"ლელო "
# 62 (13 050)
ოთხშაბათი, 17 მარტი, 2010 წელი
შეხვედრა წარსულთან
გია ტუხაშვილი
2009/10 წლების საფეხბურთო სეზონი ახალი დაწყებული იყო, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებას ვრცელი წერილი რომ მივუძღვენით. �ტიტულოვანი ლიგა�, - თუ არ ვცდებით, სწორედ ასეთი სათაური ჰქონდა იმ მასალას და იმედია, ბევრი ვერც შემოგვედავებოდა. მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ დღესდღეობით პირველ ლიგაში მოასპარეზე 15 გუნდიდან ცხრა (�ტორპედო,� �გურია,� �ბათუმი�, ფოთის �კოლხეთი�, ხობის �კოლხეთი�, �მესხეთი�, �ჩიხურა�, �მერცხალი, �ჭიათურა�) სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. მაგრამ, ეს არ არის მთავარი: ქუთაისის �ტორპედო� იყო ის პირველი გუნდი, ქართულ ფეხბურთში თბილისის �დინამოს� ჰეგემონია რომ დაამხო. ეგ კი არა, ქუთათურთა საყვარელი გუნდი ზედიზედ სამი წელი არავის უთმობდა ოქროს მედლებს; აღარაფერს ვამბობთ საპრიზო სამეულში მოხვედრას, საქართველოს თასის მოპოვებასა თუ ფინალისტობას. ან, რა - �გურიას� ან ბათუმის �დინამოს� არ ჰქონდა ტიტულები? ან, იქნებ, ფოთის �კოლხეთის� მუდამ სტაბილური ასპარეზობა იყო შეუმჩნეველი? სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ოთხივე ეს უდიდესი ტრადიციის მქონე გუნდი ამჟამად უძლიერესთა შორის არ იმყოფება. თუმცა, საბედნიეროდ, ერთობ სასიკეთო ტენდენცია უკვე დაწყებულია: ამ სეზონში უმაღლეს ლიგას რვაწლიანი პაუზის შემდეგ �სამტრედია� დაუბრუნდა; უფრო ადრე დიდი ფეხბურთი ზუგდიდშიც დაბრუნდა. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, დღევანდელი პირველი ლიგის სამივე ლიდერი უმაღლესი ლიგის ერთდროულად რამდენიმე გუნდს ბევრად კი არ ჩამორჩება, შესაძლოა, მათზე უკეთესადაც ეასპარეზა...
ახლა კი, ალბათ, დროა, რომ პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე რამდენიმე სიტყვა ვთქვათ. ადრეც შევპირდით მკითხველს, რომ შეძლებისდაგვარად შევეცდებოდით �ტიტულოვანი ლიგის� გაშუქებას. �ლელოს� ერთგული მკითხველი შეამჩნევდა, რომ ყოველი ტურის ტექნიკურ შედეგებს ოპერატიულად ვაქვეყნებთ; სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება პირველი ლიგის მატჩების უფრო ვრცლად გაშუქება. თუმცა, გათამაშების დასრულებამდე პერიოდულად შევეცდებით (სულ მცირე - თვეში ერთხელ), რომ პირველი ლიგის მიმოხილვა შემოგთავაზოთ.
მეორე წრე 28 თებერვალს დაიწყო და დღეისათვის უკვე სამი ტური ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის გამარჯვებული �ტორპედო-2008� გახდა. ერთი მხრივ, ამაში მოულოდნელი არც არაფერი იყო: გუნდს სახელი კი შეეცვალა, მაგრამ სეზონის დაწყების წინ საგრძნობლად გაძლიერდა და უკვე მაშინათვე შევრაცხეთ ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად. ზამთრის შესვენების დროს გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა: სხვადასხვა გუნდებში გადავიდნენ ზვიად ჩხეტიანი, შოთა ჯიქია, გიორგი თურმანიძე, გიორგი იმედაძე, შალვა ღონღაძე და გიორგი მემარნიშვილი. ყველა ამ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის არაერთ გუნდში უთამაშია და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრს ეგონა, რომ �ტორპედო� დასუსტდებოდა. თუმცა, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა (გია გიგატაძე, იასონ ბზიკაძე, გიორგი სუხიაშვილი) თითქმის სრულფასოვანი შემცვლელები მოიყვანეს: კობა ხანიშვილი, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ვაშაკიძე, ბესიკ ხაჭიპერაძე, მიხეილ ჩხარტიშვილი, ირაკლი ცნობილაძე და ვაჟა ლომაშვილი.
ამ გამოცდილი ფეხბურთელების გარდა �ტორპედოში� ჩაირიცხა ერთობ პერსპექტიული ნახევარმცველი ირაკლი ხუციძეც; რაც მთავარია, შენარჩუნდა ძირითადი ბირთვიც (ომარ მიგინეიშვილი, თეიმურაზ ფარულავა, რევაზ კვერნაძე, ლევან კირკიტაძე, გიორგი გურული, გივი ჩხეტიანი) და უნდა ვივარაუდოთ, რომ �ტორპედო-2008� უმაღლესი ლიგის ორი საგზურიდან ერთ-ერთს ნამდვილად არავის დაუთმობს. მეორე წრის პირველ ტურში ქუთათურებმა საშინაო მატჩში ლანჩხუთის �გურიასთან� ფრედ (1:1) ითამაშეს და... ცხრილის ერთპიროვნული ლიდერობა ბათუმის �დინამოს� დაუთმეს. თუმცა, ამის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს და კვლავაც სათავეში უდგანან გათამაშების ცხრილს. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ თავის მხრივ, ვერც ამირან გოგიტიძის გუნდმა მოახერხა მომდევნო ორ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგის ჩვენება, თუმცა მეორე წრის მეორე ტურში ბათუმის �დინამოს� ხომ ურთულესი მატჩი ჰქონდა უმაღლეს ლიგაში გადასვლის კიდევ ერთ რეალურ კანდიდატთან ფოთის �კოლხეთთან�. ის დაძაბული მატჩი ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ უკვე მომდევნო მატჩში �დინამომ� სტუმრად IBშU-ს აჯობა და ჯერჯერობით კვლავაც ინარჩუნებს მეორე ადგილს.
სხვათა შორის, �დინამო� ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ორი-სამი მოთამაშის გარდა, თითქმის ყველა დანარჩენი 19-20 წლის პერსპექტიული ბიჭები არიან. ქუთაისისა და ბათუმის გუნდების ამბიცია გასაკვირი ნამდვილად არავისთვის უნდა იყოს; ალბათ, იგივე უნდა ვთქვათ ფოთის �კოლხეთზეც� - მეორე ეტაპი მართლაც შთამბეჭდავად რომ დაიწყო. �კოლხეთი� არც პირველ ეტაპზე გამოიყურებოდა ურიგოდ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. უპირველეს ყოვლისა, ჯერ სამწვრთნელო ცვლილება უნდა ვახსენოთ: ბესიკ შეროზიამ ორივე ზუგდიდურ კლუბში (ჯერ - �მგლებში�, შემდეგ - �ბაიაში�) არაერთხელ დაამტკიცა, რომ კოლეგებში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი გახლდათ. ამას გარდა, მეტად საინტერესო მწვრთნელმა ნამდვილად არ ითაკილა რანგით დაბალ ლიგაში გადასვლა და ახლა, ალბათ, ბევრად უფრო მოტივირებულიც იქნება: გარკვეული პაუზის შემდეგ ყველანი ხომ �კოლხეთის� აღზევების მოლოდინში ვართ. მეორე წრის დასაწყისიდან მხოლოდ �კოლხეთია� ერთადერთი გუნდი, სამივე მატჩი რომ მოიგო; ამასთან, მესამე ადგილიც ხომ გაიმყარა, პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ �ტორპედოსა� და �დინამოს� მხოლოდ მცირედით ჩამორჩება.
აი, რაც შეეხება შემადგენლობას, ამ მხრივ �კოლხეთი� პირველი ლიგით, ალბათ, ყველაზე დაბალანსებული გუნდია. თანაც, გუნდში მყოფ რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს (გიზო შენგელია, ლევან თედიაშვილი, დავით ციცხვაია, ვლადიმერ ჯოჯუა, მანუჩარ წიქარიშვილი) უმაღლესი ლიგაგამოვლილი რამდენიმე ცნობილი მოთამაშეც დაემატა. ამათგან კი, პირველ ყოვლისა, ის ფეხბურთელები უნდა ვახსენოთ, სხვადასხვა დროს ზუგდიდურ გუნდებში (�მგლებშიც� და �ბაიაშიც�) ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით რომ ასპარეზობდნენ: დავით ქირია, გია თოდუა, ვალტერ გუჩუა. შეგახენებთ, რომ ქირია ფლანგის ნახევარმცველია, ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი, 34 წლის ვალტერ გუჩუა ჩინებული �ჩამშლელია�, ხოლო გია თოდუამ თავისი ბომბარდირული თვისებების გამოვლენა უკვე �კოლხეთშიც� დაიწყო.
�ტორპედო-2008�, ბათუმის �დინამო�, ფოთის �კოლხეთი� - აი, ამ სამ გუნდში უნდა გათამაშდეს უმაღლესი ლიგის ორი საგზური. ვეჭვობთ, რომ სხვა გუნდებსაც ჰქონდეს ასეთი ამბიცია: სამწუხაროდ, ვერც ფინანსებით და ვერც შემადგენლობით ჯერჯერობით კონკურენციას ვერ გაუწევენ იმ სამ გამოკვეთილ ფავორიტს. არადა, პირველი ლიგის თითქმის ყველა დანარჩენ გუნდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი ასპარეზობს. ცალკე უნდა აღვნიშნოთ მწვრთნელებიც, ბევრი მათგანისთვის ეს სეზონი სადებიუტო რომ არის: კახა გოგიჩაიშვილმა (�35-ე საფეხბურთო სკოლა�), გია ჩხაიძემ (�გურია�) და ვალერი გაგუამ (�ნორჩი დინამოელი�) საფეხბურთო კარიერა არც ისე დიდი ხნის წინ დაასრულეს და ახლა საკმაოდ ნაყოფიერად იღწვიან ახალ ასპარეზზე. განსაკუთრებით, ვალერი გაგუას წარმატებული მუშაობა გვინდა აღვნიშნოთ. ყველასათვის მოულოდნელად, ახალგაზრდა მწვრთნელის გუნდი (�ნორჩი დინამოელი�) საპატიო მეოთხე ადგილზე იმყოფება. არც გამოცდილი მწვრთნელები უნდა დავივიწყოთ: უკვე წლებია, წარმატებით მუშაობს საჩხერის �ჩიხურაში� სოსო ფრუიძე, ხოლო გოჩა ჟორჟოლიანის დამოძღვრილ თბილისის IBშU-ს ბევრი ფავორიტის გამწარება შეუძლია.
როგორც ამჩნევთ, არაფერი გვითქვამს 2009-10 წლების სეზონის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობაზეც; უფრო ზუსტად, გუნდ-სენსაციაზე: მარტვილის �მერანი� ხომ საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული! არადა, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი ვერ ახერხებს ასე �შორს წინსვლას� და აქედან გამომდინარე, მარტვილელთა ეს წარმატება მართლაც დასაფასებელია. სხვათა შორის, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში �მერანში� ლეგიონერებიც გამოჩნდნენ: მალხაზ ჟვანიას გუნდში ლავრენცო ლარკი (ლიბერია), მოვგნინი ტაპე, ჯოელ იატროჰი და ინზა დიარასოუბა (სამივე - კოტ დ'ივუარი) ჩაირიცხნენ! ამათ გარდა, �გურიაშიც� ელოდებიან აფრიკელი ფეხბურთელების გამოჩენას...
დაბოლოს, პირველი ლიგის ამ გათამაშების ყველაზე ტიტულოვან წარმომადგენელზეც: ლაგოდეხის �ჰერეთში� კონსულტანტის სტატუსი აქვს ცნობილ ქართველ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს!..
© გაზეთი "ლელო"
http://www.opentext.org.ge/10/lelo/062/062-7.htm