მართლკაც მაგარი ადამიანია კახი ! 1991 წლის იანვარი იდგა, ციოდა თბილისში. გაზეთ "ლელოს" რედაქციამ ახალგაზრდა ძალოსან კახი კახიაშვილისგან ინტერვიუს აღება დამავალა. ვაკის ძალოსნობის დარბაზს ვეწვიე. ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და თანატოლებში მსოფლიოს რეკორდსმენი პირად მწვრთნელ ვანო გრიქუროვთან ერთად შეშის ღუმელს მიფიცხებოდა - ის-ის იყო, ვარჯიში დაემთავრებინათ. მაშინ მითხრა ბატონმა ვანომ - ამ ყმაწვილს ოდნავი პირობები შეუქმნან და მსოფლიოს აალაპარაკებსო.
ცუდი პერიოდი დაემთხვა - საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, ცხინვალში ცხოვრება და ვარჯიში შეუძლებელი გახდა, კახიაშვილი თბილისში ჩამოვიდა და ვაჟა-ფშაველაზე სასტუმრო "აფხაზეთში" დევნილებს შეეკედლა. მაშინ სპორტისთვის არავის ეცალა, მაგრამ ვანო გრიქუროვსა და მის შეგირდს ვარჯიში არ შეუწყვეტიათ. კახი მეტყვის - ვაკის პარკსა და კუს ტბის გარშემო რაც ხმელი ხეები იყო, ჩვენი, ძალოსნების მოჭრილია, რომ ვარჯიშის წინ ღუმელთან გავმთბარიყავითო.
ვანო გრიქუროვი არ შემცდარა - კახი კახიაშვილი ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამჯერ ავიდა: პირველად - საქართველოს, შემდეგ ორჯერ - საბერძნეთის სახელით.
დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში. ძალოსნობაში (90, 94, 99 კგ) ვარჯიში დაიწყო 1982 წელს ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით. საერთაშორისო შეჯიბრებებზე 1994 წლამდე საქართველოს, მერე საბერძნეთის სახელით გამოდიოდა. ბარსელონის, ატლანტისა და სიდნეის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია, ევროპის თანამეგობრობაზე სამჯერ მიაღწია წარმატებას, ევროპის სუპერთასისა და სსრკ თასის მფლობელს, დსთ-ის ჩემპიონს რამდენიმე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული.
სპორტის დამსახურებული ოსტატი ორჯერ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1992, 1993) აღიარეს. 2005 წელს საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა.
1992 წელს ქართველმა ძალოსანმა რუსეთის სახელით (მაშინ როსტოვში იხდიდა მხედრულ ვალს და იქვე ვარჯიშობდა) ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, მერე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველობა მოიგო და დსთ-ის გაერთიანებულ ოლიმპიურ გუნდში მოხვდა, ცხადია, საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზა.
გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ კახიმ ბარსელონაში ოლიმპიური თამაშები მოიგო. დასაჯილდოებლად რომ იხმეს, მაშინდელმა სპორტის მინისტრმა კახი ასათიანმა ტრიბუნიდან დაუძახა - ტაბლოს და ფლაგშტოკს შეხედეო. იქ კი რუსეთი ეწერა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების დროშა ეკიდა. ქართველი ჭაბუკი მანამ არ ავიდა კვარცხლბეკზე, სანამ ორგანიზატორებმა ეს შეცდომა არ გამოასწორეს.
- ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვასილი ალექსეევი, დსთ-ის ძალოსანთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, უპირატესობას წინა წლის მსოფლიოს ჩემპიონს, უზბეკეთის წარმომადგენელ სერგეი სირცოვს აძლევდა, არადა, ის მეორე ნომრად იყო. - იგონებს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 22 წლის წინანდელ ამბავს. - მეტოქეს შედეგებით ვჯობნიდი, მაგრამ ალექსეევს, ეტყობა, თავისი გათვლები აწუხებდა. თუმცა ეს ოლიმპიადის შემდეგ შევიტყვე.
ჩემს პირად მწვრთნელ ვანო გრიქუროვს თამაშებზე აკრედიტაცია არ ჰქონდა. ოლიმპიურ სოფელში, მგონი, მოჭიდავე გოგი კოღუაშვილის ასპარეზობის დღეს მოსათელ დარბაზში კი მოლდოველი ოლიმპიური ჩემპიონის - თეოდორ კასაპუს სააკრედიტაციო ბარათით შემოვაპარეთ, რომ ვარჯიშებსა და წონის შეკვეთისას დამხმარებოდა.
ტურნირის დღეს, აწონვამდე საუნაში წავედი. ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გონჩარენკო სასტიკი წინააღმდეგი იყო - რად გინდა, ისედაც სირცოვზე მსუბუქი ხარო. თურმე მატყუებდა. ამ ხრიკმა რომ ვერ გაჭრა, ალექსეევმა პირველი შეკვეთები გაგვაუქმებინა - ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და საწყის წონებსაც ის განსაზღვრავდა. ბატონმა ვანომ შემაგულიანა - მთავარი დაწყება კი არა, დამთავრებააო.
მესამე ცდაზე 177,5 კილო ავიტაცე, სირცოვმა 190-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა. პირველი მოძრაობის შემდეგ 12,5 კილოთი გამისწრო. ჩემმა მეტოქემ 222,5 კილო აკრა. ორჭიდში წონასწორობის აღსადგენად 235 კილო უნდა დამეძლია. ალექსეევმა ამ წონაზე არ მიმიშვა - გუნდისთვის უნდა იმუშაოო და 225 კილო შემაკვეთინა. ამ წონის აწევით ორჭიდში ვერცხლის მედალი გავინაღდე.
დამრჩა ერთი ცდა. გრიქუროვმა ალექსეევს ჰკითხა, ახლა ხომ შეგვიძლია, 235 კილოზე მივიდეთო. ეტყობა, სინდისმა შეაწუხა და უარი ვერ გვითხრა.
- რა გაიფიქრეთ, ბოლო ცდისას გრიფს რომ ხელი შეავლეთ?
- მოსამზადებელ პერიოდში ხან კუნთები მტკიოდა, ხან სახსრები, ცოტა წელიც და მაჯებიც მაწუხებდა. იმ წუთას კი ყველაფერი გადამავიწყდა. 235 კილო თავს ზემოთ რომ აღვმართე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ჩემპიონი გავხდი, რადგან სირცოვზე მსუბუქი ვიყავი.
ცხინვალში ნეტავ ახლა რა ხდება-მეთქი, გამიელვა თავში. იქ მაშინ საომარი მდგომარეობა იყო... ამის მიუხედავად, ჩემს ქართველ, ოს და სომეხ მეზობლებს სახლში ცხვარი მოუყვანიათ და მამაჩემთან ერთად აღუნიშნავთ ჩემი ოქრო.
- ოლიმპიური ჩემპიონი არჩევანის წინაშე რატომ დადექით?
- ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში საქართველოს მძიმე პერიოდი ედგა. ვარჯიშისა და დასვენების ელემენტარული პირობებიც არ მქონდა, ამიტომ შედეგები გავაუარესე. ცივ დარბაზში ვარჯიშის გამო იმატა ტრავმებმა. ასეთ სიტუაციაში ჩემმა ბერძენმა ნათესავებმა ათენში გადასვლა შემომთავაზეს. დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ პერსპექტივა რომ არ ჩანდა, ან თავი უნდა დამენებებინა სპორტისთვის, ან ჩემს თავში სპორტსმენი გადამერჩინა. სპორტმა გადამძალა.
ელადაში გადასვლის მერე ოდნავ სული რომ მოვითქვი, ჩვენს ფედერაციას სპორტული ინვენტარი გამოვუგზავნე, მოწინავე სპორტსმენებს მცირედი სტიპენდიები დავუნიშნე.
- დღეს თქვენ საქართველოს ოლიმპიურ კლუბს ხელმძღვანელობთ და ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხართ...
- ეს კლუბი ორი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ, თუმცა ადრეც მქონდა სურვილი, მაგრამ ხელი არ შემიწყვეს, სეოკ-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა უარყოფითად განეწყო მის მიმართ, ალბათ, ალტერნატივას თუ ხედავდა ან კონკურენტად აღგვიქვამდა. ჩვენ კი მსგავსი რამ გუნებაში არც გაგვივლია. მაინც ჩამოვაყალიბეთ კლუბი. რომ ნახეს ჩვენი საქმიანობა, მიხვდნენ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით და გვაღიარეს.
სკოლებთან, ახალგაზრდებთან გვაქვს ურთიერთობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასანერგავად და სპორტის სახეობების შემდგომი პოპულარიზაციისთვის. ვეტერანები საკუთარ თავს არ ავიწყებენ საზოგადოებას.
რაც შეეხება ძალოსნობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა. უწინ მარტო თბილისში ძალოსნობის 12 დარბაზი გვქონდა, დღეს მთელ საქართველოში ოთხიოდე დარბაზი შემოგვრჩა. მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩარევაა საჭირო.
ძალოსნობა საქართველოში წარმატებული სპორტის სახეობაა, რაზეც რაფაელ ჩიმიშკიანის, დიტო შანიძის, კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძის ოლიმპიური ჯილდოებიც მეტყველებს. მეტი თანადგომა გვჭირდება. მით უმეტეს, რომ გაისად ევროპის ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთ. სულ მცირე, 45 ქვეყნის წარმომადგენლები გვეწვევიან.
თუ გვინდა დავეწიოთ მოწინავე ევროპულ ქვეყნებს, აუცილებელია ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ინვენტარი, რაც საკმაოდ ძვირად ღირებულია. ვანო გრიქუროვი ოცნებობდა, დიდი გუნდი ჩამოეყალიბებინა და ისეთ ქვეყნებს გაჯიბრებოდა, როგორებიც არიან ჩინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, რუსეთი, მაგრამ ვინ აცალა - თავიდან მოიშორეს.
ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, სწორედ საქართველოს ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. ახალი პრეზიდენტი გვყავს - არმაზ თავაძე, წარმატებული ბიზნესმენი და გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. სეოკ-ის პრეზიდენტის - ლერი ხაბელოვის თანადგომით, სახელმწიფომ დაგვიფარა სპორტსმენთა დოპინგის მიღებისთვის 100.000-დოლარიანი ჯარიმა. მალე ბიჭებს დისკვალიფიკაციის ვადაც დაუმთავრდებათ და ვიმედოვნებ, რომ 2016 წლის ოლიმპიადის არა მარტო ლიცენზიებს მოვიპოვებთ, არამედ რიოში ოლიმპიურ კვარცხლბეკზეც ავალთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://www.sportall.ge/sport/individualuri...c-tsavalth.html * * *
დუშეთში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
11-13 სექტემბერს დუშეთის კულტურის სახლი ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს პირველობა 8 წონით კატეგორიაში ტარდება, ჩემპიონობისთვის კი 60 სპორტსმენი იბრძვის.
ჩემპიონატის პირველ დღეს, 11 სექტემბერს საუკეთესოები 56, 62, 69 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ჩემპიონატის გახსნას ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი – არმაზ თავაძე, ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი – კახი კახიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
12 სექტემბერს მედლებს 77, 85 და 94 წონაში გამომსვლელი ძალოსნები გაითამაშებენ, 13 სექტემბერს კი – 105 და მძიმე წონაში მონაწილე სპორტსმენები. ჩემპიონატი ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ეროვნული ნაკრები (მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძე) დაკომპლექტდება, რომელიც 6-16 ნოემბერს ალმატიში (ყაზახეთი) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა. მსოფლიოს პირველობაზე დაიწყება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლაც.
ძალოსნები ოლიმპიადის ლიცენზიებს წლეულს და გაისად გასამართი მსოფლიოს პირველობებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურები გუნდური შედეგების მიხედვით გადანაწილდება.
ქულების საერთო მაჩვენებლით 1-6 ადგილზე გასული ნაკრებები 6 ლიცენზიას მიიღებენ, მე-7 მე-12 ადგილოსნები – 5-ს, მე-13 მე-18 პოზიციაზე მოხვედრილი გუნდები – 4-ს, ხოლო 19-დან 27-ე პოზიციაზე მოხვედრილი ნაკრებები – 3 ლიცენზიას.
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. 11-13 სექტემბერი, დუშეთი
11 სექტემბერი
56 კგ.
1) ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) – 200 კგ (ატაცი 90 კგ, აკვრა 110 კგ)
2) ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) – 190 კგ (85 + 105)
3) ხვიჩა ჯინჭარაძე (აჭარა) – 163 კგ (71 + 92)
62 კგ.
1) რამინ შამილაშვილი (აჭარა) – 266 კგ (121 + 145)
2) გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) – 234 კგ (104 + 125)
3) ბექა ბერუაშვილი (თბილისი) – 199 კგ (89 + 110)
69 კგ.
1) თორნიკე თოდაძე (საჩხერე) – 283 კგ (130 + 153)
2) ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) – 263 კგ (116 + 147)
3) გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) – 262 კგ (117 + 145)
http://www.worldsport.ge/ge/page/dushetshi...ti-mimdinareobs This post has been edited by guja26 on 13 Sep 2014, 19:37
მიმაგრებული სურათი