ინტერვიუ მათე ვაწაძესთან:
ძალა აღარ გვაქვს, მთელი გუნდი გამოფიტულია
მერაბ მამულაშვილი
თბილისის ?დინამოსა? და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ირლანდიასთან მომავალი მატჩისა და საკლუბო ამბებზე გვესაუბრება. წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი განიცდის იმ ფაქტს, რომ ?დინამოს? რთული დროება უდგას...
- ნაკრებში კარგი განწყობით ვერ გამოცხადდი. ჩემპიონატის ბოლო ტურმაც დაადასტურა, რომ ?დინამოს? პრობლემები აქვს...
- ევროპის ლიგაზე გამოსვლის გამო, სეზონისთვის მზადება ნაადრევად დავიწყეთ და ეტყობა, ამის გამო მცირე ჩავარდნა გვაქვს. სხვა გუნდებთან შედარებით, მოსამზადებელი ეტაპი გაგვიგრძელდა, შესაბამისად, სხვებზე ნაკლებიც დავისვენეთ და ჩავარდნა ამის ბრალიც უნდა იყოს. ძველებური მონდომებით ვთამაშობთ, მაგრამ ერთია მონდომება და რა შეგვიძლია - ეს კიდევ მეორე. ძალა აღარ გვაქვს, მთელი გუნდი გამოფიტულია, აშკარად რაღაც გვჭირს...
- ამის გამო, ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეთ...
- ეს ვის არ მოსვლია, მაგრამ მე უფრო ის მადარდებს, ამ დაკარგული ქულების გამო, მთლად ჩემპიონობაც არ დავკარგოთ. არადა, ეს ჩვენი უმთავრესი მიზანია.
- წლევანდელი ჩემპიონატი საკმაოდ არაპროგნოზირებადია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ?დინამოს? მეტოქეებიც ბევრ ქულას დაკარგავენ...
- მეც სწორედ ამის იმედი მაქვს, მაგრამ ?დინამო? ის გუნდია, სხვის იმედზე არ უნდა იყოს. ისე, ჩემპიონატს რაც შეეხება, მართლაც საინტერესოდ მიმდინარეობს, ვინ ვის უგებს, ვერ გაიგებ. ეს იმანაც განაპირობა, რომ ბევრი კარგი გუნდია, ამან დაძაბა პირველობა.
- ყველაზე კარგი შთაბეჭდილება რომელმა გუნდმა დატოვა?
- ?ზესტაფონი? მომეწონა, ყველაზე დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი აზრით, ეს გუნდი დღეისთვის დამსახურებულადაა პირველ ადგილზე.
- ?ზესტაფონთან? 1:4-ზე წაგებულ შეხვედრაში თავი არაფრით გამოგიჩენიათ, რუსთავის ?ოლიმპთან? კი საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეთ. ?დინამოსა? და რუსთავული გუნდის დაპირისპირება ასეთი პრინციპული რატომ გახდა?
- ჩვენი მატჩები თავიდანვე პრინციპული იყო. შარშანდელმა ფაქტორმაც იმოქმედა, ჩემპიონობის შანსი ?ოლიმპთან? დაკარგული ქულების გამო გავუშვით ხელიდან. აქედან გამომდინარე, რუსთაველებს წელს ორმაგი მოტივაციით ვეთამაშეთ.
- შარშან მეკარეებს შენი დანახვისაც ეშინოდათ, წელს კი სასურველ ფორმაში არ ხარ. ამდენი ხანი ფორმა რატომ ვერ აღიდგინე?
- მიზეზი სხვა რამაა. შარშანდელივით თავდაჯერებული აღარ ვარ და ეს ტრავმების ბრალია. ბოლო წლებში იმდენჯერ დავშავდი, სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ბრძოლაში შესვლისაც მეშინია. თქვენ არ იცით, ეს რა საშინელი გრძნობაა, მაგრამ დროთა განმავლობაში შიში გაივლის. ბოლო ორ წელიწადში ოთხჯერ მქონდა ტრავმა. ლავიწის ძვალი მეორედ რომ მოვიტეხე, მაშინ ვიფიქრე, ოპერაციას აღარ გავიკეთებ, დამთავრდა ჩემი ფეხბურთი-მეთქი. საშინელ ხასიათზე ვიყავი, შეგუებულიც ვიყავი იმ აზრს, რომ ფეხბურთიდან მივდიოდი. მცირე დროში ამდენ ტრავმას რომ მიიღებ, ძნელია, ხასიათი არ გაგიფუჭდეს, მაგრამ ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვდივარ.
- ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად იტალიასთან მოირგე. ასეთი თამაში ნებისმიერ ფეხბურთელს გამოცდილებას მატებს...
- რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავდა.
- მსოფლიო ჩემპიონთან მატჩში საკუთარი ნაკლი თუ შენიშნე?
- რა თქმა უნდა, ჩვენზე ბევრად გამოცდილები არიან, უფრო სწორ ფეხბურთს თამაშობენ... ჩვენი ფეხბურთი კი უფრო ქაოტური იყო. იმის გამოც წავაგეთ, რომ ყველას თავში გვაქვს ჩაბეჭდილი - თითქოს, იტალიის ნაკრებთან მოგება შეუძლებელია და ამიტომაც ვეთამაშებით ხოლმე ზედმეტი მოკრძალებით. თუ უფრო ორგანიზებულად ვიმოქმედებთ და მეტოქეს სრული მობილიზებით დავხვდებით, შეუძლებელი არც იტალიის დამარცხებაა.
- და ბუნებრივია, ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მომავალ მატჩზეც უნდა გკითხო. რას ელოდები ამ თამაშისგან?
- თუ ევროპის ჩემპიონი თურქეთი 4:0 დავამარცხეთ, ირლანდიასთან მოგებისთვის რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ?! ამ შეხვედრის შემდეგ, თითოეული ჩვენგანი უფრო თავდაჯერებული გახდა. საბედნიეროდ, ტრავმირებული არავინაა. ასე რომ, ჯერ ირლანდიაში უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, შემდეგ კი ჯგუფიდან გასვლაზეც ვიფიქროთ.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/238/238-5.htm