"ლელო "
# 3
6 იანვარი, ოთხშაბათი, 2010 წელი
სამეგრელოს აღორძინება ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი
მერაბ მამულაშვილი
ფოთელებს დიდი ამბიციები უბრუნდებათ. თემურ ბარქაიამ რეგიონალლიგაში ჩარჩენილი და ყველასგან მიტოვებული �კოლხეთი� გაჭირვებაში არ მიატოვა, უპატრონა და დღეს კლუბი უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია. ამის თქმის უფლებას ზამთრის შესვენებისას �კოლხეთში� განხორციელებული ცვლილებები იძლევა...
ბესიკ შეროზია უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის �ბაიადან� წამოვიდა და პირველ ლიგაში მუშაობას დათანხმდა. თუმცა, ვფიქრობთ, ეს უკუსვლად არ ჩაეთვლება, რადგან ზუგდიდელ სპეციალისტს ფოთის �კოლხეთი�, ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბი ჩააბარეს...
- ბატონო ბესო, �ბაიადან� რატომ წამოხვედით?
- რა დასამალია და, ახალგაზრდულ გუნდს თავისი მიმართულება ჰქონდა და წასვლაზე მანამდეც ვფიქრობდი.
- კონკრეტულად რა არ მოგწონდათ?
- �ბაიას� ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს. ჩემი მეგობრების გუნდია და გულიანადაც ვმუშაობდით ერთად, ზუგდიდს ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი რომ დაებრუნებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე კიდეც. უბრალოდ, მწვრთნელისთვის სასურველია გარემოს შეცვლა და მეც ასე მსურდა. რამდენიმე წელი ვმუშაობდი ჯერ �მგლებში�, შემდეგ �ბაიაში� და სხვაგან წასვლა მერჩივნა. ამ დროს ფოთიდან შემოთავაზება გამოჩნდა და სიამოვნებით დავთანხმდი. ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია და უმაღლეს ლიგაში �კოლხეთის� დაბრუნების საქმეში ჩემი წვლილის შეტანა მსურს. ფაქტია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას სერიოზული გეგმები აქვს და იმედია, მის განხორციელებას მოვახერხებთ.
- �მგლებში� საკადრო პოლიტიკის გატარების მეტი საშუალება გქონდათ, ვიდრე �ბაიაში�, რომლის გამოუცდელ ფეხბურთელებზეც აიღეთ აქცენტი და აუტსაიდერობაც ლოგიკურია. �მგლებიდან� მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი დაიტოვეთ. ეს თქვენი სურვილი იყო?
- ნებისმიერი მწვრთნელი კლუბში უნდა ატარებდეს იმ პოლიტიკას, რაც ამ კლუბის ინტერესებს პასუხობს. �ბაიაში� აქცენტი ახალგაზრდების დაწინაურებაზე აიღეს და მეკარით დაწყებული, თავდამსხმელებით დამთავრებული, ფეხბურთელების უმრავლესობა 1991-92 წლებში დაბადებულები არიან. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი არ გვქონდა, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვიყავი. დარწმუნებულიც ვარ, ჩვენი აუტსაიდერობა სულაც არ იყო ლოგიკური, ჩვენი თამაშით ამას არ ვიმსახურებდით. თუმცა ბევრ შეხვედრაში გამოუცდელობამ თავისი კვალი დაგვატყო და ბავშვური შეცდომების გამო უამრავი ქულა დავკარგეთ. საერთოდ, გუნდის შენება ორ-სამ თვეში შეუძლებელია, დრო გვჭირდებოდა...
- თქვენი ნება რომ ყოფილიყო, გამოცდილ ფეხბურთელებს გაუშვებდით?
- მე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება და გაძლიერება მსურდა. შარშანდელ გუნდს ბევრი ახალი არც სჭირდებოდა, ყველა პოზიციაზე თითო-თითო კაცი, უფრო შევთამაშდებოდით და დარწმუნებული ვარ, ძლიერი გუნდი გაკეთდებოდა. თუმცა �ბაიას� საკადრო პოლიტიკა მომავალზეა გათვლილი და ესეც სწორი გზაა. კლუბიდან წამოვედი, მაგრამ ძალიან მინდა, �ბაიამ� უმაღლესში ადგილი შეინარჩუნოს.
- ფოთის �კოლხეთი� ყოველთვის ამბიციური იყო. პერსპექტივის გათვალისწინებით, საინტერესო გუნდი ჩაიბარეთ...
- მე უკვე საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და ტრადიციული კლუბში მუშაობამ გამახარა. ვფიქრობ, გადასვლის შანსი გვაქვს. ლიდერს ბევრით არ ჩამოვრჩებით და სხვაობის აღმოფხვრა შესაძლებელია. ამბიციურ �კოლხეთში� მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვეევაა. ფოთში ახლა შემიძლია დავამტკიცო, თუკი რაიმე შემიძლია. ჩემს ხელში უმაღლეს ლიგაში სამი კლუბი გადავიდა - �ლაზიკა�, �სპარტაკი� და �მგლები�. სამწუხაროდ, �ლაზიკა� ლიგაში ფინანსური პრობლემების გამო არ დაუშვეს და მისი ადგილი თბილისის �სპარტაკმა� დაიკავა. მერე �სპარტაკი� გავარდა და უმაღლესში ჩემი ხელმძღვანელობით დაბრუნდა. იმედია, მაისის ბოლოს ამ სიაში �კოლხეთიც� გაჩნდება.
- როგორია კლუბის დაფინანსება?
- ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. 15-დან 27 იანვრამდე ქობულეთში დავგეგმეთ შეკრება. მერე ფოთში ვივარჯიშებთ.
- სასურველი ფეხბურთელები აიყვანეთ?
- ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ავიყვანეთ. მაგალითად, რუსთავის �ოლიმპის� თავდამსხმელი გია თოდუა, �ბაიას� კაპიტანი ვალტერ გუჩუა და ნახევარმცველი დავით ქირია. ეს სამი კაცი გუნდისთვის დიდი ძალაა. თოდუა კარგი თავდამსხმელია, გუჩუა გამოცდილია და ზუგდიდში დიდი სამსახური გაგვიწია, ქირიასიც ყოველთვის მჯეროდა... ამას გარდა, საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია �ბაიას� მცველი დათი ჭითანავა და �ტორპედოდან� წამოსული ცენტრალური უკანახაზელი თემურ ფარულავა. თავად ფოთშიც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი დაგვხვდა - მაგალითად, ნახევარმცველი ლადო ჯოჯუა, რომელიც �ოლიმპსა� და �მგლებში� თამაშობდა, �მესხეთის� საყრდენი ლევან თედიაშვილი...
- ამ ფეხბურთელებით უმაღლეს ლიგაში გადასვლა არ უნდა გაგიჭირდეთ...
- გეთანხმებით, მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ შემადგენლობის იმედად ყოფნა არ შეიძლება. თუმცა მიზნის მიღწევის იმედი მაქვს და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ.
- �კოლხეთიდან� ბევრი ფეხბურთელი გაუშვით?
- მხოლოდ რამდენიმე. დიდი ცვლილებების წინააღმდეგი ვარ. არ მიყვარს, გუნდში 11-ვე ფეხბურთელს რომ ცვლიან. სხვათა შორის, �კოლხეთის� რამდენიმე თამაში ვნახე და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ბრძოლისუნარიანი გუნდია, რაც ყოფილი მთავარი მწვრთნელის ზაზა ინიაშვილის დამსახურებაა. გუნდში ყველაფერი დადებითი უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამ დადებითში სწორედ ინიაშვილს ვგულისხმობ - ის კლუბში დარჩება. ფოთში მშვენიერი საფეხბურთო გარემო დამხვდა. პრეზიდენტი თემურ ბარქაია მონდომებული კაცია, ქალაქის მერი ვანო საღინაძე გუნდს ყველანაირად ეხმარება. სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია კი რეგიონში ფეხბურთის განვითარებით როგორ არის დაინტერესებული, ყველამ იცის.
- ბოლო დროს რეგიონის ფეხბურთში აშკარა ძვრებია, რაც ყველას ახარებს. ისე, რა ხდება ასეთი? ფული გაჩნდა თუ სხვა მიზეზია?
- ფინანსური შესაძლებლობებიც გაჩნდა და ფეხბურთიც პრიორიტეტული გახდა. როგორც ვიცი, მალე სენაკშიც სერიოზული გუნდი ჩამოყალიბდება, ხობშიც ამისთვის მუშაობენ... ეს პროცესები ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს მოუტანს სიკეთეს. დარწმუნებული ვარ, დომინოს პრინციპი ამოქმედდება და მალე სხვა რეგიონებშიც უნდა ველოდეთ ანალოგიურ წინსვლას. უმაღლეს ლიგაში �კოლხეთის�, ბათუმის �დინამოსა� და ქუთაისის �ტორპედოს� დაბრუნებით ძალიან ძლიერი ჩემპიონატი გვექნება.
© გაზეთი "ლელო"
http://www.opentext.org.ge/10/lelo/003/003-9.htm