ბოშათა ბანაკი თემქას მიემგზავრება`
მცხეთა, გორი, რუსთავი, ახლა თემქაც - ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც თბილისის "ვიტ ჯორჯიას" დროთა განმავლობაში საშინაო მატჩები აქვს ჩატარებული. საერთოდ კი, ამ გუნდის ბაზა და სათამაშო მოედანი მცხეთაშია, მაგრამ, იმის გამო, რომ მოედანზე ეგვიპტური ქვიშა და კაუჩუკია შესატანი, სტადიონის საბოლოოდ დასრულება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. "ვიტ ჯორჯია" უახლოეს რამდენიმე ტურს თბილისში, თემქაზე, "ნორჩი დინამოელის" ახლადგარემონტებულ სტადიონზე ჩაატარებს.
როდის უნდა დასრულდეს ამ გუნდის მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და როდის დაბრუნდებიან "ვეტერინარები" საკუთარ მინდორზე? "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი - მერაბ კოჭლაშვილი ამბობს, რომ მოედნის საფარზე შესატანი ქვიშა "გზაშია". მერაბ კოჭლაშვილი Goli.Ge-ს კითხვებს პასუხობს.
- "ვიტ ჯორჯია" საშინაო მატჩებს ახლა უკვე თემქაზე ჩაატარებს, ხომ არ გაშარჟდა ეს თემა უკვე და როდის უნდა მორჩეს ეს გუნდი აქეთ-იქეთ სიარულს?
- სამწუხაროდ, ასეა. როგორც იცით, მცხეთის სტადიონის გასაკეთებლად სამმხრივი ხელშეკრულება დაიდო - კლუბის ხელმძღვანელობის, უეფასი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის. უეფამ და გუნდმა ეს ვალდებულებები შეასრულეს. ფედერაციას კი, მოედნის საფარზე ქვიშისა და კაუჩუკის შეტანა ევალებოდა. ქვიშა ეგვიპტიდან უნდა შემოიტანონ. როგორც გვითხრეს, განბაჟება გაჭიანურდა ამ მასალის, ახლა გზაშიაო და ამას ველოდებით. როდის შეიტანენ კაუჩუკს, როდის დაყრიან, არ ვიცი, შემდეგ დავარცხნა დასჭირდება საფარს.
- რუსთავში რატომ აღარ დარჩით, არ ჯობდა იქ ჩაგეტარებინათ გადასვლამდე მატჩები?
- რამდენადაც ვიცი, ხელშეკრულების საფუძველზე იყო "ვიტ ჯორჯია" რუსთავში. ვადა ამოიწურა და ხელახლა ხვეწნა და ხელშეკრულების გაფორმება აღარავის უნდა. სტუმრად ვიყავით იქ და დიდი ხანი გაგრძელდა. სტუმრობასაც აქვს დასასრული და ამიტომ გადაწყდა თემქა და იქ ვითამაშებთ ახლა.
- "ვიტ ჯორჯიას" საკმაოდ რთული შეხვედრები ელის წინ და გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. რა მისცა თურქულმა შეკრებამ გუნდს?
- როგორც იცით, ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვყავს, ზოგიერთი დაგვიბრუნდა. ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, რომლებიც თურქეთში კი არა, საერთოდ შეკრებაზეც არ იყო ნამყოფი. სამჯერადი ვარჯიშები გვქონდა ყოველდღე, ორჯერ ბურთით და მესამე - ტრენაჟორებზე. მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის არის, რომ იმუშაო ნაკლზე და შეცდომებზე და შემდეგ უკვე ამის შედეგი მოიმკა. გარდა პრაქტიკული და თეორიული სამუშაოსი, ჩვენ გვქონდა წაღებული თამაშები, ვუყურებდით და ვაანალიზებდით. კარგად იცით, რომ "ვიტ ჯორჯია" ყველაზე შეკრულ და მეგობრულ გუნდად ითვლება, ფეხბურთელები დანათესავდნენ კიდეც, მაგრამ გუნდის ძირითადი ბირთვის წავიდა, ახალგაზრდები მოდიან, ჩვენ ისევ ვცდილობთ, რომ ეს ტრადიციად ქცეული ერთიანობა შევინარჩუნოთ და ამ მხრივ, ეს შეკრება ძალიან კარგი იყო. ახალწვეულები უკეთესად გავიცანით და გაიცნეს ბიჭებმა ერთმანეთი. სპარინგ-მატჩები ძალიან სასარგებლო იყო, ზოგი მოვიგეთ, ზოგი წავაგეთ, მაგრამ დავინახეთ, რომელ რგოლში რა გვიჭირს და ამაზე ვმუშაობთ.
- გუნდი ლიპარტიამ და ლომაიამ დატოვეს. ამ ეტაპზე წასულია კლიმიაშვილიც, ლიდერების გარეშე, ისედაც არასტაბილურ "ვიტ ჯორჯიას", უფრო მეტად არ გაუჭირდება ამ სეზონში?
- გაუჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ლიპარტიაც და ლომაიაც ჩემი გუნდის ლიდერები იყვნენ. კლიმიაშვილიც ერთ-ერთი გამწევი ძალა და მათ გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან თავზე იღებდნენ ლიდერობას. ეს, გარკვეულწილად, დამღლელიცაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კლიმიაშვილის, ლიპარტიას და ლომაიას გვერდით თამაშმა ბევრი მისცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ თავს უმაღლეს ლიგაში. კასრაძის, ვასაძის, ჯანელიძის მაგალითი აიღეთ. წავიდნენ, ეს ფაქტია, მაგრამ ტირილს ვერ დავიწყებთ. მოდის თაობა, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენ, ჩამოთვლილი ფეხბურთელების ჩათვლით. ეს ფეხბურთელები ახლა ეჩვევიან უმაღლეს ლიგას და მთავარი მიზანი მათი გაზრდაა. დანარჩენ ორ სეზონსაც თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც გასულ ორს, ჩვენ უკმაყოფილონი ნამდვილად არ ვიქნებით. მთავარია, რომ დარჩენილი ბირთვი ახალი სეზონიდან, ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს.
- ხშირად აკრიტიკებენ გუნდს იმის გამო, რომ წამყვან ფეხბურთელებს სინჯებზე უშვებს. ირაკლი კლიმიაშვილი "ანჟიში" იმყოფება ახლა, უკვე გადაწყდა მისი რუსეთში დატოვება, აღარ ითვლება ის თქვენი გუნდის წევრად?
- კლიმიაშვილს "ვიტ ჯორჯიასთან" კიდევ აკავშირებს წელიდან-ნახევრიანი კონტრაქტი. ის სხვადასხვა გუნდებში იმყოფებოდა სინჯებზე. გახსოვთ, ალბათ ოდესაში იყო, და რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მისი იქ დარჩენა. როდესაც ფეხბურთელს უნდა წასვლა და გთხოვს, რომ გაუშვა ძალების მოსასინჯად სხვაგან, უარს ვერ ეტყვი. რატომ ვერ და არ რჩება ეს ფეხბურთელი სხვა გუნდში, ეს მიზეზი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ახლა ის "ანჟის" მეორე შეკრებაზე მიჰყავს და შემდეგ გადაწყდება მისი საკითხი. კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ, მანამდე კი ის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელად ითვლება.
- ამ შემადგენლობით რისი მიღწევა შეუძლია გუნდს,რა მიზნები გაქვთ წელს?
- ჩვენ სამეულისგან ქულათა დიდი რაოდენობა გვაშორებს, მაგრამ მეოთხეზე ვართ და ვიღაცაზე წინ ხომ ვართ? ფეხბურთელები წავიდნენ, მოდიან ახალგაზრდები. თან ეს ის პერიოდია, რომ შეიძლება ახალგაზრდას თავში "აუვარდეს", განსაკუთრებით ეს ქართველების სენია და გაფუჭდეს. მე არ მივცემ ჩემს ფეხბურთელებს ამის უფლებას. საკმაოდ შრომისმოყვარე ბიჭები არიან. მიხარია, რომ ჯანელიძე ისე ათამაშდა, როგორც ეს ჩვენი პირველი შეხვედრისას იყო, ზაქრაძეც, ველით, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ა.შ. შეიძლება, წელს ვერ გავიდეთ სამეულში და ვერ მოვიპოვოთ ტიტული, მაგრამ მთავარია, ხარვეზები გამოსწორდეს ყველგან, დავალებები შესრულდეს სწორედ და ახალი სეზონიდან, "ვიტ ჯორჯიას" ექნება პრეტენზია, სამეულში მოხვედრის და მაღალი მიზნებისთვის ბძოლის. მჯერა, ეს ბიჭები, დიდ და კარგ ფეხბურთს თამაშებენ, ვინაიდან შრომა არ ეზარებათ, ნიჭიერები არიან და სწორი ხედვით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს.
http://www.goli.ge/index.php?lang_id=GEO&s...05&info_id=1945მაგარი სათაურია
მიმაგრებული სურათი