როგორც ლელო იტყობინება თამაშის შემდეგ დინამოს გულშემატკივრებსა და ბოლნისელ გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მომხდარა
"ლელო "
# 224
23 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2009 წელი
ორმხრივი ტენდენციურობა?
ლევან ჯანეზაშვილი
13.09.09. ბოლნისი. თ. სტეფანია
400 მაყურებელი
სიონი-დინამო 0-0
სიონი: ბობღიაშვილი - კობაური, ი. ვაშაკიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე - თარხნიშვილი (46. ი. კიკნაძე), გოგობერიშვილი, სვანიძე, ლ. ნოზაძე, ხუბუა (78. ქურასბედიანი/ 90. მახვილაძე) - ხიდეშელი.
სათადარიგოები: სტურუა, გ. ოქროპირიძე, დავითაშვილი, ჩიმაკაძე
დინამო: ლორია - კაკუბავა, ნერგაძე, გ. კაშია, ხმალაძე - შ. კაშია (89. მამუჩაშვილი), დიღმელაშვილი, ნემსაძე, კოშკაძე - მერებაშვილი - აკირემი (63. ვაწაძე).
სათადარიგოები: სომხიშვილი, თომაშვილი, ჯიშკარიანი, ლომია, სიხარულიძე
გაფრთხილება: აკირემი (6), ჩიკვილაძე (10), კობაური (37), შ. კაშია (64), ბობღიაშვილი (90)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
სანამ თავად მატჩის მიმოხილვას შევუდგებით, დავარღვევთ ქრონოლოგიას და თხრობას საფინალო სასტვენის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დავიწყებთ. დასრულდა თუ არა თამაში, ბოლნისის სტადიონზე ერთდროულად ორი �ეპიცენტრი� გაჩნდა: ერთი - მოედანზე, მეორე კი ტრიბუნაზე. მოედანზე დინამოელებმა ემოციურად გამოხატეს მსაჯობით უკმაყოფილება, განსაკუთრებით გუნდის სპორტული კოორდინატორი გია ჯიშკარიანი აქტიურობდა...
ტრიბუნაზე კი �სიონისა� და �დინამოს� გულშემატკივრებს შორის გაიმართა ხელჩართული ჩხუბი. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ ქომაგებს �დინამოს� ფეხბურთელები მიეშველნენ. საბედნიეროდ, პოლიციის ჩარევის შემდეგ მდგომარეობა მალევე განიმუხტა.
მოკლედ, ბოლნისურმა მატჩმა საკმარისზე მეტადაც გაამართლა მოსალოდნელი ინტრიგა. უნდა ითქვას, რომ მალხაზ ბეუქლიშვილს იდეალურად ნამდვილად არ უმსაჯია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ ცდებოდა. �დინამოს� მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, - არბიტრმა �სიონის� კარში 2 ნაღდი პენალტი არ დანიშნაო. მსაჯი �სიონის� თავკაცმა თემურ მახარაძემაც გააკრიტიკა. თავის მხრივ, მან ბეუქლიშვილი �დინამოს� სასარგებლო ქმედებებში დაადანაშაულა.
მსაჯთა შეცდომების მიუხედავად, ფრე სამართლიანი შედეგია. გამოცდილმა მახარაძემ აბსოლუტურად სწორად შეაფასა საკუთარი გუნდის შესაძლებლობები, მეტოქის ავ-კარგი და �დინამოს� ოპტიმალური, ანუ დაცვითი სტრატეგიით დაუპირისპირდა. გამოცდილი სპეციალისტის ჩანაფიქრმა მთლიანად გაამართლა - მისმა ფეხბურთელებმა მეტოქეს სამოქმედო სივრცე შეუზღუდეს და თუ პირველ ტაიმში �დინამო� მცირე უპირატესობას ფლობდა, შესვენების შემდეგ ბოლნისელებმა შეტევაშიც სცადეს ბედი და არცთუ ურიგოდ.
მატჩი უხეში, მაგრამ, ამავდროულად, სანახაობრივიც იყო. ორივე გუნდის ექიმებს მოედანზე ხშირად უწევდათ შესვლა. ხისტ ორთაბრძოლებთან ერთად, ეს ალბათ დატბორილი გაზონის ბრალიც იყო.
საგოლე მომენტები მრავლად არ ყოფილა. შესვენებამდე ანგარიშის გახსნის რეალური შანსი არავის ჰქონია. თამაში ახალი დაწყებული იყო, აკირემიმ დიღმელაშვილის ჩინებული შორეული პასი სათანადოდ რომ ვერ დაამუშავა და მომენტიც დაკარგა. ამას �სიონის� ერთადერთი ფორვარდის ხიდეშელის დარტყმა მოჰყვა - ლორიამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, მაგრამ მასპინძელთაგან დამატებაზე არავინ იყო. მეტოქეებმა თარხნიშვილისა და შოთა კაშიას შორეული დარტყმები გაცვალეს და ტაიმის დასრულდა.
მეორე ნახევარში მაინც არსებობდა იმის რეალური ალბათობა, რომ �სიონის� ფეხბურთელებს დაღლა დაეტყობოდათ და �დინამო� შეუთამაშებელ მეტოქეს გატეხდა, მაგრამ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დაწოლა დიდად ვერც სტუმრებმა გააძლიერეს და �სიონიც� უფრო ორგანიზებული და თამამი გახდა.
ბოლნისელებმა საიმედო დაცვითი ზღუდეები აღმართეს, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩებოდნენ, რომ არა - მეკარე მინდია ბობღიაშვილი. მას �მკვდარი� ბურთები არ აუღია, მაგრამ მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარა, უნარიანად ხელმძღვანელობდა დაცვას და �სიონის� კარი რამდენიმე აშკარა ხიფათისგანაც იხსნა. �სიონიდან� სხვა ფეხბურთელების გამორჩევაც შეიძლება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბოლნისელებმა საპატიო შედეგს ძლიერი, კოლექტიური თამაშით მიაღწიეს, ყველა მოთამაშემ თავისი ფუნქცია პირნათლად შეასრულა.
ვერც იმას ვიტყვით, თითქოს �დინამომ� წინა მატჩებთან შედარებით დაბალ დონეზე ითამაშა, თუმცა ფაქტია - თბილისელებს სახიფათო მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. ტრადიციულად, მათგან ყველაზე აქტიური მერებაშვილი იყო. მეორე ტაიმის სტარტზე ის ზედიზედ ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდის მთავარ გმირად მოგვევლინა - ჯერ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ ბობღიაშვილს ვერ აჯობა, მერე კი აკირემის თავით მისცა შესანიშნავი პასი, რომელიც კართან ახლოს მყოფმა გაბონელმა ვერ გამოიყენა. მე-60 წუთზე კვლავ მერებაშვილს შეეძლო გატანა (ამჯერად ახლო მანძილიდან), მაგრამ �სიონი� კვლავ მეკარემ გადაარჩინა.
74-ე წუთზე უკვე �სიონმა� გაუშვა ხელიდან გოლის გატანის შანსი. კარიდან ხუთიოდე მეტრში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ხუბუას პირისპირ მხოლოდ ლორია იყო, მაგრამ... ბოლნისელთა ნახევარმცველმა მიზანს ააცილა. ორ წუთში კვლავ ბობღიაშვილი გახდა ეპიზოდის გმირი, როცა ვაწაძეს არ გაატანინა.
87-ე წუთზე ჩიკვილაძემ და შეცვლაზე შესულმა კიკნაძემ ვერ დაუხვედრეს თავი ჩაწოდებულ ბურთს, თორემ ანგარიში, ალბათ, გაიხსნებოდა კიდეც. ბეუქლიშვილმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა, ბოლო წუთებში მან ორივე გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია. ჯერ �სიონის� მცველს მოხვდა ბურთი ხელზე და ამაზე არ მოუხდენია რეაგირება, დამატებული 4 წუთის ამოწურვის შემდეგ კი �დინამოს� კუთხურის მოწოდება ადროვა, რამაც ბოლნისური პუბლიკა განარისხა.
კიდევ ერთხელ ვიტყვით - საფეხბურთო თემიდამ ბოლნისში სათანადო დონეზე ვერ იმსაჯა, მაგრამ დასაგმობია არბიტრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც. ამასთან ერთად, არსებობის უფლება აქვს �დინამოსა� და �სიონის� მწვრთნელთა მატჩის შემდგომ მოსაზრებებს და ვიმედოვნებთ, მათ სიტყვებსაც მოჰყვება რეაგირება.
ამრიგად, �დინამომ� პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენა, �სიონმა� კი, მართალია, ამ ქულით სატურნირო თვალსაზრისით ბევრი ვერაფერი შეიძინა, მაგრამ სამაგიეროდ, დაგვანახვა, რომ აუტსაიდერად დარჩენას არ აპირებს.
მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (დინამო): �აბსოლუტურად ვიზიარებ ოთარ კორღალიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ქართულ ფეხბურთს მსაჯები ღუპავენ. მათ დღეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ �დინამოს� არ მოეგო. ამაში �სიონს� ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს დაკვეთა საიდანღაც მოდის�.
თემურ მახარაძე (სიონი): �ჩვენს კლუბს ძალიან უჭირს და მერწმუნეთ, სურვილიც რომ გვქონდეს, მსაჯების მოსასყიდი თანხა არ გაგვაჩნია. 30 წლის სამწვრთნელო სტაჟი მაქვს და, ალბათ, მსაჯებისგან ჩემნაირად არავინ დაზარალებულა. კოლეგას ვეთანხმები - დღეს ცუდი მსაჯობა იყო, ოღონდ, დღეს ისინი არა �დინამოს�, არამედ �სიონის� წინააღმდეგ მოქმედებდნენ�.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/224/224-1.htm