"ლელო "
# 233
2 ოქტომბერი, პარასკევი, 2009 წელი
ქეცბაიას მალე შევხვდები.. დოსიე
ზვიად სიჭინავა
დაიბადა 1966 წლის 25 აპრილს რუსეთის ფედერაციაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ სპარტაში. დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიაში გაიარა, რის შემდეგაც სწავლა ხარკოვის რადიო-ელექტრონიკის ინსტიტუტში გააგრძელა.
1991-94 წლებში მუშაობდა კომპანია �დიდ მიზანში�, დირექტორის მოადგილედ. 1995-2005 წლებში მოსკოვის, ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2005-06 წლებში კი - კომპანია �რუსული რესტავრაციის� ფინანსური დირექტორი. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის �ბაიას� პრეზიდენტია. დაოჯახებული არ არის.
ახალარჩეულ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არ ჰქონდა დიდი დრო თავის გეგმებსა და პრიორიტეტებზე სალაპარაკოდ, თუმცა �ლელოს� თხოვნა უყურადღებოდ მაინც ვერ დატოვა და ყრილობის დასრულების შემდეგ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
- უკვე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რა გრძნობა გეუფლებათ?
- პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა მადლიერება გამოვხატო ქართული საფეხბურთო საზოგადოების მიმართ იმ ნდობისთვის, რომელიც ამ ყრილობაზე გამომიცხადეს. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლო. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ სასარგებლო საქმეები და ვიზრუნოთ სიტუაციის გამოსწორებაზე. დრო აღარ ითმენს, ჩვენთვის ყოველი დღე, საათი და წუთიც კი მნიშვნელოვანია.
- საინტერესოა, როდის გაგვაცნობთ თქვენს გუნდს, იმ ხალხს, რომელიც ფედერაციაში მმართველ პოსტებზე იმუშავებს?
- ამ საკითხზე ჯერ კიდევ დაფიქრება და ჩამოყალიბება მჭირდება. კიდევ რამდენიმე დღეც და მომავალ კვირაში ყველაფერს გაიგებთ, გაიცნობთ იმ ხალხს, რომელიც ფედერაციას ჩემთან ერთად უხელმძღვანელებს.
- ფედერაციის ახალი მმართველი გუნდი აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს. აღმასკომის მორიგი სხდომა კი თქვენ უნდა დანიშნოთ...
- აღმასკომის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება. ჩამოვყალიბდებით და ზუსტ თარიღსაც დავასახელებთ.
- თქვენი მთავარი გზავნილი ქართული საფეხბურთო ოჯახის გაერთიანებაა. როგორც გავიგეთ, მმართველ გუნდსაც ამ პრინციპით დააკომპლექტებთ...
- ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთიანობა მხოლოდ ჩემი დევიზი კი არა, დროის მოთხოვნაა, ასე სჭირდება დღევანდელ მძიმე ვითარებას და საამისოდ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენს ფეხბურთში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ეს მხოლოდ ერთიანობით მოხდება, ასე უფრო იოლია და დიდი დროც არ დაგვჭირდება.
- პრიორიტეტებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- პირველ რიგში ინფრასტრუქტურა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდები, მწვრთნელთა განათლება, ეროვნული ჩემპიონატი, მსაჯობა, ბავშვთა ფეხბურთი და ყველა ის სფერო, რისგანაც შედგება ქართული ფეხბურთი. აქ ძნელია პრიორიტეტების გამოყოფა, ყველა მიმართულებით კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ.
- საქმე ბევრი გაქვთ, დრო კი ცოტა. რას მოასწრებთ 2011 წლამდე?
- ვერავინ იტყვის, რომ ესოდენ მცირე დროში ყველაფერს სასიკეთოდ შეცვლის, ყველა იმ პრობლემას გადაჭრის, რაც სასწრაფოდ გადასაჭრელია. დამეთანხმეთ, რომ მოკლე პერიოდში ეს შეუძლებელია. თუმცა ერთს კი ვიტყვი - ფედერაციის პრეზიდენტობა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ მეტი მინდა გავაკეთო ფეხბურთში, მინდა, ამ მხრივ უფრო მეტად გამოვადგე ჩვენს ქვეყანას. დრო ბევრი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვფიქრობ, საიმისოდ საკმარისია, რომ აღმშენებლობა რეალურად დაიწყოს, დაანახვო ხალხს, რა შეგიძლია... სწორედ ეს უნდა შევძლოთ მე, ჩემმა გუნდმა და მთლიანად საფეხბურთო სამყარომ.
- როგორ წარმოგიდგენიათ პირველი სამუშაო დღე?
- რა გითხრათ... მივალ ფეხბურთის ფედერაციაში და გავიცნობ იმ ხალხს, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. მაინტერესებს პროფესიონალთა ხედვა ჩვენს ფეხბურთში დაგროვილ პრობლემებზე...
- საინტერესოა, ვინ იქნება ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი...
- რამდენადაც ვიცი, ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს კონტრაქტი 30 დეკემბერს უმთავრდება... ასე რომ...
- პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ბევრი ლაპარაკობს თემურ ქეცბაიას კანდიდატურაზე. უკვე პრეზიდენტის რანგში თუ შეხვდებით ქეცბაიას?
- ხშირად მესმის, რომ ქეცბაია ეროვნული ნაკრების თავკაცად კარგი ვარიანტი იქნებოდა... თუმცა თავად თემურის აზრიც საინტერესოა. შევხვდები და საქმიანად ვისაუბრებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული საფეხბურთო სამყაროს მოთხოვნა, მასმედიისა და გულშემატკივრების აზრი... ამ საკითხზე კიდევ არაერთხელ ვიმსჯელებთ, მანამდე კი ეროვნულ გუნდს ორი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/233/233-3.htm This post has been edited by მეგრელა on 2 Oct 2009, 12:00