ჯერ რუსეთი, მერე დასავლეთი დავით ცაბაძე
ზ ამთრის პაუზისას ერთ-ერთი პირველი, ვისი ტრანსფერიც განხორციელდა, ნიკა ძალამიძე იყო. ზუგდიდის �ბაიას� შემტევი ნახევარმცველი, რომელიც 6 იანვარს 18 წლისა შესრულდა, მოსკოვის ცსკა-ში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. ძალამიძე საქართველოდან ესპანეთში გაემგზავრა და არმიელთა მთავარ გუნდს იქ შეუერთდა. მოსკოვური კლუბის მწვრთნელებმა ჯერ კიდევ იანვარში განაცხადეს - მართალია, ახალგაზრდა ტალანტი საქმეში ვერ ვნახეთ, მაგრამ მასზე საკმაო ინფორმაციას ვფლობთ და ამ ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდებითო.
ერთი სიტყვით, ძალამიძის დიდად ეიმედებათ და ახლა ყველაფერი თავად მასზეა დამოკიდებული. მასში ახალ ანანიძეს ხედავენ და ამ შინაარსის სათაური რუსულ ვებგვერდებზე უკვე გამოჩნდა კიდეც. აი, მაგალითად -
�ძალამიძე, ეს არის ჩვენი პასუხი ანანიძეზე�.თავდაპირველად, ნიკა მთავარ გუნდს შეუერთდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ცსკა-ს სარეზერვო გუნდთან ერთად ემზადება. ძალამიძეს კლუბის ხელმძღვანელობამ 27-ნომრიანი მაისურა გადასცა...
ვნახოთ, რა აზრისაა ჭაბუკი ფეხბურთელი ახალ კლუბზე, პერსპექტივაზე, ჯანო ანანიძესთან შედარებაზე...
- როგორ მიგიღეს ახალ კლუბში?
- გუნდს ესპანეთში შევუერთდი, ძალიან თბილად დამხვდნენ. გუნდის თავკაცი ლეონიდ სლუცკი კარგი სპეციალისტი და გულთბილი ადამიანია. მწვრთნელებმა მითხრეს, შენი თამაშის ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მაგრამ რაც ვიცით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კარგი მონაცემები გაქვს, მაღალ დონეზე შეგიძლია თამაში და ამაში ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებითო. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანიც მაღალ დონეზე თამაშია. ცსკა-ს მწვრთნელებმა ისიც მითხრეს, რომ შვეიცარიასთან მატჩში უნდოდათ ჩემზე დაკვირვება, მაგრამ ის თამაში ხომ ტრავმის გამო გამოვტოვე...
- გასულ ზაფხულს მოსკოვის �სპარტაკში� იყავი ტესტირებაზე და მაშინვე ითქვა, რომ 2010 წლის იანვარში, როგორც კი 18 წლის გახდებოდი, �სპარტაკთან� გააფორმებდი კონტრაქტს. მაგრამ უცებ ცსკა-ში აღმოჩნდი. ეს რითი ავხსნათ?
- �სპარტაკის� დუბლებთან ერთად, ზაფხულში ორკვირიანი შეკრება გავიარე და ორ საკონტროლო მატჩშიც ვითამაშე, ჩემს პოზიციაზე გამამწესეს... ბურთი არ გამიტანია, მაგრამ საგოლე პასები კი გავაკეთე. �სპარტაკს� მართლაც უნდოდა ჩემი დამატება, მაგრამ ცსკა-ს ვარიანტი გამოჩნდა და ეს ვამჯობინე. მიმაჩნია, რომ ცსკა �სპარტაკზე� უკეთესი კლუბია... ბოლოს და ბოლოს, უეფას თასის მფლობელია და ახლაც ნორმალურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში, მერვედფინალში გავიდა...
- სხვა უცხოური ვარიანტი არ გქონიათ? არარუსულს ვგულისხმობ...
- შესაძლოა, ჩემით არარუსული კლუბებიც იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ პირადად მე არაფერი მსმენია.
- თავდაპირველად, ცსკა-ს მთავარ გუნდთან ერთად ემზადებოდით, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა, დუბლშემადგენლობასთან ერთად ხართ...
- მზადება 12 იანვარს დავიწყეთ. თებერვლიდან ცსკა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჩაერთო და შესაბამისად, �სევილიასთან� მატჩებისთვის მთავარ გუნდთან ერთად უკვე ის ფეხბურთელები დარჩნენ, ვინც კლუბს ლიგის განაცხადში ჰყავს შეყვანილი. მე კი დუბლებთან ერთად ანთალიაში გავაგრძელე მზადება და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა.
- ცსკა-ს დუბლებში მოგიწევთ თამაში თუ მთავარ გუნდში?
- რუსეთის პრემიერლიგა ჩვენს ჩემპიონატზე გაცილებით მაღალი დონისაა და მოსამზადებლად ალბათ გარკვეული პერიოდი დამჭირდება. ჯერ დუბლებთან ერთად ვემზადები, მაგრამ მარტიდან, ალბათ, ისევ მთავარ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. გაზაფხულზე რუსულ პრემიერლიგაში ახალი სეზონი დაიწყება და მთავარ გუნდში სათამაშოდ, დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.
- და როგორ ფიქრობთ, რომელ პოზიციაზე დაგაყენებენ?
- შემტევი ნახევარმცველი ვარ, მემარჯვენე და ამ ფლანგზე უფრო უკეთ ვთამაშობ, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მარცხენა ფრთაზეც არ მექნება პრობლემა. მინდა, ორივე ფეხით კარგად ვთამაშობდე. ვიცი, ჩემი ნაკლი თავით თამაშია და ესეც უნდა დავხვეწო.
- არმიულ გუნდში ერთწლიანი იჯარით ხართ. ბუნებრივია, ეს თქვენთვის შანსია. შეძლებთ, ამ პერიოდის განმავლობაში თავი მოაწონოთ ცსკა-ს მწვრთნელებს?
- რუსული ფეხბურთის დონე საგრძნობლად ამაღლდა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი... ეს ერთი წელიწადი ჩემთვის ერთგვარი გამოსაცდელი ვადაა შესაძლებლობების წარმოსაჩენად. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ყველანაირად ვეცდები, ცსკა-ს მწვრთნელებს თავი მოვაწონო, ვაფიქრებინო, რომ არჩევანში არ შემცდარან... ისე კი, მინდა რუსეთზე უკეთეს, დასავლეთ ევროპის ლიგაში ვითამაშო და ამიტომ, რუსული პრემიერლიგა ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, ასე იყოს.
- ზოგი მიიჩნევს, რომ ჭაბუკი ფეხბურთელისთვის უმჯობესია საქართველოს ჩემპიონატში მომაგრდეს და მერე წავიდეს უცხოეთში, ზოგიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. თავად როგორ ფიქრობთ - დროულად წახვედით თუ ცოტა ადრე იყო?
- არა, ადრე ნამდვილად არ ყოფილა. აშკარად ვგრძნობ, რომ ბევრად უკეთ შემიძლია თამაში. იმასაც ვგრძნობდი, რომ უცხოეთში წასვლით უფრო მეტად მოვუმატებდი. რუსეთში უფრო დავიხვეწები და ახალგაზრდულ ნაკრებსაც მეტად გამოვადგები.
- �ბაიაში� გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებთ? ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
- სწორედ ეს გუნდია ჩემი კარიერის პირველი საფეხურები და ყოველთვის ტკბილად გამახსენდება. სეზონის პირველ წრეში ყველაფერი ისე არ წაგვივიდა, როგორც გვინდოდა, უკეთაც შეიძლებოდა, მაგრამ... ეს უკვე წარსულია. ცხინვალის �სპარტაკთან� მატჩში მიღებული ტრავმის გამო მთელი 2 თვე გამიცდა, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვერ ვითამაშე... რაც შეეხება დასამახსოვრებელ მატჩს, ალბათ, ყველაზე კარგად �სამტრედიასთან� ვითამაშე, ორი ბურთი გავიტანე და ერთი გოლი �რუსთავი 2-ის� გადაცემა �საფეხბურთო ღამეში� ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს. ძალიან გამიხარდა, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
- ჭაბუკთა ნაკრებებშიც არაერთი მატჩი გაქვთ ჩატარებული და ესეც გავიხსენოთ...
- ძალიან დაგვწყდა გული, 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში რომ ვერ გავედით. ერთი გოლი დაგვაკლდა, თორემ ტურნირს არ გამოვეთიშებოდით... ჯგუფურ რაუნდში სამივე მატჩში ვითამაშე, ბურთი არ გამიტანია, ერთი საგოლე პასი გავაკეთე, ჩერნოგორიასთან ჯანო ანანიძემ გაიტანა.
- გულშემატკივარს ჯანო ანანიძის, გიორგი ჭანტურიასი და თქვენი თაობის გამორჩეული ფეხბურთელების ეიმედებათ. ანანიძემ რუსეთში გაიბრწყინა. თქვენზეც დიდ იმედებს ამყარებენ და იმავეს ელიან...
- ვეცდები, მეც გავიბრწყინო და ეს იმედები გავამართლო.
- არმიელთა ფანები ამბობენ, �ძალამიძე არის ჩვენი პასუხი ანანიძეზეო�...
- ბუნებრივია, ეს ძალზე სასიამოვნოა. რაც შეეხება ჩემსა და ჯანოს ურთიერთობას, ჩვენ ჭაბუკთა ნაკრებებში თანაგუნდელები ვიყავით და ახლაც ვმეგობრობთ. შესაძლოა, დღეს სხვადასხვა გუნდში ვართ, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას არ ცვლის. ჩვენ ორივე ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით...
http://www.opentext.org.ge/10/lelo/046/046-15.htm This post has been edited by მეგრელა on 26 Feb 2010, 15:46