წუთებიდანვე შემოგვიტევდა და ამისათვის მზად ვიყავით. თუმცა, ?ლეგიამ? სულ სხვა ტაქტიკა აირჩია: კლასისა და ოსტატობის ხარჯზე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას; ამას გარდა მასპინძელთა ფეხბურთელები გააზრებულად მოქმედებდნენ და მუდამ იმას ცდილობდნენ, ჩვენს დაცვაში თავისუფალი ზონები მოეძებნათ. ანუ, სასტარტო შტურმი, როგორც ასეთი, არ ყოფილა. ჩვენც ანალოგიური ტაქტიკა დავუპირისპირეთ და ფაქტობრივად, მე-19 წუთამდე მოედანზე აბსოლუტური თანაფარდობა იყო. აი, ამ დროს ?ლეგიას? ვერცხლისწყალივით მოძრავმა ნახევარმცველმა გიზამ ეფექტური პასით თანაგუნდელი მონახა და მასპინძელთა ფორვარდმაც ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.
- მეორე გოლამდე როგორი თამაში ?მიდიოდა??
- ჯერ იმას გეტყვით, რომ ტაიმის ბოლომდე ჩხეტიანს ორი კარგი მომენტი ჰქონდა, ერთ ეპიზოდში ჟონატასმა დააგვიანა, თორემ ?ლეგიას? კარს ხიფათი არ ასცდებოდა. მე-40 წუთზე კი უკვე ალავიძემ გვიხსნა, როცა შორიდან დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმიც იმავე სცენარით წარიმართა - ჩვენს კართან სახიფათო მომენტი საერთოდ არ შექმნილა. აი, ამ დროს დაინიშნა პენალტი და...
- აკინომ წინასწარ იცოდა, პენალტი მას რომ უნდა დაერტყა?
- ფეხბურთელებისთვის მატჩის წინ ცნობილი იყო, რომ თუ პენალტის დარტყმის უფლება მოგვეცემოდა, გილაურს უნდა შეესრულებინა. სამწუხაროდ, აკინომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო - მე კი ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა, მაგრამ ტრიბუნების ხმაურში ვერაფრით გავაგებინე. იცით, ფეხბურთელი გრძნობს - თამაში რომ ?წაუვიდა? და ალბათ, ამიტომაც აიღო საკუთარ თავზე ეს მისია.
- მატჩის შემდეგ საყვედური არ უთხარით? ბოლოს და ბოლოს, სათამაშო დისციპლინის დარღვევაა.
- იმ დღეს არაფერი მითქვამს, პირიქით - თამაშის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად მეც ვამშვიდებდი. აი, მეორე დღეს კი მივუთითე... სამწუხაროდ, პენალტის გამოუყენებლობიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჩვენს კარში რიკოშეტით გოლი გავიდა. არადა, თითქმის იგივე ეპიზოდი განმეორდა მასპინძელთა კართან, როცა სეთურიძის დარტყმის მერე ბურთი ერთ-ერთ პოლონელ ფეხბურთელს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა, მაგრამ... კარის ბადეს გარედან მოხვდა.
- მატჩის მიწურულს მესამე გოლიც გავუშვით...
- მასპინძელთა ფეხბურთელმა საკმაოდ შორიდან დაარტყა, ჩვენმა მეკარემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და დამატებაზეც პირველი ?ლეგიას? ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, საბოლოო ანგარიში ნამდვილად არ ასახავს მოედანზე ძალთა თანაფარდობას. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ?ლეგიას? მთავარმა მწვრთნელმა იან ურბანმა ისიც განაცხადა, სტუმრებს პენალტი რომ გაეტანათ, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდაო. და კიდევ პრესკონფერენციის თემაზე: თურმე, მითქვამს, რომ მე-19 წუთამდე გავძელითო; მერწმუნეთ, მსგავსი არაფერი ყოფილა.
- როგორც ვიცით, ამ შეხვედრას ქართველი გულშემატკივრებიც დაესწრნენ.
- პოლონეთში მცხოვრები ქართველობაც იყო და რუსთავიდან წამოსული გულშემატკივრებიც. ყველას საერთო აზრი ჰქონდა - ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. რაც მთავარია, ?ოლიმპის? თამაშის გამო... შეურაცხყოფილნი არ დარჩენილან!
- ?ლეგიაზე? კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ახალი რა უნდა ვთქვა - სტადიონი, ინფრასტრუქტურა, ფინანსური მხარე, - ყველაფერი უმაღლეს დონეზე აქვთ. თავად განსაჯეთ - კლუბის წლიური ბიუჯეტი 20-25 მილიონი ევროა, ხოლო გუნდის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის ხელფასი კი 250 000 ევრო; მოკლედ, თანამედროვე დონის სოლიდური და წარმატებული კლუბია; აღარაფერს ვამბობ ?ლეგიას? მდიდარ წარსულსა თუ მიღწევებზე.
- ისევ ბრაზილიელების თემას დავუბრუნდეთ. რამდენიმე დღის წინათ მეხუთეც ჩამოვიდა - ჟერონიმოს როგორ დაახასიათებდით?
- როგორც მისი თანამემამულეების შემთხვევაში, თავდაპირველად აქაც ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემამ იჩინა თავი. ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის ამხელა გზაზე ჩამოსვლა. დროში უზარმაზარი სხვაობაა, მაგრამ ვარჯიშებზე მონდომებულია და ვფიქრობ, ადაპტაციის პროცესიც მალე ჩაივლის.
- ცოტა არ იყოს, უცნაურად მოგვეჩვენა ის ფაქტი, რომ ?ლეგიასთან? შეხვედრაში არ უთამაშია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ?ოლიმპის? საუკეთესო ფორვარდს გიორგი მეგრელაძეს.
- ეს წმინდა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო: ჟონატასთან ერთად თავდასხმაში ჩხეტიანის გამოყვანა ვამჯობინეთ; ეს უკანასკნელი უფრო მობილურია და მოედანზე ბევრს მოძრაობს; მეგრელაძე კი სულ სხვა ყაიდის თავდამსხმელია. სხვათა შორის, ბევრს ეგონა, რომ რახან ?ლეგიასთან? სტუმრად ვთამაშობდით, ერთფორვარდიან ტაქტიკას ავირჩევდით...
- ისე, პოლონეთში სერიოზული დანაკლისიც გქონდათ - შოთა ბაბუნაშვილის არყოფნას ვგულისხმობთ.
- მაგას ბევრი მტკიცება არ სჭირდება - ბაბუნაშვილი, მართლაც, აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო. ყველას კარგად მოეხსენება თუ როგორ შეუძლია ამ ნახევარმცველს ბურთის კონტროლი და დარწმუნებული ვარ, აკინოსთან ერთად მასპინძლებს სერიოზულ პრობლემებსაც შეუქმნიდა.
- პირველ მატჩში 3:0-ის მერე, ალბათ, შემდეგ ეტაპზე გასვლის რაიმე ილუზია აღარ გექნებათ.
- ახლა რომ დავიწყო იმის მტკიცება, გინდა თუ არა, 4:0-ს მოვიგებთ და მეტოქეს გამოვაგდებთო, უაზრო ტრაბახში ჩამეთვლება. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მჯერა, რომ ?ოლიმპი? საპასუხო შეხვედრაში ღირსეულად ითამაშებს.
- დაბოლოს, ამ დღეებში თქვენს გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც; როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ამიერიდან ?ოლიმპში? აღარ ითამაშებენ: მეგრელაძე, ფიფია, ხუბუა, ჭელიძე...
- სამწუხაროდ, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელი თამაშობს. თქვენ მიერ ჩამოთვლილი მოთამაშეები ისეთი ფეხბურთელები არიან, სათადარიგოთა სკამზე ვერ დავსვამდით; ალბათ, მათთვისაც უკეთესი იქნება, რომ სხვა გუნდებში გადავიდნენ და ბევრად მეტი სათამაშო პრაქტიკა გექნებათ. რა თქმა უნდა, კარგია, ნებისმიერ ფეხბურთელს ძირითადში მოხვედრაზე სამართლიანი პრეტენზია რომ აქვს, მაგრამ იმავე თავდასხმის ხაზში უკვე 6 ფორვარდი დაგვიგროვდა - ეს კი, მიმაჩნია, ბევრია. სხვათა შორის, ისიც მინდა ვთქვა, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ?ოლიმპში? კიდევ მოხდეს გარკვეული ცვლილებები.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/169/169-5.htm
მიმაგრებული სურათი