ქართული გოლები უკრაინაში
ირაკლი მოდებაძის გოლი ზაპოროჟიელებს სამი ქულის აღებაში დაეხმარა ქართველი ლეგიონერებისთვის გასული კვირა ყველაზე ხვავრიელი უკრაინაში გამოდგა, სადაც თავის გამოჩენა ორმა ჩვენებურმა შეძლო. თუკი ირაკლი მოდებაძის გოლის წყალობით, ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” “კრივბასის” ძლევა შეძლო, ვასილ გიგიაძის შედეგიანმა შეტევამ “ტავრია” ლიდერ კიევის “დინამოსთან” მარცხისგან ვერ იხსნა.
მოდებაძის გოლის დახმარებით, “მეტალურგმა” სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფორვარდის კლუბმა “კრივბასთან” გასვლითი მატჩი 3:1 მოიგო, ქართველი ფეხბურთელი კი მინდორზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 86-ე წუთზე ზუსტი თავურით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზაპოროჟიელებმა 16 ქულით მე-12 საფეხურზე გადაინაცვლეს, “კრივბასი” კი, რომლის რიგებშიც ალექსანდრე კობახიძემ 82-ე წუთიდან ითამაშა, 7 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.
თავის გამოჩენა შეძლო სიმფეროპოლის “ტავრიას” ქართველმა ფორვარდმა ვასილ გიგიაძემაც. ქართველმა ფორვარდმა კიევის “დინამოს” კარი პირველი ტაიმის მიწურულს დალაშქრა, თუმცა, მისი გუნდი 2:3 დამარცხდა. გიგიაძემ 65-ე წუთამდე იასპარეზა, “ტავრია” კი 26 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა კიევის “არსენალმა”, რომლის რიგებშიც ლაშა ჯაკობია ირიცხება. ქართველის გარეშე მოთამაშე დედაქალაქელებმა შინ “ჩერნომორეცს” 2:0 სძლიეს და მე-9 ადგილამდე აღზევდნენ.
ასევე საკუთარ კედლებში იმარჯვა ვახტანგ ფანცხავას “მეტალისტმა”. ხარკოველებმა ჯაბა კანკავას და ბექა გოცირიძის გარეშე მოთამაშე “დნიპრო” 3:2 დაამარცხეს და მე-3 ადგილი შეინარჩუნეს, დნეპროპეტროვსკელებს კი მე-4 საფეხური შერჩათ.
ლადო ბურდულის გარეშე მოასპარეზე “ზაკარპატია” “ვორსკლას” ეწვია და 0:2 დამარცხდა. უჟგოროდელები 10 ქულის ამარა არიან და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.
დონეცკში “მეტალურგთან” 0:1 დამარცხდა ლვოვის “კარპატი”, რომლის რიგებში ალექსანდრე გურულმა 64-ე წუთამდე ითამაშა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი 24 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
საფრანგეთის პირველ ლიგაში სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა გიორგი მაკარიძე, რომლის “ლე მანმა” რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე “ვალენსიენს” 2:1 სძლია. ამ მოგებამ “ლე მანი” ერთი საფეხურით წინ წასწია, მაგრამ მაკარიძის გუნდი მაინც გასავარდნ ზონაშია.
გერმანიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა “შალკემ”, რომლის განაცხადშიც, კარგა ხანია, ქართველი არ გამოჩენილა. ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას გარეშე მოთამაშე გელზენკირხენელებმა ბრემენის “ვერდერს” გასვლაზე 2:0 სძლიეს და 31 ქულა მოუგროვდათ. “შალკეს” წინ მხოლოდ ლევერკუზენის “ბაიერია” (32 ქულა). შინაურ კედლებში “კიოლნთან” 0:0 ითამაშა “ფრაიბურგმა”, რომლის რიგებშიც დავით თარგამაძე არ გამოჩენილა. ფრაიბურგელები 18 ქულით მე-12 პოზიციაზე დამკვიდრდნენ.
მე-2 ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორედ და ამჯერადაც 1:0 იმარჯვა მათე ღვინიანიძის “მიუნხენ 1860”-მა. მიუნხენელებმა ამჯერად “აუგსბურგს” სძლიეს და მე-9 პოზიციამდე აღზევდნენ. ქართველი მცველი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.
ქართველთა გარეშე ჩაიარა იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრამ, რომელშიც “პალერმომ” “სან სიროზე” “მილანს” 2:0 სძლია. ლევან მჭედლიძე სიცილიელთა განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო კახა კალაძე მილანელთა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. ამ გამარჯვების წყალობით, “პალერმომ” 23 ქულით მე-13 პოზიციას უწია, “მილანი” კი 31 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა.
ინგლისის ჩემპიონლიგაში ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ ზურაბ ხიზანიშვილის “ნიუკასლმა”. “კაჭკაჭები” ამჯერად “ბარნსლის” დაუზავდნენ (2:2), ქართველმა მცველმა კი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 2:1-ს იგებდა. მიუხედავად ქულების დაკარგვისა, “ნიუკასლი” მაინც დამაჯერებლად ლიდერობს.
ისრაელის ჩემპიონატში მორიგი 3 ქულა მოიპოვა ვლადიმერ დვალიშვილის “მაკაბიმ”, რომელმაც გასვლაზე ფეთაჰ თიკვას “ჰაპოელი” 4:0 დაამარცხა და მეორეადგილოსან ზურაბ მენთეშაშვილის თელ ავივის “ჰაპოელს” უკვე 9 ქულით უსწრებს. ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედნიდან 51-ე წუთზე გავიდა, როდესაც მისი გუნდი 3:0-ს იგებდა. მენთეშაშვილის გუნდის თამაში გადაიდო.
საბერძნეთის ჩემპიონატში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა გიორგი შაშიაშვილის “ერგოტელისმა”, რომელიც “იანინასთან” 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო მისი გუნდი ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-5 პოზიციაზეა.
ყაიმით (2:2) დასრულდა ავტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრა, რომელშიც ილია კანდელაკის “შტურმი” ვენის “აუსტრიას” დაუპირისპირდა. ქართველმა მცველმა ტრადიციულად 90 წუთს ითამაშა, გრაცელები კი 30 ქულით მე-4 ადგილზე დარჩნენ.
უგოლო ყაიმით აღინიშნა რუმინეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, რომელშიც აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთან მედიაში” პლოეშტის “ასტრას” დაუპირისპირდა. ქართველმა მცველმა 90 წუთს ითამაშა, მისი გუნდი კი 21 ქულით მე-19 ადგილზე დამკვიდრდა.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1091