ბათუმი საფეხბურთო ცენტრი უნდა გახდეს
დავით ცაბაძე
ოქტომბრის მიწურულს ჩატარდა აჭარის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის არჩევნები, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს - წარსულში თბილისის ?დინამოს? ნახევარმცველი ვახტანგ ქორიძე. მან არჩევნებში სრული მხარდაჭერით გაიმარჯვა. ამ პოსტზე ქორიძემ დავით თავართქილაძე შეცვალა. ვნახოთ, რა გეგმები აქვს რეგიონული ფეხბურთის ახალ ლიდერს...
- ორ კვირაზე მეტია, ახალ პოსტზე მუშაობას შეუდექით და უკვე მოასწრებდით პრობლემებში გარკვევას. როგორც გავიგეთ, აჭარის პირველკაც ლევან ვარშალომიძეს შეხვედრიხართ. რა საკითხები განიხილეთ და კმაყოფილი ხართ თუ არა ამ შეხვედრით?
- დიახ, შევხვდი ვარშალომიძეს და თან სწორედ იმ დროს, როცა ბათუმში ზვიად სიჭინავაც იყო ჩამოსული. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი სტადიონია, სტადიონი, რომელიც ბათუმში აღარ გვაქვს და ჩემთვის პრიორიტეტი სწორედ ამ პრობლემის დადებითად გადაწყვეტაა. რა თქმა უნდა, აჭარის ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა და ამის დიდი იმედი მაქვს. რაც მთავარია, ამ შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბათუმში, ანგისის სტადიონის ადგილზე, ევროპული სტანდარტის არენა აშენდება. ეს იქნება ცენტრალური არენა აჭარაში და ერთ-ერთი გამორჩეული სტადიონი - საქართველოში.
- ვიცით, რომ ისაუბრეთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა-ინტერნატის საკითხზეც...
- დიახ, ეს საკითხიც დადებითად გადაწყდა. მომავალი წლიდან ბავშვთა საფეხბურთო სკოლა-ინტერნატის მშენებლობა დაიწყება. ის 500 ბავშვზე იქნება გათვალისწინებული, მოზარდები 11 წლიდან მიიღებიან. აჭარის მასშტაბით საფეხბურთო ნიჭით გამორჩეულ ბავშვებს შევარჩევთ და ამ სკოლა-ინტერნატში მოვუყრით თავს. ეს ბავშვები იქვე დაეუფლებიან ფეხბურთს და პარალელურად სასკოლო საგნებსაც ისწავლიან. ის ინიციატივა ზვიად სიჭინავას ეკუთვნის. მისი სურვილია, ბათუმშიც ისეთივე ბაზა და სკოლა-ინტერნატი იყოს, როგორიც ზუგდიდში უკვე წლებია, ფუნქციონირებს.
- სტადიონის მშენებლობა როდის დაიწყება?
- ნოემბრის ბოლოს ჰოლანდიელი ინვესტორები ჩამოვლენ და საქმეც დაიძვრება. მათ ევროპაში არაერთი სტადიონი აქვთ აშენებული. წესით და რიგით, მშენებლობა 2011 წელს უნდა დასრულდეს.
- როგორც გავიგეთ, ქობულეთის სტადიონის რეაბილიტაციის საკითხიც გადაწყდა...
- დიახ, ქობულეთის სტადიონი გარემონტდება და ?ბათუმი? დროებით სწორედ ამ არენაზე ჩაატარებს საშინაო მატჩებს... უკვე ყველამ იცის, რომ ჯანო ანანიძემ არა მარტო რუსეთი აალაპარაკა, არამედ ევროპული გრანდების ინტერესიც დაიმსახურა. ჯანო ქობულეთელია და გასაკვირი არ არის, რომ მისმა ასეთმა სწრაფმა პროგრესმა აჭარაში ფეხბურთის განვითარებას საგრძნობი ბიძგი მისცა. ერთ მაგალითს გეტყვით - ქედის რაიონის გამგებელმა ირაკლი ბარამიძემ სპორტკომპლექსი გააკეთა. მასში ბუნებრივი და ხელოვნურსაფრიანი მოედნები და სპორტული დარბაზია სხვადასხვა სექციით, საშხაპითა და სხვა საჭირო ატრიბუტიკით. გაისად ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გუნდები რეგიონალლიგიდან ჩაერთვებიან ეროვნულ ჩემპიონატში და იმედი გვაქვს, წარმატებებიც არაერთი ექნებათ.
- ?ბათუმში? რა მდგომარეობაა?
- ჩვენი რეგიონის ფლაგმანი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას, ისევე როგორც ადელ-ი. ორივე ამ გუნდის მატჩებს ვესწრები და არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. მათ სწორი აღზრდა-განვითარება უნდათ და საამისოდ ინფრასტრუქტურა, ბაზები და მოედნები აუცილებელი პირობაა. ამიტომაც, ჩემი მუშაობის პრიორიტეტები სწორედ ინფრასტრუქტურა, ბავშვთა ფეხბურთი, ფეხბურთის პოპულარიზაციაა. აჭარა და ბათუმი ქართულ ფეხბურთს ადრე მნიშვნელოვნად ამარაგებდა და ეს ფუნქცია უნდა დავიბრუნოთ. ბათუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი საფეხბურთო ცენტრი უნდა გახდეს.
- ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ხართ და საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ამ ბოლო ხანს ჩვენს ფეხბურთში განვითარებულ მოვლენებს. ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელები შეიცვალა. რას უნდა ველოდოთ ამ ცვლილებების შემდეგ?
- მოდით, ძველებზე არაფერს ვიტყვი, რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელობას... თქვენ იცით, რომ ზვიად სიჭინავა საფეხბურთო ფუნქციონერია. რბილად რომ ვთქვათ, აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა მოუტანოს სარგებელი ჩვენს ფეხბურთს და გზაც სწორი აირჩია. პირველ რიგში, მართლაც ინფრასტრუქტურაა მისახედი. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ტალანტები, მაგრამ არ ხდებოდა მათი სწორად აღზრდა-განვითარება. ამის გამო, ვინ მოთვლის, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დავკარგეთ. ეს დიდწილად იმიტომაც ხდებოდა, რომ არ გვქონდა და არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, მეორე კი მწვრთნელთა განათლება... იმედია, ახლა დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების თავკაცად თემურ ქეცბაიას დანიშვნას, ამასაც მივესალმები. მან კარგად იცის ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტი, პროფესიონალია და მჯერა, საქმეს კარგად წარუძღვება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქეცბაიას ყველას მხარდაჭერა სჭირდება, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/274/274-4.htm