პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან რეალურია... ფედერაციის პრეზიდენტი გამჭვირვალობის მომხრეა: აბა, ისაა საქმე, 9 ფეხბურთელი ძველ მერსედესში რომ გაცვალეს?!
როგორც ვწერდით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრას აპირებდა. სწორედ ამიტომ დავუკავშირდით გუშინ ბატონ ზვიადს, რომელსაც სხვა საკითხებზეც ველაპარაკეთ.
- როგორც ვიცით, პრემიერ ნიკა გილაურთან შეხვედრას გგემავდით...
- ვგეგმავდით, მაგრამ ისეთი დღეები დაემთხვა... თან ბატონო ნიკაც გადატვირთული იყო... თუმცა შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, თან ძალიან მალე.
- ვიცით, რომ ლაპარაკი იქნება კლუბებისთვის სტადიონების გადაცემაზე, რასაც ბევრი ჩვენი ფეხბურთის განვითარებისა და ბიზნესის მიზიდვის უმთავრეს საშუალებად მიიჩნევს. თქვენი აზრით, ეს რეალურია?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ძალზე რეალურია.
- მთავრობასთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია?
- პროგრამაზე წინასწარ ვიმუშავეთ, ცნობილია მთავრობის პოზიციაც და შევჯერდებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ ინვესტორს დააინტერესებს. როცა სტადიონები კლუბების საკუთრებაში გადავა, მაშინ ფეხბურთი უნდა გახდეს მომგებიანი ბიზნესი. ჩვენი სურვილი ფიფასა და უეფას მოთხოვნების შესრულებაა, რომ კლუბების ბიუჯეტი გამჭვირვალე გავხადოთ, ისევე, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. მაგალითად, წინ რა უდგას იმას, რომ კლუბმა სატრანსფერო თანხები დაასახელოს? ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ევროპელებისთვის უფრო საიმედო და სანდო პარტნიორები გავხდებით. აბა, ისაა საქმე, 9 ფეხბურთელი ძველ �მერსედეს E 124-ში� რომ გაცვალეს? ეს ტრანსფერი კი არა, დაცინვა იყო.
- ეს რომელ გუნდში მოხდა?
- ძველი ამბავია, ერთ-ერთ ცნობილ კლუბში ედუარდ შევარდნაძის პერიოდში მოხდა... მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ეს ხომ ჩვენი სირცხვილია. ზოგჯერ გული მისკდება, ისეთი რაღაცები მესმის, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ.
- როგორც ვიცით, ბავშვთა და უმაღლესი ლიგის კლუბების გასაძლიერებლად პროექტს ამზადებთ. შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ?
- ეს პროექტი ნამდვილად წაადგება ჩვენს ფეხბურთს, კლუბებსაც და ბიზნესმენებსაც, მაგრამ სანამ შეხვედრა არ გაიმართება, მოდით, დაკონკრეტებას მოვერიდები.
- �ლოკომოტივის� სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ თქვენი წინამორბედის დროს დაისვა. თქვენც იმავეს ცდილობთ, მაგრამ... საკითხი თითქოს ჰაერშია გამოკიდებული...
- არა, რატომ? მერიასთან მოლაპარაკება დაწყებულია, ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა და იმედია, ეს საკითხი ფეხბურთისთვის სასიკეთოდ გადაწყდება.
- მერე მხოლოდ მოედნის შეკეთებას აპირებთ თუ გენერალურ რეკონსტრუქციას?
- �ლოკომოტივი� უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ქვეყნის მეორე სტადიონს შეშვენის. ამხელა საფეხბურთო ტრადიციის ქვეყანას, სადაც ფეხბურთი მეორე რელიგიაა, სამომავლოდ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენზია მაინც არ უნდა ჰქონდეს? აზერბაიჯანი ქალთა ევროპის ჩემპიონატს მიიღებს, ჩვენი ტრადიციები ერთმანეთს როგორ უნდა შევადაროთ?! საქართველომ თავისი ადგილი უნდა დაიბრუნოს ფეხბურთში და საამისოდ, ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია. მხოლოდ საფარის შეცვლა საკმარისი არ იქნება.
- აპრილი დადგა და �ლოკომოტივის� საფარს ჯერ ვერაფერი ეშველა. თუ ასე გაგრძელდა, ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს როგორ ვუმასპინძლებთ?
- მანამდე, პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. სხვაგვარად, ტურნირს ვინ ჩაგვატარებინებს?
- მცხეთის ბაზის რეკონსტრუქცია რა სტადიაშია?
- მინდორი უკვე კეთდება, დანარჩენი პროექტები კი დამტკიცების სტადიაშია. იმის გამო ვბრკოლდებით, რომ შენობების აშენება იმ ტერიტორიაზე გვსურს, რომელზეც აგრარულ უნივერსიტეტთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ წესით უახლოეს დღებში უნდა გავაფორმოთ.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/079/079-3.htm