დინამოელებს უცხოეთში იწვევენ
მერაბ მამულაშვილი
ამ ბოლო დროს თბილისის ?დინამოს? სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა. ტრავმის გამო არ თამაშობდა გიორგი მერებაშვილი, ეს-ესაა დაუბრუნდა მოედანს მათე ვაწაძე, ნიკა ფირცხალავამაც უმძიმესი ოპერაციების შემდეგ თამაში ახლახან განაახლა. დაშავდა ალექსანდრე კოშკაძეც, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. კლუბიდან გაუშვეს დავით დიღმელაშვილი, დუბლებში გადაიყვანეს გია ნერგაძე და ბუნებრივია, ?დინამო? ძველებურად ვეღარ გამოიყურება.
ამ ტრავმიანობისას ლიდერობა საკუთარ თავზე ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ აიღო, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო დამაჯერებლად და სასარგებლოდ თამაშობს. ის არა მხოლოდ დაცვის საიმედოობაზე ზრუნავს, შეტევებშიც კარგად ერთვება და გოლეადორულ თვისებებსაც ავლენს. ამ სეზონში გურამმა უკვე 5 გოლი გაიტანა - სამი თავით, ორიც საჯარიმო დარტყმებით. მას ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია და 22 წლის ახალგაზრდაში სპეციალისტები დიდი მომავალს ხედავენ. ბუნებრივია, გურამ კაშიათი სელექციონერებიც დაინტერესდნენ და დიდი ხანია, გვესმის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ კაშიას აყვანით ესა თუ ის კლუბი დაინტერესდა. დასახელებული იყო ესპანერი ?მალაგა?, თურქული ?ტრაბზონი? და ასე შემდეგ.
ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები, მაგრამ ის, რასაც ახლა მოგახსენებთ, გარწმუნებთ, გადამოწმებული და დადასტურებულია - თბილისის ?დინამოს? ცენტრალური მცველის აყვანა მახაჩყალის ?ანჟისა? და ბელგიურ გრანდს, ბრიუსელის ?ანდერლეხტს? სურს. სამწუხაროდ, თავად გურამთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხეთ. მას თბილისის ?დინამოსთან? კონტრაქტი 2010 წლის ივნისში უმთავრდება...
შესაძლოა, დაღესტნელებს ჰქონდეთ კიდეც კაშიას გამოსასყიდი თანხა, მაგრამ რაც შეეხებათ ბელგიელებს... ბოლო წლებში იქაურ კლუბებსაც აწუხებთ ფინანსების ნაკლებობა. ისიც საკითხავია, აღმოსავლეთევროპელში გადაიხდიან იმ თანხას, რასაც თბილისის ?დინამო? კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს? ?დინამო? საკუთარ პრესტიჟს გაუფრთხილდება და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებ ფეხბურთელში 50 ან 100 ათას დოლარს ნამდვილად არ დაჰყაბულდება.
ბელგიელთა სელექცია კი იაფფასიან ბაზრებზეა გათვლილი. რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ქართული კლუბები ასეთთა კატეგორიას არ განეკუთვნებიან. მაგრამ აქ ვგულისხმობთ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს. ბალკანელები, აფრიკელები და სამხრეთამერიკელები ხშირად უფრო იაფფასიან გარიგებებს ყაბულდებიან.
ასე რომ, ეს ტრანსფერი ცოტა შორეულ პერსპექტივაში უფრო იკვეთება, ვიდრე უახლოეს პერიოდში. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ გურამ კაშიას ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და როგორც შევიტყვეთ, მანამდე ის კლუბის დატოვებას არ აპირებს. თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა ბევრად უფრო სასურველია და დაინტერესებული კლუბებიც უფრო თამამად იმოქმედებენ. თავად ფეხბურთელისა და კლუბის ინტერესი კი, ალბათ, ერთმანეთს ემთხვევა - ?დინამოს? სურს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ცნობილ კლუბში გაუშვას, რაც თავად ფეხბურთელსაც იზიდავს. თუმცა საბოლოოდ რა გადაწყდება, ჯერ არავინ იცის.
საინტერესო წინადადებები აქვს ?დინამოს? ლიდერ მერებაშვილსაც. მას ზაფხულში ?ვერდერი? იწვევდა, მაგრამ გარიგება ვერ შედგა. მერე უეფას თასის ბოლო გათამაშების მეოთხედფინალისტი ხარკოვის ?მეტალისტი? გამოჩნდა, რომელიც მზად იყო, ნახევარი მილიონი დოლარი გადაეხადა - ?დინამოსთვის? ესეც მიუღებელი პირობა აღმოჩნდა. ალბათ, ეს კლუბის რეპუტაციის დაცვის მცდელობაა. თუმცა რამდენად რეალური იქნება კლუბის მოთხოვნებისა და დაინტერესებულ უცხოელთა ინტერესების თანხვედრა, ამას უახლოესი პერიოდი გვაჩვენებს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/293/293-2.htmსტატია კრშკოს წასვლაზე:
http://www.opentext.org.ge/09/lelo/293/293-9.htm