აღარ გამოვიძახებ და მერე იფიქრონ, რა დააშავეს...
მერაბ მამულაშვილი
6 შეხვედრაში ორი გამარჯვება, ორი ფრე, ორი წაგება და 8 ქულა - ასეთია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფში. და კიდევ - შვეიცარიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ოთარ გაბელიას კრებულს აქვს ბურთების დადებითი (8-5) ბალანსი.
გაბელიამ მოახერხა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ გარკვეული დრო გავიდა და უკვე შეიძლება დამშვიდებულ გულზე დასკვნების გაკეთება. �ლელოს� კითხვებს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია პასუხობს.
- ბატონო ოთარ, მოდი, ცივი გონებით შევაფასოთ ესტონეთთან ჩვენი ნაკრების თამაში...
- ვფიქრობ, ტაბლომ ყველაფერი კარგად შეაფასა. რა თქმა უნდა, ნაკლიც გამოჩნდა, მაგრამ უნაკლო გუნდი ჯერ არავის უნახავს. მინდა, ბიჭებს მადლობა ვუთხრა იმ გულიანი და თავდადებული თამაშისთვის, რაც ამ გამარჯვების საფუძველი გახდა.
- მატჩის შემდეგ ყველა მოედნის უხარისხობაზე ლაპარაკობდა. რატომ დათანხმდით �ლოკომოტივზე� თამაშს და არ მოითხოვეთ მატჩის ზესტაფონში გადატანა.
- გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მიიღეს და ბოლო მომენტში ვერაფერს შევცვლიდით. იყო დაპირება, რომ ბალახს �დაასვენებდნენ� და მოუვლიდნენ. ვერ უარვყოფ - სტადიონის დირექცია მაქსიმალურად ეცადა მოედნის მოწესრიგებას, გაზონის მოსწორება სცადეს და უნდა გითხრათ, ნამდვილად აღარ იყო ისეთ მდგომარეობაში, როგორც წინა დღეს, მაგრამ არც ეს იყო საკმარისი. ასეთ მოედანზე ხეირიანი ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. ირლანდიასთან მატჩამდეც არ იყო კარგი საფარი, მაგრამ ახლა უარესია. თუმცა ისიც მახარებს, რომ ესოდენ რთულ პირობებში მოვახერხეთ გამარჯვება.
- საერთოდ, საქართველოში არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ სათამაშო მოედნების სერიოზული პრობლემაცაა...
- რას ვიზამთ, რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ.
- ეროვნულ სტადიონზე თამაში გამორიცხულია?
- არ არის გამორიცხული, მაგრამ ბოლო დროს არც მის გაზონს აქებენ. სხვათა შორის, არც ის არის გამორიცხული, რომ 30 მაისისთვის, როცა თბილისში შვეიცარიას უნდა ვუმასპინძლოთ, �ლოკომოტივის� სტადიონზე ახალი საფარი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრეს და იმედია, ასეც იქნება. თუ არა და, ეროვნულ სტადიონზე ან ზესტაფონში ვითამაშებთ. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტის სიშორის გამო, ზესტაფონის ვარიანტი შეიძლება არ გამოვიდეს. თანახმანი იქნებიან შვეიცარიელები?
- ესტონეთთან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- გუნდმა მოიგო და ვერავის გამოვარჩევ, გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ თვალში საცემი ნაკლიც, მაგრამ სამი-ოთხი კაცის მოგებული თამაში მე არ მინახავს - კარგი ბიჭები არიან და გულიანადაც ითამაშეს. დავალებების შესრულებაც შეუძლიათ, თუ მოინდომებენ და არც კონცენტრაციას კარგავენ. ამ თავდადებისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო.
- საინტერესოა, გუნდის დაკომპლექტების დროს რა კრიტერიუმით სარგებლობთ? ყველა გუნდი გარკვეულწილად მწვრთნელის ხასიათს ასახავს...
- ცხადია, ფეხბურთელების შერჩევის დროს ბევრ რამეს ვითვალისწინებ. მაგალითად, რაც უნდა ნიჭიერი იყოს ესა თუ ის ფეხბურთელი, თუკი ამრევი და არამეგობრულია, ჩემს ნაკრებში ვერ ითამაშებს. ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფეხბურთელი სკამზე დავსვა, მაგრამ ძირითადში მოხვედრილი თანაგუნდელის წარმატება კი არ უნდა ეწყინოს? ჩვენთან ასეთი არც მეგულება. თავნებას მირჩევნია ნაკლებად ძლიერი, მაგრამ მონდომებული და წესიერი ფეხბურთელი, რომელიც სიტუაციას არ აურევს.
- სხვათა შორის, ესტონელებთან თამაშის შემდეგ გიორგი ივანიშვილმა თქვა - მსურდა, დამემტკიცებინა, რომ შეცვლაზე თამაში არ მეთაკილებაო...
- გიორგი წესიერი, კარგად გაზრდილი ბიჭია და გამოჩნდა, რომ გუნდისთვისაც სასარგებლო მოთამაშეა. მან კარგად გაიგო, რა გვჭირდება. განაცხადში შეყვანილი 18-ვე ფეხბურთელი ჩემთვის ძირითადის მოთამაშეა და ამა თუ იმ მომენტში, ვინ დაგვჭირდება, მხოლოდ თამაშის მსვლელობა გამოაჩენს. მატჩამდე ბიჭებს ველაპარაკე - ასეთი ტაქტიკა მაქვს და ძირითადის თუ სათადარიგო ფეხბურთელებს ამ და ამ პრინციპით ვირჩევ-მეთქი. ეს არ უნდა იყოს დამალული, ვინმეს რამე რომ არ ეწყინოს. პირიქით, უნდა იცოდნენ, რომ თუ პირველ ტაიმში სათადარიგოა, შეიძლება მეორე ნახევარში მას გარკვეული როლი დაეკისროს და ეს როლი, იქნებ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის როლზე ნაკლებიც არ იყოს. სხვათა შორის, ტაქტიკა მოედნის მდგომარეობის მიხედვითაც შევარჩიე.
- რას გულისხმობთ?
- რადგან ბურთის გაგორება შეუძლებელი იყო, აქცენტი აუცილებლად სწრაფ ფლანგურ შეტევებზე უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მეტოქის საჯარიმომდეც ხომ უნდა მივსულიყავით? იქ კი დაბალ ბურთს ესტონელი მცველები ეგრევე მოიგერიებდნენ და ამიტომაც დავაყენე რეზო ბარაბაძე, რომელიც ტანმაღალია, თავით კარგად თამაშობს და �მეორე სართულზე� ბრძოლის მოგება შეუძლია. ამიტომ, ფლანგის ფეხბურთელებს დავავალეთ, ბურთი საჯარიმოში ჩაეწოდებინათ, სადაც ბარაბაძე ახლო მყოფ მოთამაშეებზე გაანაწილებდა და ეს საჯარიმოში შესვლას გაგვიადვილებდა. ასეც მოხდა. რეზომ თავადაც კარგად ითამაშა და სხვებს გაუადვილა თამაში. ცუდ საფარზე სხვანაირი ტაქტიკა ასეთივე ეფექტური ვერ იქნებოდა.
- დიდი ხნის უთამაშებელი ბარაბაძისა და განუგრავას ძირითადში დაყენება სარისკო გადაწყვეტილება არ იყო?
- გეთანხმებით, იყო რისკი, მაგრამ ვარჯიშებზე ორივეს ვაკვირდებოდი, რაღაც ინფორმაციებიც გვქონდა და ამიტომაც ვენდე ორივეს. ბარაბაძის თაობაზე �ანჟის� მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს ველაპარაკე, ანთალიაში მახაჩყალელთა შეხვედრებს თემურ ქეცბაიაც დაესწრო და საერთო აზრი ვიცოდი - რეზო საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. განუგრავამ კი �დიორი ეტოში� ითამაშა და ისედაც ვიცნობ - ნიჭიერი, შრომისმოყვარე ბიჭია და თუ ათამაშდება, გუნდისთვის დიდი ძალა გახდება. თუმცა თითოეულ ფეხბურთელს მუდმივად მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს. ხოლო ვინც არ დაიმსახურებს, ნერვებს არ ავიშლი, არ გამოვიძახებ და მერე თავად იფიქროს, რა დააშავა. ისე კი საერთო სიტუაცია საკმაოდ ჯანსაღი და ნორმალურია. თუ გუნდი მეგობრული არ არის, ვერაფერს მიაღწევს.
- ფეხბურთელებთან დისტანციას ინარჩუნებთ თუ?..
- ხუმრობას არავის ვუკრძალავ, ჯარში კი არ არიან?! ყველაფერს მირჩევნია ადამიანური მიდგომა. მაგრამ სიმკაცრეშიც და მეგობრულ ურთიერთობაშიც ზომიერებაა საჭირო. ვფიქრობ, სამწვრთნელი შტაბიც შესაფერისი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. ფეხბურთელებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა და სიყვარული უნდა გამოამჟღავნონ, ერთმანეთის დაცინვა და ყვირილი უკვე არასასიამოვნო ფონს ქმნის და ამას არც დავუშვებ. ეს ფეხბურთელებმაც კარგად გააცნობიერეს. მათ უნდა დაივიწყონ, რას ასწავლიან კლუბებში და, როგორც იტყვიან, აქაური ქუდი დაიხურონ. მატჩის შემდეგ კი უნდა ვიმეგობროთ.
- საქართველოში ნიჭიერი თაობები ყოველთვის მოდიოდნენ, მაგრამ არაპროფესიონალიზმის გამო ძალიან ბევრი დაიკარგა. თქვენს ნაკრებშიც საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. აქვთ კი ამ ბიჭებს საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი?
- 80 პროცენტს ეტყობა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს. თუმცა ყოველი შეკრების შემდეგ ველაპარაკები, რომ დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და გაითვალისწინონ, რომ მათი კარიერა ხანმოკლეა, გაფრინდება ეს 10-15 წელი და შესაძლოა, ფეხბურთიდან ვერც ვერაფერი წაიღონ. ორ თეთრს კი არ უნდა დასჯერდნენ, მეტზე იფიქრონ, კარგ კლუბში რომ არიან, უკეთესში მოხვედრა დაისახონ მიზნად, თორემ წლები რომ მოემატებათ, დაოჯახდებიან და უამრავი საზრუნავი გაუჩნდებათ, მერე სინანული გვიანი იქნება. რა ვიცი, მგონი, მისმენენ, მართლა არ ჩანან ურიგო ბიჭები და იმედია, ყველა მათგანი დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია საუკეთესო მეორეადგილოსნებში მოხვედრა, რაც ევროპის ჩემპიონატზე წასვლის გარანტიაა?
- ჩვენ ყველა შეხვედრაში ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა გამოვა. შეკრებიდან შეკრებამდე ბიჭებს ვუმეორებ, რომ ყველა მეტოქესთან კონცენტრაციაა საჭირო. ახლა ამბობენ, ესტონეთთან პირველი მატჩი რომ არ წაგვეგო, ირლანდიასთან ბოლო წუთზე რომ გაგვეტანა, შვეიცარიასთან უაზრო გოლი რომ არ გაგვეშვა, სულ მცირე ოთხი ქულით მეტი გვექნებოდაო. ეს დაგვიანებული ლაპარაკია, ტალინსა და ლუგანოში მობილიზებულები უნდა ვყოფილიყავით, ირლანდიასთან მომენტებით გვესარგებლა და დღეს ლიდერობით ვიამაყებდით. ეს საქართველოს ჩემპიონატშია შესაძლებელი მოდუნება და თამაშის დროს გაზეთის კითხვა, თორემ სანაკრებო შეხვედრებისას ეს სავალალო შედეგით მთავრდება. ვინ გაპატიებს შეცდომას?
- შვეიცარიასთან შეხვედრამდე საკონტროლო მატჩი არ იგეგმება?
- ვერ ვგეგმავთ, რადგან მანამდე უეფას ოფიციალური კალენდარული დღე არ არის და კლუბებიდან ფეხბურთელებს ვერ მოვიწვევთ. ნაკრების ბირთვი უცხოეთში თამაშობს და მათ გარეშე ამხანაგური მატჩის გამართვა უაზრობა იქნება.
- უცხოეთში ლამის ყოველდღე ახალი ქართველი ფეხბურთელი ჩნდება. ამ კუთხით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- განსაკუთრებული არაფერია. თუმცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ნახვა გვსურს და შესაძლოა, მათზე დაკვირვების მიზნით, პორტუგალიაში ვლადიმერ გუცაევის 19-წლამდელთა ნაკრებს გავყვე. მთავარია, საშუალება იყოს. �ბენფიკას� ცენტრალური მცველი ბაქარ მირცხულავა საინტერესო ბიჭია და მსურს, საქმეში ვნახო. გუცაევს, ალბათ, ირაკლი შეყილაძეც ეყოლება, რომელიც �ემპოლიში� თამაშობს და მისი ნახვა ვერა და ვერ მოვახერხე. ესტონეთთან თამაშისთვის ოჯახური თუ პირადი პრობლემის გამო ვერ ჩამოვიდა. იტალიაში თამაშობს და საინტერესო ფეხბურთელია. არიან სხვებიც, რომელთაც ვაკვირდებით - ნაცნობებიც და უცნობებიც. მაგალითად, ლევან კუტალია თავს თუ გამოიჩენს, რატომ არ მოვიწვევ? ბავშვური შეცდომა დაუშვა, სისულელეები ილაპარაკა, მაგრამ მიხვდა შეცდომას და ბოდიში მოიხადა, მე კი გულში ბოღმის ჩადება არ მჩვევია... დავაკვირდებით გიორგი გუგავასაც, რომელიც ესპანეთში ტრავმის გამო ვერ წავიდა. თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში ექსპერიმენტებს ვეღარ ჩავატარებთ. ბევრს ჰქონდა შანსი, საკონტროლო მატჩებსა თუ ოფიციალურ მატჩებში, მაგრამ თავი ვერ დაგვამახსოვრეს და რა ვქნა, ისევ მოვიწვიო? აქვეძ ყველა ფეხბურთელის გასაგონად ვიტყვი: ბოლო დროს ასეთი ტენდენცია შეინიშნება - ნაკრებში მიწვევის მიზნით, ზოგიერთი მოთამაშე იწყებს ლაპარაკს იმაზე, თითქოს, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას სთავაზობენ, ხოლო თუ არ მიიწვევ ნაკრებში, პასპორტს შეიცვლის. საქართველოს ნაკრებში თამაშს მე კი არ უნდა ვეხვეწებოდე, თავად უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი. მთავარია ხალხის სიყვარულის მოპოვება, თორემ ვისაც ქვეყანა არ უყვარს და ვაჭრობს, წავიდეს და ითამაშოს უცხო ნაკრებში.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/058/058-12.htm