პაოკ-ის ასაობრივ გუნდს ქართველი კაპიტნობს
მერაბ მამულაშვილი
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ფეხბურთელთა შერჩევას სამი კვირის წინ შეუდგა და საინტერესო მოთამაშეები ზუგდიდში, ?ბაიას? ბაზაზე შეკრიბა. 22 თებერვალს კი, რუსთავში, ირანის 17-წლამდელებთან ჟორჟიკაშვილის გუნდმა პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. მწვრთნელი სელექციას აგრძელებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო მოთამაშე ჰყავს სანახავი.
- ბატონო კობა, ირანთან შეხვედრას გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებთ?
- ფეხბურთელები პირველად სამი კვირის წინ, ზუგდიდში შევკრიბეთ, ირანთან კი პირველი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გვქონდა. ასე რომ, შერჩევას დღემდე ვაგრძელებთ და გუნდის შეთამაშებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს შეხვედრები სელექციაში უნდა დაგვეხმაროს.
- ბევრი ქართველი უცხოეთშია და ყველა საინტერესო მოთამაშის გასინჯვას შეძლებთ?
- ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამომწურავი სელექციის ჩატარებაა. უკვე მოვიარეთ სამეგრელო, იმერეთი, თბილისის ნაწილი, მაგრამ კიდევ დაგვრჩა ფეხბურთელები და გუნდები, რომლებიც ჯერ არ გვინახავს - თუნდაც თბილისის დარჩენილ ნაწილში, აჭარაში, გურიაში... აგრეთვე უცხოეთში. საკმაოდ ბევრი ლეგიონერი აღმოვაჩინეთ.
- უცხოეთში მოთამაშე ქართველებზე რა ინფორმაციებს ფლობთ?
- ბევრი ლეგიონერია უკრაინაში, ბელგიაში, საბერძნეთში და ასე შემდეგ.
- კონკრეტულად, ვინ და რომელ გუნდში თამაშობს?
- მაგალითად, სალონიკის პაოკ-ის ასაკობრივი გუნდის კაპიტანია ალექსანდრე ფირცხალავა. უკრაინაში თამაშობენ ფოთელი სიჭინავა და ბათუმელი ნოდარ გოგიტიძე. მათზე ინფორმაცია ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და ვცდილობთ, ეს დროულად გავაკეთოთ. აუცილებლად უნდა ვნახოთ ბელგიურ ?ბეერსხოტში? მოთამაშე ტარყაშვილი. სხვათა შორის, მამამისი, ლევან ტარყაშვილი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და თბილისის ?დინამოში? თამაშობდა... ერთი სიტყვით, მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ მომავალი ანანიძეები არ დავკარგოთ. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/044/044-13.htm