sokrate torpedo2008
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 671
წევრი No.: 113790
რეგისტრ.: 25-February 10
|
#20359715 · 25 Jun 2010, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიტ ჯორჯიას` ყოფილი რძლები, ქმრებისგან განსხვავებით, დაშლას არ აპირებენ!
მათ ყველას "ვიტ ჯორჯია" აერთიანებდათ, ახლა კი უკვე სხვა გუნდების რძლები არიან. ყველაზე მეგობრული გუნდის მეგობარი რძლები, ქმრებისგან განსხვავებით დაშლას არ აპირებენ და მათი ქმრების სხვადასხვა გუნდებში გადანაწილების მიუხედავად, უკვე რამდენჯერმე მოასწრეს ერთად შეკრება. დეა ბალიაშვილი (გიორგი დათუნაიშვილი), ნათია საღარაძე (ლაშა ჯაფარიძე), დაჯი გობეჯიშვილი (გრიგოლ ბედიაშვილი), ნათია გიგაური (ნიკა გელაშვილი) - ყველა ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" რძალი იყო. ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ შეკრებილიყვნენ და ერთად გაეხსენებინათ ქმრებთან ერთად ამ გუნდში გადატრებული წლები. შეკრებას ნათია გიგაური (ნიკა გელაშვილის მეუღლე) გამოაკლდა შვილის ავადმყოფობის გამო, ხოლო დანარჩენებმა მხოლოდ რესპონდენტის ამპლუა არ იკმარეს და ერთმანეთს კითხვებიც დაუსვეს, მათ შორის მეც მთხოვეს, რომ როდესაც ისინი ჟურნალისტების ამპლუაში იქნებოდნენ, მე ჩვეულებრივი რესპონდენტი ვყოფილიყავი და არა ჟურნალისტი და უარი არც მითქვამს. ვნახოთ, როგორი რძლები, რესპონდენტები და ამავდროულად, ჟურნალისტები არიან ყოფილი "ვიტ ჯორჯიელების" ცოლები.
პირველი კითხვის დასმის "უფლება" მე მომცეს:
მ.კ. – "რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში "ვიტ ჯორჯიას", მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეუღლეები აღარ არიან ამ გუნდის წევრები?
დ.გ. - ქმრებმა შეგვაყვარეს ეს გუნდი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთმანეთს დავუნათესადით, დავმეგობრდით და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვუგულშემატკივრებთ "ვიტ ჯორჯიას".
დ.ბ - ვერ წარმომიდგენია "ვიტ ჯორჯიას" გარეშე ცხოვრება, 4 წელია ცოლ-ქმარი ვართ, სულ შეკრებები იყო, ყველა მოგებული თამაშის შემდეგ სადღაც მივიოდით, რეჟიმი მოგეხსენებათ, როგორიც აქვთ და გამოჩნდებოდა თუ არა ორი თავისუფალი დღე "პახოდებს" ვაწყობდით, ერთად დავდიოდით სულ, "ვიტ ჯორჯიელები" ერთად უფრო დიდ დროს ვატარებდით, ვიდრე ჩვენი ოჯახის წევრებთან. ასეთი შეკრული გუნდი არ არსებობს სხვა საქართველოში და ცოლებმაც შევუწყეთ ხელი ამას.
ნ.ს. - ჩემი შვილი - რეზი დღემდე "ვიტ ჯორჯიას" ჰყვირის, დროთა განმავლობაში, ალბათ, შევეგუებით, გიგა კი წავიდა სხვაგან, 4 "ვიტჯორჯიელი" "ოლიმპში" გადავიდა, მაგრამ ამით ჩვენი დიდი ოჯახი არ შემცირდება, შეიძლება უფრო გაიზარდოს, მაგრამ ის მეგობრობა, რაც ამ გუნდმა მოიტანა, არასდროს დაიკარგება.
კითხვას ამჯერად "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კარის კიპერის მეუღლე დაჯი გობეჯიშვილი სვამს:
დ.გ - რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა?
დ.ბ. - რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სასიამოვნოა, შენი ქმარი შეტევაში რომაა და გოლი გააქვს (იცინის). მათ კალენდარზე იყო აწყობილი ჩვენი ცხოვრება, კალენდარი გვედო ხოლმე წინ და გუნდის თამაშების მიხედვით ვადგენდით ქორწილს, ნათლობას და სხვა დღეებს.
ნ.ს. - რთულია, მაგრამ მივეჩვიეთ უკვე. იქ თამაშის დროს ყველაფრით კმაყოფილი იყო, როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელითაც და გარემოთიც.
მ.კ. - ბიჭები შეკრებებზე ხშირად დადიან, არ ეჭვიანობთ? დეა, შენ ქმარს დაბადების დღე 9 თებერვალს აქვს, ნათია შენც 9 თებერვალს გაქვს დაბადების დღე, ლაშა და გიგა შეკრებებზე ერთ ოთახში იყვნენ ს ულ, ამის გამო, ლაშას ხშირად ეუბნებოდნენ, დათუნაიშვილი შენი "ზბორის მეუღლეაო", გულახდილად მითხარით ორივემ, ხომ არ გიეჭვიანიათ ერთმანეთის ქმრებზე?
ნ.ს. - გიგაზე არ ვეჭვიანობ, ჩემი ტყუპისცალია(იცინის), სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ, უფრო ვიეჭვიანებდი, სულ მხარში უდგანან ერთმანეთს და შეკრებაზეც ვიცოდი, რომ ერთმანეთის პატრონები იყვნენ. ეჭვიანი კი ვარ, მაგრამ ლაშა არ მაძლევს ეჭვიანობის საბაბს.
დ.ბ. - ჩემს ქმარზე არ ვეჭვიანობ მე, მაგრამ იმდენი ოხერი დადის... (იცინის)
დ.გ. - არასდროს მიეჭვიანია ჩემს ქმარზე. ბოლომდე ვენდობი.
დ.ბ. - გიგა ამბობს ხოლმე "ბედიზე", მისნაირი პატიოსანი კაცი ქვეყანაზე არ დადისო.
შეიძლება თამამად ვთქვა, რომ "მისის ბედიმ" თავი ძალიან კარგად გაართვა ჟურნალისტურ მოვალეობებს და საკმაოდ მომზადებული შეხვდა თავის "რესპონდენტებს".
დ.გ. - რამდენად მოქმედებს თქვენზე ის, რომ თქვენი ქმრები სულ გასულები არიან სახლიდან?
ნ.ს. - ეს უფრო მათ აწუხებთ, ვერ ისვენებენ, მათზე მეტად, შეიძლება ჩვენ არ გვინდა რომ დავისვენოთ და ბავშვი გავასეირნოთ. მათ გამო ჩვენც თითქმის არსად დავდივართ, ფეხბურთელი ბავშვივითაა, დიდი ყურადღება სჭირდებათ.
დ.ბ. - ძნელია, მაგრამ, ის დღე, რომ ერთად სადმე წავალთ, დღესასწაულივითაა, ისე რომ წავსულიყავით სადმე, ისეთი აღარ იქნებოდა.
საკუთარ კითხვას თავად დაჯიც პასუხობს:
დ.გ - ჩემზე ძალიან მოქმედებს, რომ სულ გასული დ ა დაკავებულია, სულ გენატრება ქმარი, ნატვრად არის ქცეული სადმე წავიდეთ, მასთან ერთად სიარული გენატრება ხოლმე და გსიამოვნებს, მაგრამ ეს არის ჩვენი მეუღლეების პროფესია და ხელს ვუწყობთ.
მ.კ. - ფეხბურთელების ცოლები ხართ, ალბათ, ოჯახების რჩენის ერთადერთი გზა ესაა თქვენი ქმრების, რომ დაანებებენ ფეხბურთს თავს, რა უნდა აკეთონ, თუ გიფიქრიათ ამაზე და თავად თქვენ რას საქმიანობთ?
ნ.ს. - ახლახანს დავამთავრე მაგისტრატურა და სამსახურის ძიებაში ვარ. რაც არ უნდა დაკავებული იყოს ჩემი ქმარი და დიდი შემოსავალი ჰქონდეს, მე მაინც მინდა ჩემი სამსახური მქონდეს, თან ლაშაც არაა წინააღმდეგი ამის სხვა ქმრებისგან განსხვავებით.
დ.ბ. - ჩემ ქმარს რა შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს, ორივე იმის მომხრე ვართ, რომ მე ვიმუშაო და ვმუშაობ კიდეც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. პერიოდი მქონდა გათხოვების შემდეგ, რომ ერთი წელი არ ვმუშაობდი და ამ პერიოდს გიგაც ცუდად იხსენებს, ახლაც მეხვეწება, სამსახური არ დატოვოო, მაგრამ ჩემი ქმრის გულისთვის ყველაფერ დავთმობ. ქუთაისში გადავიდა და როგორც ოჯახისთვის იქნება საჭირო, ისე მოვიქცევი, დავტოვებ სამსახურს და ქუთაისში გადავალ საცოხვრებლად შვილთან ერთად. მომავალში გამოჩნდება რამე, ალბათ, ისევ.
დ.გ. - ფარმაცევტი ვარ პროფესიით, მაგრამ ამ ეტაპზე სახლში ვარ და შვილს ვზრდი. გია გეგმავს კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნეობას, მე კიდევ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
როგორც ზემოთ გითხარით, კითხვები რძლებს ჩემთანაც ჰქონდათ, ამიტომ ცოტა ხნით, ჟურნალისტის ამპლუას ვტოვებ და უბრალო რესპონდენტის ამპლუაში ვარ. კითხვას ნათია მისვამს:
ნ.ს. – "ვიტ ჯორჯიას" რატომ გულშემატკივრობ?
მ.კ. – "კლიმოს" გამო, ვხუმრობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვგულშემატკივრობ "დინამოს" და სხვა გუნდებს. გუნდის გულშემატკივრობა ისე დავიწყე, რომ მხოლოდ ვახო კვარაცხელიას ვიცნობდი შორიდან, სხვას არავის. ეს არის ყველაზე მებრძოლი, შეკრული და მეგობრული გუნდი. ვერ წარმომიდგენია სხვა გუნდს როგორ უნდა ვუქომაგო.
დ.ბ. - ხშირად გამიგია, რომ "ვიტ ჯორჯიას" თამაშების შედეგები გამოგიცნია, ასევე გოლის ავტორებიც, ეს წინათგრძნობაა თუ ამბობ და უბრალოდ "ჯდება" მერე?
მ.კ. - არა, "გარტყმით" არასდროს "გამირტყამს" შედეგი ან სხვა პროგნოზი. ვახო კვარაცხელია დამეთანხმება, პირველი გოლი "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობიდან "ზესტაფონს" გაუტანა. თამაშამდე ორი დღით ადრე, ვუთხარი, რომ გოლს გაიტანდა, თანაც რამდენჯერმე. თამაშს ვერ ვუყურე გუდაურში წავედი და საღამოთი მომწერა, გავიტანეო და ამის შემდეგ, როცა კი ვუთხარი, რომ გაიტანდა, სულ გაჰქონდა. ასევე იყო "დინამოსთან" თამაშებზეც. ყველაზე მეტად სწორედ ამ გუნდთან შეხვედრის წინ ვნერვიულობ ხოლმე. შარშან, გორში ვიღებდით "დინამოს", ორი ღამე სიზმარში ვხედავდი, როგორ გაჰქონდა გიორგი მერებაშვილს გოლი ჩვენ კარში, მაგრამ ჩვენებიდან ვინ იყო გოლის ავტორი, ამას - ვერა. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა იცოდა ეს, მათ შორის მერებაშვილმაც. თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გიორგის გოლის შემდეგ დამირეკეს, გამეორება იყო შენთვის ეს გოლიო, იცინოდნენ, ასევე იყო სუპერთასზეც. 2:1 რამდენიმე დღით ადრე დამესიზმრა და "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებმა იცოდნენ ეს, ასევე 4:0 "ზესტაფონთან" . "გაგრასთან" თამაშის დილით, კლიმიაშვილის მივწერე, რომ დღეს გოლს გაიტან-მეთქი და მომივიდა პასუხი, ვეცდებიო, და რას ეცდები, გაიტან-მეთქი და გაიტანა კიდეც. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ახლა სხვა გუნდის ფეხბურთელებზეც ვიცნობ ხოლმე გოლებს (ვიცინი).
კითხვას ახლა ისევ მე ვსვამ და ვნახოთ რამდენად გულახდილები იქნებიან რძლები:
მ.კ. – "ვიტ ჯორჯიას" ქომაგებად გოგონები რომ გამოუჩნდნენ, არ გიეჭვიანიათ?
დ.ბ. - პირველად "ამერზე" გნახეთ, ვიფიქრე, რომ ბიჭების შეყვარებულები ან მეგობრები იყავით, ძალიან აქტიურად ქომაგობდით გუნდს. ეჭვიანობით არ მიეჭვიანია. ერთხელ, "ოდნოკლასნიკში", გიგასთან თქვენი მონაწერი მოვიდა, თან ჩემს ნომერს თხოვდით და მაშინ გამიკვირდა, გიგას გოგოები არასდროს წერდნენ და მითხრა ჩვენი ქომაგები არიანო, მერე გავიგე, რაც ხდებოდა (იცინის). 28 დეკემბერს თამაში გვქონდა ზესტაფონში და დამირეკეთ, თუ წამოხვალო და სიურპრიზად ჩავადექით ბიჭებს. დიდუბის სადგურში შევხდით ერთმანეთს, არ ვიცნობდით ერთმანეთს, ვიზუალურად დაახლოებით ვიცოდი, არც ის ვიცოდით, რითი უნდა წავსულიყავით და ტაქსი გამოჩნდა, ზესტაფონში მიდიოდა, "შესტი" (იცინის), იმით ჩავედით, ცოტა ადრეც მოგვიწია, ზესტაფონური ლობიანებიც გავსინჯეთ და ისე ვუგულშემატკივრეთ, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, ამდენი არ მიყვირია არსად, გასახდელში ხომ ზეიმი მოვაწყეთ, მაშინდელი ტალახები დღემე აქვს ჩემს მოსაცმელს (იცინის).
ნ.ს. - მე ეგ თამაში ტელევიზორში ვუყურე და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ სამი გოგოს მეტი, იქ ხმას არავინ იღებდა. "ვიტ ჯორჯიას" გულშემატკივრები რომ გამოუჩნდნენ, ეს შენი და გვანცას დამსახურებაა (გვანცა გუნდის ერთ-ერთი აქტიური ქომაგი. ავ. ) გუნდის პრეზიდენტთან მიხვედით, ფან კლუბის შექმნა მოახერხეთ, შეიკერა ატრიბუტიკა. ბიჭები სულ ამბობდნენ, რომ ეს დიდი სტიმული იყო მათთვის.
დ.გ. - ავტობუსში გაგიცანით, გუნდის ოფისთან, გორში მივდიოდით "დინამოსთან" თამაშზე, საკმაოდ ბევრი ქომაგი მოდიოდა მაშინ. ეს მიხაროდა კიდეც. ეჭვიანობის მომენტი საერთოდ არ ყოფილა.
კითხვას ამჯერად დეაკო სვამს, მას აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ნათია და დაჯი, ქმრების ახალი გუნდის შესახებ.
დ.ბ. - ახალ გუნდთან დაკავშირებით რას იტყვით?
ნ.ს. - ლაშას ჰქონდა არჩევანი, წასულიყო საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მოხდა. აქ ყოფნა არჩია, იყო ზესტაფონიდანაც შემოთავაზება, მაგრამ ბავშვისთვის იქ ყოფნა კარგი არ იქნებოდა, გული რაზეც მწყდება ისაა, რომ გიგასთან (დათუნაიშვილი) უნდოდა ლაშას გუნდში ყოფნა და გიგასაც ასევე, აქამდე ხუჭუჭაზე (ნიკა გელაშვილს ასე ეძახიან დღემდე "ვიტ ჯორჯიაში) მწყდებოდა გული, ახლა კი გიგაზეც. ამ სამეულის ცალ-ცალკე ყოფნა ვერ წარმომიდგენია.
დ.გ. - რუსთავი გიას მშობლიური ქალაქია. იქ დაიწყო ფეხბურთის თამაში. მასაც ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ მაინც სახლში ყოფნა არჩია, ოჯახთან ახლოს იქნება და პირობებიც აკმაყოფილებს. გული ძალიან წყდება, რომ ამდენი წლის მუშაობის შემდეგ, "ვიტ ჯორჯია" დატოვა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასე ხშირად ხდება. ბევრს გაუხარდა, რომ "ბედი" რუსთავში დაბრუნდა და იმედია, მათ იმედებს არ გაუცრუებს.
დ.ბ. - ძალიან გული მწყდება, რომ ასე მოხდა, მაგრამ ჩემ ქმარს არჩევანს მხარს ვუჭერ. ვუგულშემატკივრებ "ტორპედოს". მიხარია, რომ იქ ნესტორ მუმლაძეა და გიგამაც, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იქ წასვლა. ფინანსურად უკეთესი წინადადება ჰქონდა, მაგრამ თვითონ ძველ მწვრთნელთან დაბრუნება გადაწყვიტა, მე ხელს შევუწყობ ყველანაირად და ვაპირებ საცხოვრებლად ქუთაისში გადასვლას.
დ.ბ. - შენთვის რა შეიცვალა?
მ.კ. - გულშემატკივრის ამპლუაში, მე ისევ "ვიტ ჯორჯიას" ქომაგი ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები წავიდნენ, ვინც მეტ-ნაკლებად, ყველაზე მეტად მიყვარდა ამ გუნდში.
ინტერვიუს დროს ლაშა ჯაფარიძის ცოლმა "აღმოაჩნა", რომ არ იცოდა, თუ როგორ გაიცნეს, დეამ და დაჯიმ მომავალი მეუღლები.
დ.გ. - უბნელები ვიყავით მე და გია და ვმეგობრობდით, რომ მეუბნებოდნენ უყვარხარო, ვტიროდი ხოლმე, 16 წლის ვიყავი მაშინ, თვალი დამადგა (იცინის). ჩვენი მეგობრობა შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა, მივეჩვიეთ ერთმანეთს და ოჯახიც შევქმენით.
დ.ბ. - გიგა ცხვარიჭამიაში იყო შეკრებაზე, მაშინ მწვრთნელი გურამ პავლიაშვილი იყო, მე ვმეგობრობდი მის შვილთან და ჩვენც ცხვარიჭამიაში ჩავედით რამდენიმე დღით. არავისთან არ მითქვამს, ახლა გეუბნებით თქვენ, გიგამ მითხრა, მაშინ რომ დაგინახე, ვთვი, რომ სწორედ ის გოგოა, ვისაც ვეძებდიო, ერთი დანახვით შევუყვარდი (იცინის). ვმეგობრობდით, შემდეგ ჩაქვში იყვნენ შეკრებაზე, იქაც ვიყავით, თბილისში რომ ჩამოვედით და ავტობუსიდან ფეხი ჩამოვდგი, უკვე ვიგრძენი, რომ ძალიან მაკლდა და ერთ საათში სახლში დავურეკე, "გავემარიაჟე" ბადრიჯანს ვუკეთებ ბაბუასო (იცინის), რომ მომიყვანა, ერთი თვე ბადრიჯანს ვაჭმევდი (იცინის). ახლა კი ისეთი კულინარი ვარ, კითხეთ მას, ყველაფერს ვაკეთებ (იცინის).
მ.კ. - თავად თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი და მეგობრობას თუ შეინარჩუნებთ?
ნ.ს. - ლაშა მაკითხავდა უნივერსიტეტში, გიგას მაშინ არ ვიცნობდი მე, მიუხედავად იმისა, რომ პარალელური კლასელები ვიყავით, სახეზე ვიცნობდი, ლაშამ მითხრა, შეყვარებულს მოაკითხაო, მე და გიგას ერთი გზა გვქონდა სახლისკენ, დეას და ლაშას ერთი და შემდეგ ხუმრობდნენ, გავცვალოთო, შენ დეა გააცილე, მე ნათიაო (იცინის).
დ.ბ. - ჩემს ქორწილში გავიცანი დაჯი, ვკითხულობდი, ვინ მოდიან-მეთქი და გიგამ მითხრა "ბედის" მოჰყავს საცოლეო, მაშინ იცეკვეს კიდეც კარგად და ძალიან მომეწონა.
დ.გ. - როგორც დეაკომ გითხრათ, მათ ქორწილში გავიცანით ერთმანეთიც და ნათიაც.
დ.ბ. - ერთად დავდიოდით თამაშებზე და ამით უფრო დავმეგობრდით, სხვებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, არც არავის გამოვყოფივართ, მაგრამ ამან უფრო შეგვკრა, ჩვენთან იყო ნიკა გელაშვილის ცოლიც, ანუ ხუჭუჭას ნათია, როგორც მასე ვეძახით, აქტიურად დავდიოდით ყველგან თამაშებზე. გელაშვილის ცოლის მანქანით დავდიოდით, ხუჭუჭას ნათია დიდი ძალა იყო (იცინის).
ნ.ს. - ეს დამეგობრება ბიჭებიდანაც გამომდინარეობს, სუფრა რომ კეთდებოდა სადმე, სულ დავყავდით ხოლმე ყველგან.
დ.გ. - რა დრო გვაქვს ნატარები, გოგოებო (იცინის).
დ.ბ. - ისეთი ცოლები ვართ, რომ ყველანაირად ხელს ვუწყობთ მათაც, ჩვენ ახლა აღარ გვჭირდება თამაშები, მოგება და ისე შეკრება, თავად ვიკრიბებით, ერთი კვირის უკან, სიურპრიზიც გამიკეთეს და დაბადების დღეზე მოულოდნელად დამადგნენ თავზე. საქართველოში ფეხბურთი რომ გადაშენდეს, რაღა დაგვაშორებს ჩვენ (იცინის)
ნ.ს. - მე და დაჯი ვივლით ერთად თამაშებზე, გეპატიჟებით
დ.გ. - ძალიან შემაყვარეთ თავი, გავაგრძელებ თქვენთან ურთიერთობას.
ნ.ს. - ჩვენი ურთიერთობა ცალმხრივი არაა, ანუ ერთი არ რეკავს მარტო, ყველანი ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ხან სად ვართ, ხან სად.
მ.კ. - ვის თვლით "ვიტ ჯორჯიაში" ყველაზე პერპსექტიულ სასიძოდ?
ნ.ს. - დათო ლომაიას!
დ.გ. - მეც "ლომას" ვთვლი, ძალიან კარგი ბიჭია.
დ.ბ. – "კლიმოს" ჯერ პატარაა, მაგრამ კარგი ბიჭი დადგება მისგან, პერსპექტიულია ძალიან (იცინის).
ნ.ს. - მაგდა, შენ ვის თვლი ყველაზე პერსპექტიულ სასიძოდ და რომელიმეს თუ დაუკავშირებ შენს მომავალს?
მ.კ. - მეც "ლომას" ვუჭერ მხარს, ძალიან სიმპატიური და კარგი ბიჭია. რაც შეეხება მომავალს, გამორიცხულია! ძმებივით არიან. ძმაკაცად მთვლიან, გოგო რომ ვიყავი, შარშან ბანკეტზე შენიშნეს (ვიცინი). გოგოებზე ლაპარაკობენ ხოლმე ჩემთან ერთად და სხვა ისეთ რაღაცეებზე, ქალთან რომ არ ილაპარაკებ, იმას. ამიტომ ,ვიტ ჯორჯიელები" ჩემი მეგობრები არიან მხოლოდ. ერთ კურიოზს გავიხსენებ, გიორგი ვასაძე მწერს ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, დედაჩემმა დაგინახა ტელევიზიით და მთხოვა, მოიყვანე, გაგვაცანიო, და მე ვუთხარი, დედა, ჩემზე დიდიაო. (ვიცინი)
მ.კ. - დრო რომ უკან დაბრუნდეს, გაყვებოდით ისევ ფეხბურთელს?
ნ.ს. - აუცილებლად. თავიდანვე გააზრებული მქონდა და ვიცოდი, რაზეც მომიწევდა უარის თქმა. მეამაყება, ჩემი ქმარი რომ ფეხბურთელია და სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.
დ.ბ. - რა თქმა უნდა, მითუმეტეს, 4 წელი შეყვარებულები ვიყავით და ვიცოდი, როგორიც იყო მათი ცხოვრება, ასე რომ, არაფერს შევცვლიდი.
დ.გ. - საკმაოდ პატარა ვიყავი, რომ გავყევი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივეჩვიე ყველაფერს, ხელს ვუწყობ ყველაფერში. იმდენად მოუცლელია, მანქანის ტარება ვერ ისწავლა.
ნ.ს. - ჩვენ ერთად ვისწავლეთ (იცინის).
დ.ბ. - როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, რომ უნდა იყო ფეხბურთელი, სხვა რამის კეთება გამორიცხულია.
|