არ ჯობია, პროფლიგა დავხვეწოთო?..
მერაბ მამულაშვილი
როგორც იქნა, ზვიად სიჭინავამ პროფესიული ლიგის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია გამოხატა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოსაზრება გადაცემა ?საფეხბურთო ღამეში? გააჟღერა - სიჭინავამ განაცხადა, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან ერთად, მსგავსი პროფილის სხვა ორგანიზაციების ჩამოყალიბება დასაშვებად მიაჩნია - ისინი კონკურენციას გაზრდიან და კლუბებს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენო.
საფეხბურთო აკადემია ?ოლიმპის? დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი, რომელიც პროფესიული ფეხბურთის ლიგის ერთ-ერთი აქტიურ მხარდამჭერი გახლდათ, სიჭინავას იდეას არ ემხრობა...
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა საჭირო გახდა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ნაცვლად, სხვა ორგანიზაციის ჩამოყალიბება. მაგრამ, რაკი სიჭინავა ასე აპირებს, მსურს, აქვე ჩემი მოსაზრება გამოვთქვა - თუკი ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზაცია მართლაც რამდენიმე შპს-მ გადაწყვიტა, იდეაში, თითოეულ ამ შპს-ში ხომ რამდენიმე გუნდი გაერთიანდება?
- ალბათ...
- ჰოდა, მაშინ ყველა ვარიანტში საბოლოო გადაწყვეტილება ფედერაციამ უნდა მიიღოს და გაარკვიოს, ვინ ჩაატარებს ჩემპიონატს. სხვა შემთხვევაში ქაოსი შეიქმნება.
- რატომ?
- შესაძლოა, ვთქვათ, 6 გუნდი სუპერლიგაში გაერთიანდეს, ოთხიც პროფლიგაში. მაშინ, ვინ ჩაატარებს ჩემპიონატს? ასეთ შემთხვევაში ფედერაცია, რომელიც ჩემპიონატის ჩატარების უფლებას გასცემს, ვალდებული გახდება, ეს უფლება რომელიმე ორგანიზაციას გადასცეს. სხვაგვარად, ერთიანი ჩემპიონატი არ გვექნება. სხვა საქმეა, თუ ფედერაცია ტენდერს ჩაატარებს და მასში გამარჯვებული გახდება ეროვნული პირველობის რომელიმე ორგანიზატორი. ვგულისხმობ ასეთ ტენდერს - ვთქვათ, კომპანიებმა საკუთარი პირობები წამოაყენონ, ვინ რას სთავაზობს საფეხბურთო სამყაროს, რა პირობებს, რა თანხებს, როგორ ორგანიზაცებას, ვინ იქნებიან სპონსორები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც კი, ფედერაციამ გადაწყვეტილება ცალმხრივად არ უნდა გამოიტანოს, კლუბების წარმომადგენლებს მოეთათბიროს და საუკეთესო შეთავაზება თუ ვარიანტი ერთად გამოავლინონ. ბუნებრივია, უნდა არსებობდეს მინიმალური ზღვარი და გარანტიები, რომელსაც პროფესიული ფეხბურთის ლიგა თუ სუპერლიგა დააკმაყოფილებს, რაც იმის წინაპირობა გახდება, რომ მხოლოდ დაპირებების ამარა არ დავრჩებით. მთავარია, სიტყვას როგორ შეასრულებ, თორემ იცოცხლეთ, საქართველოში რომ დაპირებები ვიცით.
- სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, რა საჭიროა პროფლიგის მსგავსი ორგანიზაციის დაარსება, როცა ის უკვე არსებობს. თუკი ლიგისადმი პრეტენზიები არსებობს, არ ჯობია, თავად ეს ორგანიზაცია დავხვეწოთ?
- მე ზუსტად ამ მოსაზრებას ვიზიარებ. საუკეთესო გამოსავალი სწორედ პროფლიგის დახვეწაა. ვერ დავეთანხმები სიჭინავას, თითქოს, ჩემპიონატის ჩამტარებელი რამდენიმე ორგანიზაციის ჩამოყალიბება კონკურენციას გაზრდის. ეროვნული ჩემპიონატი გზის დაგება არ არის, სამ სხვადასხვა კომპანიას რომ ჩააბარო. აქ აუცილებელია ერთი ორგანიზატორი. ამ საქმეში ორი ხელმძღვანელი ზედმეტი და გაუმართლებელია. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი ტენდერი მგონია. რა გითხრათ... უამრავი კითხვა დამებადა და ვფიქრობ, ამ თემაზე საჯარო მსჯელობა ჩვენს ფეხბურთს ნამდვილად წაადგებოდა.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/303/303-1.htm