თბილისელთათვის, გარდა იმისა, რომ “სამტრედიასთან” პირველ წრეში სტუმრად,1:3 წაგების შემდეგ, სამი ქულის აღება პრესტიჟის საქმე იყო, ჩემპიონატის პირველი ეტაპის დადებითი შედეგით დამთავრებასაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
მართალია, “მიხეილ მესხზე” გამართულ მატჩში ”დინამოს” ქულების დაკარგვა რეალურად არ დამუქრებია, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ კახა კაჭარავას შეგირდებს სამტრედიელებმა გამარჯვება “ხონჩით” მიართვეს. სტუმრებმა თამაშს მონდომება არ დააკლეს და არც უშანსოდ იყვნენ, თუმცა, რეალური საგოლე მომენტების მხრივ დინამოელებს აშკარად ჩამორჩნენ. ამ მატჩიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე “სამტრედიას” მიერ მოპოვებული გამარჯვებები შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა და თუ გუნდი მეორე ეტაპისთვის ნორმალურად მოემზადება, ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, მითუმეტეს საკუთარ კედლებში.
“სამტრედიამ” მეტოქის კართან ვითარება დებიუტშივე გაამწვავა, როდესაც ტყემალაძემ ბურთი მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და კაკუბავას შეცდომის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბაკარანძემ უხეიროდ დაარტყა. დინამოელთა პრაქტიკულად პირველივე გადასვლა მეტოქის ნახევარზე გოლით დასრულდა – მერებაშვილმა კუთხური შეასრულა და გურამ კაშიამ თავით ბურთი “სამტრედიას” კარში გადაგზავნა. სტუმრებს თანაფარდობის აღდგენა ორ წუთში შეეძლოთ, მაგრამ “სტანდარტულიდან” ლაშა ვაშაკიძის გაკეთებული პასი კვესიეშვილმა ვერ შეირგო და ლორიას კარის წინ მყოფმა, მიზანს თავით ააცილა. მალევე, მოედნის ცენტრში ბურთი ტყემლაძემ დაკარგა და მერებაშვილმა ხელსაყრელ პოზიციაზე ჯიუსი გაიყვანა, მაგრამ კამერუნელის დარტყმულს ნინუა გადაეღობა. მე-20 წუთზე, სტუმართა კუთხურს “დინამოს” საჯარიმოში არეულობა მოჰყვა და მასპინძლებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს, ხოლო ფირცხალავამ შორი მანძილიდან ვერ გაიტანა. ორწუთიან მონაკვეთში “დინამოს” ანგარიშის გაზრდა ორჯერ შეეძლო – ჯერ მამუჩაშვილის პასის მერე, მერებაშვილს იგივე ნინუა ეთამაშა თავგანწირვით, შემდეგ კი, აკირემმა წამოიწყო კონტრშეტევა და მერებაშვილი ხარძეიშვილთან პირისპირ დატოვა, თუმცა დინამოელმა კარს ააცილა. 28-ე წუთზე, სამტრედიელთა საჯარიმოს მისადგომებთან მერებაშვილი ორ მეტოქეს გაცდა და მოწინააღმდეგის კართან ეულად მამუჩაშვილი დატოვა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა – 2:0. შესვენებამდე, შოთა კაშიამ მარჯვენა ფლანგიდან “სამტრედიას” კარის შორეულ ძელთან მდგომი ჯუსი მონახა, რომელიც თავით ბურთს კარგად ვერ მიწვდა. პირველ ტაიმში მერებაშვილსა და სტადიონზე უმრავლესობაში მყოფ იმერელ გულშემატკივრებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში არ გადაზრდილა.
მეორე ტაიმი, პირველისგან განსხვავებით, საგოლე მომენტებით დატვირთული არ ყოფილა. “დინამომ” მოედნის ცენტრი სტუმრებს დაუთმო და შანსს კონტრშეტევაში ეძებდა, ხოლო მამუკა მესიაჩენკოს გუნდს კლასი არ ეყო ანგარიშის შესამცირებლად. 53-ე წუთზე სამტრედიელთა სამსვლიანი კომბინაციის მერე, შოთა ჩომახიძემ თბილისელთა საჯარიმოს ფარგლებიდან ვერ მოარტყა მიზანში. ხუთ წუთში, ფირცხალავამ კუთხურიდან “დინამოს” კარის წინ ბაკარანძე მონახა, რომელმაც თავით ვერ იხეირა. მე-60 წუთზე ვაშაკიძემ შეცდა შეტევაში და მერებაშვილმა გვარიანი მანძილი ირბინა ბურთიანად, საბოლოოდ კი, ძალიან არაზუსტად დაარტყა. 66-ე წუთზე, მერებაშვილი ორ მეტოქეს გაცდა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ხარძეიშვილი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. 78-ე წუთზე, “სამტრედიას” იერიშის დროს, “დინამოს” კართან დიდი ალიქოთი შეიქმნა, თუმცა, თბილისელებმა ქორიძეს კარში ბურთის გადაგზავნის საშუალება არ მისცეს. 81-ე წუთზე კი, ბარამიძის დარტყმულს წინ გურამ კაშია აღუდგა. მატჩის მიწურულს ვაწაძემ “მაკრატელათი” სცადა ანგარიშის “გასამება”, მაგრამ უშედეგოდ.
მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი):
“ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორეში მეტოქეს სივრცე შეგნებულად დაუთმეთ და კონტრშეტევაზე ვთამაშობდით, რადგან მოედანზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ბუნებრივია, მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. მეორე ეტაპის წინ, გუნდი უფრო გაძლიერდება”.
მამუკა მესიაჩენკო (“სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი):
“დინამომ დამსახურებულად გაიმარჯვა. შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ და მომავალში ნაკლოვანებებს გამოვასწორებთ. შესვენების პერიოდში შევეცდებით შემადგენლობა გადავახალისოთ და გავძლიერდეთ” .
12 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 300 გულშემატკივარი.
დინამო (თბილისი) –სამტრედია 2:0
დინამო: ლორია, გეთიაშვილი, გურამ კაშია, კაკუბავა, თომაშვილი, მამუჩაშვილი, ქავთარაძე, შოთა კაშია, ჯიუსი (61. ჩადუნელი), მერებაშვილი (88. ლექვთაძე), აკირემი (80. ვაწაძე).
სამტრედია: ხარძეიშვილი, გოგია, კვესიეშვილი, ქორიძე, კირთაძე (46. ეცადეიშვილი), ფირცხალავა (75. აბრამიძე), ჩომახიძე, ვაშაკიძე, ტყემელაძე (85. ჯიქიძე), ნინუა, ბაკარანძე.
გოლები: 1:0 გურამ კაშია (3), მამუჩაშვილი (28).
გაფრთხილება: მამუჩაშვილი (56), შოთა კაშია (60).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1066მე როგორც ჩანს ლაპარაკით ვიყავი გართული სამტრედიას თუ ამდენი მომენტი ქონდა ნაღდად არ შემიმჩნევია ყველა ცენტრს გადმოსვლა აღნიშნეს....
ხო კიდე გოლი გურამამ გაიტანა და არა შოთამ..ასევე აკირემი ვერ მიწვდა ბურთს არა ჯიუსი...
ვაწაძის მაკრატელა ძალიან კარგი იყო..მანამდე ჯიუსმაც დაარტყა მაგრამ რატო გამორჩათ არ ვიცი
აი სურათზე როა ეგ მომენტი როგორ ვერ გაიტანა მერებამ ჩემამდე არ დადის
მიმაგრებული სურათი