ფავორიტი მაინც დინამოა!
მერაბ მამულაშვილი
თბილისის �დინამოს� კაპიტანი გურამ კაშია დარწმუნებულია, რომ ფინალში გასვლის საუკეთესო შანსი მის გუნდს აქვს:
- გურამ, პირველი მატჩი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა, მაგრამ მეტისმეტად უფერული მატჩი კი გამოვიდა...
- გეთანხმებით, ჩვენი თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილონი დავრჩით, მაგრამ ეს ანგარიში ხელს გვაძლევდა და ყველაფერი ეროვნულ სტადიონზე გადაწყდება. ჩვენს სტადიონზე უნდა მოვიგოთ და თასის ფინალში გავიდეთ. თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. მართალია, ნახევარფინალის პირველ შეხვედრასა და თბილისის �ლოკომოტივთანაც� ვერ ვაჩვენეთ ხარისხიანი ფეხბურთი, მაგრამ ბოლნისის �სიონთან� უკვე ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა რეალობიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ - ფეხბურთელი როდის ატარებს საუკეთესო თამაშს? - როცა განსაკუთრებული მოტივაცია და განწყობა აქვს. ფეხბურთი განწყობის თამაშია.
- ...და �სიონთან� რატომ ითამაშეთ კარგად?
- ეროვნულზე მოედანიც კარგი იყო, ამინდიც და საერთოდ, ამ სტადიონს კარგი აურა აქვს. ბუნებრივად გამოგვივიდა თამაში, რადგან სულ სხვა განწყობა დაგვეუფლა. აბა, საშინელ ქარსა და ცარიელ სტადიონზე რა განწყობა უნდა გვქონდეს? გინდათ, სიმართლე გითხრათ, ასეთი თამაშის დროს, უნებლიედ, რაზე ვფიქრობ ხოლმე?
- დროზე დასრულდეს თამაში და სახლში წახვიდეთ...
- დაახლოებით, ასეა. რა, ჟურნალისტებიც ასე არ ხართ? კარგი გარემო სხვაგვარად გვმუხტავს ჩვენც და თქვენც. თებერვალ-მარტში, უმთავრესად, ასეთი თამაშებია. ოღონდ, ერთი გოლი გავიტანოთ და თამაში დასრულდეს. აბა, ათამაშე ასეთ პირობებში �მანჩესტერი� ან �ბარსელონა� - ისეთი აზარტი ექნებათ, როგორც თავიანთ სტადიონებზე? წარმოუდგენელია!
- საპასუხო ნახევარფინალზე ვილაპარაკოთ. ლადო ბურდულმა თქვა - ეროვნულ სტადიონზე სტუმარი გუნდი გაშლილ სივრცეში რომ ხვდება, იბნევაო...
- ვეთანხმები. როცა �დინამოს� ეთამაშები, ბუნებრივია, სხვაგვარი განწყობა გეუფლება - შეიძლება, ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი მართლაც დაითრგუნოს. ალბათ იმიტომ, რომ ეროვნულზე დიდი მოედანი და სივრცეა. ჩვენ კი ბოლნისში თამაში იმიტომ გვიჭირს, რომ პატარა მოედანია. საერთოდ, �დინამოს� რაც არ უნდა უჭირდეს, გარკვეულ დონეს მაინც ინარჩუნებს და გულზე ხელი რომ დავიდოთ, მაინც ფავორიტად მიიჩნევა.
- ცხინვალის �სპარტაკის� პლუს-მინუსებზე რას იტყოდით?
- მოწინააღმდეგის მინუსებზე ლაპარაკი ჩემგან უხერხული იქნება. საერთოდ, ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან ქვეყნის ტკივილს გვახსენებს და არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც �სპარტაკის� წარმატება არ ახარებდეს. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და ამ გუნდის მნიშვნელობა კარგად გვესმის. მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი სპორტია და მოგებაზე ვფიქრობთ. �სპარტაკის� პლუსი ორი გამოცდილი ფეხბურთელის დამატება იყო, მაგრამ ბურდული გამოაკლდათ. 9 მოუგებელი თამაში ჰქონდათ და ეს ჩავარდნაზე მიუთითებდა. ისე, �სიონს� უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მაინც ვაჯობეთ. მთავარია, ბოლომდე კონცენტრირებულები ვიყოთ.
- გულწრფელად თქვით, წაგებას ფიქრში მაინც დაუშვებთ?
- ფეხბურთში ყველაფერი ხდება. საკმაოდ კარგი გუნდი გვიპირისპირდება და ნამდვილად ვერ ვიტყვი, აუცილებლად მოვიგებ-მეთქი. მეტოქისადმი ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება არასდროს მქონია. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ერთი მატჩი უბნის გუნდთანაც წავაგოთ. ასეთებიც ხდება და უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ძლიერი კლუბი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. თუმცა ყველა აღიარებს, რომ ფავორიტი �დინამოა� და უნდა გავიმარჯვოთ.
- თასის ფინალში გასვლა �დინამოსთვის� წარმატება იქნება თუ ბუნებრივი შედეგი?
- წარმატება როგორ იქნება, როცა თბილისის �დინამოსთვის� მიღწევა ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა?! ჩვენ გასული გათამაშების გამარჯვებულები ვართ და წარმატებად მხოლოდ თასის მოპოვებას ჩავთვლით. სამწუხაროდ, ჩემპიონატში ცუდად წაგვივიდა საქმე, ფაქტობრივად, ტიტულისთვის ბრძოლას ჩამოვშორდით და მთელი აქცენტი თასზე გადავიტანეთ. ახლა ფავორიტობა თამაშით უნდა დავამტკიცოთ.
- წარმოგიდგენიათ, რომ სეზონი �დინამომ� ტიტულის გარეშე დაასრულოს?
- არც მინდა, წარმოვიდგინო. ასეთი რამ სამი წლის წინ მოხდა, როცა ჩემპიონი რუსთავის �ოლიმპი� გახდა, ჩვენ კი თასის ნახევარფინალიდან �ამერმა� გამოგვთიშა და ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით...
http://www.opentext.org.ge/10/lelo/085/085-4.htm