დღეს თითქმის თვენახევრიანი შესვენების შემდეგ ნახლდება XXI-ეროვნული ჩემპიონატი, იწყება 3-წრე.
იმედია რომ უფრო საინტერესოდ და დაძაბულად ცაივლის ჩემპიონატის ეს გადამწყვეტი ეტაპი.
* * *
ძველ-ახალი იმედიანი განწყობა
გია ტუხაშვილი
თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან საქართველოს ჩემპიონატი განახლდება. სხვათა შორის, მეორე ეტაპის საწყისი ტური, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ ?გაწელილი? იქნება - ხუთი მატჩი... ოთხ დღეზე გადანაწილდება. არანაკლებ უჩვეულოა ის ფაქტიც, რომ ამ ხუთიდან სამი შეხვედრა რუსთავში უნდა ჩატარდეს - ადგილობრივი ?ოლიმპის? გარდა ?სიონი? და ?ვიტ ჯორჯია? თავიანთ მეტოქეებს ?ფოლადის? სტადიონზე უმასპინძლებენ. ოღონდ, ბოლნისური კლუბისთვის ეს დროებითი მოვლენა იქნება, მაშინ როცა მოქმედი ჩემპიონი სეზონის ბოლომდე საშინაო მატჩებს სწორედ რუსთავში ჩაატარებს. რახან სტადიონებზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ჩვენს უპირველეს საფეხბურთო არენას უბრუნდება თბილისის ?დინამო?; თანაც, იმის დიდი ალბათობაც არის, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თავის საშინაო მატჩების უმრავლესობა საღამოთი, პროჟექტორების შუქზე ჩაატაროს (რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატის ბოლო ორი ტურის გარდა - დებულების თანახმად, ამ შემთხვევაში ყველა შეხვედრა ერთსა და იმავე დროს დაიწყება).
...რას უნდა ველოდეთ ჩემპიონატის დასკვნითი და გადამწყვეტი ეტაპისგან? უპირველეს ყოვლისა, მეტ-ნაკლებ ინტრიგას: როგორც ზედა სამეულში, ასევე - ცხრილის ქვედა ნაწილშიც; ამას გარდა, როგორც ყოველთვის, იმედი გვინდა დავიტოვოთ, რომ მესამე და მეოთხე წრის მატჩები ?პატიოსანი თამაშის? პრინციპით ჩაივლის. აი, ისეთივე ?იმედიანი? განწყობილება გვაქვს, როგორიც ამ ჩემპიონატის დაწყების წინ. მაშინ, XXI ჩემპიონატის სასტარტო ტურის წინ ასეთი რამ ვისურვეთ: ?იმედი დავიტოვოთ, რომ ახალი ჩემპიონატი, წინასგან განსხვავებით, მხოლოდ დადებითად დაგვამახსოვრდება; ანუ, მაქსიმალურად შემცირდება სეზონის ფინიშისკენ უნიჭოდ დადგმული საფეხბურთო სპექტაკლები თუ ყველასათვის აშკარად დასანახავი... რამდენიმე გუნდის ერთმანეთთან ?ჩახუტება?! ჰო, ხალხს სანახაობა უყვარს და თუ გვინდა, რომ ჩვენს სტადიონებზე გულშემატკივარმა იაროს, მაშინ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ნაღდი ფეხბურთიც შემოგვათავაზოს!?
აი, ასე ვისურვეთ და ვნახოთ - რა ან როგორ იქნება სეზონის ბოლოსკენ. ახლა კი ტრადიციულად, ჩემპიონატში მონაწილე ათივე გუნდზე ვისაუბროთ: მეორე ეტაპისათვის როგორ მოემზადნენ, ვინ - დაიმატეს, ვინ - გაუშვეს, რა მიზნები ექნებათ და ასე შემდეგ...
ოლიმპი
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და ამ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი უცხოურ შეკრებაზე არ წასულა და ადგილზე ემზადებოდა მეორე ეტაპისათვის. თუმცა, ამ ფაქტით გუნდის უმთავრესი მიზანი არ შეცვლილა და რუსთაველები სამწლიანი პაუზის შემდეგ მეორე ტიტულის მოლოდინში არიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდში უამრავი ცვლილება მოხდა: სხვადასხვა მიზეზით ?ოლიმპიდან? 12 (!) ფეხბურთელი წავიდა, სანაცვლოდ კი 11 ახალი მოთამაშე დაიმატეს. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვინც წავიდა, იქიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი - შოთა ბაბუნაშვილი და სევასტი თოდუა.
სამაგიეროდ, მატება ბევრად უფრო ?ფასეულ-ხარისხიანია? და თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ ისედაც ძლიერი ?ოლიმპი? ახალი ფეხბურთელების დამატებით უფრო გაძლიერდა. რუსთავულმა კლუბმა ?შიდა სატრანსფერო ბაზარზეც? ხომ იაქტიურა, რაც მთავარია, სამშობლოში დააბრუნა სამი გამორჩეული ფეხბურთელი - გია კვარაცხელია, სანდრო იაშვილი და თემურ ღონღაძე. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ გუნდში დარჩა ანდერსონ აკინო - ?ოლიმპის? ბრაზილიელი გამთამაშებელი ხომ ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მწვრთნელზე კი არაფერი გვითქვამს - თემურ მახარაძეს, ფაქტობრივად, ახალი გუნდით მოუწევს მდევრებთან სოლიდური ჰანდიკაპის შენარჩუნებაც და საკუთარი წაუგებელი სერიის გაგრძელებაც...
ზესტაფონი
მაშინ, როცა ჩვენი გუნდების უმრავლესობა მოსამზადებელ პერიოდში თბილისს ვერ გასცდენია, ?ზესტაფონს? უკვე ტრადიციად ექცა უცხოური შეკრებები. ეგ კი არა, გია გეგუჩაძის გუნდი სულაც ერთადერთია, ორი უცხოური შეკრება რომ გაიარა: ?ზესტაფონი? ჯერ ანთალიაში იმყოფებოდა, მერე კი - ესპანეთში! ალბათ, არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ ამ ორივე შეკრებაზე ?ზესტაფონის? სპარინგპარტნიორები ?ჭ? კლასის კი არა, ცნობილი ევროპული კლუბები იყვნენ. ორმხრივად სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენი გუნდი წარმატებულად ასპარეზობდა ისეთ მეტოქეებთან, როგორებიც არიან - ?აუსტრია?, ?ლეგია?, ?დნიპრო?.
სეზონის დაწყების წინაც ვწერდით, რომ ამ ჩემპიონატში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ?ზესტაფონი? უნდა ყოფილიყო - გია გეგუჩაძის გუნდი ზაფხულში ხომ საგრძნობლად გაძლიერდა. მართალია ერთპიროვნულ ლიდერთან ჩამორჩენა შვიდ ქულას შეადგენს, მაგრამ კლუბის ამბიციური პრეზიდენტი (ილია კოკაია) და არანაკლებ ამბიციური მწვრთნელი დანებებას არ აპირებენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან ?ზესტაფონია? თითქმის ერთადერთი გამონაკლისი, თითოეულ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელი რომ ჰყავს.
პირველი ეტაპისგან განსხვავებით, ამ გუნდში სერიოზული ცვლილება არ მომხდარა: თავისი შთამბეჭდავი კარიერა დაასრულა ქართული ფეხბურთის დამსახურებულმა ვეტერანმა ზურაბ იონანიძემ, ხოლო უჩა ლობჟანიძე კლუბმა საკმაოდ სარფიანად გაასხვისა უკრაინულ ?დნიპროში?. ახალწვეულებიდან კი, უპირველეს ყოვლისა, ქუთაისის ?ტორპედოსა? და რიგის ?სკონტოს? ყოფილი კაპიტანი დავით გამეზარდაშვილი უნდა აღვნიშნოთ - ტანმაღალი ცენტრალური მცველი საქართველოს ჩემპიონატში სამწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა!
ვიტ ჯორჯია
ბოლო რვა სეზონის განმავლობაში ჩვენს ჩემპიონატში ?უცნაური? ტენდენცია შეინიშნება: ჩემპიონობის ზედიზედ ორჯერ მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებს! ანალოგიურის გაგრძელებას უნდა ველოდეთ ამ სეზონშიც: მოქმედ ჩემპიონს ტიტულის შენარჩუნება რომ გაუჭირდება, ფაქტია; ყოველ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, არაერალურად გვეჩვენება, რომ ?ვიტ ჯორჯიამ? ერთპიროვნულ ლიდერთან არსებული თორმეტქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას. თუმცა, უკვე ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ?ვეტერინარებისთვის? სეზონი წარუმატებლად არ უნდა შეფასდეს - ახალი მწვრთნელის გელა გომელაურის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად შეძლო სუპერთასის მოპოვება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ?ვიტ ჯორჯია? თასის ნახევარფინალშია გასული და ამ სეზონის უმთავრესი პრიორიტეტიც, ალბათ, ამ ტურნირში წარმატებულად ასპარეზობა იქნება. მით უფრო, რომ ?ვიტ ჯორჯიას? თასი არასდროს აუღია...
მოქმედი ჩემპიონი ადგილზე ემზადებოდა და არც სატრანსფერო ბაზარზე უაქტიურია; გუნდი დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, პირველ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას რომ განიცდიდნენ (ყველაშვილი, მგელაძე), ?სიონში? იჯარის წესით ითამაშებს გიორგი მელქაძე, ხოლო სეზონის წინ დამატებული გიორგი კახელიშვილი კარიერას ?დინამოში? გააგრძელებს. ჯერჯერობით გაურკვეველია გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კლიმიაშვილის საკითხიც, რომელიც უკრაინულ ?ჩერნომორეცში? ჯერ კიდევ სინჯებს გადის. აი, ახალი ფეხბურთელები კი გუნდში არ გამოჩენილან; თუმცა კლუბის ტრადიციიდან და სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს არავის უნდა გაჰკვირვებოდა. სამაგიეროდ, ოფიციალურ მატჩებში უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ კლუბის აღზრდილ რამდენიმე პერსპექტიულ ახალგაზრდას (კორიფაძე, გურეშიძე, ჯანელიძე, ადამაძე), ამ ზამთარს ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში ჩინებულად რომ გამოიყურებოდა.
დინამო
აი, პირველი ეტაპის მთავარი მოულოდნელობაც - ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გადამწყვეტ ეტაპს მეოთხე ადგილზე ხვდება! არადა, წინა ოცი ჩემპიონატის განმავლობაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, საფინიშო ცხრილში ?დინამო? მესამე ადგილს ქვემოთ აღმოჩენილიყო. აღარც გვახსოვს, ყოველივე ამას უკვე მერამდენედ ?ვახსენებთ? ?დინამოს? მწრთნელ-ფეხბურთელებს; თუმცა, ალბათ, თვითონაც კარგად იციან საკუთარი კლუბის ისტორია და, აქედან გამომდინარე, მეორე ეტაპზე, წესითა და რიგით, აშკარად ?სხვა? ?დინამო? უნდა ვიხილოთ. ისე, ?დინამოს? ასეთ ასპარეზობასაც, რაღა თქმა უნდა, თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა: პირველ ეტაპზე ჩატარებული 18 შეხვედრიდან გუნდს, ფაქტობრივად, არც ერთში უასპარეზია ოპტიმალური შემადგენლობით! ტური არ გავიდოდა, კახა კაჭარავას ტრავმების გამო რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი არ გამოჰკლებოდა - ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, მათე ვაწაძე, ნიკა ფირცხალავა; პირველი ეტაპის მიმდინარეობისას გუნდი დაშორდა ორ გამოცდილ ნახევარმცველს - დავით დიღმელაშვილსა და გიორგი ნერგაძეს.
მოკლედ, ამდენი საკადრო პრობლემა რომ არა, ?დინამო? მისთვის შეუფერებელ მეოთხე ადგილზე ნამდვილად არ იქნებოდა. სამაგიეროდ, მეორე ეტაპის დაწყებას გუნდის ერთგული ფანები დიდი იმედით ხვდებიან: ?დინამომ? საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და იქ ჩატარებულ ხუთივე საკონტროლო შეხვედრაში (თან, ერთი-მეორეზე ძლიერ გუნდებთან) ნორმალურზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა. რაც მთავარია, ტრავმებისგან განიკურნა გუნდის ყველა ლიდერი; ამას გარდა, ზაფხულისგან განსხვავებით ?დინამომ? სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურა და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე არცთუ ურიგო ფეხბურთელები (კახელიშვილი, ჩიკვილაძე შეყრილაძე, თექთურმანიძე) დაიმატა. საინტერესო ლეგიონერი ჩანს მაკედონიელი ახალწვეული ალექსანდრ კრსტესკიც, ვინც ?დინამოს? ახალ კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად დაცვის ცენტრი უნდა გაამაგროს. აი, რაც შეეხება დანაკლისს, ასეთად, რაღა თქმა უნდა, ისრაელში წასული ლევან ხმალაძე უნდა მივიჩნიოთ.
სპარტაკი
სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტი აქტიურობით ?ოლიმპს? მხოლოდ ერთმა გუნდმა აჯობა; აი, ?არაოფიციალურ ჩათვლაში? კი მომდევნო ადგილი ცხინვალის ?სპარტაკს? უნდა მივანიჭოთ: ისე როგორც ზაფხულში, გუნდში ახლაც უამრავი ცვლილება მოხდა. არადა, ერთი შეხედვით, გუნდის ასეთ გადახალისებას სერიოზული საფუძველი არც უნდა ჰქონოდა - წინა სეზონში თუ ?სპარტაკის? უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. იმის გარდა, რომ ?სპარტაკი? თავისთვის საპატიო მეხუთე ადგილზე იმყოფება, გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალშიც არის გასული. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც გადაწყვიტა საკადრო ცვლილებები და ძირითადი აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე აიღო.
ვნახოთ, რამდენად მოახერხებენ ?სპარტაკის? ახალგაზრდა ახალწვეულები (დეკანოიძე, ბუზალაძე, ბურჯანაძე, მგელაძე) გუნდიდან წასული გამოცდილი ფეხბურთელების (დიდავა, გილაური, დათუნაიშვილი, გოცირიძე, მანწკავა) სრულფასოვნად შეცვლას. წინასწარ იმის თქმაც ძნელია, თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობას ?სპარტაკის? ორი ახალწვეული ლეგიონერი: მეკარე - ნონოსი (კამერუნი) და ნახევარმცველი - ნალო (საფრანგეთი).
სხვათა შორის, ?სპარტაკმა? ერთი მეტად საინტერესო ტრანსფერიც განახორციელა: გუნდის აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი კობა შალამბერიძე კარიერას პოლონურ ?ოდრაში? გააგრძელებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში დღემდე მხოლოდ სამ ჩვენებურს უთამაშია - გია გურულს, გია ჯიშკარიანსა და მამია ჯიქიას.
სამტრედია
XXI ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა უმაღლეს ლიგაში რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ?სამტრედიის? ღირსეული ასპარეზობა იყო. სეზონის დაწყების წინ ვივარაუდეთ, რომ მოკრძალებული ფინანსური საშუალების მქონე გუნდს უმაღლეს ლიგაში თამაში მეტ-ნაკლებად გაუჭირდებოდა. თუმცა, ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელთა და ხელმძღვანელთა (პრეზიდენტი - ზაზა ადეიშვილი) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ ეტაპზე ?სამტრედიამ? მართლაც ღირსეულად ითამაშა. ეგ კი არა, ?გრანდების რისხვადაც? იქცა და ყველას ის ძველი დრო გაახსენდა, მოწინააღმდეგეებს სამტრედიიდან ერთი ქულის წამოღებაც რომ ენატრებოდათ. ?სამტრედიას?, სეზონის მსვლელობაშივე მწვრთნელი შეეცვალა: გამოცდილი ვალერიან ჩხარტიშვილი ადგილობრივმა ახალგაზრდა სპეციალისტებმა - მამუკა მესიაჩენკომ და ლევან ანჯაფარიძემ შეცვალეს.
რაც შეეხება პირველ და მეორე ეტაპებს შორის პაუზას, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა და ურეკში შეკრებაზეც იმყოფებოდა. გუნდის შემადგენლობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა: ?სამტრედიაში? ჩარიცხულ ახალწვეულთა უმრავლესობას (აკაკი კუპრეიშვილი, გიგა ჟვანია, გიორგი ილურიძე, გიორგი კვაღინიძე) უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება აქვს. აი, რაც შეეხება დანაკლისს, ?სამტრედია? რამდენიმე ფეხბურთელმა კი დატოვა, მაგრამ იმათგან მხოლოდ სამს უწევდა ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად თამაში - გიორგი კვესიეშვილს, ლაშა ვაშაკიძესა და პაატა ბაკარანძეს.
სიონი
და აი, სატრანსფერო პერიოდის... ?ერთპიროვნული ლიდერიც?! თანაც, ზედიზედ მეორე სეზონია ასე გრძელდება: ყოველ ზამთარ-ზაფხულს ?სიონის? შემადგენლობა, სულ ცოტა, 70-80 პროცენტით იცვლება! ჰო, ასე იყო ამ ჩემპიონატის დაწყების წინაც, როცა გუნდში მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძე დაინიშნა და ?სიონიც? ხელახლად დაკომპლექტდა. მერე, მახარაძე ?ოლიმპში? გადავიდა და ?სიონის? გაძღოლა ბოლნისური ფეხბურთის დამსახურებულ წარმომადგენელს გიორგი ყიფშიძეს დაევალა.
თუმცა პირველი ეტაპის დასრულებისთანავე გაცხადდა, რომ ჩემპიონატის დასკვნითი მატჩებისათვის ?სიონს? ახალი მწვრთნელი, ხვიჩა ქასრაშვილი უთავკაცებდა. ქასრაშვილი ?სიონში? ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა ადრე თუ საჩემპიონო მიზნების მქონე გუნდს ხელმძღვანელობდა, ახლა სულ სხვა, უფრო ზუსტად, ბევრად მოკრძალებული მიზნები ექნება - გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნოს! ქასრაშვილის მოსვლის შემდეგ ?სიონის? შემადგენლობა, ფაქტობრივად, ძირფესვიანად შეიცვალა - პირველი ეტაპის შემდეგ გუნდიდან 13 (!) ფეხბურთელი წავიდა.
აქედან, ყველაზე დიდი დანაკლისი, რაღა თქმა უნდა, ალექსანდრე გოგობერიშვილია, - გამოცდილი ნახევარმცველი პირველ ეტაპზე ბოლნისელთა გუნდში, უდავოდ, საუკეთესო იყო. რაც შეეხება ახალწვეულებს, გუნდმა 14-15 (!) ახალი ფეხბურთელი დაიმატა და მათ შორის გამოცდილებიც (ლევან და გიორგი მელქაძეები, გივი დიდავა, გიორგი დეკანოსიძე, თემურ რაქვიაშვილი, ირაკლი შენგელია) არიან და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელებიც (გიორგი მაისურაძე, ვილი ისიანი).
გაგრა
პირველ ეტაპზე ჩემპიონატში ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი გვყავდა და ისიც გაგვეცალა: ზამთრის პაუზამდე ორი ტური რჩებოდა, ?გაგრას? უკრაინელმა მწვრთნელმა ვლადიმირ კაშჩეიმ პოსტი საკუთარი სურვილით რომ დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა. კლუბის ხელმძღვანელებს სხვა სპეციალისტის ძებნა არ დაუწყიათ და გუნდის გაძღოლა კახა კარანაძეს ანდეს, რომელიც კაშჩეის ასისტენტად მუშაობდა. პირველი ეტაპის შემდეგ ?გაგრას? მხოლოდ ორი ქულა აშორებს გასავარდნ ზონას და ისე როგორც წინა სეზონში, გუნდის უმთავრესი მიზანი ახლაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. ასეთი მოკრძალებული მიზნის მიუხედავად ?გაგრამ? ტრადიციას არ უღალატა და მოსამზადებელი პერიოდი კვლავაც უცხოეთში (კერძოდ, თურქეთში) გაიარა.
სხვათა შორის, ანთალიაში ?გაგრას? საკმაოდ სერიოზული სპარინგპარტნიორები ჰყავდა და ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია. პირველ ეტაპთან შედარებით გუნდში გარკვეული ცვლილებებიც მოხდა: ტყუპი ძმების ხორგუაშვილების, კუპრეიშვილის, თოთაძისა და რაქვიაშვილის წასვლით გამოწვეული ვაკუუმი ახალწვეულებმა (ჯიშკარიანი, გულორდავა, კიკნაძე, ჩხეტიანი, ქორთუა) უნდა შეავსონ. სამწუხაროდ, შეკრებაზე დაშავდა ლადო ნადირაშვილი და ?გაგრამ? გამოცდილი მეკარე ზვიად სტურუაც დაიმატა, რომელიც შეეცდება სერიოზული კონკურენცია გაუწიოს რევაზ თევდორაძეს.
რაც მთავარია, ?გაგრაში? დარჩა გუნდის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი გიორგი გაბედავა; აგრეთვე, პირველი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, 17 წლის თორნიკე ოქრიაშვილი.
ბაია
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მწვრთნელი აქაც შეიცვალა: ბესიკ შეროზია ამიერიდან ფოთის ?კოლხეთს? უთავკაცებს, მისი ადგილი კი ელგუჯა ქომეთიანმა დაიკავა. ამასთან, ზუგდიდურ კლუბში მთავარი მწვრთნელის კონსულტატის სტატუსი ექნება სოსო ჭედიას - საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელი ყველა ღონეს იხმარს, რომ თავისი მშობლიური ქალაქის გუნდმა, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. მართალია, ამ დროისათვის ?ბაია? ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ მდგომარეობას კატასტროფული ნამდვილად არ ეთქმის. თან, იმის მიუხედავად, რომ გუნდი დატოვა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა (ვალტერ გუჩუა, რევაზ ჯიქია, ნიკა ძალამიძე); სამაგიეროდ, შევსებაც არანაკლებ სოლიდურია: სხვადასხვა გუნდებიდან გადმოსული მოთამაშეთა (გოგა ფიფია, სევასტი თოდუა, გიორგი კვესიეშვილი, ზაზა სახოკია, ვალერი ბოლქვაძე) გარდა კვლავაც ზუგდიდში იასპარეზებენ - გიორგი სომხიშვილი, პაატა ბაკარანძე და შოთა ლომია.
ისე, ?ბაიას? უმაღლესი ლიგიდან გავარდნა, მართლაც, საცოდაობა იქნება - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ გუნდში ხომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთდროულად რამდენიმე პოტენციური კანდიდატი (ზარქუა, აქუბარდია, კვეკვესკირი, სიხარულია, გუგუჩია, ეხვაია) თამაშობს. ჰო, ჩისამბა ლუნგუც არ დაგვავიწყდეს - ?ბაიას? ზამბიელ შემტევს ხომ... საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სულ ახლახან დებიუტი ჰქონდა.
ლოკომოტივი
პირველი ეტაპის დიდი ნაწილი ?ლოკომოტივი? უიმედო აუტსაიდერი იყო; თუმცა, ნოემბერ-დეკემბერში ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას ასევე ახალგაზრდულმა გუნდმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და ჩემპიონატში ნანატრი გამარჯვებაც მოვიდა. ამას გარდა, ?ლოკომოტივმა? რამდენიმე ძლიერ მეტოქესთანაც ღირსეულად ითამაშა და აქედან გამომდინარე, ამ გუნდის გადარჩენის შანსები უტოპიად ნამდვილად არ უნდა მივიჩნიოთ. მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ?ლოკომოტივს? ხმაურიანი მეგა-ტრანსფერები არ განუხორციელებია, თუმცა ახალწვეულებს (გიორგი ჭელიძე, ზვიად მეტრეველი, დავით კაკულია, ლაშა დეკანოსიძე) მაინც შეუძლიათ გუნდის გაძლიერება.
?ლოკომოტივის? ყველაზე პრობლემური რგოლი თავდასხმის ხაზია - აქამდე ჩატარებულ თვრამეტ შეხვედრაში გუნდმა მეტოქეთა კარში მხოლოდ ექვსი (!) გოლის გატანა მოახერხა. სამაგიეროდ, სასაყვედურო არ ეთქმით მცველებს და მეკარეს; ეგ კი არა, ?ლოკომოტივის? კარის დარაჯი მაქსიმე ქვილითაია ჩემპიონატის პირველ ეტაპზე კოლეგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულიც იყო რუსთავის ?ოლიმპის? გამოცდილ მეკარე გრიგოლ ჭანტურიასთან ერთად. სხვათა შორის, ?ლოკომოტივი? საკმაოდ ნაყოფიერად მოემზადა (საკუთარ ბაზაზე, საგურამოში) მეორე ეტაპისათვის, რაც ნათლად გამოჩნდა კიდეც ?ოლიმპთან? და ?სიონთან? ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში.
* * *
სიონი-სპარტაკი შეგიზლიათ ნახოთ გამოსახულებიანი ონლაინ-რეპორტაჟი აქ.
http://www.goli.ge/