აჰა. შტანგა არ ყოფილა ქალების საქმე. თან ქართველების

ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17-წლამდელ გოგონებს შორის. ორჭიდის ჯამში მან 208 კგ. დააგროვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მსოფლიოს ჩემპიონობა დაამატა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცი მექსიკელმა მაირინ ერნანდესმა მოიგო 92 კილოგრამით. გადელიამ მორიგეობით ასწია 85, 88 და 91 კილო და ამ მოძრაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე იყო ირანელი იექტა ჯამალი, 90 კგ.
აკვრაში პირველ ცდაზე რუსმა მეშჩერიაკოვამ და ჯამალიმ 107 კილო ასწიეს, გადელიამ და ერნანდესმა - 108, თუმცა, მექიკელისთვის ეს ბოლო შედეგიანი აწევა იყო.
გადელიამ მეორე ცდაზე 113 დაძლია, ირანელმა ჯამალიმ - 115 და ორჭიდის ჯამში ლიდერი გახდა. ყველაფერი მესამე ცდას უნდა გაერკვია.
ნათიამ ასწია 117, ჯამალიმ საჩემპიონოდ 119 დაუკვეთა, მაგრამ ვერ გაუმკლავდა და 17 წლის ზუგდიდელი გოგონა ორჭიდის ჯამში 208 კილოგრამით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მანვე მოიპოვა ოქროს მედალი აკვრაში. ორჭიდში მეორე იყო ჯამალი, მესამე - მეშჩერიაკოვა.
ამით მსოფლიო ჩემპიონატი ქართველებისთვის დასრულდა. სულ ქალაქ ჯედას ფიცარნაგზე სამი ზუგდიდელი ძალოსანი გამოვიდა. 73 კილოგრამში ნიკოლოზ ესართიამ ატაცში - ბრინჯაო, აკვრაში და ორჭიდში ვერცხლი მოიპოვა; 96 კილოში გურამ ვეკუამ ორივე მოძრაობასა და ორჭიდში ვერცლის მედალი დაისაკუთრა.
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. ძალოსნობა. 81 კგ, გოგონები. 11 ოქტომბერი
ატაცი. 1. ერნანდესი (მექ) 92 კგ, 2. გადელია (საქ) 91 კგ, 3. ჯამალი (ირა) 90 კგ.
აკვრა. 1. გადელია (საქ) 117 კგ; 2. ჯამალი (ირა) 115 კგ. 3. მეშჩერიაკოვა (რუს) 114 კგ
ორჭიდი. 1. გადელია (საქ) 208 კგ. 2. ჯამალი (ირა) 205 კგ. 3. მეშჩერიაკოვა (რუს) 201 კგ