კახა ცხადაძე: თუ ასე ვითამაშებთ, ჩემპიონები გავხდებით
ნიკოლოზ ნეფარიძე
აზერბაიჯანში დასრულდა პრემიერლიგის პირველი ეტაპი, რომელიც კახა ცხადაძის ?ინტერის? გამარჯვებით დაგვირგვინდა - ცხადაძის გუნდმა 22 თამაშიდან 49 ქულას მოუყარა თავი და ხუთ ქულაზე ახლოს არც ერთი კონკურენტი არ მიუშვა. პირველობა წლეულს მოდერნიზებული სისტემით გაიმართება - 12 გუნდი პირველ და მეორე ექვსეულებად დაიყო. პირველი ექვსეული ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას, მეორე კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდებს მხოლოდ ?თავიანთი? ექვსეულის კლუბებთან ნათამაშები შედეგები გადაჰყვა, ამის გამო ?ინტერის? უპირატესობა კონკურენტებთან 2 ქულამდე შეიკვეცა. მაშ ასე, საჩემპიონო ექვსეულს ცხადაძე და კომპანია 10 თამაშიდან 17 ქულით ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ ?ინტერის? ღირსებას ოთხი ქართველი ფეხბურთელი იცავს: გიორგი ლომაია, კახაბერ მჟავანაძე, დავით ოდიკაძე და გიორგი ნავალოვსკი. ქართველია ცხადაძის ასისეტენტიც - გიორგი ჩიხრაძე. მე-2 ადგილზე 15 ქულით გიორგი ადამიას ?ყარაბახია?. ამდენივე ქულა აქვს ლენქორანის ?ხაზარს?, სადაც ქართველი ლეგიონერი არ ირიცხება. ბაქოს ?ნეფთჩი? 11 ქულით მე-5 ადგილზეა, აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანის ღირსებას ვალერი აბრამიძე იცავს. დაბოლოს, მე-6 ადგილზე 7 ქულით ?გაბალააა?, გოგა ბერაიასა და რევაზ გეწაძის გუნდი. საერთო ჯამში საჩემპიონო ექვსეულში 8 ქართველი ლეგიონერია.
უფრო მეტი ჩვენებურია მეორე ექვსეულში: პირველ ადგილზე 21 ქულით ?სიმურგი? იწყებს, სადაც კახა ჩხეტიანი, დავით ბოლქვაძე და რომან ახალკაცი თამაშობენ. მე-2 ადგილზეა რომან გოგინაშვილისა და ნუგზარ კვირტიას ?ოლიმპიკი? 18 ქულით. მე-4 ადგილზეა (10 ქულა) ?მუღანი?, სადაც დავით სვანიძე გამოდის. ბოლოსწინაზე მყოფ ?სტანდარდის? (9 ქულა) ღირსებას გიორგი სეთურიძე, სერგი ორბელაძე და დავით ჭიჭვეიშვილი იცავენ. ბოლოზე 6 ქულით ?ქარვანია?, ალექსანდრე ინწკირველის გუნდი. მეორე ექვსეულში სულ 10 ქართველია.
პირველი ეტაპის ბოლო ტურში ძალზე მნიშვნელოვანი იყო ?ინტერისა? და ?ნეფთჩის? დერბი, მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს ცხადაძის გუნდს, თუკი ლიდერობის შენარჩუნება სურდა. ასეც მოხდა, 2,5 ათასი მაყურებლის თვალწინ ?ინტერმა? 1:0 იმარჯვა. კახამ სასტარტოში გიორგი ლომაია და გიორგი ნავალოვსკი ათამაშა, ?ნეფთჩის? რიგებში შეუცვლელად დაყო მოედანზე ვალერი აბრამიძემ. ?აზერიფუტბოლის? აზრით, ?ინტერს? ცხადაძის შეცვლებმა მოაგებინა, გამარჯვების გოლი ხომ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს, 87-ე წუთზე პეტარ ზლატინოვის პასით გირტს კარლსონსმა გაიტანა. ?ჩვენ მოვიგეთ ყველაზე მეტი მატჩი, გავიტანეთ ყველაზე მეტი გოლი, ესე იგი დამსახურებულად ვიმყოფებით პირველ ადგილზე. ვულოცავ ფეხბურთელებს, მაგრამ ახლა მძიმე დროება გველის - ძალიან რთული მატჩები გველის. თუკი შევინარჩუნებთ ფორმას, ჩემპიონები გავხდებით. მეორე ტაიმში სისწრაფეს მოვუმატეთ და მეტოქე ვეღარ აგვყვა. ახლა უნდა დავივიწყოთ მიღწეული წარმატება და მოვემზადოთ მომავალი ბატალიებისთვის?, - განაცხადა მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ. ?ნეფთჩის? თავკაცმა ვაგიფ სადიგოვმა კი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ექვსეულში ვერმოხვედრილმა ?სიმურგმა? კარი გაიჯახუნა, საინგილოს გუნდმა სტუმრად 2:1 მოუგო დავით ბოლქვაძის დუბლის წყალობით, სტუმართა სამივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. ინწკირველმა სრულად ითამაშა ?ქარვანის? 0:3 მატჩში ?ხაზართან?. ქართული დაპირისპირება შედგა ?გაბალასა? და ?სტანდარდის? შეხვედრაში, რომელიც 2:1 მოიგეს მასპინძლებმა. თამაშის შემდეგ ?სიმურგმა? ერთბაშად 7 ლეგიონერი დაითხოვა. საბედნიეროდ, მათ შორის ერთი ქართველიც არ მოხვდა.
?ბაქი?-?მუღანის? შეხვედრაში (0:0) შეუცვლელად ითამაშა სვანიძემ. გამარჯვებულთა შორის 81-ე წუთზე გამოჩნდა გეწაძე. ?სტანდარდის? რიგებში ორბელაძემ და სეთურიძემ ითამაშეს 90-90 წუთი. ?ოლიმპიკი?-?ყარაბახი? 1:1 დასრულდა, მასპინძელთა შორის ნუგზარ კვირტიამ ითამაშა, გიორგი ადამიას დებიუტი კი გადაიდო.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/043/043-18.htm