ქართველი ძალოსნები - შედეგები სარეკორდო, იმედები საოლიმპიადე
17:47 10-03-2012
წელს 6-16 აპრილს თურქეთი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვანო გრიქუროვი ჩვენებურთაგან მხოლოდ სამი სპორტსმენის გაყვანას აპირებს. ესენი არიან - რაულ ცირეკიძე (85 კგ), ალუდა მანაგაძე (105) და მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე.
ისინი ნაკრების სხვა წევრებთან ერთად დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში ვარჯიშობენ. ზოგიერთი ათლეტი სპეციალური გეგმით ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.
დუშეთის ბაზა 9 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ფედერაციის მესვეურებმა მოინახულეს, საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრნენ.
"დღევანდელ საკონტროლო პაექრობებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - ფაქტობრივად, განვლილი მუშაობა უნდა შეგვეჯამებინა და რეალურად გვენახა, რა შეგვიძლია.
შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან პერსპექტივა აშკარად ჩანს. რამდენიმე სპორტსმენმა ისეთი შედეგები აჩვენა, რამაც სამომავლოდ იმედი ჩაგვისახა.
ლონდონის ოლიმპიადაზე სამი ძალოსნით გამოვალთ. დღეისთვის მათი მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია. თამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და კორექტირების საშუალება გვექნება", - თქვა ვანო გრიქუროვმა.
"ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, წლეულს ევროპის ჩემპიონატზე არ ვიასპარეზებ, რაც მართებულად მიმაჩნია, რადგან ტრავმის ალბათობა გამოირიცხება. გეგმის მიხედვით განვაგრძობ ვარჯიშს. დღეს პირად რეკორდს გადავამეტე. ოლიმპიადამდე დარჩენილ 5 თვეში, ვფიქრობ, შედეგებს გავზრდი", - კმაყოფილია გია მაჭავარიანიც.
ირაკლი სამყურაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი: "ძალოსანთა ნაკრები მონდომებით ემზადება როგორც ოლიმპიური თამაშებისთვის, ისე ევროპის ჩემპიონატისთვის. დღევანდელმა ვარჯიშმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ბიჭებს დიდი პოტენციალი აქვთ - დასტურად მათ მიერ ნაჩვენები პირად და საქართველოს რეკორდებზე მაღალი შედეგები გამოდგება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ძალოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე მაღალი შედეგებისთვის ბრძოლას შეძლებენ".
რამაზ გურგენიძე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი: "მართალი გითხრათ, გაოცებული ვარ ჩვენი ბიჭების წინსვლით. დღეს მათ პირადი მიღწევები ერთბაშად რამდენიმე კილოგრამით გააუმჯობესეს. მაგალითად, გია მაჭავარიანმა 190 კილოგრამი აიტაცა და 228 კილოგრამი აკრა და ორჭიდში (418 კგ) უწინდელ საკუთარ რეკორდს 9 კილოთი გადაამეტა.
ირაკლი თურმანიძემ, რომელიც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე გამოვა, 195 კილო აიტაცა და 228 კილო აკრა, რაც ორჭიდში მის უწინდელ მიღწევაზე 10 კილოთი მეტია.
დავით გოგიამ დღეს პირველად აიტაცა 180 კილო. თუმცა აკვრაში შედარებით მოკრძალებული იყო - 207 კილოგრამი, არადა, ორი კვირის წინათ კი 5 კილოთი მძიმე შტანგა ასწია. პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენია და მისგან წარმატებებს ველით.
უნიკალური მაჩვენებლებით გვაოცებს სახელოვანი ქართველი ძალოსნის - კობა ტალახაძის ვაჟი ლაშა ტალახაძე. რამდენიმე დღის წინათ საკონტროლო ვარჯიშზე მან 190 კილო აიტაცა და 220 კილო აკრა, დღეს კი ატაცში 192 კილო დაძლია.
რაულ ცირეკიძემ ატაცში 6 კილოთი უკეთესი შედეგი აჩვენა - 167 კილო, აკვრაში 203-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. უფრო დიდ წონაზე მწვრთნელმა არ მიუშვა, რადგან იგი ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოვიდეს და რისკს მოერიდა.
ასევე კარგი შედეგები ჰქონდათ ეროვნული ნაკრების წევრ ალუდა მანაგაძეს, ახალგაზრდებს - ზურაბ თავაძეს, ბაჩანა ქუხილავას, იკა ცანავას, თემურ პერტაიას, დავით ხარატაშვილს. მათგან ღირსეულ ცვლას ველით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/sport/individual...aolimpiade.htmlძალოსნობა
+ -
საქართველოს პირველობა: ოცი წლისას ძალაც გერჩის
12:10 13-03-2012
20-წლამდელ ძალოსანთა საქართველოს პირველობაში რეგიონების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - ყველა უძლიერესი, საჩხერელი ლაშა ტალახაძისა და ზუგდიდელი ბაჩანა ქუხილავას გარდა. ისინი ეროვნულ ნაკრებში დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე სპეციალური პროგრამით ემზადებიან.
განსაკუთრებით მძაფრი ორთაბრძოლა გაიმართა 69 კილოში ჭაბუკებთა შორის ევროპის ჩემპიონსა და პრიზიორ გიორგი ლომთაძესა და კონტინენტის პრიზიორ შოთა მიშველიძეს შორის. ლომთაძემ სამიოდე თვის წინათ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჯერ კიდევ ვერ არის ჩვეულ სპორტულ ფორმაში.
ამის მიუხედავად, ორჭიდის ჯამში 280 კილოგრამი ურიგო შედეგი არ არის, აი მიშველიძემ სპეციალისტებიც კი გააკვირვა: მან 130 კილო აიტაცა და 160 კილო აკრა, ორჭიდში 290 კილოგრამი მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. არადა, თავად 65 კილოა და 69 კილოში დებიუტი ჰქონდა.
85 კილოში უკონკურენციო იყო ზურიკო თავაძე, რომელმაც ორივე მოძრაობაში მხოლოდ თითო ცდა გამოიყენა (131+154), რაც ოქროსთვის საკმარისი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, დუშეთში საკონტროლო ვარჯიშზე 147 კილოგრამი აიტაცა და აკვრაში 180-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა. 105 კილოში, ასევე, უკონკურენციო იყო ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ვილი ალექსიძე. ორჭიდში მან ვერცხლის მედალოსან ირაკლი ბენდელიანს 120 კილოთი აჯობა.
- შეჯიბრების მთავარი მიზანი პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და 20-წლამდელთა წლევანდელი ევროპის პირველობისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატების შერჩევა იყო, - გვითხრა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ. - მართალია, ამჯერად მონაწილეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ბევრად არ გაზრდილა, სამაგიეროდ, შედეგები გაუმჯობესდა საგრძნობლად. დიდი ხანია, გუნდური პირველობისთვის ქუთაისელი და აჭარელი ძალოსნები იბრძვიან. ამჯერადაც ასე იყო.
საქართველოს ნაკრები გუნდების დასაკომპლექტებლად ძირითად არტერიას სწორედ ეს ორი რეგიონი წარმოადგენს. წლების განმავლობაში თბილისელი ძალოსნები საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში ვერ ერეოდნენ, მაგრამ მეორე წელიწადია, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ ძალოსნობის მწვრთნელების მატერიალურად წაახალისა, დედაქალაქში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თბილისელ ათლეტთა წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს - თემურ ჯანჯღავას, გურამ ფარულავას და ზურაბ ანთაურს, ასევე, ერთი წლის წინათ დაფუძნებულ დედაქალაქის ძალოსნობის ფედერაციას, რომელსაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ხელმძღვანელობს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საჩხერელთა წარმატებები გიორგი გაბრიჭიძის თავკაცობით. წლევანდელ პირველობაზე ისინი მესამე ადგილზე გასულ თბილისელებს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩნენ, არადა, როგორც ზემოთ ვთქვით, საპატიო მიზეზით არ უასპარეზია საჩხერელთა ლიდერს მძიმე წონაში ლაშა ტალახაძეს. წლის ბოლომდე იმერელ ძალოსნებს ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის სახელობის ახალი დარბაზი ექნებათ, კარგი სპეციალისტებიც ჰყავთ, რაც მომავალ წარმატებათა გარანტი იქნება.
კვარცხლბეკი
50 კგ. 1. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე, ორჭიდში - 141 კგ), 2. შოთა ომარაშვილი (თბილისი, 130), 3. გოგი კაკიაშვილი (აჭარა, 120).
56 კგ. 1. რამინ შამილიშვილი (აჭარა, 213), 2. გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი, 168), 3. შოთა ბენიძე (ქუთაისი, 150).
62 კგ. 1. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე, 243), 2. ლერი ბენდელიანი (ქუთაისი, 208), 3. ვახტანგ ვეკუა (ზუგდიდი, 185).
69 კგ. 1. შოთა მიშველიძე (290), 2. გიორგი ლომთაძე (ორივე - ქუთაისი, 280), 3. ნუგზარ ლორთქიფანიძე (აჭარა, 230).
77 კგ. 1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა, 288), 2. თემურ პერტაია (ზუგდიდი, 281), 3. ზაზა გაბედავა (ქუთაისი, 232).
85 კგ. 1. ზურიკო თავაძე (285), 2. ლაშა კოპალიანი (ორივე - ქუთაისი, 283), 3. სოსო ხუცინაშვილი (თბილისი, 257).
94 კგ. 1. უჩა ინაძე (285), 2. დავით ბეროზაშვილი (ორივე - თბილისი, 267), 3. მამუკა ჯორბენაძე (აჭარა, 255).
105 კგ. 1. ვილიამინ ალექსიძე (აჭარა, 320), 2. ირაკლი ბენდელიანი (ქუთაისი, 200), 3. გოჩა ჯაბნიძე (აჭარა, 200).
+105 კგ. 1. რაულ ისმაილოვი (თბილისი, 215), 2. პაპუნა ბოჭორიშვილი (ქუთაისი, 195), 3. ბაკურ დევაძე (აჭარა, 177).
გუნდური: 1. ქუთაისი (120 ქულა, მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე), 2. აჭარა (112, აბესალომ ბასილია), 3. თბილისი (105, თემურ ჯანჯღავა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/sport/individual...ac-gerchis.html