საინტერესო ინტერვიუა გოჩა ჯამარაულთან......................
http://www.opentext.org.ge/10/lelo/026/026-5.htm "ლელო "
# 26 (13 014)
3 თებერვალი, ოთხშაბათი, 2010 წელი
თუ ჩვენში ქვეყნის სიყვარულმა არ გაიღვიძა, არაფერი გამოვა
მერაბ მამულაშვილი
მოძრაობა ?ჩვენი ფეხბურთის? დამფუძნებლები ბოლო დროს აღარ ჩანან. ორგანიზაციის წევრთა აქტიურობა გაქრა თუ ბრძოლა მობეზრდათ, ეს კითხვა გულშემატკივრებისგან გვსმენია და ამის გასარკვევად გოჩა ჯამარაულს დავუკავშირდით. ვფიქრობთ, ჯამარაულის მოსაზრებები და სხვადასხვა საკითხებისადმი მისი დამოკიდებულება საგულისხმო და დასაფიქრებელია...
- ბატონო გოჩა, ?ჩვენი ფეხბურთი? ბოლო პერიოდში დუმს. რატომ?
- ჩვენ არსად არ წავსულვართ და არც დავკარგულვართ. უბრალოდ, არჩევნები ჩატარდა და გვეუბნებიან, პრეზიდენტი საფეხბურთიო სამყარომ აირჩიაო. ერთი მხრივ, მართალია - ის ადამიანები არიან ამაში დამნაშავეები, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობდნენ. თუ სიჭინავა არ უნდოდათ, მაშინ ეს უნდა დაეფიქსირებინათ. თუმცა ?ჩვენი ფეხბურთი? რომ ამბობს, სიჭინავა დანიშნულიაო, ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, მითხრა - რა ჩვენი ბრალია, საფეხბურთო სამყარომ აირჩიაო. სადღაც მართალი იყო. გავჩუმდი. საფეხბურთო სამყაროში ისინი ვეტერანებსა და სიჭინავას თანამდგომებს გულისხმობენ.
- თუ ასეა, მაშინ ხელისუფლებასაც აქვს სათქმელი - ფეხბურთი და სახელმწიფო ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ხომ ფაქტია, რომ ბოლო დროს ფეხბურთს აშკარად ეხმარებიან. ალბათ, ჩარევის მასშტაბებს გულისხმობთ...
- რა თქმა უნდა, ჩარევასაც გააჩნია. დახმარება აუცილებელია, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატები საფეხბურთო სამყარომ თავად უნდა შეარჩიოს.
- ხომ არ ჯობა, თავად უფრო აქტიურად ჩარეულიყავით მიმდინარე პროცესებში - თუ გაძლიერდებით, აზრს ვინ მოგახვევთ თავზე?
- ახლახან, დათო ტურაშვილის მიერ თარგმნილი მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი წავიკითხე. თავისი პრინციპულობით ხომ მიყვარდა დიეგო, მაგრამ ახლა ათმაგად შემიყვარდა. ნახეთ, რას წერს - როცა არგენტინის მთავრობა ფეხბურთში ჩაერია, ეს ჩვენი, ფეხბურთელების შეურაცხყოფა იყოო. მთავრობა ფინანსურად უნდა დაეხმაროს, მაგრამ არჩევნებში არ უნდა ჩაერიოს - მაინცდამაინც ეს უნდა აირჩიოთ და არა - ისო. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა დამსახურებითა და ნდობით მოვიდა? ნორმალურად არც უთქვამს, რას გააკეთებდა და როგორ. არადა, საარჩევნო პროცესში ეს ყველაფერი დეტალურად უნდა განხილულიყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთავრობის ასეთი ჩარევა ჩვენთვის შეურაცხყოფა იყო. ამ შეურაცხყოფას ნაწილი იღებს და ამბობს - ეს ასეც უნდა იყოსო. ?ჩვენი ფეხბურთი? კი არ იღებს ამგვარ მიდგომას და ამიტომაც რჩება გარეთ.
- მოდი, მოვლენებს მეორე მხრიდანაც შევხედოთ - ხალხმა სიჭინავას უკან სახელმწიფოს ზურგი დაინახა, რასაც თქვენ ვერ სთავაზობდით და მხარი ამიტომაც დაუჭირეს. თუ სახელმწიფო ან სერიოზული ინვესტორები ვერ დაგეხმარებიან, ფეხბურთს როგორ განავითარებთ? ბოლოს და ბოლოს, თქვენ მიერ ნახსენები ფედერაციის მხარდამჭერებიც ქართულ ფეხბურთზე არ ფიქრობენ?
- გასაგებია, რასაც ამბობთ და ეს ნამდვილად კარგად მესმის. ანუ, ისეთი კანდიდატურაა მისაღები, ვისაც მთავრობა მხარს დაუჭერს? ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მთავრობა ფედერაციას მხარს უჭერს და ეხმარება. ღმერთმა ქნას, სიჭინავამ ფეხბურთისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს. ეს კი არ გვეწყინება, ძალიანაც გაგვიხარდება, ქართულ ფეხბურთს დღეს ბევრი საქმე სჭირდება, მაგრამ ჩვენი მიზანი მართვის მოდელის შეცვლაა. ეს უკვე მხოლოდ მთავრობაზე არ არის დამოკიდებული. ანუ, მაინც იმისკენ მივდივართ, რომ ჩვენში, ფეხბურთელებშია მენტალიტეტი შესაცვლელი - რასაც გეტყვიან, მაინცდამაინც ის კი არ უნდა გააკეთო. ისე, დარწმუნებული ვარ, მთავრობაშიც პრინციპული ხალხი უფრო მოსწონთ. თუმცა მათ წინააღმდეგობა ვერ დაინახეს და ამიტომაც თვლიან, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.
- ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ მიმართ პრეტენზიაც გაისმა - ?ჩვენი ფეხბურთის? დამფუძნებლებმა თუნდაც ერთ საფეხბურთო სკოლას უპატრონეთო? მართალიც არის, თქვენნაირი ხალხი ქართულ ფეხბურთში უფრო აქტიურად უნდა ჩაებას...
- ჩვენი საქმიანობა ისე არ ჩანს, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებთ. გვერდში რატომ არ უდგახართო, გვეუბნებიან და არ იცით, ფედერაციაში რაც მოხდა? სიჭინავამ გიორგი ნემსაძესა და ლევან ყიფიანს დაუძახა და გვერდში დაიყენა. გიორგიმ და ლევანმა რაღაც ბარიერს გადააბიჯეს, რადგან ქართული ფეხბურთისთვის საქმის კეთება სურდათ, მაგრამ მერე ორივეს უარი უთხრა. ეს უკვე ის საქციელია, რომელიც ნეგატიურად განმაწყობს, ჩემთვის ეს მიუღებელია.
- თანამშრომლობის სურვილი ამიტომ გაგიქრათ?
- მე და ყაველაშვილს? ფედერაციაში არ ვიმუშავებთ, თორემ სიჭინავასთან რატომ არ ვითანამშრომლებთ? თუ რამეში დასჭირდათ ჩვენი თანადგომა, მეც და მიშაც დიდი სიამოვნებით დავეხმარებით. ?ჩვენი ფეხბურთი? კი არ ებუტება ქართულ ფეხბურთს, უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ.
- ერთად რატომ ვერ იმუშავებთ? საქმეს ფედერაციაში უფრო გააკეთებთ და მოვლენებზე მეტი ზემოქმედების საშუალება გექნებათ...
- ვერ ვიმუშავებთ, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს.
- რეალურად, ორივე მხარეს ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის წინსვლა გადარდებთ. ხომ არ ჯობია, არაფორმალურ გარემოში, მედიის დაუსწრებლად, შეიკრიბოთ და თქვათ, რა აჯობებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის?
- იცით, რა - მე და ყაველაშვილს ფედერაციასთან თანამშრომლობაზე ყიფიანისგან განსხვავებული მოსაზრება გვქონდა. სიჭინავა თავიდან ამბობდა, მოდი ძმებო, გვერდში დამიდექითო. საქმის კეთების სურვილით, ლევანი გვერდში დაუდგა და სიჭინავამაც სიხარულით მიიღო. ასევე მოიქცა ნემსაძე. თუმცა მერე ყიფიანი და ნემსაძე ვიღაცამ დაბლოკა. მაგრამ ვინ? ამას არავინ ამბობს. აგვიხსნის ვინმე, ფედერაციაში ამ ორი ადამიანის მისვლა ვის და რატომ არ აწყობდათ? სწორედ ამის გამო ვერ წარმომიდგენია სიჭინავას გვერდით დგომა და ამიტომაც ვერ ვხედავ ჩვენი შეხვედრის აზრს. თუკი ასე არ არის, მაშინ თქვას, ნემსაძესა და ყიფიანზე აზრი რატომ შეიცვალა?
- კარგი, საქართველოს ნაკრებზე ვილაპარაკოთ, რომელიც ისეთ დაძაბუნებულ მდგომარეობაშია, ფეხზე დასაყენებლად რაღაც ძლიერმოქმედი წამალი სჭირდება. აქვს კი თემურ ქეცბაია ეს წამალი? როგორ ფიქრობთ?
- თემური მწვრთნელია და ბევრი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლია. თუმცა მე არ ვიცი, რა წამალი უნდა მოიფიქროს, რომ ბიჭები უცებ ?გაფრინდნენ?. წეღან რომ ვახსენე მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი, ამასაც დავამატებდი - ეს წიგნი საფეხბურთო სკოლებში ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც იაკობ გოგებაშვილის ?დედაენა? და აგიხსნით, რატომ - მარადონას მონათხრობიდან ნებისმიერი ბავშვი ისწავლის, როგორ უნდა უყვარდეს ფეხბურთი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეს ეროვნული ნაკრებისადმი და როგორი პატრიოტი უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის! სამწუხაროა, რომ ეს წიგნი კარიერის დასრულების შემდეგ წავიკითხე. 17-18 წლისებს რომ წაგვეკითხა, სულ სხვაგვარი დამოკიდებულებით ვითამაშებდით, სხვაგვარად გვეყვარებოდა ქვეყანა და ნაკრები. ჩვენს თაობასაც აკლდა ბევრი რამ... არა, ქვეყანა როგორ არ გვიყვარდა, მაგრამ კარგად არ გვქონდა გაცნობიერებული ეს სიყვარული, ვისი გორისანი ვიყავით, რამხელა მეფეები, წმინდანები, პოეტები და მწერლები გვყავდა და ასე შემდეგ.
- სხვათა შორის, გიორგი დევდარიანის ?ფსიქოთერაპია? სწორედ ამას ეყრდნობა. ფეხბურთელებს ეკლესია-მონასტრებში ატარებს და არა - ფსიქოლოგებთან. შედეგსაც ამიტომ ხომ არ მიაღწია?
- რა თქმა უნდა! ამ ქვეყანაზე შრომა ყველას უფასდება. ჭკუითა და მონდომებით თუ აკეთებ, წარმატებული იქნები. ქვეყანა და მისი მთავარი გუნდი ფეხბურთელში გამორჩეულ განცდებს უნდა ბადებდეს. მარადონა წერს, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა, სხვადასხვაგვარად მეთამაშა ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრაში, მე ხომ არგენტინის ნაკრების მაისურა მეცვაო. ან კიდევ ეს ფრაზა - თუ სანაკრებო შეკრებაზე მიდიხარ და თვითმფრინავზე დაგაგვიანდა, მატარებლით უნდა ჩახვიდე. თუ მატარებელიც არ არის, ფეხით უნდა წახვიდეო. ხედავთ, ამ ადამიანს საკუთარი ქვეყნის რამხელა სიყვარული ჰქონდა?!
- თუ არ მეშლება, ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღებული ბილეთით მგზავრობას თქვენს თაობაში ბევრი თაკილობდა და თავის ფულს ხარჯავდა ამაში, კახა ცხადაძემ გუნდისთვის ფორმები შეიძინა და ასე შემდეგ...
- ასეთი მაგალითები ბევრი იყო, მაგრამ მაინც გვაკლდა ქვეყნის ისეთი სიყვარული, რითიც მარადონა სამაგალითო გახდა. თუკი დღევანდელ და მომავალ თაობაში ამ განცდამ არ გაიღვიძა, მიზანს ვერ მივაღწევთ - შანსი არ არის! მარადონას სამშობლოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება რომ არ ჰქონოდა და ცხოვრებისეულ საკითხებში პრინციპული პიროვნება არ ყოფილიყო, ამდენს ვერ მიაღწევდა. რაც არ უნდა დიდი ტალანტი იყო, თუ ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებ, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ.
- სწორედ ეს გამოჩნდა ბულგარეთთან წაგებულ (2:6) მატჩში - ასეთი უჯიგრო და უთავმოყვარო გუნდი საქართველოს არასდროს ჰყოლია. დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ფეხბურთელებისთვის შედეგი სულ ერთი იყო...
- ...და ეს ჩანს კიდეც. მსგავსი რამ ჩვენც ბევრჯერ მოგვსვლია. ზოგჯერ გარედან ჩანდა... ჩანდა კი არა, ასეც იყო - ბოლომდე ყოველთვის ვერ ვაცნობიერებდით, ქვეყნისთვის რომ ვთამაშობდით. ვიმეორებ, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ვერ ხვდები, რა ქვეყნის შვილი ხარ და რომ ქვეყნის სახელს გაფრთხილება სჭირდება.