ვანო გრიქუროვი: “მყავს 10-12 კაციანი გუნდი, რომლისგანაც ექსტრა-შედეგებს ველი”
http://worldsport.ge/olympics2012/?id=4047...e=news#commentsქართველი ძალოსნებისთვის ლონდონის ოლიმპიური თამაშები წარუმატებელი გამოდგა. მართალია მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემ იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, რასაც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ, მაგრამ ამ სიხარულს წინ ორი იმედგაცრუება უძღვოდა – რაულ ცირეკიძის და გია მაჭავარიანის სუსტი გამოსვლა. ეს უკანასკნელი სულაც მედლის კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ ორი მოძრაობის ექვსი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ოლიმპიადას უსახელოდ გამოეთიშა. ნაკრების ოლიმპიური გამოსვლის შეჯამება “მსოფლიო სპორტმა” მთავარ მწვრთნელს სთხოვა. ვანო გრიქუროვს ლონდონის ოლიმპიურ სოფელში შევხვდით. ვიდრე ჩვენთან საუბარს დაიწყებდა, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ტელეფონზე საუბრობდა. თბილისში მყოფ სპორტსმენებს სავარჯიშო კონკრეტულ დავალებებს აძლევდა.
- როგორ შეაფასებთ ნაკრების გამოსვლას?
- აბა რა უნდა შევაფასო. თურმანიძის გამოსვლაზე ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ამ ბიჭმა საოცარი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოაჩინა. სამწუხაროდ, მხოლოდ მან... ბოლო დღეს გამოჩნდა, რომ ნაკრები კარგად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მაგრამ სამწუხაროდ სამივე სპორტსმენმა ვერ გამოიყენა ეს მზადყოფნა. თურმანიძემ გვაჩვენა თავი, როგორც სასწაული ნერვების პატრონმა. დადებითი პიროვნებაა. როგორც სპორტულად, ისე ადამიანურად. მუდამ წყნარი, გაწონასწორებული. როდესაც ადამიანი გასაჭირში ვარდება, მაშინ გამოვლინდება ყველაზე თვალსაჩინოდ მისი დადებითი და უარყოფთი თვისებები.
- ალბათ სჯობდა სწორედ თურმანიძის წონით დაწყებულიყო და ამით მის თანაგუნდელებს ფსიქოლოგიური სტიმული მიეღოთ...
- სჯობდა 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსებიც გამოსულიყვნენ ფიცარნაგზე. მაშინ ეს მოდუნების მომენტი აღარ იქნებოდა. აღარ იფიქრებდა მაჭავარიანი, მედალი უკვე ჯიბეში მაქვსო.
- მაშასადამე ნაადრევად ირწმუნა წარმატების?
- ნამდვილად ნაადრევად ირწმუნა და ამან უარყოფითი შედეგი მოიტანა.
- ოლიმპიადაზე პირველად იყო, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება არ აკლია და ფსიქოლოგიურ ჩავარდნაზე საუბარი ძნელია...
- ოლიმპიური თამაშებისა და თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატის სტრესების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება და სპორტსმენისთვის მასზე გამოსვლა ისეთი დამთრგუნველი არაა, როგორც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩასატარებელ ოლიმპიადაზე. სხვა ტურნირებზე მარცხიც უფრო ადვილად გადააქვს. თუნდაც იმით, რომ ფიქრობს, მომავალ წელს გამოვასწორებო. ეს ყველაფერი ემოციებთანაა დაკავშირებული. ადრენალინის გამოყოფა მეტწილად შველის სპორტსმენს, თუკი მას მტკიცე ხასიათი აქვს. მაგრამ თუ ამ მხრივ სუსტია, მაშინ ეს ადრენალინი პირიქით წვავს და თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.
- გამოდის, ხასიათის სიმტკიცით მაჭავარიანი წინა ოლიმპიური ნაკრებების ლიდერებს ჩამოუვარდება?
- განსხვავება რა თქმა უნდა არის, მაგრამ მოდით ამაზე საუბარი შევწყვიტოთ. ამდენი ხნის მუხლჩაუხრელი შრომა წყალში ჩაიყარა და ცხადია გაბრაზებული ვარ, მაგრამ ამ გაბრაზებას სიბრალულის გრძნობა სძალავს. მეცოდება, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მასაც ცდა არ დაუკლია და უცებ ამხელა სტრესი მიიღო.
- მაჭავარიანის სტარტამდე რამდენიმე საათით ადრე “მსოფლიო სპორტთან” გაკეთებულ კომენტარში განაცხადეთ, რომ ჯერ კიდევ იყვნენ რუსები განაცხადში. არადა მაშინ უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ შეჯიბრება მათ გარეშე ჩაივლიდა. ალბათ ესეც ერთგვარი ტაქტიკა იყო, სპორტსმენი რომ არ მოდუნებულიყო...
- მე ვუმალავდი, მაგრამ ვიღაცამ მიახარა. ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ორი კონკურენტის ჩამოცილებამ საშინლად ააფორიაქა. ჩავარდნის უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს იყო.
- უკვე საკმაო დრო გავიდა, რათა გაეანალიზებინა, რა მოხდა. თუ გქონდათ მასთან კონკრეტული საუბარი?
- ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ადრეა. გია ძალიან ემოციური ადამიანია და არანაირად არ მსურს ამხელა ტრავმის შემდეგ კიდევ დავუმატო ტკივილი. დრო უნდა გავიდეს.
- რაულ ცირეკიძის გამოსვლაზე რას იტყვით?
- მისგან ოდნავ მეტს მოველოდი, მაგრამ ვფიქრობ, თავისი რეალური შესაძლებლობის დონეზე იასპარეზა. რაულის შეცდომა ის იყო, რომ არასწორად შეაფასა თავისი ძალა. მისი ოცნებები არ ემთხვეოდა არსებულ მდგომარეობას. კი ბატონო, ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ რეალურად ის შედეგი, რომელიც ევროპირველობაზე აჩვენა, არაა საკმარისი, რომ ოლიმპიადაზე სერიოზული განაცხადი გაეკეთებინა. ბევრს მოელოდა და ცოტა მიიღო.
- მიიჩნევთ, რომ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა?
- რა თქმა უნდა. რეალური შედეგი მივიღეთ და რაულის ოლიმპიური გამოსვლით მენაკლებად კმაყოფილიც ვარ. დიდ შედეგებს კი ამ სპორტსმენისგან მომავალ დიდ შეჯიბრებზე ველი. უფრო კონკრეტულად ვიტყვი, ცირეკიძისგან, თურმანიძისგან და თბილისში დარჩენილი კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდისგან საერთაშორისო წარმატებებს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ველი.
- ძალოსნობაში მომავალ ძლიერ თაობაზე უკვე ბევრი საუბრობს...
- მართლაც ძალიან ძლიერი ბიჭები გამოჩნდნენ. აქამდე ყოველთვის ერთი ლიდერი სპორტსმენის გარშემო ვაწყობდი ნაკრებს. დღეს კი მყავს ახალი 10-12 კაციანი გუნდი, რომლისგანაც ველი ექსტრა-შედეგებს.
- მაშასადამე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება?
- მე თავიდანვე ვთქვი, რომ ორი გეგმა მქონდა შედგენილი. პირველი – ლონდონი, რომელიც ძალიან რთული იყო და მეორე – რიო. ეს მთავარი გეგმაა, რომელიც დიდ შედეგსაც ითვალისწინებს.
- ნაკრები უკვე მომავალი ოლიმპიადისთვის ემზადება?
- ჩვენ რიოსთვის მზადება ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. ქართული სპორტის ერთ-ერთი უდიდესი მინუსი სტრატეგიული აზროვნების ნაკლებობაა. რატომღაც, ყველა დღსვე ითხოვს შედეგს. არადა საქმისთვის თადარიგის გაცილებით დიდი ხნით ადრე დაჭერა სჯობს. დიდი წარმატებები უცებ არ მოდის, დრო სჭირდება.
ოთარ მაღლაკელიძე, www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ლონდონიდან
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i606/1203/50/05c62a969c64.gif[/IMG][/URL]