დინამომ ლიდერს ბდღვირი ადინა
მერაბ მამულაშვილი
ოლიმპი-დინამო 0-4
0:1 კოშკაძე (2. ფირცხალავას პასით), 0:2 ჩიკვილაძე (27. ედნილსონის პასით), 0:3 შ. კაშია (31), 0:4 ნემსაძე (70. აკირემის პასით)
ოლიმპი: ჭანტურია - დათუნაიშვილი, მაჭავარიანი, ელოხი, გილაური - ჭედია, კვარაცხელია, დობროვოლსკი, იმედაშვილი, ხომიჩეკი - ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: ხიდეშელი, ხუბუა, ჟოანი, რეხვიაშვილი, თარხნიშვილი.
დინამო: ლორია (46. შეყრილაძე) - თომაშვილი (60. კაკუბავა), გ. კაშია (60. გეთიაშვილი), კრსტესკი (60. ჩადუნელი), ჩიკვილაძე (60. ოთარაშვილი) - შ. კაშია (55. ლექვთაძე), ედნილსონი (55. ნემსაძე), ფირცხალავა (46. მამუჩაშვილი), კოშკაძე (55. თექთურმანიძე), კახელიშვილი (55. ჯუისი) - ვაწაძე (55. აკირემი).
არბიტრი: ლ. სილაგავა
?შავი ზღვის უნივერსიტეტთან? მოგებისა (4:0) და ?გაგრასთან? ფრედ დასრულებული (3:3) საკონტროლოების შემდეგ რუსთაველები მოსამზადებელ ეტაპზე პირველად დამარცხდნენ და თანაც, მტკივნეული ანგარიშით - შაბათს ?ფოლადის? სტადიონზე ?ოლიმპმა? მესამე სპარინგმატჩი ჩაატარა და თბილისის ?დინამოსთან? 0:4 წააგო.
კახა კაჭარავასა და თბილისის ?დინამოს? ხელმძღვანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენეს, ტრავმირებულები მომჯობინდნენ და მართალია, შეხვედრა არაოფიციალური იყო, მაგრამ ისეთი ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს, რაც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ რთული მისაღწევია.
რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულ ალეკო კოშკაძეზე ორიოდე სიტყვა რომ არ ვთქვათ, არ შეიძლება. მან გუნდს ის აზრი და სიმწყობრე დაუბრუნა, რაც გუნდს მისი ტრავმის შემდეგ გაუქრა. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნიკა ფირცხალავას გამოჩენაც... მოკლედ, ?დინამოს? შუა ხაზი საგრძნობლად მოძლიერდა.
შეიძლება ითქვას, თბილისელებმა მოწინააღმდეგე ყველა ასპექტში დაჯაბნეს - გაცილებით სწრაფად და აზრიანად მოქმედებდნენ, ვიდრე ?ოლიმპი?. ისიც უნდა ითქვას, რომ თემურ მახარაძემ თავისიანებს ისეთი გახსნილი ფეხბურთი ათამაშა, რის უფლებასაც ოფიციალურ მატჩებში საკუთარ თავს არ მისცემდა. ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეხვედრას გასასინჯ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და გუნდის შესათამაშებლად იყენებდა, თუმცა დინამოელებს უფრო მეტი მონდომებაც ეტყობოდათ.
ჯერ გუნდებს სალამი არ ჰქონდათ მოთავებული, როცა ფირცხალავამ კოშკაძეს გაუთამაშა ბურთი და უკანასკნელმა ახლო მანძილიდან ?ოლიმპის? კარში პირველი გოლი გაიტანა - 0:1. ამ ეპიზოდში აშკარად გამოჩნდა, რომ რუსთაველთა დაცვამ ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვა, რაც მაჭავარიანისა და ელოხის შეუთამაშებლობის ლოგიკური შედეგი გახლდათ.
თენგიზ ჩიკვილაძემ ?დინამოში? პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა. მან ყოფილი კლუბის კარი 27-ე წუთზე, ედნილსონის გადაცემის შემდეგ აიღო - 0:2. მცველები ამჯერადაც შეცდნენ.
ამის შემდეგ მასპინძლები კი გამოცოცხლდნენ, მაგრამ მათ შეტევებს სისწრაფე, სიმწვავე და ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდა. 44-ე წუთზე გია კვარაცხელიას შეეძლო სხვაობის შემცირება, როცა გილაურის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ქიჯია თავით კარში გზავნიდა, ის კი ამ ბურთს მეკარის საჯარიმოში დახვდა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.
ამასობაში, ?დინამომ? მესამე გოლის გატანაც მოახერხა. ისევ სწრაფი და მწვავე კონტრშეტევა, ისევ შეცდომა დაცვაში და... კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მათე ვაწაძეს რუსთაველთა მეკარე გია ჭანტურია კი აჯობებს, მაგრამ მოგერიებულ ბურთი კარში შოთა კაშია აგზავნის - 0:3. ამის შემდეგ, მახარაძემ შეცვლები დაიწყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოთა კაშიამ და ვაწაძემ კიდევ ერთი მწვავე შეტევა განავითარეს, მაგრამ მათემ მიზანს ააცილა. კაჭარავამ კი მეორე ტაიმში ყველა ფეხბურთელი შეცვალა და დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღეს: 70-ე წუთზე ჯორჯ აკირემის გადაცემა ვაჟა ნემსაძემ გოლით გადაასრულა - 0:4.
სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს დაშავდა ახალგაზრდა დინამოელი გიორგი მამუჩიშვილი, რომელმაც საზარდული გაიჭიმა და ჯერ უცნობია, ვარჯიშს როდის გაანაახლებს. ეს ხელოვნურსაფარიანი მოედნის ერთ-ერთი მინუსია, რაც მსგავს საფარზე ხშირი მოვლენაა - ამას აბრალებდა ტრავმას თავად მამუჩიშვილი, რომელიც გუშინ ?დინამოს??თურქულ შეკრებაზე ვერ გაჰყვა.
?ოლიმპი? ჯერ მაჭარივითაა და მახარაძე მეორე წრემდე უპირებს დაღვინებას. ამ პროცესში კი, როგორც ჩანს, რუსთაველებს რამდენიმე ფეხბურთელთან მოუწევთ შელევა. ?ოლიმპში? პირველად და, ალბათ, უკანასკნელადაც ითამაშა კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ჟოანმა, რომელიც გასინჯვაზე იმყოფებოდა. ის ბევრს დარბოდა, მოძრაობდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
მართალია, არ უთამაშია მაგრამ რუსთავში იმყოფებოდა მეკარე მირზა მერლანი, რომელიც იმედოვნებს, რომ უთამაშებლობით დაკარგულ ფორმას აღიდგენს და გუნდს გამოადგება. კლუბი ამ უდავოდ ნიჭიერ და სასარგებლო, მაგრამ ?დარდიმანდ? მეკარეს კარიერის აწყობის კიდევ ერთ შანსს აძლევს - ალბათ, უკანასკნელად. ყველა აღიარებს, რომ მერლანი გამორჩეული ნიჭის პატრონია, რომლის მსგავსიც საქართველოს არ ჰყავს და თუ რეჟიმში ჩაჯდა, მისთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენი ფეხბურთისთვისაც.
მატჩის შემდგომ ორივე გუნდის მწვრთნელს გავესაუბრეთ.
თემურ მახარაძე: ჟოანი? არა, რა რჩება, სირცხვილია...
- ბატონო თემურ, დღეს საკმაოდ გახსნილი ფეხბურთი ითამაშეთ, რაც თქვენს გუნდებს არ ახასიათებთ ხოლმე...
- ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ვაკვირდები, ვინ რას წარმოადგენს და დავალებებს როგორ ასრულებს.
- დაახლოებით მსგავსი ვითარებაა ?დინამოშიც? და ?ოლიმპის? ასეთი ანგარიშით წაგება გასაკვირი იყო...
- ჩვენ ორჯერადი, მძიმე დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ და ბიჭებმა სათამაშოდ ძალების აღდგენა ვერ მაოხერხეს. ჩვენების მოძრაობა და, მთლიანობაში, თამაშის ხარისხი ძალიან არ მომეწონა.
- კოტდივუარელი თავდამსხმელი რჩება?
- ჟოანი? არა, რა რჩება, სირცხვილია... ?ოლიმპი? ჩემპიონობისთვის იბრძვის და ასეთი თავდამსხმელი ნამდვილად არ გამოგვადგება. არ მომეწონა.
- კიდევ ვის უშვებთ?
- ამას ჯერ ვერ გეტყვით, ცხინვალის ?სპარტაკთან? მომდევნო მატჩის შემდეგ ჩამოვყალიბდებით.
- სლოვაკი რომან ხომიჩეკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მას ?სპარტაკთანაც? დავაკვირდებით, თავის გამოსაჩენად კიდევ ერთ ტაიმს მივცემთ. დღეს ვერ დატოვა სასურველი შთაბეჭდილება, მაგრამ ვნახოთ...
კახა კაჭარავა: თექთურმანიძე რჩება, კრსტესკის კიდევ შევხედავთ...
- ბატონო კახა, კოშკაძისა და ფირცხალავას დაბრუნებით, სულ სხვა ?დინამო? ვიხილეთ - აზრიანი და დალაგებული.
- რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, რადგან უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და მათ გვერდით გამოუცდელი მამუჩიშვილი და ნემსაძე თავს ბევრად უფრო თავისუფლად და მშვიდად გრძნობენ. მე ახალგაზრდებით უკმაყოფილო კი არ ვიყავი, მაგრამ მათი ასაკისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა. იმედი მაქვს, ასეთი გამოცდილი ბიჭების დახმარებით, ისინი თავის სიტყვას იტყვიან.
- ?დინამოში? გამოჩნდა გიორგი თექთურმანიძე, იგივე ?ჩიორა?. ის კლუბში რჩება?
- დიახ, რჩება, რადგან მას აქვს ფეხბურთელის მონაცემები. მთავარია, რაც შეიძლება მეტი და მონდომებით ივარჯიშოს.
- მაკედონიელი კრსტესკის საკითხი როგორ გადაწყდა?
- მან ?დინამოში? უკვე მეორე შეხვედრა გამართა და ვერ ვიტყვი, რომ მისით უკმაყოფილო ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, წინ კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაა და ვნახოთ, კრსტესკის კიდევ დავაკვირდებით.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/012/012-1.htm
მიმაგრებული სურათი