მწვრთნელს ნდობა გოლებით გავუმართლე
ლევან ჯანეზაშვილი
?ვიტ ჯორჯიას? ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბერიაშვილია. თუკი აქამდე იგი ვეტერინართა შემადგენლობაში ეპიზოდურად ჩნდებოდა, ბოლო ტურებში ?ვიტ ჯორჯიას? მთავარი თავდამსხმელია და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე უკვე სამი გოლი აქვს გატანილი. ყველაზე გამოსარჩევი, რაღა თქმა უნდა, თბილისის ?დინამოს? კარში გატანილი ეფექტური ბურთია, რითაც დედაქალაქურ დერბიში გამარჯვებას დაუდო სათავე.
ბერიაშვილის კარიერა ?კოდაკოში? დაიწყო, რასაც ?ვაკე 91?, ?ავაზა? და ?ნორჩი დინამოელი? მოჰყვა. სხვადასხვა დროს მისი მწვრთნელები იყვნენ ვაჟა მათიაშვილი და ვახტანგ კოპალეიშვილი, ?ვიტ ჯორჯიაში? კი 2000 წელს ნოდარ აკობიას რეკომენდაციით მოხვდა.
გიორგი საკუთარი წარმატების მიზეზებზე, მიმდინარე სეზონის პერიპეტიებსა და სამომავლო მიზნებზე გვესაუბრება.
- იმის მიუხედავად, რომ წლებია, ?ვიტ ჯორჯიაში? თამაშობთ, მაინც გახდით ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა. ასეთი პროგრესი რას უნდა მივაწეროთ?
- ეს უპირველეს ყოვლისა, გელა გომელაურის დამსახურებაა. იგი მენდო და ნდობა კარგი თამაშითა და გოლებით გავუმართლე. მნიშვნელოვან მატჩებში ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი და ვალდებული ვიყავი, გუნდის წარმატებისთვის თავი არ დამეზოგა. საბედნიეროდ, ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ჩემი წვლილიცაა იმაში, სეზონის მეორე ნახევარს ?ვიტ ჯორჯია? მაღალ დონეზე რომ ატარებს.
- გელა გომელაურის გამწვრთნელებამდე ნდობა გაკლდათ?
- დიახ, ნაკლები სათამაშო დრო მეძლეოდა და ხშირად თავის გამოჩენას ვერ ვახერხებდი. მოედანზე ხანდახან გავდიოდი, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა კი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძნელია. მხოლოდ ვარჯიშით ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნები, სისტემატური სათამაშო პრაქტიკის გარეშე შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ გამოავლენ. წინა, საჩემპიონო სეზონში უფრო ხშირად ვთამაშობდი და გუნდისთვის სარგებლობაც მომქონდა, ამ სეზონის პირველ ნაწილში კი უმეტესად სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი.
- თქვენი მთავარი კონკურენტი ვახტანგ კვარაცხელიაა...
- კონკურენციის გარეშე ფეხბურთელი ვერ გაიზრდება და მოხარული ვარ, ასეთი ძლიერი მეტოქე რომ მყავს. მთავარი ისაა, რომ ვარჯიშებზე ერთმანეთს ხელს ვუწყობთ და პიროვნულადაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მოედანზე ვინ გავა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. წინა სეზონში ხშირად ორი თავდამსხმელით ვთამაშობდით და მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ალბათ, მიმდინარე ჩემპიონატშიც იქნება შემთხვევები, როცა მინდორზე ორივე ერთად ვიქნებით.
- ცენტრფორვარდის გარდა, სხვა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება არ გაქვთ?
- სხვა ამპლუაში მხოლოდ ბავშვობისას ვთამაშობდი, დიდ ფეხბურთში კი მხოლოდ ცენტრალური თავდამსხმელი ვარ.
- მწვრთნელის შეცვლამ გუნდის თამაშში ბევრი რამ შეცვალა?
- დიახ, დღეს ?ვიტ ჯორჯია? უფრო სანახაობრივ, შინაარსიან და კომბინაციურ ფეხბურთს აჩვენებს. რაც მთავარია, შედეგებიც კარგი გვაქვს, ჩემპიონატის მეორე ეტაპს დაუმარცხებლად ვატარებთ.
- თუმცა ბოლო ორ მატჩში გამარჯვება გაუშვით ხელიდან.
- სამწუხაროდ, ?სამტრედიასთანაც? და ?ზესტაფონთანაც? კონცენტრაცია დაგვაკლდა და ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნეთ. არადა, ორივე შეხვედრა ისე მიმდინარეობდა, გამარჯვება ჩვენ უფრო გვეკუთვნოდა.
- ამ მატჩების ვერმოგება გადაღლილობის ბრალი ხომ არაა?
- ზამთრის შეკრებაზე ფიზიკურად კარგად მოვემზადეთ და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გვაქვს, მაგრამ გადატვირთულმა კალენდარმა მაინც შეგვიშალა ხელი. როგორც იცით, თებერვალში დიდთოვლობის გამო ჩემპიონატის ორი მატჩი გადაგვედო და ამ შეხვედრების ჩატარება ახლა გვიწევს, რასაც დიდი ძალები მიაქვს. ამას დაუმატეთ საქართველოს თასის ორი ნახევარფინალური მატჩიც და დარწმუნდებით, რომ ?ვიტ ჯორჯიას? მეტისმეტად დაძაბული სათამაშო გრაფიკი აქვს. ვიმედოვნებ, დროის ამ რთულ მონაკვეთს ღირსეულად გავივლით.
- ?დინამოს? ეფექტური გოლი გაუტანეთ, რასაც ?სპარტაკთან? შესრულებული დუბლი მოჰყვა. ?დინამოს? კარში დარტყმა ზუსტად ასე გსურდათ თუ უნებურად გამოგივიდათ ასეთი მოჭრილი დარტყმა?
- როცა ბურთი მივიღე, ჯერ პასის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ კარიდან წინ გამოსული ლორია დავინახე და დარტყმა გადავწყვიტე. დარტყმა დაახლოებით ისეთი გამომივიდა, როგორიც ჩავიფიქრე, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელი მეკარის შეცდომამაც შემიწყო.
- ოთხშაბათს და კვირას ჩემპიონატის მორიგი მატჩები გელით.
- ორივე შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ?გაგრასთან? 0:4-ისთვის რევანში უკვე ავიღეთ, მაგრამ სამი ქულა ახლაც ჰაერივით გვჭირდება. ?ოლიმპთანაც? გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, მას სატურნირო ცხრილში ვეღარ დავეწიოთ, მაგრამ ამ შეხვედრას მაინც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ.
- ?ვიტ ჯორჯიას? პრიორიტეტად უკვე იქცა საქართველოს თასის მოპოვება?
- ჩვენი მიზანი ევროთასებზე გასვლაა და ბუნებრივია, უკეთესი იქნება, თუ ამას ტიტულის მოგებით შევძლებთ.
- საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე რას იტყოდით?
- უმჯობესია, ეს სხვამ შეაფასოს, თუმცა ორ მომენტს მაინც გამოვყოფ. ჩემს მთავარ პლუსად შრომისმოყვარეობა მიმაჩნია, მინუსად კი საგოლე მომენტების გამოუყენებლობა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ იმ ტიპის თავდამსხმელებს განვეკუთვნები, რომლებსაც მომენტის შექმნა შეუძლიათ.
- რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშიათ?
- ოფიციალურ მატჩებში არა. თავის დროზე სერგო კუტივაძეს ვყავდი გამოძახებული 17-წლამდელთა ნაკრებში, სადაც რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე. ახალგაზრდული ნაკრების ასაკსაც გადავცდი და გულის სიღრმეში ეროვნულ ნაკრებში თამაში მსურს, მაგრამ აქამდე ჯერ შორია. თუმცა მაინც მაქვს იმის იმედი, რომ მომავალში უფრო შედეგიანადაც ვითამაშებ და შრომაც დამიფასდება.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/055/055-6.htm