რევოლუცია მოდის! ვერ გეტყვით, პროფლიგის გუშინდელი კონფერენციის შემდეგ წარმოდგენილი პროექტები განხორციელდება თუ არა, მაგრამ მისი რეალიზაცია ქართულ ფეხბურთში რევოლუციის ტოლფასი რომ იქნება, ეს უდავოა.
პროფესიული ფეხბურთის ლიგის XIV კონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გაიმართა. დათქმული 3 საკითხის მიუხედავად, დელეგატებმა მხოლოდ 2 განიხილეს: 1. ცვლილებები პროფლიგის წესდებაში; 2. პროფლიგის კონცეფციის განხილვა. რაც შეეხება �მიმდინარე საკითხებს� (დღის წესრიგში მესამე პუნქტად რომ იყო შეტანილი), გრაფიკიდან ამოვარდა, თუმცა კონფერენციაზე იმდენად საინტერესო საკითხებზე იყო ლაპარაკი, უთუოდ დიდი ყურადღებას იმსახურებს...
ზვიად სიჭინავა: კონფერენციაზე ადმინისტრატორები კი არ უნდა გამოეგზავნათ, პრეზიდენტები თავად უნდა მოსულიყვნენ
კონფერენციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ესწრებოდა - პირველად სხდომა მან დატოვა და უმალ ინტერვიუ ვთხოვეთ:
- ახალი წესდება წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ძველი ლიგის თავკაცებს ბევრის უფლება არ ჰქონდათ. მაგალითად, კონფერენციის ნებართვის გარეშე აუდიტის ჩატარება ეკრძალებოდათ. ხომ უნდა გაიგონ, რა დებეტი და კრედიტი აქვთ? ამას გარდა, უნდა ჩამოყალიბდნენ კლუბები და თავად ლიგაც - რა გეგმები აქვთ, როგორ იმუშავებენ და იარსებებენ. უეფაში რომელიმე კლუბი წარმოდგენილია? ხომ გახსოვთ, სალაპარაკო გახდა, აღმასკომში არ არიან �დინამო�, �ზესტაფონი� და ასე შემდეგ...
- გაოცება იმან გამოიწვია, რომ აღმასკომში იმ კლუბების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ, რომლებიც კერძო საკუთრებაში არიან...
- ეს იყო ადრე, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ლაპარაკია პროფლიგის გაძლიერებაზე, სადაც ყველა კლუბი გაწევრიანდება. ლიგაში ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ კლუბების სატკივარი და კლუბებმაც თავიანთი პრობლემების გადასაწყვეტად ეს ორგანიზაცია უნდა დაიხმარონ. დღესაც გარკვევით ვთქვი - კონფერენციაზე ადმინისტრატორები კი არ უნდა გამოეგზავნათ, პრეზიდენტები თავად უნდა მოსულიყვნენ. აქ ჩვენი და სახელმწიფოს ერთობლივი, უმნიშვნელოვანესი პროექტი წარმოვადგინე, რომელიც მხოლოდ ხელმძღვანელთა თანდასწრებით უნდა გადაწყვეტილიყო. ახლა ადმინისტრატორი ჩემს ნათქვამს გადასხვაფერებულად გადასცემს კლუბის ხელმძღვანელს, რომელიც შვიდჯერ დამირეკავს და მკითხავს - რა და როგორ თქვიო. ამას სჯობდა, თავად მოსულიყვნენ და ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებდნენ. არადა, მოსვლა ყველას ვთხოვე. მე კი არ მსიამოვნებდა ისრაელში წასვლა, მაგრამ ისეთი საკითხები წყდებოდა, მესამეხარისხოვან ფიგურას ვერ გავგზავნიდი. ბუბა ტყავაძესა და �სამტრედიის� პრეზიდენტს მოსვლისთვის მადლობა გადავუხადე, მაგრამ ვერ დავინახე ილია კოკაია, გურამ რუხაძე, ბესიკ ჩიხრაძე, ლექსო თოფურია... მიმაჩნია, რომ ეს ხალხი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვას უნდა ესწრებოდნენ.
- როგორც შევიტყვეთ, კლუბებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება სავსებით რეალურია...
- თბილისის მასშტაბით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება სპორტულ ობიექტებზე - თუ აქამდე მიწისა და ქონების გადასახადი 0,01 პროცენტი იყო, ახლა გახდა 0,001 იქნება. ანუ, თუ ადრე გადასახდელი იყო 100.000 ლარი, ახლა გახდება 10.000. 90 ათასი ლარი სერიოზული ეკონომიაა. სავსებით შესაძლებელია, წლის ბოლომდე წყლის გადასახადიც ასევე მასშტაბურად შემცირდეს.
- როდის მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას რაიონებისთვისაც, სადაც დედაქალაქზე ბევრად მეტი გაჭირვებაა?
- თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, წლის ბოლოს უკვე მთელ საქართველოში დაინერგება. მერიამ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სერიოზული ნაბიჯი გადადგა. ჩვენს გაჭირვებულ კლუბებს ეს საკმაოდ დიდი ეკონომიას მისცემს. დღეს საფეხბურთო სკოლას ბევრი დაინტერესებული ადამიანი იმიტომ არ აშენებს, რომ 100-ათასიანი ობიექტის გადასახადები ძვირი უჯდებოდა. თბილისის მერიის გადაწყვეტილება კი ბიზნესმენებს სპორტისკენაც გამოახედებს.
კლუბს პლუს სტადიონები
რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი:
- საერთო სურვილია, რომ კლუბები უნდა განკერძოვდნენ და ჩემპიონატში მხოლოდ ასეთი კლუბები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, უნდა მივაღწიოთ ქართული ფეხბურთის კომერციალიზაციას. პროფლიგის უმთავრესი დანიშნულება კი სპონსორების, ტელევიზიებისა და რეკლამის მოზიდვაა, ანუ რითიც სულდგმულობს ფეხბურთი. შესაბამისად, კარგი იქნებოდა საგადასახადო შეღავათები, რაც სახელმწიფო ინტერესებს არ დააზარალებს. კონფერენციაზე უმთავრესად ამაზე ვილაპარაკე. კერძო კლუბების ჩემპიონატი ისევ ჩვენს ფეხბურთს წაადგება. მნიშვნელოვანია, ფულის სწორი ხარჯვა და გამართული მენეჯმენტი.
- კლუბების განკერძოება კარგი იქნება, მაგრამ სადაა ფეხბურთით დაინტერესებული კომპანიები? კიდევ კარგი, კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს, თორემ უმაღლესი ლიგაც მოყვარულთა პირველობას დაემსგავსებოდა.
- გეთანხმებით, მაგრამ კერძო საკუთრებაზე კლუბების გადასვლა უეფას მოთხოვნაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, კლუბს ჰქონდეს საკუთარი ინტელექტუალური და მატერიალური ქონება, სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ეს ბიზნესის საკლუბო ფეხბურთით დაინტერესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. ბუნებრივია, კერძო სექტორი სტადიონსა და ბაზას პროფილს ვერ შეუცვლის. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის განხორციელება, რათა ადრე თუ გვიან მაინც მივიღოთ კონკურენტუნარიანი და ძლიერი პირველობა. ეს ძლიერი ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების საწინდარი გახდება. მეტი ძლიერი კლუბი გარანტიაა იმისი, რომ ნიჭიერი ბავშვები არ დაიკარგებიან.
ბრენდები ფეხბურთში მოდიან?
მიხეილ აბაიშვილი, ლიგის პრესსამსახურის ხელმძღვანელი:
- ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უმნიშვნელოვანესი პროექტი წარმოადგინა, რაც საქართველოს ჩემპიონატში ცნობილი ქართული ბრენდების ჩართვას გულისხმობს.
- კონკრეტულად, რომელი ბრენდები?
- რაც მახსოვს, დასახელდა �ჯეოსელი�, �მაგთი�, �ლუკოილი�, �სოკარი�, PშP, �ავერსი�, ფოთის პორტი, ბათუმის პორტი და კიდევ რამდენიმე ცნობილი ბრენდი. თუ შეთანხმება მოხდება, მათ კლუბებს გადასცემენ... დასახელდა �ვისოლიც�, მაგრამ თუ არ მეშლება, ამ კომპანიამ უარი თქვა, რადგან გუნდი უკვე ჰყავს.
- კლუბს როგორ გადასცემენ?
- კლუბს საკუთრებაში გადასცემენ კომპანიას, რომელიც ვალდებული იქნება, ანგარიშზე საგარანტიო მილიონი ლარი დადოს და ეს თანხა სეზონის მსვლელობისას აუცილებლად დახარჯოს. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ კომპანია კლუბს მინიმალურ პირობებს შეუქმნის, შეინახავს უმაღლესის, დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებს, სეზონის მსვლელობისას, ფეხბურთელები დაუბრკოლებლად მიიღებენ ხელფასებს და ანაზღაურდება ტრანსპორტირების, მატჩის ორგანიზაცებისა და ტექნიკური სპონსორის ხარჯები.
- ანუ, თითოეული კომპანია ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს?
- საქმეც მაგაშია, რომ ერთწლიანი არ იქნება. დაინტერესებულ კომპანიას კლუბი გადაეცემა საკუთრებაში. პირველ წელს მინიმუმ მილიონი ლარის ჩადებაზეა ლაპარაკი. ალბათ, კონტრაქტში კლუბზე სამომავალო მზრუნველობაც იქნება გათვალისწინებული.
- ბრენდები შეთავაზებაზე თანახმა არიან?
- როგორც ვიცით, ნაწილი თანახმაა, მაგრამ რომელი - ჯერ არ ვიცი.
ეს სისტემის ჩამოყალიბებას ნიშნავს
პაატა ბურჯალიანი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი:
- წესდებაში არსებული ბუნდოვანი დებულებები შეიცვალა, გარკვეული ვალდებულებები გადანაწილდა და წესდება უფრო მკაფიო გახდა. ცვლილების შედეგად ლიგის საპატიო წევრად რომელიმე ცნობილი უცხოური კლუბის მოწვევა შეგვიძლია. ეს მარკეტინგულ გათვლას ითვალისწინებს და ყველამ მხარი დაუჭირა. ამას გარდა, შემოღებულია საპატიო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
- ამ პოსტზე ვინ დაინიშნა?
- ჯერჯერობით, დანიშნული არავინაა.
- რაც შეეხება კლუბების დაფინანსებას...
- ზვიად სიჭინავამ ილაპარაკა, რომ სახელმწიფოსთან ერთად ფეხბურთის ფედერაცია და ლიგა ამზადებენ პროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბალანსზე მყოფი გუნდები კერძო სტრუქტურებს უნდა გადაეცეს. მოლაპარაკებები დაწყებულია და შეიძლება ითქვას, უკვე დასრულების სტადიაშია. ეს იქნება უზარმაზარი ნაბიჯი ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის. კლუბის ბედი რეგიონის ხელმძღვანელის კეთილგანწყობაზე ან ფეხბურთის სიყვარულზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რაიონში ახალი ხელმძღვანელი რომ დანიშნონ და ფეხბურთი უყვარდეს? შესაბამისად, აღარც დააფინანსოს? ამიტომ, სისტემა უნდა შეიცვალოს. კერძო კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება, კლუბი რენტაბელური გახადოს. მოლაპარაკების ფარგლებში კლუბის მინიმალური ბიუჯეტი მილიონი ლარით განისაზღვრა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პროექტი უპირველესად კლუბებისთვისაა მნიშვნელოვანი.
ეს შეღავათები კლუბს განავითარების საშუალებას მისცემს
ბუბა ტყავაძე, თბილისის დინამოს მმართველი დირექტორი:
- კლუბებისთვის მიწისა და ქონების გადასახადის შემცირება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან გამოთავისუფლებული თანხა ისევ კლუბის განვითარებას მოხმარდება. ჩემთვის სასიხარულო იყო ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი, ცნობილი ბრენდების ქართულ ფეხბურთში შემოსვლასთან დაკავშირებით. ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ვგულისხმობ იმავე კლუბების განკერძოებას და ასე შემდეგ. ეს არის სწორი მიმართულება, რომელიც ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ჩამოაყალიბებს. საბოლოოდ კი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.
???????????? დასრულების შემდეგ ლიგის ხელმძღვანელებმა პრესისთვის ბრიფინგი გამართეს.
გია ფირცხალავა, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი: - ახალ წესდებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. ის წინასწარ ყველა კლუბს გავაცანით. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი აუდიტს უკავშირდებოდა, რადგან კონფერენციის ნებართვის გარეშე, მისი ჩატარების უფლება არ გვქონდა. ახლა უკვე საკუთარი შეხედულებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ლიგის ფინანსურ მდგომარეობას ზუსტად შევაფასებთ.
ლევან ღვინიანიძე, პროფლიგის ახალი კონცეფციის ავტორი: - ლიგის მთავარი ამოცანა ფეხბურთისკენ გულშემატკივრისა და ბიზნესის შემობრუნებაა. საამისოდ საჭირო იყო ახალი კონცეფცია, სადაც ახლებური ხედვებია წარმოდგენილი. ძველი მიდგომით, ბიზნესს ფულს ვთხოვდით, რაც მიუღებელია. მას წინადადება უნდა შესთავაზო. საჭიროდ მიგვაჩნია გულშემატკივრობაში ბავშვების აქტიური ჩართვაც, რადგან სწორედ ბავშვობიდან უნდა დავნერგოთ ქომაგობის კულტურა.
- ეს ცნობილი თეზისებია, რეალურად კი ქართული ბიზნესი ვერანაირი პროექტით ვერ დაინტერესდა. მდგომარეობის შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ?
- გასაგებია, რომ სასპონსორო ბაზარი მცირეა, მაგრამ უკეთესი წინადადებების შემთხვევაში, დაინტერესება შესაძლებელია. დღეს ელექტრონულ მედიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, სასპონსორო პაკეტი შევთავაზოთ ამა თუ იმ კომპანიას, რომლის შრიფტით მაისურებზე ფეხბურთელის ნომერსა და გვარს ამოვტვიფრავთ. ელემენტარულად, გუნდები ერთიანი ფორმებით უნდა იყვნენ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ვიზუალურ მხარესა და ამგვარ დეტალებს მნიშვნელობა არ ენიჭება, ძალიან ცდება. დაბალი ვიზუალური დონე გულშემატკივრებსა და ბიზნესში ნიჰილიზმს ბადებს.
მიხეილ აბაიშვილი: - ბიზნესმენებთან მოლაპარაკება უმაღლესი ლიგის 5 სახელმწიფო კლუბის კერძო საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სულ 14 კერძო კომპანია დაინტერესდა და ჩაყრილია საფუძველი იმისთვის, რომ სამომავლოდ წელში გამართული კლუბები გვყავდეს და ინფრასტრუქტურა გვქონდეს. საბოლოოდ, ეს გულშემატკივრისა და სპონსორების ინტერესს გაზრდის.
- მოლაპარაკებები რომელ კომპანიებთან მიმდინარეობს?
გია ფირცხალავა: - ამას ბოლოს დავაკონკრეტებთ. ბიზნესი საფეხბურთო მხარის დაინტერესებას დადებითად შეხვდა. მათ თავადაც აქვთ წინადადებები. საუბარია წელიწადში მინიმუმ მილიონი ლარის ბიუჯეტზე. ჩვენის მხრივ კი მზად ვართ, კლუბების მართვაში დავეხმაროთ.
- რა მოხდება, თუკი ერთი კლუბით რამდენიმე კომპანია დაინტერესდება?
პაატა ბურჯალიანი: - მერე ამას რა სჯობია? მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას.
- ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში რამდენი კლუბი ითამაშებს?
გია ფირცხალავა: - ჯერ ჩვენი ამოცანაა ამ სეზონის ჩამთავრება, ახალ პირველობაზე კი მერე ჩამოვყალიბდებით.
- წინა ფედერაციის დროს მიღებულმა მცდარმა გადაწყვეტილებამ და 16-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლამ, საქართველოს პირველობა წელში გატეხა, მაყურებელმა და ბიზნესმა უინტერესო ჩემპიონატს ზურგი აქცია. არ გეშინიათ, რომ ლიგის ხელახალი გაფართოება იმავე შედეგებს მოგვიტანს?
- ჩვენ წარსულის გამოცდილებასაც ვითვალისწინებთ. ყველაფერი კომპანიების ჩართვაზეა დამოკიდებული. და თუკი ბრენდები კლუბებს აიყვანენ, ამაზე მეტი გარანტია რაღა გინდათ?! ასეთ შემთხვევაში, კლუბებს ფინანსური პრობლემები აღარ შეექმნებათ.
მიხეილ აბაიშვილი: - მესმის, რომ კითხვაში მინიშნება სპორტულ რესურსზეცაა. ანუ, სად უნდა მოვძებნოთ 14 ან 16 გუნდის დასაკომპლექტებლად სასურველი დონის მოთამაშეები. თუ კომპანიები კლუბებს აიყვანენ, მაშინ ეს გახდება სოლიდური ხელფასების გარანტია და ლეგიონერების გარკვეული ნაწილი, რომელიც შედარებით დაბალი რანგის ლიგებში თამაშობს, საქართველოს ჩემპიონატს დაბრუნდება. ეს კი პირველობის დონეს აუცილებლად აამაღლებს.
- რეგიონის თუ რაიონის ადმინისტრაცია კლუბს აღარ დააფინანებს?
პაატა ბურჯალიანი: - თუ კლუბი კერძო საკუთრებაში გადავა, სახელმწიფო თანხები სხვა საჭიროებისთვის გამოთავისუფლდება. კლუბს კომპანია უფრო მიხედავს, რადგან სახელმწიფო სტრუქტურაში ფეხბურთის ბედი მთლიანად ჩინოსანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/080/080-1.htm